"საქართველო "
# 10 (1798)
20 მაისი-2 ივნისი 2003 წელი

ეწინააღმდეგება თუ არა ამერიკა ევროპის ინტეგრაციას?

ამ კითხვას სვამს ჟურნალი THE ECONOMIST. ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირისთვის რომ უკითხავთ, როგორ დაახასიათებდით ამერიკის მომავალ პოლიტიკას ევროპის მიმართო, მას უხმარია სიტყვა "დიზაგრეგაცია" ("განკავშირება") და ამით საგონებელში ჩაუგდია არაერთი ევროპელთაგანი, რომელნიც ამერიკელთა პოლიტიკის ამ განხრას უამისოდაც საკმაოდ სკეპტიციზმით უცქერდნენ. ეჭვი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავბრუდამხვევი სამხედრო წარმატებებით გულმოცემულმა ამერიკელებმა შეიძლება ევროპული ერთიანობის ტრადიციული ამოცანა დაივიწყონ და "დაყავი და იბატონეს" ტაქტიკისკენ გადაინაცვლონ.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ეს ისტორიული მასშტაბის ავისმომასწავებელი მოვლენა იქნება. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე ხომ ამერიკელები სულ იქითკენ მოუწოდებდნენ ევროპელებს, რომ რაც შეიძლება მჭიდროდ გაერთიანებულიყვნენ და თავისი კონტინენტი საბჭოთა საფრთხისაგან დაეცვათ! ამერიკელები ენერგიას არ ზოგავდნენ ფულისთვის თავის მოსაყრელად, რათა დაეფინანსებინათ ინტეგრაციის ეს პროცესი, და მათი წვლილი უზარმაზარია დღევანდელი ევროკავშირის წინაპრის - ევროპის ეკონომიკური კავშირის - შექმნაში. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა არა მხოლოდ ცივი ომის მანძილზე, არამედ მისი მოგების შემდეგაც. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ბუშმა განაცხადა ბერლინში, რომ "ევროპის ერთიანობის ზრდით ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებაც იზრდება".

დღეს, ჟურნალის სიტყვით, არაერთი კარგი ევროპელი ფიქრობს, რომ ამერიკელები დღეს ევროპელთა ურთიერთგათიშვას ცდილობენ. მაგრამ ამ პოზიციის საპასუხოდ ევროკავშრის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა ლიდერმა ხავიერ სოლანამ ჰარვარდის უნივერსიტეტში განაცხადა, რომ თუ ამერიკელთა პოლიტიკა ამ მიმართულებით ივლის, ამით ევროპელებს სტიმული მიეცემათ, რათა საკუთარი თავი ჩამოიყალიბონ, როგორც ამერიკელთა მოპირისპირე ძალა. შვედეთის ყოფილმა პრემიერმა ბილდტმაც პრესაში დაგმო "ზოგიერთნი ვაშინგტონში", რომელნიც სიხარულით შესცქერიან განხეთქილებების შექმნას ევროპელთა შორის.

ფრიად მაცდურია, ჟურნალის მიმომხილველის სიტყვით, იმის ვარაუდი, რომ ამერიკელების თითქოსდა "სიხარული" ევროპელთა შორის არსებული უთანხმოებების გამო გამოწვეულია ცვლილებებით თვით ამერიკაში, სახელდობრ, მათი ცნობიერების მილიტანტური გამძაფრებით 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად და ნეოკონსერვატიული დოგმების მეტისმეტად ერთგული მიყოლით. მართლაც, ცვლილებები მომხდარია ოკეანის ორსავე მხარეს და ამას ურთიერთუნდობლობის ზრდა მოსდევს. შესაბამისად, ბრიუსელში აღიძრა თემები, რომელთა მიმართაც ამერიკელები უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მარტოოდენ ეკონომიკური თემისადმი - ერთობლივი თავდაცვისა და ევროპული ძალების შექმნის თემა. ეს თემები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ ამერიკელები ამას არ შეუწუხებია, რადგან ინგლისელთა პოზიცია იყო, აქ სხვა ინტერესი არაფერი დევს გარდა ამერიკელებისათვის "ტვირთის შემსუბუქებისაო". მაგრამ დღეს არაერთი ევროპელი ლიდერი ამბობს, მიზანია ისეთი ძალების შექმნა, რომლებიც აშშ-ს მეტოქეობას გაუწევსო. ევროკომისიის თავმჯდომარემ, მაგალითად, თქვა, რომ მიზანია "ევროპის კონტინენტზე სუპერძალის შექმნა, რომელიც ამერიკის სუპერძალის ბადალი იქნება", ხოლო შირაკმა თქვა, "ჩვენ გვჭირდება იმის საშუალება, რომ ამერიკულ ჰეგემონიას შევეწინააღმდეგოთო". თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ასეთი ჰეგემონია ბუშის უსაფრთხოების დოქტრინის ერთ-ერთი ელემენტია, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამერიკელები ახლა მეტი სიფრთხილით შესცქერიან ევროპის ინტეგრაციის პროცესს.

რაა სამომავლო პერსპექტივა? პირველ ყოვლისა, ამერიკელებს მართლაც არ ენდომებათ, - როგორც ახლა არ უნდათ რიგ შემთხვევაში, მაგალითად, მაშინ, როცა საქმე მსოფლიო დათბობას ეხება (ამერიკელებს მის წინააღმდეგ საბრძოლველად თავისი ინდუსტრიის შეზღუდვა არ ჰსურთ) - რომ ევროპამ ერთი ხმით ილაპარაკოს და ერთი სატელეფონო ნომერი ჰქონდეს. ევროპის ინტეგრაციაზე მეტად ამერიკელებს ესიამოვნებათ, თუ შეძლეს შექმნან "მსურველთა კოალიციები", ანუ ნაირნაირი კავშირები შეკრან ევროპის სახელმწიფოთა ნაირნაირ ჯგუფებთან ბრიუსელის გვერდის ავლით (ასე მოხდა, მაგალითად, ანტიერაყული კოალიციის შექმნის შემთხვევაში). ამას წინათ შემდგარ ევროკავშირის სამიტზე ათენში დანიამ და იტალიამ გაახარეს ამერიკელები და გული დასწყვიტეს დანარჩენ ევროპელთა უმრავლესობას იმით, რომ თანხმობა გამოაცხადეს თავისი ჯარების გაგზავნაზე ომისშემდგომი ფუნქციების შესასრულებლად ერაყში. ერაყის პრობლემის გარდა არის სხვა საკითხებიც, რომელთა თაობაზეც ამერიკელებს ევროპის სახელმწიფოთა ამგვარი გაყოფა ძალუძთ.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com