"საქართველო "
# 1 (1789)
სამშაბათი, 14 იანვარი. 2003 წ.

"ვემზადოთ ტერორიზმისთვის"

ამ მასალას რომ ვაქვეყნებთ (თავისუფალი გადმოცემით), მკითხველს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ბრიტანული "THE ECONOMIST", რომელსაც იგი ეკუთვნის, მსოფლიოს ერთ-ერთი (და, ალბათ, ყველაზე უფრო) ინფორმირებული, ფრთხილი და ბრძენი ჟურნალია, რომლის აზრის გათვალისწინება ნებისმიერ საზოგადოებას -მათ შორის, ქართულსაც, -მხოლოდ სარგებლობას მოუტანს. ჟურნალი მსჯელობას იწყებს ბუშისადმი კომპლიმენტებით, რომელსაც, მისი სიტყვით, ვერ დასწამებთ ენერგიისა და მონდომების ნაკლებობას ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში და რომელმაც უკვე რამდენიმე დიდი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით: პირველი, მან ნათლად უთხრა ყველას, რომ მზადაა მსოფლიო რუკის გადათარგვისთვისაც კი იბრძოლოს, თუ ეს სჭირდება ამერიკელთა უსაფრთხოების დაცვას. მეორე, მან ომით მოშალა ალ-ყაიდას საყრდენი ავღანეთში; მესამე, იგი მზადაა ომითვე დაამხოს სადამ ჰუსეინი, თუ ეს უკანასკნელი იმ სახით არ დათმობს მასობრივი მოსპობის იარაღებს, რომლითაც სთხოვენ; მეოთხე, მან შეცვალა ამერიკელთა სათავდაცვო დოქტრინა, სახელდობრ, მასში შეიტანა "წინასწარი დარტყმის" კონცეფცია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ცნება. და ბოლოს, მეხუთე, მან ნოემბრის შუაში შექმნა "საშინაო უშიშროების დეპარტამენტი", რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლა დაევალა. მიუხედავად ამისა, ჟურნალის სიტყვით, სიმშვიდისთვის საფუძველი არ არსებობს. ამერიკელთა მიღწევები ტერორიზმთან ბრძოლაში, ბოლოსდაბოლოს, ხომ იმით შემოიფარგლება, რომ ბოროტმოქმედთა რამდენიმე (შესაძლო) საყრდენი მოშალეს და რამდენიმე დამფინანსებელი წყარო გადაუკეტეს! მთავარი ბრძოლა წინაა და ტერორისტთა დარტყმები არა მხოლოდ გარდუვალია (INCRITABLE), არამედ უშუალოდ მოსალოდნელიც (IMMINET). მრავალი დაზვერვითი სამსახური სწორედ ასე ფიქრობს. ბინ-ლადენი, როგორც ჩანს, ცოცხალია. ტერორისტები "უნარიანნი" არიან და უკან დაუხეველნი. მათი მოქმედების მოტივაცია არის მისტიკური (რელიგიური) და არა რაციონალური (ალაჰის სახელით ებრძვიან ურწმუნო ხალხებს), ამდენად -გაუთვლელიც. მათ ღიად აქვთ გაცხადებული, რომ მათი სამიზნე ქვეყნების სია გაფართოვდება: შეერთებული შტატების გარდა აქ შევლენ ავსტრალია, კანადა, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ბრიტანეთი. მათგან დაცვის ძირითადი ფრონტია არა საგარეო ოპერაციები, არამედ საშინაო. რატომ? -იმიტომ, რომ საზოგადოებები, რომლებსაც ტერორისტები ემუქრებიან, "თავისუფალი, ღია და რთული (კომპლექსური) დემოკრატიებია", "მრავალგვარი და მობილური საზოგადოებებია, სადაც ადამიანები დიდი რაოდენობით იკრიბებიან სხვადასხვა საჯარო სისტემებში", სადაც "წარმოების სისტემები და სასიცოცხლო მასალებით მომარაგების სისტემები უაღრესად მოწყლვადია" შესაძლო იერიშთა პირისპირ". ახალი დეპარტამენტის შექმნა -რომელიც, რაღა თქმა უნდა, დატვირთული იქნება ყველა იმ მინუსებით, რაც უზარმაზარ ფედერალურ წარმოებებს თან სდევს -პრობლემის გადაჭრა არაა. მთავარია თვით საზოგადოების, თვით რიგითი ადამიანის განწყობა, სურვილი, მისი მობილიზაციის ხარისხი და მისი აზრი იმაზე, რა ეთმობა უსაფრთხოების დასაცავად და რა არ ეთმობა. აქ კითხვა ორია. პირველი. უნდა გადაისინჯოს თუ არა ის ტრადიციული ბალანსი საჯარო თავისუფლებებსა და საყოველთაო უსაფრთხოებას შორის, რომელიც ზემოხსენებულ დემოკრატიებში ტრადიციულად არსებობს? მეორე: რამდენად დიდია ხიფათი, არის თუ არა იგი მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო?

ევროპას ტენდენცია აქვს, რომ მეორე კითხვას "ჯანსაღი ფატალიზმით" უპასუხოს. ამერიკელები ცოტა არ იყოს ზედმეტად შიშობენო. 11 სექტემბრის ტერაქტი მანამდელი აქტებისაგან ხომ მხოლოდ მასშტაბით განსხვავდება და არა ბუნებითო! ამ აქტის 3000 მსხვერპლი ხომ ვერც რაოდენობით აღემატება, მაგალითად, ირლანდიის ამბების მსხვერპლს და შეუდარებლად ჩამორჩება საერთოდ დამნაშავეობისას! მაგრამ ეს ლოგიკა რეალისტური არ არის. ტერაქტების მასშტაბის ზრდას დიდი ხანია წინასწარმეტყველებენ სპეცსამსახურები, მაგრამ მათ ამერიკაში ყური არ ათხოვეს -სხვათა შორის, იმიტომაც, რომ აღმკვეთი ღონისძიებები, რომელსაც მათთვის "ყურის თხოვება" საჭიროს გახდიდა, ფანტასტიკურად დიდი იყო. იგივე სამსახურები იმასაც ფიქრობენ, რომ ტერორისტები ქიმიურ, ბაქტერიულ და ბირთვულ იარაღს წაეტანებიან, და ეს პროგნოზი რეალურია, რადგან ერთადერთი რეალური არგუმენტი მის წინააღმდეგ -რომ ტერორისტებიც რეალისტები არიან და შედეგების გათვლა ძალუძთ -როგორც ზემოთ ითქვა, სინამდვილეს ვერ ასახავს. დასკვნა ნათელია: "ძველი წარმოდგენები ტერორიზმისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ ყირამალა უნდა დადგეს. ზომები, რომლებიც 90-იან წლებში ფანტასტიკურად ძვირი ჩანდა, დღეს უკვე გონივრულად გამოიყურება". ევროპელები დღეს ნაკლებ არიან ამ განწყობილებით და ამიტომ იმ რისკის ქვეშ არიან, რომ "მეტისმეტად გულარხეინნი" (COMPLACENT) აღმოჩნდნენ.

ამერიკელებმა ერთის მხრივ 11 სექტემბრის ტრავმის გამო, მეორეს მხრივ თავისი პოლიტიკის "უფრო ღია ხასათის" გამო ტერორიზმისაგან დაცვა თავისი შინაგანი პოლიტიკის ცენტრში მოათავსეს. ბრიტანელებს ეს არ უქნიათ. ისინი დღესაც, თავისი ტრადიციული პოლიტიკური კულტურის შესაბამისად, მოელიან, რომ "პარლამენტმა თვითონ იცის!". მაგრამ ეს შეცდომაა. ფარულობა და პრობლემათა ცენტრალიზაცია მმართველი სტრუქტურების გარშემო კარგია ჩვეულებრივ ომებში, მაგრამ არა ტერორიზმთან ომში დღეს ძირითადი გათვლა უნდა მოახდინონ მოქალაქეებმა. მათ უნდა გადაწყვიტონ პირადადაც, თუ რისთვის არიან მზად თავის ყოველდღიურობაში, და ერთობლივადაც, თუ რა მსხვერპლად უღირს საზოგადოებას თავის დაცვა. "არავინ უნდა თესოს პანიკა. მაგრამ ტერორიზმთან ომი წლების მანძილზე გასტანს და ამიტომ მთავრობები მზად უნდა იყონ ხალხების მობილიზაციისათვის. მათ უნდა მოეპყრან როგორც მოზრდილებს და ჯეროვანი ინფორმაცია მიაწოდონ, თუნდაც ამან რამდენიმე ღამე უძილოდ გაატეხინოს მათ".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com