"საქართველო "
# 10 (1798)
20 მაისი-2 ივნისი 2003 წელი

ახალი ვირუსი და პოლიტიკა ჩინეთში. რა მოხდება?

THE ECONOMIST-ს მიაჩნია, რომ ახალი ვირუსის მიშვება იმ ზომამდე, რომლითაც იგი დღეს გავრცელდა, ჩინეთის ხელისუფლების ბრალია. პრესტიჟის თუ სხვა რამ პოლიტიკური მოსაზრებებით, მან ბევრი დრო გააცდინა საქმის ვითარების მალვაში და ამით ვირუსს ფართო გავრცელების საშუალება მისცა. ინფექციის გაჩენა და გავრცელება მსოფლიომ შეიტყო მეზობელი ქვეყნების ექიმებისაგან, და არა ჩინელებისაგან. მხოლოდ სულ ბოლო დროს გააცხადეს ჩინელებმა, რაც ხდება, და უცხოელ მედიკოსებს ავადმყოფობის დაკვირვებისა და შესწავლის საშუალება მისცეს.

ის, რაც ჩინეთში ხდება და მოხდება, ჟურნალის აზრით, წააგავს იმას, რაც სსრკ-ში ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის ავარიას მოჰყვა. 1986 წელს რომ ეს ავარია მოხდა, ამან დიდად შეუწყო ხელი სსრკ-ს დაშლას, მიუხედავად იმისა, რომ "გლასნოსტისა" და "პერესტროიკის" ტერმინები რუსულმა იმპერიამ ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე უკვე ხმარებაში შეიტანა. დააჩქარებს თუ არა ვირუსით გამოწვეული კრიტიკული სიტუაცია დემოკრატიისკენ სვლას ჩინეთშიც?

ჟურნალის პასუხი დადებითია, თუმცა იგი გვაფრთხილებს, ნაადრევი დასკვნები არ მოვახდინოთ. მართალია, გორბაჩოვს სამართავად ყოველმხრივ ჩავარდნილი იმპერია ერგო, ჩინეთს კი წლეულს 9,9+ ეკონომიკური ზრდა აქვს; მართალია, რუსეთს სამხედრო მარცხი ჰქონდა განცდილი ავღანეთში და ძალიან შერყეული საშინაო პოლიტიკური მდგომარეობაც ჰქონდა, ჩინეთს კი ომი არ ჰქონია და შიგნით იმდენად სტაბილურია, რომ ხელისუფლების შემდგომ დისკრედიტაციასაც გადაიტანს. მაგრამ განცდილი ეკონომიკური და პოლიტიკური ზარალი ჩინეთისთვის მაინც ძალიან დიდია: მთავრობა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ტყუის (ციფრებს მალავს), მან უკან დაიხია და განტევების ვაცებად მონიშნული მაღალი მოხელეები გადააყენა, აგრეთვე მეტ-ნაკლებდ სწორი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო ავადმყოფთა რაოდენობის შესახებ. დღევანდელ პარტიის ლიდერსა და პრეზიდენტს გართულებული ურთიერთობა აქვს თავის წინამორბედთან, ძენ-ძია-მინთან, რომელსაც ხელთ ისევ საკომანდო პოსტი - უზენაესი მთავარსარდლობა - აქვს. დისკრედიტირებული მინისტრების "შეწირვაც", თავისთავად, დემოკრატიული ქვეყნების დამახასიათებელი პროცედურაა, რომელიც ჩინეთშიც დემოკრატიზაციის იმედს იძლევა.

მაგრამ ახალი ვირუსის პოლიტიკური მნიშვნელობა, ჟურნალის სიტყვით, ვერანაირად ვერ შეედრება მის სამედიცინო მნიშვნელობას. შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ჩინეთში კიდევ ახალი ეპიდემიები არ გაჩნდება? ჩინეთში ხომ მოსახლეობა ძალიან მჭიდროა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან დიდ სიახლოვეში ცხოვრობს ღორებთან და შინაურ ფრინველებთან, რომელთაგანაც (ასე ივარაუდება) ეს ვირუსი ადამიანებზე გადადის. ამ ახალი ვირუსის სახით რომ საქმე გვქონდა რაღაცა ისეთ მოვლენასთან, რომელიც შეიძლება საეჭვოდ მივიჩნიოთ როგორც მასობრივი სიკვდილიანობის შექმნის ხელოვნური საშუალება, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებრიობას ექნებოდა საფუძველი და იურიდიული მექანიზმი უფრო აქტიურად ჩარევისთვის ამ ვირუსთან ბრძოლის საქმეში. დღეს ასეთი საშუალება არ არსებობს. ჟურნალი მკაცრი კილოთი აკრიტიკებს ჩინეთის ხელისუფლებას ამ საერთო-საკაცობრიო პრობლემის "გასაიდუმლოებისათვის" და შეახსენებს მას იმასაც, რომ "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის" (ჭთO) წევრობა, რაც ჩინეთს დიდ ეკონომიკურ უპირატესობებს აძლევს, უფლებებთან ერთად მოვალეობებსაც გულისხმობს.

ბუნებრივია, რომ ჟურნალი იხსენებს 1918 წლის ინფლუენციის ეპიდემიას, რომელიც კაცობრიობისთვის უდიდესი ტრაგედია იყო. ისიც, შესაძლებელია, ჩინეთში ჩაისახა. ამჟამინდელი ვირუსი ისეთი გადამდები არაა, როგორც ინფლუენცია, მაგრამ სამაგიეროდ უფრო სასიკვდილოა. ოღუპება პაციენტთა დაახლოებით 5 პროცენტი, - ახალგაზრდა და ბებერი განურჩევლად. სამაგიეროდ გამოჯანმრთელების შემდეგ ეს დაავადება კვალს აღარ ტოვებს. ჟურნალი იხსენებს იმასაც, რომ ჩინეთის ხელისუფლება ზარმაცობს სხვა დაავადებებთან, მათ შორის - შიდსთან ბრძოლაშიც, რის გამოც 7 წლის შემდეგ მას შეიძლება 20 მილიონი ადამიანი შიდსითა და HIV-ით დაავადებული ჰყავდეს. ჩინელებისათვის ეკონომიკურად სახიფათო შედეგები აქვს როგორც დაავადების, ისე მისი მასშტაბის ზრდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. 1 მაისის რამდენიმედღიანი უქმეები წლეულს ჩინეთში გაუქმებულია, რათა არ მოხდეს ქალაქელი მოსახლეობის მასობრივი გასვლა სოფლად, როგორც ჩვეულებრივ ხდება. ღარიბი მოსახლეობისათვის დაწესდა ახალი ვირუსის უფასო მკურნალობა, მაგრამ მოსახლეობა მაინც ერიდება ამ შეღავათის გამოყენებას, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის დიაგნოზი არ გამართლდა, პაციენტს მაინც ფულის გადახდა უწევს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com