|
"საქართველო "
ქურთული პოლიტიკა და მისი პრობლემები ერაყში
მკითხველმა იცის, რომ ერაყის ჩრდილოეთში კომპაქტურად ცხოვრობს 4 მილიონიანი ქურთული მოსახლეობა, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ მიისწრაფის. ერაყის პირველი ომის შემდეგ მათ ჰქონდათ საკმაოდ ფართო ავტონომია, რომელთანაც სადამ ჰუსეინმა სისხლიანი რეპრესიული ბრძოლა აწარმოა, მაგრამ ფაქტობრივი ავტონომია ძალაში დარჩა. მისი წყალობით და ერაყის ემბარგოდადებული ნავთობის ჩუმი ტრანსპორტირების წყალობით (ძირითადი საბადოები ქურთულ ზონაშია) ქურთებმა ეკონომიკური პოზიციებიც და დემოგრაფიული პოზიციებიც გაიმაგრეს. ქურთებს დაახლოებით 80-ათასიანი ორგანიზებული სამხედრო ძალა ჰყავთ. მათ ბრძოლას ის აფერხებს, რომ მოსახლეობაც და სამხედრო ძალაც გაყოფილია "ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასა" (ლიდერი: მასუდ ბარზანი) და "ქურთისტანის პატრიოტულ კავშირს" (ლიდერი: ჯალალ თალაბანი) შორის. ამ ორმა დაჯგუფებამ ამ რამდენიმე წლის წინ ძმათამკვლელი შინაომი გადაიხადა ერთმანეთს შორის, მაგრამ ამჟამად ერთიანობისკენ ისწრაფვის. ქვესათაურით "პირველ ყოვლისა, ქურთების ორმა ბელადმა ერთმანეთთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს" THE ECONOMIST ბეჭდავს ერაყის ქურთისტანის დღევანდელი მდგომარეობის მიმოხილვას. დღეს ერაყში ამერიკელთა მიერ ერაყის დროებითი ადმინისტრაციის მეთაურად დაყენებულია გადამდგარი გენერალი ჯეი გარნერი, რომელსაც ამ ქვეყანაში ადრე უმოღვაწია, სახელდობრ, 1991 წელს იგი დაყენებული იყო ქურთულ ზონაში "მყუდრო ნავსადგურის" შექმნის ანუ ქურთული მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ამჯერად იგი, პირველ ყოვლისა, შეჰხვდა სტუდენტურ აუდიტორიას ქურთულ ქალაქ სულეიმანიაში, სადაც ოციოდე წლის წინ დაარსებული უნივერსიტეტი მუშაობს, და ისეთი მხურვალე ტაში მოიმკო, როგორც როკ-მუსიკის ვარსკვლავებს ერგებათ ხოლმე. 65 წლის გენერალი, მიკროფონით ხელში, გამოვიდა ავანსცენაზე და სტუდენტებს მიჰმართა. "მე თქვენი მწამს - თქვა მან. - თქვენ ხართ მომავალი. დაე, ერაყის ქურთისტანის თავისუფალი ხალხის სულისკვეთება გავრცელდეს მთელ ერაყში!" (მაგრამ - შევნიშნოთ ფრჩხილებში, - მას არ უთქვამს, გავრცელდეს ირანისა და ერაყის ქურთისტანშიცო, რადგან ამით მისი ქვეყანა არა მხოლოდ სასიკვდილოდ მოიმდურებდა მოკავშირე ოსმალეთს, არამედ დაუძინებელ მტრად მოიკიდებდა არაბებსაც, პირველ ყოვლისა - ერაყის არაბებსაც, რომელთაც ქურთების მისწრაფება სახელმწიფოებრიობისკენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ სძულთ). წინადღით რომ ბაღდადში ჩავიდა, იქ გარნერს ცივად შეჰხვდნენ. ქურთების ზონაში გარნერმა ორი დღე იარა და ამ ხნის მანძილზე ამ ტერიტორიას სულ "ქურთულ პროვინციებად" ახსენებდა. თან დაჰყვებოდა ოფიცრების, დიპლომატების, ტექნიკური სპეციალისტებისა და იურისტების დიდი ჯგუფი, რომელნიც ერაყის აღდგენის სამუშაოთა შემსრულებელი ძირითადი ბირთვი არიან. იგი შეჰხვდა ქურთების ორსავე