"საქართველო "
# 10 (1798)
20 მაისი-2 ივნისი 2003 წელი

საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი: საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დოკუმენტი - როგორ შეგვათრიეს "ესენგეში"?!

გაგრძელება. დასაწყისი "საქართველო" #1,2,3,4,5,6,7,8,9.

ამას მოჰყვა მეორე უმტკივნეულესი ნაბიჯი, ეს იყო პრეზიდენტყოფილის რეანიმაციის მცდელობა და მასთან დაკავშირებული უმძიმესი შედეგები და სწორედ ამგვარ რეალურ ვითარებაში გადაიდგა სახელმწიფოს მეთაურისაგან ეს ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ მაშინ დავარქვით შინაგანი იძულებითი აუცილებლობა. მაგრამ მე მინდა, მეორე პოლიტიკურ ასპექტსაც მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ გარდა შინაგანი პოლიტიკური იძულებითი აუცილებლობისა, რომელიც არ იყო მხოლოდ გამოწვეული ისევ ჩვენს მიერ უგუნურად გათამაშებული ომების შედეგებისაგან, არამედ ეს იყო სწორედ იმ 5 წლის პროცესების შედეგი, რომელზედაც აქ სწორად თქვა ქალბატონმა ირინამ, ალბათ, უნდა დაიწყოს საუბარი და ეს პარლამენტი ვადამდე იმუშავებს თუ ვადაში იმუშავებს, ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები პარლამენტში აუცილებლად უნდა შედგეს და შეფასება მიეცეს ამ 5 წლის ანალიზს, თუ რამ მიიყვანა ქვეყანა დღევანდელ სიტუაციამდე. მაგრამ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის გარე იძულების მომენტი. რომელსაც მე პირადად, შეიძლება, დღეს ეს ძალიან თამამად ვთქვა და უნდა ვთქვა იმიტომ, რომ ასე მესმის, ეს იყო სწორედ, რომ მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე კანონზომიერი პროცესი. აი, რა მაქვს მხედველობაში: ჩვენ რატომ არ გვინდა დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს და საერთოდ პარლამენტს, რომ დღეს რატომ იჩენს დასავლეთი ამგვარ ინტერესს და შეიძლება ითქვას, ლოიალობას რუსეთის მიმართ ისევე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიმართ. საქმე იმაში გახლავთ, რომ აქ უკვე ითქვა ამის შესახებ, როდესაც დასრულდა ცივი ომის პოლიტიკა და შესაბამისად ატომური... შიში და დაირღვა ძველი ბალანსი, დაიწყო, რასაკვირველია, ახალ ურთიერთობებზე მსჯელობა და უკვე იდეაში იყო წარმოდგენილი მსოფლიო გლობალური თანამეგობრობა, რომელიც ჩვენ 3 სიტყვით გამოვხატეთ, ისევე როგორც მსოფლიომ: მსოფლიოს ახალი წესრიგი. ამაზე ჩვენ შარშან ძალიან წარმატებით ვლაპარაკობდით. მაგრამ დღეს უკვე არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოში ცნობილი პოლიტოლოგები, თვით სახელმწიფოს მეთაური... თუ არ ვცდები, საფრანგეთში ვიზიტის დროს ძალიან ხმამაღლად ითქვა, რომ მსოფლიო ვერ აღმოჩნდა მომზადებული. აი, ამ საბჭოთა კავშირის დემონტაჟის შემდგომ მიმდინარე პროცესების მიმართ. ამიტომაც გამოვიდნენ კოლექტიური პასუხიმგებლობით და შეჩერდნენ, აი, იმ მოდელზე, რასაც ჰქვია "სნგ". ეს სხვათა შორის დღევანდელ დღეს წარმოშობილი არ გახლავთ. თუკი ვინმე ამ დარბაზში ახლოს დგას პოლიტიკურ მეცნიერებასთან, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამგვარი მოდელების ვარიანტები ძალიან ბევრი დამუშავდა ჯერ კიდევ 20-25 წლის წინ საერთაშორისო სტრატეგიულ ცენტრებში, მათ შორის აშშ-ში და რატომ? უწინარეს ყოვლისა საქმე იმაში გახლავთ, რომ შეიძლება ყოფილიყო მოსალოდნელი წინააღმდეგობები ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, აქ იყვნენ ატომური პასუხისმგებლობის ქვეყნებიც და, რასაკვირველია, მათ ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მე ალბათ, დამეთანხმებით, დღეს ამაზე არავინ ლაპარაკობს, რომ როდესაც შეიძლება ტენდენცია ყოფილიყო რელიგიური ნიშნით ინტეგრაციისა, რომელიც ასევე საშიში ძალა იქნებოდა მსოფლიოსათვის. და მესამე და რიგითობის პრინციპს თუ დავიცავთ, ყველაზე პირველი: დასავლეთის დღევანდელი სტრატეგიული ინტერესი გახლავთ სწორედ, რომ იმ პროცესებს ხელი შეუწყონ რუსეთში, რასაც რეფორმისტული პროცესები ჰქვია, რომელიც ძალიან წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს და თქვენ აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ, რომ დღევანდელი რუსეთი, სწორედ ამ არაერთგვაროვნების პირობებში, ძალზედ მტკივნეულად რეაგირებს როგორც საშინაო, ისე საგარეო იმპერიის რღვევაზე; რუსეთი ბოლოს და ბოლოს უნდა გადავიდეს ბატონ-პატრონის პოზიციდან პარტნიორულ პოზიციაში. სწორედ ამ და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების გათვალისწინებით რასაკვირველია დასავლეთი ძალიან გაგებით შეხვდა იმ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელიც გადადგა სახელმწიფოს მეთაურმა. ეს, უწინარეს ყოვლისა, არ არის დაკავშირებული მხოლოდ აფხაზეთის პრობლემებთან, მაგრამ ეს ყველაზე მტკივნეული მომენტი არის და რატომ? ენა არ უნდა მოგვიბრუნდეს ალბათ არც ერთ ჩვენთაგანს და გამოვხატოთ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება საერთაშორისო სამშვიდობო ინსტიტუტებისადმი, იმ ინსტიტუტისადმი, რომელსაც საქართველოს მეგობრები ჰქვია. მაგრამ, აი, დღეს ბატონი ჯაბა იოსელიანი გაემგზავრა. მე რეალისტი ვარ პოლიტიკაში და არ მინდა დავიჯერო, მაგრამ რატომღაც ასეთნაირად მგონია, რომ შეიძლება გაჩნდეს რაღაცნაირად საფრთხე და გაეროს, უშიშროების საბჭოს არსებული სტრუქტურებისა და ფინანსების მიხედვით ვერ დაეხმარონ კონკრეტულად დღესდღეობით საქართველოს. მაგრამ არსებობს ის მეორე რეზერვი, რასაც ჰქვია "სნგ" და ის ჩაწერილი წესდება, რომელიც პირდაპირ იხილავს იმას, რომ პირდაპირ პოლიტიკური კონსულტაციებიდან, ვიდრე ინდივიდუალურ და კოლექტიურ სამშვიდობო ჩარევებზეა ლაპარაკი, რომელიც დაფუძნებულია სწორედ გაეროს წესდების 51 მუხლზე.

რასაკვირველია, დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორი შეფასება შეიძლება ჰქონდეს, აი, ამ გადაწყვეტილებას. ეს იქნება ჩვენი...

(ხმაური დარბაზში).

(ხმა დარბაზიდან. აღარ გვაინტერესებს კაცო...).

თავმჯდომარე. რეგლამენტი. მაშინ, გასაგებია.

ნ. კირთაძე. მე ორიოდე წუთი და ახლავე დავასრულებ.

თავმჯდომარე. ჯერ რეგლამენტით ჰქონდა დრო, არ დაურღვევია რეგლამენტი. კარგით, ბრძანეთ.

ნ. კირთაძე. არ დამირღვევია ჯერჯერობით რეგლამენტი.

თავმჯდომარე. არა, ჯერ აქვს კიდევ ერთი წუთი.

ნ. კირთაძე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მე ძალიან შევზღუდავ ჩემს გამოსვლას, სულ რამდენიმე წინადადებით დავასრულებ. რა შედარება შეიძლება გაუკეთდეს დღევანდელ გადაწყვეტილებას: ეს იქნება ჩვენი დროებითი კომპრომისი, ეს იქნება ჩვენი იძულებითი აუცილებლობა, თუ ეს იქნება საერთო კანონზომიერებას დამორჩილება, რომელსაც ვერ გაექცევა, ბუნებრივია, საქართველოც; ალბათ, ყველაფერი ერთად. მაგრამ ამ შინაგან იძულებას ძალიან დიდად შეუწყო ხელი ბოლო 5 წლის პროცესებმა. მე ერთი რამ მინდა გავიხსენო და ჩვენი თაობის ქართველებისაგან, ალბათ, მარად მოწიწებით მოსახსენებელი გახლავთ ბატონი მერაბ მამარდაშვილი, რომელმაც ერთ-ერთი ლექციის დროს სწორად ბრძანა, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის იმიტომაც არის ბრძოლის საგანი და აუცილებლობა, როგორც საშუალება, იმისა, რომ კარგად დავინახოთ ჩვენი საკუთარი თავი, კარგად დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობები ბოლოს და ბოლოს რანი ვართ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ. აი, აგვარმა მიღწეულმა დეკლარირებულმა საქართველომ ჩვენ მართლაც დაგვანახა ჩვენი საკუთარი თავი, როდესაც თავისუფლება გავიაზრეთ ისე, როგორც საკუთარი ინსტიქტების თავისუფლება და როდესაც ამოძრავდა ის დამანგრეველი ველი აზროვნებისა, რომელიც დღემდე მოძრაობს. აქ ბატონმა აკაკი ასათიანმა კარგად გაიხსენა, სხვათა შორის, ხშირად იხსენებს ხოლმე ქართველთა ისტორიასა და სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მე ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, რომ ქართველობამ, თუკი დღემდე მოიტანა თავი, ეს იყო სწორედ ის პოლიტიკა, რაც იყო სწორედ კომპრომისებისა და შეურიგებლობის მონაცვლეობა ან ერთობლიობა და თუ დღევანდელ გადაწყვეტილებას ჩვენ კომპრომისს დავარქმევთ, მაშინ მე მინდა, გითხრათ, რომ ეს არის სწორედ ის კოპრომისი, რომელიც თავის თავში მოიცავს შეურიგებლობას, შეურიგებლობას იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, შეურიგებლობას იმ დარღვეული ცნობიერების გასამთლიანებლად და შეურიგებლობას საერთოდ ჩვენი ქვეყნის არდასაღუპად და არგასაწირად. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი პარლამენტი მხოლოდ გონებიასა და რწმენაზე დამყარებულ გონიერებას მისცემს ხმას ანუ იმ ნაბიჯს, რომელიც უკვე გადადგა სახელმწიფოს მეთაურმა. გმადლობთ.

თავმჯდომარე. ბატონი ნათაძე, შემდეგ ბატონი გივი ლომინაძე.

(ხმა დარბაზიდან).

თავმჯდომარე. ყურადღება იყოს. ყველაფრის წესს ნუ არღვევთ.

ნ. ნათაძე. მეგობრებო, გარდა ისეთი მოტივებისა, როგორიც არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ღირსება და სხვა მაღალი იდეალები, კაცობრიობის მიერ აღიარებული, არის სხვა მოტივებიც, რომელთა გამოც საქართველოს "სნგ"-ში შესვლა არის დაუშვებელი. კერძოდ:

1. ყველას მისწრაფება არის, რომ არსებობდეს მშვიდობა, როგორც იცით თქვენ ძალიან კარგად, "სნგ"-ში ყოფნა ქვეყანას არ აზღვევს ომებისაგან. მაგალითი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი, რომელშიც "სნგ" ვერავითარ დადებით როლს ვერ ასრულებს. გარდა ამისა, "სნგ"-ს დებულებაში არ არის ჩადებული არავითარი მექანიზმი, არავითარი ვალდებულება იმისა, რომ მის წევრ ქვეყნებს შორის ომი არ იყოს. უფრო მეტსაც გეტყვით. სანამ ქვეყანა არის "სნგ"-ში და თუ ქვეყანა არის "სნგ"-ში, გარე სამყაროს, მსოფლიოს ესპობა ყოველგვარი საშუალება, რომ მარეგულირებელი და ომის შემკავებელი როლი ითამაშოს.

2. "სნგ"-ს დებულება გულისხმობს, რომ "სნგ"-ს მთლიანად ენიჭება რაღაც გარკვეული უფლებამოსილება, რომ ჩაერიოს მის შინაგან ურთიერთობებში, კერძოდ მის ურთიერთობებში უმცირესობათა და სხვა უმცირესობათა პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. ე. ი. "სნგ" ჩემულობს უფლებას, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიგნით უმცირესობათა დაცვის პროცესში. ჩვენ ვიცით რუსეთის ტენდენცია ამ მიმართულებით, ეს იმას ნიშნავს, რომ "სნგ" მუდამ იქნება ჩარეული ჩვენს შინაგან პროცესებში, მუდამ ატეხავს ეთნიკურ კონფლიქტებს ჩვენს შიგნით და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი არ კისრულობს პასუხისმგებლობას მისი შეიარაღებული მოქალაქეების მოქმედებაზე სხვა ქვეყნებში, ეს იმას ნიშნავს, რომ "სნგ" მუდამ იქნება ჩარეული თავისი სამხედრო ძალით, თავისი მოქალაქეების ძალით, შეიარაღებული მოქალაქეების ძალით, ტექნიკური დახმარებით, იარაღის დახმარებით და სხვადასხვა სახით ყველა ჩვენს ეთნიკურ კონფლიქტებში, რომელიც იარსებებს.

3. "სნგ"-ს დებულებაში არის ისეთი ცარიელი ადგილები დატოვებული, რომლებიც ამოვსებას საჭიროებს. კერძოდ, არის ღიად დატოვებული შინაგანი რეგულირების მრავალი ასპექტი, რომელიც არ შეიძლება, დარჩეს დაურეგულირებელი. მაშასადამე, "სნგ"-ს დებულება განვითარდება და განვითარდება სწორედ უნიტარულ იმპერიად ქცევის მიმართულებით.

აი, ეს ისეთი სამი მოტივი გახლავთ, ისეთი სამი გარემოება გახლავთ, რომლის ვერშემჩნევა შეუძლებელია. ე. ი. კაცი, რომელიც აქედან დასკვნებს ვერ გამოიტანს, ეს კაცი ვერ გაწევს იმის სიმულაციას, თითქოს მას ეს მომენტები არ დაენახოს. აქ სიბრმავის სიმულაცია შეუძლებელია. აი, ამიტომ და მხოლოდ ამიტომ მე მიმაჩნია, რომ "სნგ"-თვის ხელის ამწევი პიროვნება ვინც იქნება ეს, მე ვიქნები თუ სხვა იქნება, პეტრე იქნება თუ პავლე იქნება, ვერ გაიმართლებს თავს უცოდინარობით. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე კარგი მეგონა და ამიტომ ვუწევ ხელსო. ეს ისეთი მომენტებია, რომლის ვერდანახვის სიმულირება შეუძლებელია. მე როდესაც მოგახსენებთ, რომ "სნგ"-ში საქართველოს შესვლის წინადადება ან მისთვის ხელის აწევა შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ ბოროტი ნებიდან, მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ შეგნებული მოქმედებიდან, აი, მე სწორედ ესა მაქვს მხედველობაში. ამიტომ მე ვერ დავეთანხმები ვერც კაკო ასათიანს, რომელიც ამბობს, რომ სიტყვა ღალატი და ასე ვთქვათ მორალური დახასიათებები ამ შემთხვევაში მიუღებელია, არის ისეთი მომენტებიც, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომელთა ვერდანახვაც შესაძლებელია, მაგრამ მაინც უნდა დავინახოთ. "სნგ" რუსეთისათვის არ არის მიზანი. ეს არის მხოლოდ საშუალება უფრო შორი მიზნების მისაღწევად. რა არის ეს უფრო შორი მიზნები? ცხადია, ეს არის საქართველოს ფედერალიზაცია. რუსეთს უნდა საქართველო იყოს არსებითად ფედერალურად მოწყობილი სახელმწიფო, რომლის ნებისმიერი ფედერალური ერთეულის აჯანყება და ამბოხება რუსეთს ყოველთვის შეუძლია და რის გამოც რუსეთს მუდამ ექნება დადებული ხელი ჩვენს კისერზე და როცა უნდა მაშინ დაგვახრჩობს. ეს არის მისი მიზანი. მისთვის მიუღებელია საქართველოს გამართული სახელმწიფოებრიობა. მას უნდა, რომ ფედერალურად მოწყობილი ერთეული მუდამ მისი მუქარის ქვეშ იყოს, მუდამ მის ხელთ იყოს და მას ამ მუქარით შეეძლოს მუდმივი რეგულირება ამ ერთეულის. ამას შეიძლება ყველა ვერ ხედავდეს, მაგრამ ეს ფაქტია და მე გთხოვთ, ესეც გაითვალისწინოთ ხელის აწევის დროს.

ახლა რაც შეეხება, აი, ამ ვითარების საერთაშორისო ასპექტებს. ცხადია, არსებობს მსოფლიოს ინტერესები, რომელიც მსოფლიოსათვის და არა ჩვენთვის, საქართველოს ინტერესებზე უფრო დიდია. დასავლეთი დაინტერესებულია და მსოფლიოც დაინტერესებულია, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებობდეს არასაომარი, რაც შეიძლება უფრო მეტად ჰარმონიული მდგომარეობა. ამიტომ დასავლეთი და მსოფლიოც დაინტერესებულია, რომ რუსეთში გამარჯვებული და წამყვანი იყოს ელცინის და მისი გუნდის ხაზი და არა, ვთქვათ, ხაზბულატოვის და მისი გუნდის ხაზი. ეს ბუნებრივია. ახლა საქართველოს დათმობით ელცინის გუნდის წინაშე, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების წინაშე ამ "სნგ"-ს საკითხში, საქართველოს შესვლით "სნგ"-ში, ელცინის გუნდს, რა თქმა უნდა, უძლიერდება პოზიცია, ვთქვათ იმავე ხაზბულატოვის, რუცკოის, ჟირინოვსკის და ა. შ. გუნდთან შედარებით. ეს ფაქტია და ამგვარად ადვილდება ელცინის გუნდის მიერ რუსეთის მართვა, ელცინის რუსეთის, თუ გნებავთ ასე ვუწოდოთ, და ვთქვათ, დასავლეთის მორიგება. მაგრამ რით, რა მექანიზმით ძლიერდება ელცინის პოზიციები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევალთ "სნგ"-ში? ძლიერდება მხოლოდ ერთით. ელცინის გუნდი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ იმპერიული პოლიტიკის გატარება მას არანაკლებად შეძლებია, ვიდრე რუცკოის გუნდს და არანაკლებად მონდომებული ყოფილა ამ პოლიტიკის გატარებისათვის, ვიდრე რუცკოის გუნდი. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ, აი, ასეთი სახით, საქართველოს მხრიდან, აი, ასეთი დათმობის სახით ჩვენ მივცეთ ქულები ელცინის გუნდს? მე მგონი, ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს. მგონი კი არა, ნამდვილად... (ხმა დარბაზიდან). ასე, რომ ჩვენი სახელმწიფოს მეთაურის ამერიკაში მგზავრობის წინ ასეთი სახით ელცინის გუნდისათვის ქულის ჩაწერა, ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გეგმა. მეც მომხრე ვარ იმისი, რაც ქალბატონმა ირინა სარიშვილმა ბრძანა, მომხრე ვარ ამისი, რომ ეს კენჭისყრა საერთოდ არ შედგეს. მით უმეტეს დღეს ამერიკაში ბატონ ედუარდ შევარდნაძის წასვლის წინ ჩვენ გვაქვს გაურკვეველი საკითხი, რომელიც გარკვეული იქნება ამ ვიზიტის შემდეგ. გარკვეული იქნება, ვიდრე ახლა არის, დასავლეთის პოზიცია ჩვენი და რუსეთის ურთიერთობაში. იქ, ამერიკაში, ბატონი ედუარდის წასვლის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება იმაზე, თუ რა შეესაბამება ჩვენს ინტერესებს და მხოლოდ მერე უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ ეს საკითხი.

კიდევ ერთი მოტივი, რატომ არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ახლა ამაზე. თქვენ იცით, რომ საქართველომ ამ წელიწადნახევრის მანძილზე ისეთი დამარცხებები განიცადა, ისეთი ნგრევა განიცადა, რომლის მსგავსი საქართველოს ისტორიას თითქმის არ ახსოვს. ე. ი. ჩვენ გვყავს უაღრესად არაეფექტიანი ხელისუფლება, ჩვენ გვყავს უაღრესად არაეფექტიანი მთავრობა, რომელსაც ჯერჯერობით საქართველოსათვის არავითარი გამარჯვება არ მოუტანია. ჩვენ არა გვაქვს მორალური უფლება და არც იურიდიული უფლება, მე მგონი, რომ საქართველოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის "სნგ"-ში შესვლა-არშესვლა, ჩვენ კენჭი ვუყაროთ მანამდე, სანამ ჩვენ არ მოგვისმენია სახელმწიფოს მეთაურის ანგარიში თავის მოღვაწეობაზე ამ წელიწადნახევრის მანძილზე და ამის მიხედვით არ შეგვიფასებია მისი წინადადების მისაღებლობა-მიუღებლობა.

რაც შეეხება კანონისა და პარლამენტის ურთიერთობას. არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც პარლამენტის წევრობა არ შეუძლიათ ამა და ამ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს. ამ კანონის განხორციელება არის პარლამენტის პრეროგატივა, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ეს. მაგრამ კანონთან პარლამენტის ურთიერთობა გადაწყვეტილებით არ ხდება. პარლამენტთან კანონის ურთიერთობა ხდება მხოლოდ პარლამენტის მიერ ამ კანონის შეცვლით. ე. ი. სანამ პარლამენტს არ შეუცვლია ეს კანონი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრობა აღარ შეუძლია ამა და ამ თანამდებობაზე მყოფ პიროვნებას, მანამ ეს კანონი ძალაშია და მანამდე პარლამენტის ეს თავისუფალი არჩეული საკითხი კი არ არის, არამედ პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ამ კანონის შესაბამისად მოიქცეს. ამიტომ ჩემი დებულებაა, რომ ამ კანონის უგულებელყოფით შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც არის "სნგ"-ში შესვლა-შეუსვლელობა, წარმოადგენს სახელმწიფო გადატრიალებას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც. მართალია, ზემოდან, შეიძლება ამას პარლამენტის 100+ მისცეს ხმა, მაგრამ ეს მაინც არის კანონის წინააღმდეგ სვლა, ეს არის მაინც სახელმწიფო გადატრიალება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ახლა კიდევ მეორე გარემოება...

(ხმა დარბაზიდან).

თავმჯდომარე. აქვს, კიდევ 2 წუთი აქვს.

ნ. ნათაძე. ლევან მესხი მე მაძლევს თავის დროს.

თავმჯდომარე. არა, ასე ჩვენ... 100 კაცია აქ უმრავლესობიდან. (ხმაური დარბაზში). დავუმატოთ 2 წუთი.

ვ. რჩეულიშვილი. არავითარი 2 წუთი.

ნ. ნათაძე. საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების კანონის მე-7 მუხლში მოცემულია ჩამონათვალი, პარლამენტის უფლებამოსილებებისა. აქ ნათქვამია, რომ "პარლამენტი განსაზღვრავს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, სახელმწიფო საქმიანობას, ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებს სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა უმნიშვნელოვანეს რესპუბლიკურ პროგრამებს, განსაზღვრავს ერთიან საფინანსო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, ახორციელებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. ამასთან საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, განსახილველად მიიღოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობას მიეკუთვნება". "სნგ"-ს დებულებით იგივე ფუნქციები გადაცემული აქვს "სნგ"-ს სახელმწიფოს მეთაურს და საბჭოს, რომელშიც საქართველო წარმოდგენილია არა პარლამენტით, არამედ ერთადერთი პიროვნებით - სახელმწიფოს მეთაურით. ამგვარად, ჩვენი კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ ეწინააღმდეგება "სნგ"-ს დებულებას. ჩვენი კანონი მიღებულია ხმების 2/3-დით, მაშასადამე, "სნგ"-ს დებულებასთან შეერთება ანუ ჩვენი შესვლა "სნგ"-ში შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ 2/3-ით. ყოველგვარი სხვა კენჭისყრა არის ისევ და ისევ სახელმწიფო გადატრიალების ელემენტი, რომელიც გადატრიალებად რჩება იმის მიუხედავად, ეს მიღებული იქნება თუ არ იქნება მიღებული, თუნდაც მთელი პარლამენტის მიერ.

ამის შემდეგ მე მინდა, ერთი განცხადება გავაკეთო დაახლოებით 2 საათის წინ ქუჩაში, პარლამენტის შენობის პირდაპირ მდუმარე დგომის დროს ხალხი ტრანსპარანტებით, რომელშიც ნათქვამი იყო: დეპუტატებო, გაიხსენეთ თქვენი პროგრამა და ხელშეკრულებას - ხო, "სნგ"-ს - არა, პოლიციამ დაარბია, ქალებიც და კაცებიც, დაარბია ხელკეტებით, ცემით და დააპატიმრა რამდენიმე კაცი. ეს მე მიმაჩნია ისტორიის სანაგვიდან (ხმაური დარბაზში) კომუნიზმის ამოთრევის მცდელობად პროვინციული ფორმით. იმიტომ, რომ სხვაგან ასეთი პრატქიკა, ალბათ, მე მგონი, არსად აღარ არის.

თავმჯდომარე. კარგით, ბატონო ნოდარ, რეგლამენტი.

ნ. ნათაძე. გარდა ამისა, ერთხელ მე აქ უკვე გამოვედი წინადადებით, რომელიც პარლამენტს არ უარუყვია, რომ მოვისმინოთ ინფორმაცია, კომენტარი სახელმწიფოს მეთაურის და უშიშროების მინისტრის იმ ტერორისტული აქტების სერიის გამო, რომელიც საქართველოში მოხდა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმის აღდგენის მცდელობა. ორივე ეს ფაქტი ერთად მე მაიძულებს ვთხოვო სახელმწიფოს მეთაურს, ახლა მაინც მოგვახსენოს თავისი აზრი, აი, ამ კომუნისტური ტერორის აქტებზე, როგორიც არის ქუჩაში მიტინგის დარბევა და იმ გაურკვეველი ტერორის აქტებზე, რომელზედაც წეღან მოგახსენეთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.

გაგრძელება იქნება



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com