|
"საქართველო "
"რუსთავი-2" ცდება, შევარდნაძე კი ტყუის ნ. ნათაძე
ჟურნალისტი რომ მაღალი თანამდებობის პირს ინტერვიუს ართმევს, მისი პროფესიული ინტერესია რესპონდენტისაგან ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელსაც იგი თავისი ინიციატივით არ გასცემს. "რუსთავი-2"-ის ამასწინანდელ ინტერვიუში შევარდნაძესთან ჟურნალისტმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა; რესპონდენტის მიერ მისთვის თავისდაუნებურად აწეული ფრენბურთის ბურთები დაურტყმელად გაუშვა. სახელდობრ: 1. კითხვას, რა იქნა რამდენიმე მილიარდი დოლარის გრანტები, შევარდნაძე პასუხობს, ჩვენთან თუ რომელიმე ფულის ჩაჯიბვა ხდება, ეს მხოლოდ ბიუჯეტის ფულია და არა გრანტებისო. ჟურნალისტი ერიდება არა მხოლოდ რიტორიკულ კითხვას "რომელი ფული უფრო გასაფრთხილებელია, ნაჩუქარი თუ ოფლით მონაგარიო?", არამედ ლოგიკურად აუცილებელ უმარტივეს კითხვასაც "თუ ასეა, მაშინ სად არის ან რაში დაიხარჯა გრანტის ფულები?". 2. რესპონდენტი ამბობს, ჩემი ცხოვრების კმაყოფილი ვარ, კეთილი საქმეების დიდი დადებითი სალდო მაქვსო. თუნდაც ის რად ღირს, რომ ცივი ომი შევწყვიტეო". (დიახ, არც მეტი, არც ნაკლები: ცივი ომი შევწყვიტეო!). მაგრამ ჟურნალისტი არ ეკითხება: "თქვენ სოხუმიდან მძიმე ტექნიკა გამოიყვანეთ და ამით ომი წაგვაგებინეთ. თქვენ სოხუმში მოწაფეები შეიწვიეთ მათ მშობლებიანად და ამით მათი გენოციდი გარდუვალი გახადეთ. როგორ ფიქრობთ, როცა თქვენი ცხოვრების სიკეთე-ბოროტების სალდოს ადგენთ: ეს მინუსები იმდენად მცირეა, რომ "ცივი ომის შეწყვეტას" ვერ გადაწონის? თუ, ეგებ, მათი თქვენთვის მიწერა უსამართლობაა, თქვენ არც არტილერია გამოგიყვანიათ სოხუმიდან და არც მოწაფეები მიგიყვანიათ სწავლის დასაწყებად 1993 წლის 1 სექტემბერს?". 3. იმავე "ცივი ომის შეწყვეტასთან" დაკავშირებით ჟურნალისტს შეეძლო დაესვა კითხვა: "თქვენ ბრძანებთ, რომ ცივი ომი თქვენ შეწყვიტეთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ არა, როდემდე გაგრძელდებოდა იგი? რით (ვისი გამარჯვებით) დამთავრდებოდა იგი?". მაგრამ ჟურნალისტმა ვერც ეს კითხვა მოიფიქრა. რეალობა კი შემდეგი გახლავთ. "ცივი ომის" არავის შეუწყვეტია - არც რეიგანს და შულცს, არც უფროს ბუშს, არც გორბაჩოვს და, მით უმეტეს, არც შევარდნაძეს. "ცივი ომი" კი არ შეწყდა, არამედ დამთავრდა. იგი დამთავრდა დასავლეთის გამარჯვებით. ამ გამარჯვების შედეგი იყო გერმანიის გაერთიანება, გაერთიანებული გერმანიის ნატოში შესვლა, აღმოსავლეთ ევროპის დეკომუნიზაცია და რუსეთის იძულებითი "დემოკრატიზაცია" ანუ მისი სოციალისტური სამხედრო-სამრეწველო სუპერსისტემის დემონტაჟი. ამ ოთხივე დათმობაზე სსრკ იძულებით წავიდა, მაგრამ მაინც წავიდა. რაც შეეხება მეხუთე ნაბიჯს - სსრკ-ს დაშლას - მასზე სსრკ (იგივე რუსეთის იმპერია) არც ნებით წასულა და არც იძულებით. კრემლი, შევარდნაძის ჩათვლით, მას კბილებით ებრძოდა ბოლომდე და მხოლოდ მაშინ აწია ხელები მაღლა, როცა უფროსმა ბუშმა მას არაპირდაპირი გზით თავისი პირველი განაჩენი - 1991 წლის 1 დეკემბრის რეფერენდუმი უკრაინის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ ცნობის განზრახვა - აცნობა. ასე რომ, შევარდნაძის როლი "ცივი ომის შეწყვეტაში" და საბჭოთა კავშირის დაშლაში ე.წ. სტატისტის როლების, ანუ პასიური როლების კატეგორიისაა: ეს იგივე როლია, რომელიც ფეხბურთის მატჩის მოგებაში ეკუთვნის ტყავის ბურთს ან ცხენოსნის მიერ დაბრკოლების გადალახვაში იმ ძელს, რომელსაც იგი ახტება. რუსეთმა იცოდა, რომ ცივი ომის წაგების შედეგად მას საგარეო პოლიტიკურ დათმობათა და კაპიტულაციათა გრძელი პერიოდი ელის და ამიტომ გადაწყვიტა თავისი დიპლომატიის სათავეში ერთგული "ნაცმენის" დაყენება, რათა ისტორიის წინაშე თვისი უსახელო საერთაშორისო თავგადასავლები "პროდაჟნი გრუზინ"-ს გადააბრალოს. დროა, ქართველმა ერმა ეს მარტივი ჭეშმარიტება იცოდეს, რათა თავისი დაუძინებელი მტერი "მსოფლიო პოლიტიკოსად" და დიპლომატიის დიდოსტატად არ წარმოიდგინოს. რაც შეეხება ზემოხსენებულ ინტერვიუს, მასში, მე მგონია, მცირედი შეცდომა ჟურნალისტის გარდა რესპონდენტსაც მოსდის: მას იმედი აქვს, რომ ვერც ისტორია, ვერც დღეს მაცხოვრებელი მეტ-ნაკლებად თვალგახელილი საზოგადოება მის ამ პატარა "ხრიკებს" ვერ შენიშნავს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |