"საქართველო "
# 10 (1798)
20 მაისი-2 ივნისი 2003 წელი

ნიკოლოზ იოსებიძე: "მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ყველა სკამს დავწვავდი საქართველოში, რომ მისი გულისთვის ერთმანეთი არ დაგვეხოცა..."

მარინა გოგიშვილი

გთხოვთ იცნობდეთ - დარწმუნებული ვარ, ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ბევრ თქვენგანს დააინტერესებს, განსაკუთრებით კი, "ნიკოს კლუბის" მკითხველებს.

როგორი პიროვნებაა ამ კლუბის მასპინძელი, იუმორისტი ნიკოლოზ იოსებიძე, ამ კითხვაზე პასუხს ეს მასალა გაგცემთ.

- ბატონო ნიკო, ამ მძიმე ცხოვრებაში როგორ ახერხებთ იუმორის შენარჩუნებას?

- მე იუმორს კი არა, სიცოცხლეს ვინარჩუნებ იუმორით. რომ არა იუმორი, ჩემი ძვლებიც არ იქნებოდა დღეს.

როცა ვიცი, რომ შვიდსულიან ოჯახში, სადაც ორი სკოლის ასაკის (12 და 10 წლის) ანგელოზივით გოგონა, ორი ვაჟი (მათ შორის ერთი უცოლშვილო), მეუღლე, ერთი სიტყვით, მთელი დიდი ოჯახი, ჩემს იმედზეა, თვალებიც რომ დავითხარო, უნდა ვარჩინო. დღევანდელი დღე იმიტომაც არის გაუსაძლისი, რომ მამაკაცებს ფუნქცია დააკარგვინეს. კაცი, რომელიც თვის ბოლოს იმდენ თანხას ვერ შეიტანს ოჯახში, რომ ოჯახი გამოკვებოს, კაცი კი არა, არარაობაა. არადა, კედელთან რომ მიმაყენონ, მაინც ვიტყვი ეს და ყველა ის უკიდურესად გაუსაძლისი პირობები, რაც დღეს ჩვენთან სუფევს, ხელოვნურად შექმნილია. ხალხის აბუჩად აგდება, სულიერად და ზნეობრივად წაწყმედა, აუცილებლად ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს. უნდა მიხვდეს ჩვენი პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი, რომ ყველას არ შეუძლია ქურდობა, ბოზობა, ვაჭრობა და მით უმეტეს, ზედა ეშელონებში მოხვედრა, რაც უკვე ნიშნავს სოციალური მდგომარეობის უზრუნველყოფას. დაეხარჯათ ინვესტიციების თუ ვალის სახით შემოსული ოთხი მილირდი დოლარი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის დარგების აღდგენაში და აყვავებული ქვეყანა გვექნებოდა. ამ გაჭირვების შემყურეს იუმორიღა შემომრჩა ნუგეშად და წამლად.

- კარგია, რომ ოპტიმისტი მაინც ხართ.

- მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოპტიმისტებზე მეტი ზვიადისტებია, მე მაინც ოპტიმისტი ვარ. ოპტიმისტი ვიყავი განმათავისუფლებელი მოძრაობა რომ დაიწყო მაშინაც, პუტჩისტებმა რომ დაანგრიეს ქვეყანა, ხალხი რომ დააწიოკეს, ყველაფერი რომ წაგვართვეს და ქაღალდის ნაგლეჯები რომ დაგვირიგეს ვაუჩერების სახით, მაშინაც და ახლაც, როცა ცოცხლად დასამარებულები ვართ.

- ბატონო ნიკო, კაცი აღარ დარჩა საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარეობა და პრეზიდენტობა რომ არ ენატრებოდეს. როგორია გამოსავლის თქვენეული რეცეპტი?

- ჩემი აზრით, რამდენი კუთხეც არის საქართველოში, იმდენი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. სხვანაირად ვერ დავასაქმებთ ამდენ უსაქმურს, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვაკვირდები და რაც ჩემს გვერდით ცუღლუტი, უსაქმური და თავის თავზე უსზღვროდ შეყვარებული პიროვნებები იყვნენ (თუ შეიძლება მათ პიროვნება რომ ეწოდოთ), ყველანი პოლიტიკისაკენ და კარიერისაკენ მიისწრაფოდნენ.