ლიდერს და დიდი ქება მიუძღვნა მათ იმ როლისთვისაც, რაც მათ შეასრულეს სადამ ჰუსეინის დამხობაში, და იმისთვისაც, რომ მათ სამაგალითო ხელმძღვანელობა და თავისუფლებისკენ სამაგალითო მისწრაფება შექმნეს და შეინარჩუნეს სადამის დიქტატურის ბოლო 12 წლის მანძილზე. მან თქვა, რომ ერაყის ქურთისტანში შექმნილი დემოკრატია სამაგალითოა მთელი რეგიონისათვის. მაგრამ ამავე დროს არაორაზროვნად შეახსენა ქურთებს, რომ დღეს, როცა სადამ ჰუსეინი აღარაა, მას ვერ დაჰბრალდება ის, რაც მიუღებელია, კერძოდ, ქურთების გათიშულობა ორ ურთიერთმოქიშპე ბანაკად. დღეს ერაყის ქურთისტანში არა მხოლოდ ორი რაიონული ადმინისტრაციაა, თავ-თავისი პრემიერ-მინისტრებით, არამედ ორი ურთიერთმეტოქე ლაშქარიცაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეივსეს არსენალები სადამის არმიისაგან ნადავლი იარაღით ამ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე. დღეს ამ ზონაში ფაქტობრივად ქურთების ორი პატარა სახელმწიფოა. ჟურნალის ცნობით, არის მითქმა-მოთქმა, რომ ქურთულ ადმინისტრაციაში დიდი გასაქანი აქვს კორუფციას. როგორც მიმოხილვიდან ჩანს, ქურთებს მყარად აქვთ განზრახული, რომ გაასწორონ ყველა დიდი და მცირე ხარვეზი თავის აქამდელ პოლიტიკაში და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა შექმნან. დღეს მათ, საერთო კონიუნქტურიდან გამომდინარე, ფართო ავტონომიაზე მეტის იმედი არა აქვთ. მაგრამ იმის იმედი კი აქვთ, რომ ქმედითსა და გამჭვირვალე მმართველობას შექმნიან, რომელშიც სრულყოფილად იმუშავებენ არჩევნების მექანიზმები. მაგრამ პირველ ყოვლისა - როგორც აღნიშნავს "ქურთისტანის პატრიოტული კავშირის" მმართველობაში მყოფი პროვინციის პრემიერ-მინისტრი ბარამ სალიჰი, აუცილებელია, რომ ქურთების ორმა დაჯგუფებამ ერთმანეთთან თანაცხოვრება ისწავლოს. სალიჰი თავს თვლის ზომიერ ნაციონალისტად. მას მიაჩნია, რომ ქურთების მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთი შესაძლებელი და მისაღები ფორმაა კონსტიტუციური სტატუსი, რომელიც ბაღდადიდან მიიღება - უახლოეს თვეებში. თურქეთს და ირანს ტყუილად ეშინიათ, რომ ქურთებს დამოუკიდებლობა უნდათ. სრულებითაც არაო! ქურთებს მხოლოდ ის გვინდა, რომ "სრულფასოვანი პარტნერები ვიყოთ დემოკრატიულ, ფედერალურ და პლურალისტურ ერაყშიო". ბაღდადია ის ადგილი, სადაც ჩვენი ენერგიის კონცენტრაცია გვმართებსო. მაგრამ, პირველ ყოვლისა, ჩვენი საკუთარი სახლი უნდა დავასუფთავოთო. ჩვენი ორი ადმინისტრაციის გაერთიანება და ერთობლივი არჩევნების ჩატარება ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება გარნერის კეთილ სურვილთა და რჩევათა შესასრულებლადო. რაც შეეხება პარტიულ რაზმებს, ისინი უნდა განიარაღდნენ, იმ აზრით, რომ მომავალში მოხდება "ქურთული ძალების სრული ინტეგრირება საერთო-ერაყულ არმიაში". ხოლო ბარზანი და თალაბანი უნდა შეეჩვიონ იმ აზრს, რომ საერთო საქმისათვის თავისი ძალაუფლების რაღაცა ნაწილის დათმობა მოუხდებათო.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |