"საქართველო "
# 10 (1798)
20 მაისი-2 ივნისი 2003 წელი

VIVAT HISTORIA: ანუ რას გვიამბობენ მცენარეთა სახელწოდებანი აფსუა-აფხაზთა აბორიგენობაზე საქართველოში - (საქართველოს ბუნებისა და ისტორიულ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია "ფესვები")

ბიძინა თავაძე

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადიღეური მოდგმის ერთ-ერთი ტომისათვის - აფსუებისათვის - ისტორიული ქართული სატომო სახელის "აფხაზის" შერქმევამ, ხოლო აფსუური ენისადმი "აფხაზურის" წოდებამ, ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველოლოგიას, უამრავი უსიამოვნება და გაუგებრობა მოუტანა, რაც ისტორიული ქართული კუთხის აფხაზეთის - დაკარგვად დაგვიჯდა.

დღეს აშკარაზე აშკარაა, რომ ისტორიული და თანამედროვე აფხაზობა ორი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია: კერძოდ: ისტორიული აფხაზები ქართველური ტომები იყვნენ და ისტორიული საბუთები მოწმობენ, რომ ისინი მეგრულად ლაპარაკობდნენ, ანუ ის აფხაზები, რომელთაც კონტაქტი დაამყარეს ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, ხოლო შემდეგ საქართველოში - აფხაზეთში - შემოსულ აფსუებთან, იყვნენ მეგრულ ენოვანი ქართველები.

თანამედროვე აფხაზები კი ადიღეული მოდგმის აფსუებისა და ქართველი აფხაზების ნარევია, აფსუური ენით და ასევე არაქართული აფსუური ცნობიერებით.

მართალია, თანამედროვე აფხაზების ძირითადი ბირთვი (80%-ზე მეტი) გააფსუებული (და არა გააფხაზებული, როგორც შეცდომით ხმარობენ სამეცნიერო ლიტერატურაში) ქართველია, მაგრამ ისინი ენითა და ცნობიერებით უკვე არაქართულ სამყაროს წარმოადგენენ და მათ არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს ისტორიულ წარსულზე. მარტო ის რად ღირს, რომ აფსუებსაც და გააფსუებულ ქართველებსაც თავიანთ მოძმეებად მიაჩნიათ ჩრდილო კავკასიელი ტომები ადიღელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ა.შ.

ვუწოდეთ რა არაქართულ ელემენტს ქართული ტომის სახელწოდება - აფხაზი, ტერმინოლოგიურმა აღრევამ ის გამოიწვია, რომ მე-16-17 საუკუნეებიდან საქართველოში - აფხაზეთში - ინფილტრაციით შემოსულ უცხო მოდგმის ტომს, ქართველთა ნაწილის ასიმილაციის გამო, გაუჩნდა აბორიგენობის პრეტნეზია და სხვის ისტორიას, ტერიტორიას და ისტორიულ მონაპოვრებს ითვისებს, იმპერიული ძალების ყოველმხრივი და მძლავრი მხარდაჭერით.

აფსუები რომ საქართველოსა და მისი ისტორიული კუთხის აფხაზეთის აბორიგენები არ არიან, ამას უამრავი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფაქტი ადასტურებს, ამიტომ ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესი იქნებოდა დღევანდელი აფხაზებისათვის გვეწოდებინა "აფსუა-აფხაზი", ან "აფსუა", ნამდვილი აფხაზის ანუ ქართველი აფხაზისგან გასამიჯნად.

ზღვა ისტორიული მასალა მოწმობს, რომ აფხაზეთი აფსნი არაა, ხოლო აფსუა აფხაზი არაა.

მიუხედავად წყაროთა და ფაქტთა ღაღადისა, იმპერიული ძალებით წაქეზებული აფსუა და რუსი ვაი-მეცნიერები, და მათ გვერდით ზოგიერთი ქართველი ვაი-ისტორიკოსიც, ამტკიცებენ, თითქოს აფსუები აფხაზეთში ცხოვრობენ ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან მაინც.

ეს ვაი-მეცნიერები ქადაგებენ ორაბორიგენობის აბსურდულ თეორიას, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიო ისტორიაში.

ამის საწინააღმდეგოდ, ქვემოთ ჩვენ ქართველოლოგიას, და ე.წ. აფხაზოლოგიას, შევთავაზებთ ფრიად საყურადღებო მონაცემებს, მცენარეთა სახელწოდებების შესახებ აფსუურ ენაში, რომელნიც წინასწარ ვიტყვით აბსოლუტურად გამორიცხავს აფსუების აბორიგენობას საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში.

აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსულენოვან ბოტანიკურ ლიტერატურაში მოიპოვება საინტერესო ენობრივი ლექსიკური მასალა მცენარეთა სახელწოდებებისა, კავკასიის მაშინდელი უდამწერლობო ენებისა, მათ შორის, აფსუური ენის ლექსიკიდან, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქამდე არ გამხდარა ენათმეცნიერთა თუ ისტორიკოსთა ანალიზისა და მსჯელობის საგანი.

არადა, ამ ლექსიკურ მასალაში უამრავი საინტერესო ცნობაა დალექილი ამა თუ იმ ტომის აბორიგენობის თვალსაზრისითაც, ხაზს ვუსვამ, სწორედ ამ ლექსიკურ მასალაში, რადგან საბჭოთა პერიოდში კავკასიის უდამწერლობო ენებისათვის შეიქმნა დამწერლობანი, განვითარდა ლიტერატურა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამეც შეიცვალა და გადასხვაფერდა.

როგორც ცნობილია, აფსუური ენის ლექსიკის, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე შეცდომით აფხაზურს უწოდებენ, ადრეული ნიმუშები შემოგვინახა გერმანელმა ექიმმა, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ანტონ გიულდენშტედტმა, რომელმაც 1768-1772 წლებში იმოგზაურა საქართველოში და ფრიად საინტერესო მასალები დაგვიტოვა. უფრო ადრინდელი მასალები აფსუური ენისა არ მოგვეპოვება და ამდენად ძნელია მასზე საუბრი.

აფსუური ენის საფუძვლიან შესწავლას საფუძველი ჩაუყარა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე რუსმა ენათმეცნიერმა პ. უსლარმა, რაც გაგრძელდა აფსუური დამწერლობის შექმნის შემდეგ საბჭოთა პერიოდში და ბევრი არასწორი შეხედულებაც გამოითქვა აფსუური და ქართველური ენების ურთიერთმიმართების შესახებ, რომელიც ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

მიუხედავად უამრავი ნაშრომისა, ე.წ. აფხაზურის, სინამდვილეში კი აფსუური ენის შესახებ, და უზარმაზარი საპოლემიკო ლიტერატურისა, ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით, არც ქართველი და არც აფსუა ენათმეცნიერები თუ ისტორიკოსები არ იცნობენ იმ ძვირფას ენობრივ-ლექსიკურ მასალას, რომელიც დაცულია ქვემოთ ნახსენებ ორ მონოგრაფიაში და რომელიც ეხება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაწერილ მცენარეთა სახელწოდებებს კავკასიის ხალხთა ენებზე.

რასაკვირველია, არ გამოვრიცხავ, რომ ამის გარდა კიდევ არსებობს იმდროინდელი ნაშრომები, რომელთაც გამომზეურება და შესწავლა სჭირდებათ.

ეს ნაშრომებია: ცნობილი რუსი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის იაკობ მედვედევის (1847-1923) "კავკასიის ხეები და ბუჩქები" (დაიბეჭდა სამჯერ 1883, 1910 და 1919 წლებში თბილისში) და თბილისში ე.წ. გერმანელ კალონისტთა ოჯახში დაბადებული ადოლფ კრისტიან როლოვის (1870-1952) "კავკასიის ველური მცენარეები" (დაიბეჭდა თბილისში 1908 წელს).

თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ მე-19 საუკუნეში, ქართველებისა და სომხების გარდა, სხვა კავკასიელ ტომებს არ გააჩნიათ დამწერლობა, მაშინ ცხადი გახდება ი. მედვედევისა და ა. როლოვის შრომებში დაცული ენობრივი მასალის მნიშვნელობა, რომელიც იმ პერიოდის სურათს ასახავს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ი. მედვედევი 1867 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში და მუშაობდა იმპერიის მიწათმოქმედების დეპარტამენტში - ჯერ მეტყევედ, შემდეგ კი ამიერკავკასიის რწმუნებულად, ხოლო ა. როლოვი დაიბადა და გაიზარდა რა თბილისში, 1898-1918 წლებში იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, შემდეგ "გპი"-ს პროფესორი - ამდენად მათი ნაშრომები მაღალი სამეცნიერო ღირებულებისაა, სანდო და ფასეულია.

ამ ნაშრომებიდან ამჯერად შევეხებით რამდენიმე მცენარის სახელწოდებას. რომელნიც უშუალოდ შეგვიძლია დავუკავშიროთ აფსუების აბორიგენობის საკითხს აფხაზეთში, რადგან ამ ორი უზარმაზარი მონოგრაფიის მიმოხილვას თავად სჭირდება მონოგრაფია.

ენათმეცნიერებიდან ცნობილია, რომ ამა თუ იმ ენაში არსებული მცენარეთა სახელწოდებანი ბევრ საინტერესო მასალას შეიცავენ ამ ხალხის ცხოვრების წესის, თუ გნებავთ, აბორიგენობისა და მიგრაციის შესახებ.

როგორც ი. მედვედევის, ისე ა. როლოვის მიხედვით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფსუური ენა წიწვიან ხე-მცენარეებს ნაძვს, ფიჭვს, სოჭს ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს და სამივეს მოიხსენიებს ერთი და იგივე სახელით - "აფსა", ხოლო ერთი მეორისაგან გენეტიკურად შორს მდგომ სახეობებს ფიჭვსა და სოჭს ასევე მოიხსენიებს მეორე საერთო სახელითაც - ამზა".

ცნობისათვის: წიწვიანების ზემოხსენებული სამივე სახეობა გავრცელებულია როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაშიც, ამასთან ნაძვი და სოჭი მარტოოდენ მთებში იზრდება, ხოლო ფიჭვი მთებშიც და ბარშიც.

თუ მივმართავთ ქართულ ენობრივ სინამდვილეს, აღმოჩნდება შემდეგი: ქართულად: ნაძვი და ელატი; ჭანურად და მეგრულად - ნუზუ, სვანურად - ნეზვრა და ღუმირ.

ფიჭვი: ქართულად და მეგრულად - ფიჭვი, სვანურად - გოგიბ. სოჭი: ქართულად სოჭი და ჩიხრი; მეგრულად - გოგიბი, სვანურად - ნენზე.

მოყვანილი მასალიდან ცხადია, რომ ქართველური ენები მკაფიოდ ანსხვავებენ სამივე წიწვიან სახეობას.

ისმება კითხვა, რატომ ვერ ანსხვავებს აფსუური ენა ამ მკვეთრად განსხვავებულ წიწვიანებს?

საინტერესოა ის გარემოება, რომ ამავე ავტორთა მიხედვით ყაბარდულად და ჩერქეზულად ნაძვისა და სოჭის სახელებად მითითებულია "ფსეი", რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აფსუებმა თავის დროზე სწორედ ამ ენებიდან ისესხეს წიწვიანების აღმნიშვნელი სახელი და დაურთეს თავიანთი ცნობილი წინსართი "ა". ამგვარად უნდა იყოს მიღებული აფსუურში ყველა წიწვიანის საერთო სახელწოდება "აფსა".

ასევე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 1999 წელს თბილისში გამოცემული "ქართულ-აფხაზური სასაუბროს" მიხედვით აფსუურში (და არა აფხაზურში) დღეს ხეობასაც "აფსა" ჰქვია, ხოლო წიწვიან ტყეს კი "აფსარა". აქ დასკვნისაგან თავს შევიკავებთ და იგი ლინგვისტებისათვის მიმინდვია, რადგან მეტისმეტია ნაძვის, ფიჭვის, სოჭის და წიწვიანი ტყის ერთი და იგივე სახელით მოხსენიება.

თუ ზემოთ მოყვანილ მონაცემებს განვიხილავთ, გამოდის, რომ აფსუები თავის დროზე არ იცნობდნენ ამ წიწვიან ხე-მცენარეებს (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი), რადგან ცხოვრობდნენ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ეს წიწვიანები არ იყო გავრცელებული, რაც სრულიად შეესაბამება და ადასტურებს ცნობილი რომაელი მოღვაწის და მეცნიერის პლინიუს უფროსის ცნობის სისწორეს, რომ აფსუები ჩვ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთს იმიერკავკასიაში - კასპიისპირეთში, დაახლოებით დღევანდელი ყალმუხეთის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ მიგრაციისას ჩერქეზების ან ყაბარდოელებისაგან ისესხეს წიწვიანი ხე-მცენარეების სამი სახეობისათვის საერთო სახელწოდება - "აფსა".

თუ საწინააღმდეგოს დავუშვებთ და აფსუებს აფხაზეთის აბორიგენებად ჩავთვლით, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი ვაი-მეცნიერი აკეთებს, მაშინ ძნელი ასახსნელი იქნება ის გარემოება, თუ როგორ მოხდა, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლე ქართველურმა ტომებმა ქართებმა, სვანებმა, მეგრელებმა, ჭანებმა - აქ გავრცელებულ წიწვიანებს - ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს ცალ-ცალკე გნსხვავებული სახელები შეარქვეს, ხოლო აფსუებმა, არა თუ ცალ-ცალკე სახელები ვერ დაარქვეს თავიანთ ენაზე ამ ხე-მცენარეებს, არამედ ვერც კი შესძლეს ესესხათ თავიანთი მეზობლებისაგან - ქართველური ტომებისაგან კავკასიონის ქედს გადაღმა გადავიდნენ და იქიდან "ჩამოიტანეს" მათი საერთო სახელი, რაც მეტად გასაკვირველია.

მეცნიერულ ინსინუაციებს რომ თავი დავანებოთ, ნორმალური გონებისათვის ხომ ასეთი რამ წარმოუდგენელი და მიუღებელია.

კიდევ უფრო პარადოქსული და საინტერესოა მუხისა და ვაზის სახელწოდებანი აფხაზურ ენაში.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის მიხედვით, მე-19 საუკუნის ბოლოსათვის აფსუური ენა ერთსა და იმავე სახელს უწოდებს ერთმანეთისაგან გენეტიკურად შორს მდგომ მცენარეებს - მუხასა და ვაზს. და ორივეს ჰქვია - "აჯ". ეს ისეთი კურიოზული შემთხვევაა, როცა იტყვიან ხოლმე - კომენტარი ზედმეტია, მაგრამ აფსუა-აფხაზთა აბორიგენობის საკითხი ისეა აწეწილ-დაწეწილი, განგებ გაბუნდოვნებული და გაუკუღმართებული, რომ ეს შრომაც, და არა მარტო ეს, სწორედ რომ კომენტარებისათვის დაიწერა.

წარმოიდგინეთ, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში, ვაზი ტყეშიც კია გავრცელებული, ხეებზეა შესული და ამ დროს ათეულ საუკუნეობით აქ მცხოვრები ტომი მას მუხისგან ვერ ანსხვავებდეს? ასეთი რამ ყოველგვარი მეცნიერული თვალსაზრისით ხომ წარმოუდგენელია და როგორი შუბლის კანი და სინდისი უნდა ჰქონდეს მეცნიერს, რომ ასეთ ხალხს აფხაზეთში აბორიგენობა "დააბრალოს".

ამავე ავტორების მიხედვით, ჩერქეზულად მუხას ჰქვია ჯიჰაი, ხოლო ვაზს ბალყარულად ჯოზუმ. ჩვენი ვარაუდით, აფსუა-აფხაზებმა სწორედ ამ ენებიდან ისესხეს მუხისა და ვაზის საერთო სახელწოდება - აჯ.

ისმება კითხვა - თუ აფსუა-აფხაზები მართლაც პირველი საუკუნიდან საქართველოში აბორიგენები იყვნენ, როგორც ამას ზოგიერთი ვაი-მეცნიერი ფიქრობს, მაშინ საინტერესოა, აფსუური ენა რატომ ვერ ანსხვავებს მუხასა და ვაზს ერთმანეთისაგან, ან რატომ ისესხა ეს სახელწოდება მაინცდამაინც ჩრდილოკავკასიელი ხალხისაგან და რატომ ვერ შეითვისა - ისესხა - მეზობელი ქართველური ტომებისაგან, თუკი მართლაც ჰქონდა მეზობლობას ადგილი? ქართველური ენები ხომ მშვენივრად ანსხვავებენ ერთმანეთისაგან ერთსაც და მეორესაც: ქართულად - ვაზი; ჭანურად და მეგრულად - ბინეხი, ბენეხი; სვანურად - ვააზ, ღვააზ; ქართულად - მუხა; ჭანურად - ჭკონი; მეგრულად - ჭყონი; სვანურად - ჯირა, ჯიჰრა.

აი, რა მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი ვაზისა და მუხის სახელწოდებანი ქართველურ ენებში და რაოდენ საოცარია, რომ ეს მრავალფეროვნება ვერ შეამჩნია ე.წ. "აბორიგენულმა" აფსუურმა ენამ და აქაც მაინცდამაინც ჩრდილოკავკასიაში მცხოვრებთ მიმართა "სასესხებლად".

სხვათა შორის ზემოთნახსენები "ქართულ-აფხაზური სასაუბროს" (1999) მიხედვით (უფრო სწორი იქნებოდა მას ერქვას "ქართულ-აფსუური სასაუბრო"), ამჟამად მუხას კვლავ ეწოდება აჯ, ხოლო ვაზს "აძახუა"; მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ი. მედვედევი და ა. როლოვი სახელწოდება "აძახუას" საერთოდ არ იცნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სახელწოდება აფსუურმა ენამ გვიან შემოიტანა, რადგან ი. მედვედევის შრომის ბოლო გამოცემა განხორციელდა 1919 წელს.

ჩვენი ვარაუდით, ვაზის დღევანდელი აფსუური სახელწოდება "აძახუა" არის ქართული ძახველის აფსუური ვარიანტი და იგი შესულია აფსუურში მეოცე საუკუნის ოციანი წლების შემდეგ. ძახველსაც თავისებურად მტევანს მიმსგავსებული ნაყოფი აქვს და, აქედან გამომდინარე, მისი სახელი დაარქვეს ვაზს.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონოგრაფიებში უამრავი საინტერესო მასალაა ენობრივი თვალსაზრისით, რომელიც ლინგვისტების ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ კი კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ, რომელნიც ფრიად საყურადღებო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევიან.

დასასრული შემდეგ ნომერში



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com