- "შევარდნაძისტი" აშკარად არა ხართ და "ზვიადისტებს" რატომღა "უკბინეთ". რას ემართლებით გამსახურდიას?

- არაფერს. როგორც ბევრჯერ თქვეს და რასაც დღეს ამბობენ კეთილსინდისიერი, სამშობლოსა და ქართველ ხალხზე შეყვარებული პატრიოტები, ბატონი ზვიადი (ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული) იყო უკეთილშობილესი, საქართველოზე და ქართველ ხალხზე უზომოდ შეყვარებული განსწავლული პიროვნება, რომელმაც ერთ მუშტად შეკრა მთელი საქართველო. მახსოვს, როგორი მოწიწებით ექცეოდნენ ადამიანები ერთმანეთს, როგორ ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ცხოვრების გაადვილებას. არ მავიწყდება ერთ-ერთ მიტინგზე, ვიღაცამ, ვიღაცის მიმართ თქვა: "იმის დედაც ვატირეო" და ჩოჩქოლი ატყდა ხალხში. ძალიან წყნარად აუხსნეს იმ "ცუდი სიტყვების" ავტორს, რომ სიტყვები შეერჩია და ამით დამთავრდა ყველაფერი. ახლა რომ ვუყურებ რაც ხდება პარლამენტის სხდომებზე, თავი დეზერტირების ბაზარში მგონია, ისეთი სიტყვებით იხსენიებენ ერთმანეთის მკვდრებსა და ცოცხლებს.

მე მგონი, აი, ის ღირსებები არ აპატიეს გარეულმა და შინაურმა მტრებმა და სიცოცხლეს გამოსალმეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტო ქართული ავადმყოფობა, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ქრონიკულია და განკურნებას არ ექვემდებარება.

ცნობილია ასურეთის მეფის აშურ ბანიფალის საფლავის ქვაზე წარწერილი ეპიტაფია: "კარგად ვჭამდი, კარგად ვსვამდი, ტკბილად მეძინაო". მიუხედავად იმისა, რომ ბანიფალი შესანიშნავი მეფე იყო, კარგ ცხოვრებას მაინც წინა პლანზე აყენებდა, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტობისა, მთავრობის თუ პარლამენტისკენ სწრაფვა ბანიფალის კრედოსკენ სწრაფვაა.

ერთი რამე უნდა გაიგონ და დაიმახსოვრონ, რომ ხალხს, ფეხებზედაც არ ჰკიდია (ბოდიშს ვიხდი გამოთქმისათვის), რა გვარის და რა რანგის პოლიტიკოსი მოვა სახელმწიფოს სათავეში. მთავარია, ის საარსებო მინიმუმი ჰქონდეს, რასაც ჰქვია: საჭმელ-სასმელი (სასმელებიდან უკიდურეს შემთხვევაში წყალი მაინც), სამოსი, შუქი, გათბობა და რაც ყველაზე მთავარია, სამუშაო. უმუშევარი ადამიანი პოტენციურად ქურდიც არის, ყაჩაღიც, მეძავიც, მკვლელიც და კიდევ ვინ ისიც რა!!!

ნუ დაგვავიწყდება, რითი შეინარჩუნეს 70 წOლის მანძილზე საბჭოთა კავშირის "ბოროტების იმპერია". აი, იმ ზემოთ ჩამოთვლილი პირობებით, ანუ საარსებო მინიმუმით.

ბოროტების იმპერია აგებული იყო ძალოვან სტრუქტურებზე და საღორის პრინციპზე. როგორი გნიასიც უნდა იყოს საღორეში, ჩაუსხი გეჯაში და გაჩუმდებიან. აი, ამას ვერ აკეთებს ჩვენი მთავრობა, ალბათ, არ აკადრებს ხალხს ამ პრინციპზე ქვეყნის აგებას!

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში სიტუაცია ტრაგიკულია, კომიკური თუ ტრაგიკომიკური?

- რა თქმა უნდა, ტრაგიკომიკური, ისე, როგორც მთელი ჩვენი ცხოვრება. თუმცა ჩვენში, თანდათანობით ტრაგედიამ იმარჯვა. ღმერთმა არ ქნას, ასე გაგრძელდეს.

- ამბობენ, სიცილი მკურნალიაო. თქვენი აზრი...

- გააჩნია, ვინ იცინის, რაზე იცინის და რატომ იცინის. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელი სიცილი არ შეუძლია, ეს მარტო იმას როდი ნიშნავს, რომ იუმორის გრძნობა არ გააჩნია, ასეთი ადამიანი, უბრალოდ რომ ვთქვათ, ავადმყოფია და თავის თავის უბედური. მაგრამ თუ ვინმეს დასცინიან (რა თქმა უნდა, დაუმსახურებლად) და შენც მხარი აუბი ცინიკოსებს, შენც იმათნაირი ცინიკოსი ხარ.

საერთოდ, სიცილის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის შეუდარებელი საშუალებაა. მახსოვს, ერთხელ სამსახურში იმდენი ვაცინე ხალხი, რომ როგორც თვითონ აღნიშნეს, ზოგს თავის ტკივილმა გაუარა, ზოგს წნევა დაურეგულირდა, ერთმა ისიც კი თქვა, საკვერცხეები მტკიოდა და გამიარაო. მე, რა თქმა უნდა, არ დავიჯერე, მაგრამ როცა ერთ-ერთმა "განკურნებულმა" თქვა: "კარგი სიცილი ერთ ქილა არაჟანს უტოლდება კალორიულობითო", ჩემს "პაციენტებს" ვუთხარი: "თუ მასეა, მაშინ მე თქვენგან სულ ცოტა 15 ქილა არაჟანი მერგება, არაჟნის მაგივრად, ერთი კილო კარაქი მომიტანეთ-მეთქი". ეს, რა თქმა უნდა, მკურნალობის გაგრძელება იყო. ამჟამად სიცილით ბუასილის მკურნალობაზე ვატარებ ცდებს და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს.

- საქართველოში "წერე და იკითხეს" პოლიტიკაა. რაც გაგვიხარდება ვწერთ, რეაგირება კი - ნულის ტოლფასია. ხანდახან ხომ არ ფიქრობთ, რომ წერას თავი დაანებოთ?

- მე კი მგონია, რომ "წერე და იკითხეს" კი არა "წერე და წერეს" მანიაა. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. პოლიტიკოსებს სად სცალიათ "ვიღაცის რიხით ნათქვამ-ნაბოდვარის" საკითხავად. დღისით ათასგვარი გასართობებით ერთობიან, ღამით კაფე-კაზინო-ბორდელი-საუნებით არიან "დაკავებულნი". იმიტომ არის, პარლამენტის სხდომებზე რომ ძინავთ. ცოტა ხომ მაინც უნდა მოატყუონ თვალს. ისე ჩვენში დარჩეს და არც მთავრობას და პარლამენტს აქვთ ნაკლები დატვირთვა. არ გინდა ყოველ საღამოს დათრობა და ყოველ დილით "პახმელიაზე" გამოსვლა?! რაც შეეხება იმას, ვფიქრობ თუ არა წერის თავის განებებას, არა მგონია. მე ისედაც ცოტას ვწერ და უნდა გამოგიტყდეთ, ისე მეზარება წერა, რომ ხშირად პირველ პირებს ვაბარებ რედაქციას.

- თქვენთვის თქვენი შემოქმედება რაა - სულიერი მოთხოვნილება, ბოღმის განეიტრალების საშუალება თუ ფსიქო-თერაპიული სეანსი?

- ჩემი შემოქმედება მხოლოდ სულიერი მოთხოვნილებაა. თუ ჩემს სატირასა და იუმორში ვიღაცას ვკენწლავ, ამას ბოღმით კი არა, წრფელი გულით ვაკეთებ.

- მოგვეცით რამდენიმე ნახევრად სერიოზული რჩევა.

- რატომ ნახევრად?! - სრულიად სერიოზულად გირჩევთ: არ უყუროთ მდაბიოთათვის შექმნილ სერიალებს, თორემ სულ "გამოსერიალდებით", სარეკლამო პაუზებში გამორთეთ ტელევიზორები და უყურეთ იშვიათად, როგორც სასაქმებელ, ან საფაღარათო საშუალებას.

- როგორ ფიქრობთ, ეშველება რამე ჩვენს გაჭირვებას?

- როგორც მოგახსენეთ, ოპტიმისტი გახლავართ და ღმერთმა დამიფაროს, რომ გამონათების იმედი არ მქონდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერანაირ სიკეთეს ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შევარდნაძე სამი საათის განმავლობაში გვარწმუნებდა ჩვენს კეთილდღეობაში. იმ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რაც დღეს სუფევს საქართველოში, კეთილდღეობაზე ლაპარაკი, ჩემი აზრით, სირცხილია.

- გაიხსენეთ კურიოზი თქვენი ცხოვრებიდან.

- საწარმოო პრაქტიკა დავამთავრეთ ოქტომბრის მიწურულს მუხრანის საცდელ მეურნეობაში და მეურნეობის დირექციამ გრანდიოზული ბანკეტი გაგვიმართა მუხრან ბატონის სასახლეში. თამადობდა ინსტიტუტის რექტორი, ბატონი ივანე სარიშვილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თამადამ შესვენება გამოაცხადა. შესანიშნავი მთვარიანი ღამე იყო და სასახლის ირგვლივ გაშენებულ ბაღში გავისეირნე. ჩემში პოეტურმა სულმა და ლექსის სიყვარულმა იმძლავრა. გალაკტიონის "მე და ღამე" დავიწყე. მივდიოდი და თან გაჩახჩახებულ მთვარეს შევცქეროდი და მეორე სტროფიც არ მქონდა დამთავრებული, რომ... უშველებულ ჭაში ჩავვარდი. არცერთი განაკაწრიც არ მქონდა სხეულზე, ყელამდე წყალში ვიდექი და გიჟივით ვიცინოდი. კიდევ კარგი, რომ გოგოები გამოსულიყვნენ ბიჭების საძებრად და მეც მომაგნეს. სულ ცოტა, ნახევარი საათი ვიწვალეთ სამთავემ, რომ სრულიად გამოფხიზლებული ამოვსულიყავი ჭიდან.

მრავალი კურიოზის მომსწრე და მონაწილე ვარ, მაგრამ ამ დღეს ეს ვიკმაროთ.

- ეს ნიჭი გენეტიკურად ხომ არ მოგდგამთ?

- რა თქმა უნდა, დედაჩემს შესანიშნავი გარდასახვის უნარი შესწევდა. ნებისმიერი პიროვნების "გამოჯავრება" შეეძლო საუბარში და მოქმედებაში, ხოლო მამაჩემი (ღმერთო ნათელში ამყოფე მათი სულები), ცნობილი ზეპირსიტყვიერი იუმორისტი იყო. იმდენად ცნობილი, რომ მისი ნათქვამი და ნამოქმედარი დღესაც ახსოვს ხალხს. იმის გამო, რომ მამაჩემი - ჩოფურა იოსები (ასე ეძახდნენ ხალხში) ოჯახში არ ხუმრობდა, მის ნაცნობ-მეგობრებში შევკრიბე მისი ენამახვილური და გონებამახვილური ნათქვამ-ნამოქმედარი. ნაწილი გამოვაქვეყნე "ჩოფურა იოსების" იუმორის სახით, ნაწილი კი მზად მაქვს დასაბეჭდად.

თქვენის ნებართვით, მის ხუმრობას გავიხსენებ, რომელიც დღეს ანეკდოტად დარჩა ხალხში.

სოფელ ოქროყანაში პანაშვიდზე ყოფილა მამაჩემი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჭირისუფლებს უამრავი რაღაც-რაღაცეები დაუბარებიათ მოხუცი მიცვალებულისათვის. ერთ მეზობელს ისიც კი დაუტირებია: "იქ რომ მიხვალ, ჩემს უბედურ ვანუას უთხარი, სათონესთან რომ კაკალი იდგა, მოვჭერით და მის ადგილზე მსხალი დავრგეთო". მამაჩემს უთქვამს: "მოხუცი კაცია, თითზე ძაფი შეაბით, თორემ ამდენ რამეს ვერ დაიმახსოვრებსო".

- ბატონო ნიკო, ცოტა რამ თქვენი ნამდვილი პროფესიის შესახებ გვითხარით.

- დამთავრებული მაქვს მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1961 წელს, ფრიადზე. იმის გამო, რომ სპეციალობით სამსახური ვერ ვიშოვე (ვერც რაიონში), ვიმუშავე თითქმის ყველგან, გარდა დასუფთავების კანტორისა, დასაფლავების ბიუროსა და ჭრელი აბანოსი. 1963 წლიდან ვსწავლობდი სამკურნალწამლო მცენარეებს მთელი კავკასიის მასშტაბით. მეექვსე წელი სრულდება, რაც მთავრობამ, უსახსრობის გამო, სამსახურის კარი გამოგვიკეტა და 170 თანამშრომელი ქუჩაში დაგვტოვა. თუმცა, ამაზე ახლა ლაპარაკიც არ ღირს. 1976 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია სამკურნალწამლო მცენარეთა კვლევის დარგში. გამოქვეყნებული მაქვს 26 სამეცნიერო შრომა, მათ შორის ერთი მონოგრაფია. იმის გამო, რომ დღეს მეცნიერება არავის არ სჭირდება, სამი წლის წინ ნახევრად დაწერილი სადოქტორო დისერტაცია დავწვი.

- თქვენ სამკურნალწამლო მცენარეების მკვლევარი ხართ. თუ გაქვთ მკურნალობის პრაქტიკა და რას მკურნალობთ?

- 30-წლიანი ფიტოთერაპევტის (ანუ მცენარეული საშუალებებით მკურნალობის) სტაჟი მაქვს. ვმკურნალობ შინაგან ორგანოებს, თითქმის ყველაფერს, შესანიშნავი შედეგებით. ნაკრებებს ვაკეთებ ჩემი შეგროვილი მცენარეებით. დიაგნოზის გარეშე პაციენტს არ ვღებულობ. სხვათა შორის, ადამიანის განკურნების უნარიც გენეტიკურად გადმომეცა დედისაგან. დედაჩემის ბებია - ვარინკა დიდი წარმატებით მკურნალობდა უშვილობას, ისე ჩავიდა მიწაში, არავინ დაინტერესებულა მისი ღვთით ნაბოძები უნარით. არ არის გამორიცხული, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასეთი რამ მოხდეს. ვერც ჩემი შვილები დავაინტერესე ფიტოთერაპიით.

- რას ფიქრობთ ქალზე, როგორც პიროვნება და როგორც იუმორისტი?

- ქალი თავისი შინაარსით, ბუნებით, როლით, შესანიშნავი ქმნილებაა, ოღონდ ღირსეულ მამაკაცთან ერთად უღელში შებმული. ცალად დარჩენილი ქალის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ უღელი და ბორკილი (დედმთილი, შვილები) ხელს არ უშლის თავისუფალ ცხოვრებაში, უშინაარსოა. იმდენად, რამდენადაც, თავის ძირითად მოვალეობას ვერ იხდის ღმერთისა და ქვეყნის წინაშე - დედობის მოვალეობას.

ჩემი აზრია და არავის არ ვახვევ თავზე: მამაკაცები ცოლებს ირთავენ, ოჯახებს კი ქალები ქმნიან. იმიტომ ჰქვია ღირსეულ ქალს ოჯახის ბურჯი. ჰო, მართლა, თუ ქალი დამთმობია, ეს მისი უდიდესი ღირსებაა!

- ქართველებზე ამბობენ, ჯიშიანი ხალხიაო, ახლა უჯიშოებს ვემსგავსებით, რა ხდება?

- ქართველებზე და საქართველოზე მე დასაწყისში ვთქვი. როგორც შესანიშნავ ხალხზე და ქვეყანაზე, მაგრამ ყველაფერს პატრონი უნდა, რაც არ უნდა კარგი ჯიშის ატამი დარგო ბაღში, თუ არ მოუარე, გახმება და მის ადგილზე ტყემლის საძირე ამოიყრის, ასეა ეს, ყველაფერს პატრონი უნდა, იმიტომ არის ხალხი გულგატეხილი და ნაწყენი პრეზიდენტზე, რომ უპატრონოდ მიტოვებულ ცხვრის ფარას დაემსგავსა ხალხი, რომელსაც მგლები ანადგურებენ თანდათან.

ამას წინათ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების კონცერტს დავესწარი. დაწყებიდან დამთავრებამდე სიხარულის ცრემლი არ შემშრობია თვალზე. როგორი ნიჭიერი ბაშვები გვყავს, რომლებსაც დროულად თუ არ მივხედეთ, იმ ბავშვებს დაემსგავსებიან, ქუჩა-ქუჩა რომ მათხოვრობენ.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ ღირსებად ადამიანში?

- ნამუსი, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა. საკმარისია, რომელიმე მათგანი აკლდეს ადამიანს და ის უკვე არასრულფასოვანია.

- გიღალატიათ თუ არა ვინმესთვის?

- არა, იმიტომ რომ, ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებები ჩემთვისაც არის გათვალისწინებული.

- რაზე ოცნებობდით და ნაწილობრივ მაინც თუ შეძელით ამ ოცნების განხორციელება?

- ვოცნებობოდი მოქანდაკეობაზე. ბავშვობიდანვე ვცდილობდი ცარცისგან გამომექანდაკებინა ცხოველების, ადამიანის გამოსახულებები და არც თუ ისე ცუდად გამომდიოდა. მაგრამ აკადემიაში სწავლის ოცნება ოცნებად დარჩა, თუმცა ხელოვნების სიყვარული არც არასდროს გამნელებია. მაქვს უამრავი ბუნებრივი მასალისგან (ფესვები, ნაყოფები, თესლები და ა.შ.) შექმნილი უნიკალური ნამუშევრები, მაქვს აგრეთვე: ქვაში, ხეში, რქაში, ძვალში და მეტალში გამოსახული ნამუშევრები, რომელთა შესახებ 30-35 წლის წინ წერდნენ, როგორც ქართულ, ისე საკავშირო პრესაში.

რაც ყველაზე მთავარია, ჩემი მონოგრაფია: "ატლას-ოპპრედელიტელ ვსხოდოვ ლეკარსტვენნიხ რასტენიი", მე თვითონ დავასურათე 700-ზე მეტი ნატურიდან დახატული სურათით.

- ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხართ, როგორი იქნება თქვენი პირველი სამუშაო დღე.

- ამაზე მე შესანიშნავი ფელეტონი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ახლა ორიოდე სიტყვით გეტყვით.

პირველ რიგში ვინც ახლა რბილ და თბილ ადგილებზე სხედან და ხალხის კუთვნილ სიმდიდრეს ეპატრონებიან, სასჯელის უმაღლეს ზომას - 12 ლარ პენსიას დავუნიშნავდი და 3-4 თვეში ერთხელ მივცემდი ერთი თვისას, რაც საქართველოში სკამია, დავწვავდი, რომ მისი გულისთვის არ დაეხოცათ ერთმანეთი ქართველებს. ამის შემდეგ შევეცდებოდი, რომ კარგს თუ ვერ გავაკეთებდი ქვეყნისათვის, ზიანს მაინც არ მივაყენებდი.

*

თუ ვინმე დაინტერესდება ბატონი ნიკოლოზ იოსებიძით, შეუძლია დარეკოს ტელეფონზე 23-19-43.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com