|
"საქართველო "
ერაყი დღეს
ფირდოუსის მოედანი ბაღდადში დღეს ნახევრად ძველმანების ბაზარია, ნახევრად ჰაიდ-პარკი, ანუ პოლიტიკური დისკუსიების ადგილი. ფეხმორთხმული ჩარჩები ჩაის და ქაბაბს ყიდიან და ემტერებიან მაღალფარდოვან მოლაყბეებს, რომლებიც თავისი მოწოდებებით ან ცილისწამებით მუშტრებს ართმევენ. სატელიტური ტელეფონების პატრონები კლიენტს წუთში იმდენს ახდევინებენ, რამდენიც მასწავლებლის თვის ხელფასია (სკოლები რომ მუშაობდეს!). სასტუმრო "პალესტინას" მთხოვნელთა ჯარი ეხვევა. აქ ცხოვრობს ადამიანთა ის სამი კატეგორია, რომელსაც დღეს ძალა აქვს: ამერიკელები, ერაყელი ოპოზიციონერები (ახლა ისინი ბრუნდებიან) და ჟურნალისტები. მათ ხელშია სამუშაოთა განაწილება, დახმარების განაწილება და ინფორმაცია. მრავალათწლიანი დუმილის შემდეგ ერაყელები ამ მოედანზე ლაპარაკის ჟინს იკლავენ. გამოაქვთ რეპრესირებულთა ფოტოები, სვამენ რიტორიკულ კითხვებს: "სადაა ჩემი ძმა?" ვიღაც ახალგაზრდა უჩვენებს ხალხს ყურის ადგილს, რომელიც განაჩენით მოაჭრა ქირურგმა, როგორც დეზერტირს. ვიღაც ტიპები ყურში ჩურჩულით გთავაზობენ, რომ გიჩვენებენ მიწისქვეშა საპატიმროებს, ფარულ მასობრივ სამარხებს, ჯილეხის ინფექციის ფარულ საწყობებს. მთავარი ქუჩები ბაღდადში ჩაბნელებულია და დარაბებჩაკეტილი. ტროტუარებზე ნადავლ-ნაქურდალი ნივთები აწყვია: ელექტროხელსაწყოები, ავეჯი და ა.შ. ჩინური კალაშნიკოვი 50 დოლარი ღირს - ომამდელი ფასის ერთი მეოთხედი, 9 მმ ვაზნების ყუთი - 2 დოლარი. ამერიკული ჯავშნიანი პატრულის გავლისას ვაჭრობა წყდება, შემდეგ ისევ ახლდება. "განმათავისუფლებელ-ოკუპანტი" სამხედრო მოსამსახურეები უფრთხიან ქალაქების ცენტრებს და სწორადაც იქცევიან, რადგან მასაში სიმპათიას არ იწვევს შეიარაღებული ურჯულოების ყოფნა მათ შორის და ამერიკელებსაც ნერვები, ცოტა არ იყოს, მოუთოკავი აქვთ. ურთიერთგასაგები ენა არ არსებობს. ამერიკელთა აქ ყოფნის დადებითი მხარეები - დენისა და წყლის აღდგენა, საწვავი, წამლები და ა. შ. - მაინცდამაინც ყურადღების ცენტრში მოქცეული არაა. მოედანზე გავრცელებული ხმები სხვადასხვაა, დაწყებული იმით, რომ ამერიკელებმა, თითქოს, შიდსი შემოიტანეს ან მათი ხელით სიონისტები ისლამის მოსპობას აპირებენ, და დამთავრებული გაკვირვების გამოთქმით, თუ რატომაა, რომ ამერიკელებმა, რომლებიც კარგად დარაჯობენ აწ ცარიელ ნავთობის სამინისტროს, მუზეუმების დაცვა ვერ შეძლეს. სადამის გადაგდების შემდეგ აუარებელი ახალი პარტია შეიქმნა. მათი მოქმედება და ლაპარაკი დაცინვასაც იწვევს და ცნობისმოყვარეობასაც. ადმინისტრაციის აწყობა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია. "პალესტინის ოტელში" ამ მიზნით მოწყობილი სხდომები ტარდება ქუჩის შეძახილების ფონზე, როგორიცაა "ისლამური კონსტიტუცია გვინდა!", "ეგ კაცი ბაასისტი ჯალათია", "ამერიკელების აგენტები ხართ" და ა. შ. პროვინციაში, სადაც ძალები არ დგას, სიცოცხლის განახლების პროცესი უფრო რბილად მიდის. შიიტების წმინდა ქალაქი ქერბალა, სადაც სადამს აკრძალული ჰქონდა შიიტური პილიგრიმობა და დემონსტრაცია რელიგიური დღესასწაულის დღეს, თითქმის ხელუხლებელი გადარჩა. ძალაუფლებისათვის ბრძოლა ერაყში ჯერ კიდევ მოსალოდნელია საკმაოდ მწვავე ფორმებით. ერთი მათი მხარეა ბრძოლა სადამისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ, თუ იგი ცოცხალი აღმოჩნდება. უფრო დიდი ალბათობაა ბრძოლისა სხვა პარტიებსა და ჯგუფებს შორის, რომლებიც ახლა ისახება. ამათ შორის არიან ბაასისტებიც, პროირანელებიც. ამათ გარდა არიან ამერიკელების მიერ ყოველმხრივ მხარდაჭერილი და შეიარაღებული დაბრუნებული ემიგრანტები, რომელთაც ადგილზე დიდად გულმხურვალე მხარდაჭერა არ მოუპოვებიათ. ერთი ასეთ ჯგუფთაგანი უკვე ხელისუფლებას ფლობს ქ. ნაჯაფში, მაგრამ იქ მას, მოსალოდნელია, გაღიზიანება შეჰხვდეს. ღია საერთო ლოზუნგია ერაყელთა ერთობა - პირველ ყოვლისა, სუნიტებისა და შიიტების წინააღმდეგობის მოხსნა და აღარასოდეს აღარ დაშვება. მაგრამ რეალურად შიიტები გაღიზიანებას იწვევენ არა მხოლოდ სხვებში, სახელდობრ, ქრისტიანებში და ბაასისტ ფუნქციონერებში, არამედ სუნიტებშიც, რისი მიზეზიც ისაა, რომ შიიტები რიცხობრივად ყველაზე მეტნი არიან და მასების პოლიტიკურ გამოსვლათა მაორგანიზებელი ძალიან აქტიური სამღვდელოება ჰყავთ. მაგრამ ეს შიში, ჟურნალის აზრით, შესაძლოა, გადაჭარბებულიც იყოს, რადგან შიიტთა და სუნიტთა თანამშრომლობას თვით შიიტი სამღვდელოებაც ემხრობა. საერთო ლოზუნგია ის, რომ ამერიკელები უნდა წავიდნენ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |