|
"საქართველო "
აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო: წერილი 2. აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოებიწერილი 2. აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები ირაკლი ხართიშვილი
აშშ შეიარაღებული ძალები (შძ) ადმინისტრაციული ორგანიზაციის მიხედვით იყოფა სამ სახეობად - სახმელეთო ჯარებად (არმია), საჰაერო ძალებად) და საზღვაო ძალებად. ამ უკანასკნელში შედის საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსიც, თუმცა მას ზოგჯერ ცალკე სახეობადაც გამოყოფენ ხოლმე. (იხილეთ ცხრილი) აშშ შძ მართვაში არის ორი ძირითადი ხაზი - ადმინისტრაციული და ოპერატიული. ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში შედის შძ დაკომპლექტების, შეიარაღების, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა უზრუნველყოფის, საბრძოლო მომზადების, ზურგის, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ორგანიზება-წარმოების საკითხები. ამ ხაზით როგორც თავდაცვის სამინისტროს აპარატში, ისე დაქვემდებარებულ ორგანოებში მსახურობს ბევრი სამოქალაქო პირი. ოპერაციული დაქვემდებარება გულისხმობს ჯარებისა და ძალების საბრძოლო გამოყენების დაგეგმვისა და საბრძოლო გამოყენების სფეროს. ამ ხაზით მსახურობენ ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები: გენერლები (ადმირალები), ოფიცრები და სერჟანტები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა რანგის საშტაბო და სამეთაურო თანამდებობებზე. ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ამის შესახებ. აშშ კონსტიტუციის თანახმად ომის გამოცხადების უფლება აქვს მხოლოდ კონგრესს. მასვე ევალება მშვიდობიანობის დროს ფინანსური ასიგნებების გამოყოფა. აშშ პრეზიდენტს კონგრესის მიერ ომის გამოცხადების შემთხვევაში აქვს მისი წარმოების უფლება. ომის გამოცხადების გარეშე მას შეუძლია, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეიყვანოს ჯარები და იქ აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები 60 დღე-ღამის განმავლობაში. თუკი ამ პერიოდში კონგრესი არ მისცემს ომის შემდგომ გაგრძელებაზე სათანადო სანქციას, მაშინ მან უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და ამერიკული ჯარები გაიყვანოს უცხო ქვეყნიდან. ჯარების მინიმალური დანაკარგებით გასაყვანად კანონით მას კიდევ ერთხელ ეძლევა მაქსიმუმ 30 დღე-ღამე. რომელიმე შტატში აჯანყების ან უწესრიგობათა აღსაკვეთად პრეზიდენტს შეუძლია შტატის საკანონმდებლო კრებულის ან გუბერნატორის თხოვნით გამოიყენოს ეროვნული გვარდია ან რეგულარული ჯარები "ისეთი რიცხოვნებითა და ისეთ ფარგლებში, რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია აჯანყების ჩასაქრობად", ან "უკანონო წინააღმდეგობათა" აღსაკვეთად. მშვიდობიანობის დროის ქვეყნის სამხედრო მშენებლობის სფეროში პრეზიდენტი კონგრესს წარუდგენს დასამტკიცებლად სამხედრო ასიგნებათა წინადადებებს (ქვეყნის ბიუჯეტის ფარგლებში), განსაზღვრავს შძ მშენებლობის გზებს და მიმართულებებს, სენატის თანხმობით ნიშნავს თავდაცვის მინისტრს (სამოქალაქო პირს), არმიის, საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების მინისტრებს (სამოქალაქო პირებს), შეიარაღებულ ძალთა სახეობების შტაბების უფროსებს, შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს (ყველა სრული გენერალი ან ადმირალი). სენატის თანხმობის გარეშე აშშ პრეზიდენტი ნიშნავს შძ გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლებს (ვთქვათ, ამერიკული ჯარების მთავარსარდალს ატლანტის ქვეყნის ან ევროპაში, ცენტრალური გაერთიანებული სარდლობის მთავარსარდალს, რომლის ჯარებიც განკუთვნილია სამოქმედოდ ძირითადად ახლო აღმოსავლეთში და უკანასკნელ თვეებში იპყრობდნენ ერაყის ტერიტორიას და ა.შ.). აშშ პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლება სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ბრძანების გასაცემად. სამხედრო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში აშშ პრეზიდენტის მთავარი საკონსულტაციო ორგანოა ეროვნული უშიშროების საბჭო. ამავე დროს ეს საბჭო კოორდინაციას უწევს ყველა სამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციის, უწყებისა და დაწესებულების საქმიანობას სამხედრო მშენებლობის სფეროში. მის შემადგენლობაში მუდმივი წევრის უფლებით შედიან: აშშ პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი. საბჭოს მუდმივი მრჩევლებია შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე (სამხედრო საკითხებში) და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი (დაზვერვის საკითხებში). მუდმივი წევრებისა და მრჩევლების გარდა, პრეზიდენტის შეხედულებით, შესაძლოა, საბჭოში შეიყვანონ სხვა პირებიც, ხოლო მის ცალკეულ სხდომებზე მიიწვიონ განსახილველი საკითხების შესაბამისად საჭირო სამინისტროების და უწყებების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში (ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატის მუშაობას), მისი მოადგილე და აღმასრულებელი მდივანი. თავდაცვის მინისტრი (სამოქალაქო პირი, დანიშნული ოთხი წლის ვადით) ხელმძღვანელობს აშშ შეიარაღებულ ძალებს და პასუხს აგებს მის მშენებლობაზე, სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაზე, გამოყენებაზე, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, სამხედრო გამოკვლევებისა და შემუშავებების ჩატარებაზე. შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციულ მართვას იგი ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შძ სახეობების სამინისტროების, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლების მეშვეობით; ოპერაციულ მართვას - შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლების მეშვეობით. შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ) არის ქვეყნის უმაღლესი სამხედრო-აღმასრულებელი ორგანო შეიარაღებული ძალების ოპერაციული მართვის სისტემაში. მასში შედიან არმიის, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების შტაბების უფროსები, საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი, შუკ-ის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. მათ გააჩნიათ თავიანთ სახეობებში უმაღლესი სამხედრო წოდებები (სრული გენერალი, ადმირალი), შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. შუკ-ის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომიტეტის მუშაობის წესს, სხდომების დღის წესრიგს, თავდაცვის მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციებს შძ გამოყენების საკითხებში. ამავე დროს ცივი ომის პერიოდში შუკ-ის თავმჯდომარეს არ გააჩნდა ჯარების ოპერატიული მართვის უფლება და ყველა დირექტივას ან ბრძანებას იგი გასცემდა თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით და მისი სახელით. აშშ შტაბების უფროსთა კომიტეტს ევალება სტრატეგიული გეგმების შემუშავება, შძ მართვის უზრუნველყოფა გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მიერ წარმოებული ოპერაციების ჩათვლით, სამობილიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმების შედგენა, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების საორგანიზაციო სტრუქტურის შესახებ თავდაცვის მინისტრისთვის რეკომენდაციების გამომუშავება, პირად შემადგენლობასა და მატერიალურ საშუალებებში შძ მოთხოვნების განსაზღვრა, ჯარებისა და ძალების ოპერაციული და საბრძოლო მომზადების ორგანიზების ძირითადი დებულებების გამომუშავება, სამხედრო ხარჯების დაგეგმარებისთვის ოპერაციულ-სტრატეგიული ხასიათის მონაცემების მომზადება და ა.შ. შუკ-ის სამუშაო ორგანოა და მის საქმიანობას უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბი, რომლებშიც ოფიცრები და გენერლები (ადმირალები) შედიან თანაბარი რიცხვით შეიარაღებული ძალების ყველა სახეობიდან და საზღვაო ქვეითთა კორპუსიდან. აქ ისინი მსახურობენ ორი-ოთხი წლის მანძილზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში მეტითაც), შემდეგ კი უბრუნდებიან თავიანთ საჯარისო ნაწილებს და ხომალდებს. გაერთიანებულ შტაბში ოფიცერთა შემადგენლობის ასეთი მოკლევადიანი მივლინებებით სამსახურის პრაქტიკა, ამერიკული სარდლობის აზრით, უზრუნველყოფს ოფიცრების, გენერლებისა და ადმირალების მიერ ცოდნის და კვალიფიკაციის საჭირო დონეზე შენარჩუნებას, რაც აუცილებელი პირობაა მათი შემდგომი სამსახურისა და დაწინაურებისთვის. ეს პრაქტიკა ძირეულად განსხვავდება ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებისგან "თბილი სკამებისა და თანამდებობების" შესახებ, ხოლო დაწინაურების აუცილებელ პირობას ჩვენში, სამწუხაროდ, წარმოადგენს არა შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია და ქვეყნისთვის სამსახური, არამედ ზემდგომი უფროსებისა და თანამდებობების პირების ერთგულება და მორჩილება. შედეგიც შესაფერისია. შუკ-ის გაერთიანებული შტაბის ამოცანებში შედის კომიტეტის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მითითებების თანახმად სხდომებისათვის მასალების მომზადება, შძ გამოყენების სამობილიზაციო სტრატეგიული და ოპერაციული გეგმების, ასევე ზურგის უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება და დაზუსტება. შტაბების უფროსთა კომიტეტი და მისი გაერთიანებული შტაბი შეადგენენ სტრატეგიული დაგეგმარების გაერთიანებული სისტემის მთავარ რგოლს, რომლის საქმიანობის მარეგულირებელ წესსა და პროცედურას ადგენს შუკ-ის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის ძირითადი მგეგმავი დოკუმენტები მოიცავს 20-წლიან პერიოდს, რომელიც სამ დროით მონაკვეთად იყოფა: ორი წელი (მიმდინარე წლის გათვალისწინებით) - დაგეგმარების მოკლე პერიოდი, შემდეგ რვა წელი - საშუალო და კიდევ ათი წელი - გრძელი პერიოდი. ამ დოკუმენტებს შუკ-ის გაერთიანებული შტაბი ამუშავებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოსთან (სააგენტოსთან) ერთობლივად, რომელიც წარმოადგენს აშშ სამხედრო დაზვერვის უმაღლეს ორგანოს და აშშ "ცენტრალური დაზვერვის" ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. ზემოაღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ყოველწლიურად ამზადებს უახლოესი პერსპექტივის შეფასების დაწვრილებით მონაცემებს, სადაც ძირითადი ყურადღება ეთმობა დედამიწის სხვადასხვა რაიონში მდგომარეობის განვითარების შესაძლო სიტუაციებისა და ვარიანტების ანალიზს მოკლე და საშუალო პერიოდში - 2-10 წელიწადის ფარგლებში. იგივე სამმართველო ასევე ყოველწლიურად გამოიმუშავებს სტრატეგიული დაგეგმარების სადაზვერვო პრიორიტეტებს, რომლებშიც განისაზღვრება აშშ სამხედრო დაზვერვის წინაშე მდგარი მიმდინარე და პერსპექტიული არსებითი ამოცანები და მათი გადაწყვეტის მიმართულებები. ოთხ წელიწადში ერთხელ ამუშავებენ გრძელვადიან (20 წელზე) კომპლექსურ სტრატეგიულ შეფასებას, ყოველ ორ წელიწადში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით. მთლიანად მსოფლიოში და მის ცალკეულ რაიონებში მდგომარეობის განვითარების ვარიანტებს და ამის შესაბამისად აშშ ინტერესების უზრუნველსაყოფად შესაძლო მოქმედებებს. ეს დოკუმენტი წარმოადგენს უახლოეს და ხანგრძლივ პერსპექტივაში აშშ შეიარაღებული ძალების სტრუქტურის განსაზღვრისა და დაზუსტების, აგრეთვე მისი მშენებლობის გეგმებისა და პროგრამების საფუძველს. ყოველწლიურად ამზადებენ სტრატეგიული დაგეგმარების განზოგადებულ წინადადებებს, სადაც გადმოცემულია აშშ პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მინისტრისთვის რეკომენდაციები შძ მშენებლობისა და სამხედრო სტრატეგიის გამომუშავების საკითხებში, გამომდინარე ამერიკის ინტერესებისადმი მუქარების კომპლექსური სამხედრო შეფასებიდან. ასევე ყოველწლიურად ამზადებენ საშუალო პერიოდისთვის (10 წლამდე) პროგრამების შეფასების გაერთიანებულ მემორანდუმს, რომელშიც გადმოცემულია აშშ შძ-ის დაგეგმადი შემადგენლობის საკმარისობის, მისი შესაძლებლობებისა და ამასთან დაკავშირებული რისკის ხარისხის შეფასება. გარდა ამისა, ყოველწლიურად ამზადებენ საშუალო პერიოდში სხვა ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მემორანდუმს, ხოლო სტრატეგიულ შესაძლებლობათა გაერთიანებულ გეგმას ამუშავებენ ყოველწლიურად მხოლოდ მორიგი წლისათვის. იგი შეიცავს შძ გამოყენების კონცეფციებს გლობალური მასშტაბითა და მსოფლიოს ძირითად რეგიონებში, რომლებიც ფაქტობრივად შეესაბამება აშშ გაერთიანებული სარდლობების პასუხისმგებლობის ზონებს, აგრეთვე არსებული ძალებისა და საშუალებების შეფასებას. იგი შედგება ორი ნაწილის - "დაგეგმარების კონცეფციები, ამოცანები და მითითებები" და "ძალები და საშუალებები", და რიგი დამატებებისგან, რომლებშიც შეფასებულია შძ შესაძლებლობები და დამუშავებულია მითითებები დაზვერვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ბირთვული იარაღის გამოყენებისა და სხვა საკითხებში. აშშ სტრატეგიული დაგეგმარების გაერთიანებული სისტემის ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს სახელმძღვანელოსა და საფუძველს შძ მშენებლობის პროგრამების, მისი გამოყენების ოპერატიული გეგმების შემუშავების, დაფინანსების ასიგნებებისთვის. ამ დოკუმენტების თუნდაც ზედაპირული გაცნობა გვიჩვენებს, რომ აშშ სამხედრო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება არა მხოლოდ რომელიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონცეფტუალური შეხედულებებითა და პროგრამებით, არამედ თავად ამ კონცეფციებისა და პროგრამულ შეხედულებებს ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს სწორედ აშშ სამხედრო სპეციალისტებისა და ორგანოებისგან შემდგარი სტრატეგიული დაგეგმარების გაერთიანებული სისტემის მიერ გამომუშავებული და დასაბუთებული საშუალო და გრძელვადიანი საგეგმო დოკუმენტები. ხოლო ამ დოკუმენტების შინაარსს სხვათა შორის განსაზღვრავს აშშ შეიარაღებული ძალების ძირითადი შეიარაღებების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, ჯარებისა და ძალების სტრატეგიული გადასროლების საჰაერო და საზღვაო საშუალებების რაოდენობა, აქედან გამომდინარე ჯარების საბრძოლო შესაძლებლობები და ა.შ., რომელთა ცვლილებაც ხდება არა მყისიერად, რომელიმე მორიგი პრეზიდენტის შეხედულებებისდა მიხედვით, არამედ თანდათანობით და გარკვეულ ვადებში გაჭიმულად. გარდა ამისა, ჩვენ ხშირად მოწმენი ვხდებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სპონტანურად წამოჭრილი დესტაბილიზაციის და შეიარაღებული დაპირისპირებებისა, რომელთა ჩახშობის და დარეგულირების პროცესში აშშ, ნატო და სხვა დასავლური ორგანიზაციები, დასავლეთის მმართველი წრეები სულ უფრო მყარად იკიდებენ ფეხს ისეთ რეგიონებში, სადაც მანამდე მათი გავლენა შედარებით მოკრძალებული იყო. ბუნებრივია ისმის კითხვა, ეს რეგიონული დესტაბილიზაციები და ლოკალური ომები მართლა სპონტანურად წამოიჭრება ხოლმე, თუ მათი წინასწარ დაგეგმვა და შემზადება ხორციელდება აშშ და დასავლეთის სხვა წამყვანი ქვეყნების, აგრეთვე მათი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ორგანიზაციების შესაბამისი სტრუქტურებისა და ორგანოების მიერ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმარებისა და განხორციელების შესაბამისი ღონისძიებების საფუძველზე. მით უმეტეს, რომ 1990-იან წლებში რუსულ და ქართულ ენაზეც მნიშვნელოვანი ლიტერატურა გამოჩნდა სწორედ უკანასკნელი მოსაზრების დასადასტურებლად. მაგალითად მოვიყვანთ თუნდაც 2001 წელს ქართულად თარგმნილ ნ. დობროლიუბოვის წიგნს "XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები", რომლის პირველწყაროს წარმოადგენს 1993 წელს გერმანიაში გამოსული იან ვან ჰელზინგის ნაშრომი "საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში" (ჟან ვან ჰელსინგ, გეჰეიმ გესელლსცჰაფტენ უნდ იჰრე მაცჰტ იმ 20. ჟაჰრჰუნდერტ. ეწერტვერლაგ, 1993).
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |