"საქართველო "
# 11 (1799)
3-16 ივნისი 2003 წ.

VIVAT HISTORIA - ანუ რას გვიამბობენ მცენარეთა სახელწოდებანი: აფსუა-აფხაზთა აბორიგენობაზე საქართველოში

ბიძინა თავაძე

გაგრძელება. დასაწყისი წინა ნომერში

ავიღოთ ერთმანეთისაგან ისეთი განსხვავებული ხე-მცენარეები, როგორიცაა: წიფელი, იფანი და ჭადარი. განა საოცარი არაა, რომ ამ განსხვავებულ მერქნიან მცენარეებს აფსუურ ენაში ეწოდება ერთი და იგივე სახელი - "აშვ", იფანს აქვს მეორე სახელიც "აჩამხა".

ქართველურში კი ასეთი სურათი გვაქვს: - წიფელი - ქართულად წიფელი; ჭანურად - წიფური, წიფრა; მეგრულად - წიფური; სვანურად კი - წიფ და წიფრა; იფანი - ქართულად და მეგრულად - იფნი, კოპიტი, იფანი; ჭადარი - ჭადარი და ჭანდარი.

საინტერესოა ის გარემოება, რომ ჭადარი საქართველოში უძველეს დროიდან გავრცელებულად ითვლება და ჩვენში იხმარებოდა მისი სპარსული სახელიც - ჩინარი, რაც პოეზიაშიც კია ასახული.

"ქართულ-აფხაზური სასაუბროს (1999 წ.) მიხედვით, დღეს ჭადარს აფსუურში ეწოდება აჭანდარი. როგორ მოხდა, რომ საუკუნეების განმავლობაში აფსუურმა ენამ აქამდე ვერ შეამჩნია ჭადარი და მისი სახელი მხოლოდ მე-20 საუკუნეში ისესხა.

წიფლის, იფნის და ჭადრის ერთი და იგივე სახელით მოხსენიება და ჭადრის სახელწოდების სესხება მე-20 საუკუნეში კიდევ ერთი თვალნათლივი მაგალითია იმისა, რომ აფსუა-აფხაზები საქართველოს აბორიგენები არ არიან და მათ საერთო არაფერი აქვთ ისტორიულ აფხაზებთან და აფხაზეთთან.

კიდევ ერთი თვალნათლივი მაგალითია ამავე რიგისა. ამავე ავტორების მიხედვით, ერთმანეთისაგან მეტად შორს მდგომი სახეობები, როგორიცაა წაბლი და პანტა მოიხსენიება თითქმის ერთი და იგივე სახელით: წაბლი - ახე, პანტა - ახა. საერთოდ კი, წაბლი ეკუთვნის წიფლისებრთა ოჯახს, ხოლო პანტა - ვარდისებრთა ოჯახს; აფსუურმა ენამ კი ვერც განასხვავა და ვერც ქართველური ენებიდან ისესხა.

ქართველურ ენებში კი მრავალფეროვანი სურათი გვაქვს წარმოდგენილი: წაბლი: ქართულად - წაბლი; ჭანურად -ჭუბური, ჭუბუი; სვანურად - გვიჯ, გვიჯრა, კუცჩ (ი. მედვედევით); მეგრულად - ჭუბური.

რაც შეეხება პანტას, იგი ქართველურ ენებში უამრავი სახელითაა წარმოდგენილი, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ზოგიერთს მოვიყვანთ. ქართულად - პანტა, ჭკუტა, კვიჭიჭი; მეგრულად - პანტე სხული, კვეტელე სხული; სვანურად - გოწო ვიცხ.

წაბლისა და პანტის არც ერთი ქართველური სახელი არ მიესადაგება აფსუურს, რაც მეტად საყურადღებოა, რადგან ორივე ეს სახეობა კავკასიისა და საქართველოს ფლორის აბორიგენია.

აღსანიშნავია, რომ ამავე ავტორთა მონაცემებით, წაბლის ქართული სახელი - წობულის ფორმით შესულია დაღესტნურ ენებში, ხოლო ოსურად წაბლს ეწოდება გურჯიაგ-ტერს, რაც თავისთავად მეტყველებს მის წარმომავლობაზე.

აფსუების მიგრაციასთან დაკავშირებით წაბლისა და პანტას სახელწოდებებთან მიმართებაში, აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოებაც: მე-16, მე-17 საუკუნეების ევროპელი კარტოგრაფების (გასტალდი, ჯენკინსი, ჰონდოუსი) მონაცემებით ამ პერიოდში აფსუების ტომი მომთაბარეობს ყუბანისპირეთსა და აზოვის ზღვისპირეთში, სადაც შეიძლებოდა გაცნობოდნენ ველურ მსახლს - პანტას, მაგრამ, აფხაზეთში შემოსვლამდე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაეცნობოდნენ ჩვეულებრივ წაბლს, თუმცა აუხსნელი რჩება რა ნიშნით მიამსგავსეს ისინი ერთმანეთს.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცეებით აფსუური ენა ასევე ვერ ანსხვავებს ერთმანეთისაგან ბოტანიკურად სხვადასხვა ოჯახში მყოფ სახეობებს, როგორიცაა ჩვეულებრივი თელა და კავკასიური რცხილა. პირველი მიეკუთვნება თელისებრთა, მეორე კი - თხილისებრთა ოჯახს. აფსუური ენა კი ამ განსხვავებულ სახეობებს უწოდებს ერთსა და იგივე სახელს - ახეც; მაშინ, როდესაც ქართველურ ენებში ამ სახეობების აღსანიშნავად იმდენი სახელწოდება გვაქვს, რომ მათი მოყვანა უკვე ზედმეტად მიგვაჩნია; ამასთან ერთად, ქართველური ენები მკვეთრად ანსხვავებენ თელასა და რცხილას.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის ზემოაღნიშნული შრომები კიდევ მრავალ საინტერესო მასალას შეიცავს, რომელიც შემდგომ განხილვას და ანალიზს საჭიროებს.

ზემოთმოყვანილი მიმოხილვიდან შეიძლება ასეთი დასკვნები გავაკეთოთ:

1. რუსი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის იაკობ მედვედევის (1847-1923) ნაშრომი "კავკასიის ხეები და ბუჩქები" (1883; 1910; 1919) და თბილისში დაბადებულ-გაზრდილი და აქვე მოღვაწე გერმანელი მეცნიერის ადოლფ ქრისტიან როლოვის (1870-1952) მონოგრაფია "კავკასიის ველური მცენარეები" (1908) შეიცავს ფასდაუდებელ ენობრივ მასალას ველურ მცენარეთა სახელწოდებების შესახებ კავკასიის ხალხთა ენებზე, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მიხედვით, რაც განსაკუთრებით ფასეული და მნიშვნელოვანია, მაშინ კიდევ უდამწერლობო კავკასიის მცირე ხალხების, მათ შორის აფსუა-აფხაზთა, ენების ლექსიკური ფონდის შესასწავლად.

2. აღნიშნულ მონოგრაფიებში მოიპოვება ფრიად საინტერესო ლექსიკური მასალა ველურ მცენარეთა სახელწოდებებისა აფსუა-აფხაზთა ენაზე, რაც კი არსებობდა მე-19 საუკუნის ბოლოსათვის და რომელიც მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ამ ტომის მიგრაციის თვალსაზრისით კავკასიაში.

3. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული მასალა აქამდე ქართველ ენათმეცნიერთა და ისტორიკოსთა ყურადღების მიღმაა დარჩენილი და განხილვა-ანალიზის საგანი არ გამხდარა. არადა, ასეთი ანალიზი ბევრ რამეს ახდიდა ფარდას და სიცხადეს შეიტანდა აფსუა-აფხაზთა მიგრაციისა და აბორიგენობის საკითხში.

4. ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცემებით, მე-19 საუკუნის ბოლოს აფსუური ენა ვერ ანსხვავებს წიწვიან ხე-მცენარეებს ნაძვს, ფიჭვს და სოჭს და მათ აღნიშნავს ერთი საერთო სახელით - "აფსა", რომელიც ნასესხები უნდა იყოს ყაბარდოულ-ჩერქეზული ენებიდან; ამ ენებზე წიწვიანებს ეწოდა "ფსეი".

აფსუა-აფხაზებს რომ ხანგრძლივად ეცხოვრათ ან ჩრდილოეთ კავკასიის მთებში ან დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი), წარმოუდგენელია, რომ ეს ბოტანიკურად ერთმანეთისაგან განსხვავებული სახეობანი მათ ტერმინოლოგიურად ვერ განესხვავებინათ, ან კიდევ მეზობელი ქართველური ტომებისაგან არ შეეთვისებინათ რომელიმეს სახელწოდება.

დღეს, გარდა წიწვიანებისა, აფსა ჰქვია აგრეთვე ხეობას, ხოლო აფსარა - წიწვიან ტყეს.

5. ამავე ავტორთა მონაცემებით, ამავე პერიოდში, აფსუურ ენაში მუხა და ვაზი აღინიშნება ერთი და იგივე სახელით - "აჯ", რაც თავისთავად პარადოქსულ მოვლენას უნდა მიეკუთვნოს, რადგან მუხა და ვაზი ყველანაირად შორს დგანან ერთმანეთისაგან. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ეს მოვლენა კატეგორიულად გამორიცხავს აფსუების აბორიგენობას დასავლეთ საქართველოში - აფხაზეთში.

დღეს აფსუურში ვაზის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი - "აძახუა", რომელსაც საერთოდ არ იცნობენ ი. მედვედევი და ა. როლოვი, რომელიც ნასესხები უნდა იყოს მე-20 ს-ის 20-იანი წლების შემდგომ ქართულიდან. იგი შეესაბამება ქართულ ძახველას.

6. მე-19 საუკუნის ბოლოს, აფსუურ ენაში, ერთი და იგივე სიტყვით - აშვ, აღინიშნება ასევე ერთი მეორისაგან ყველანაირად შორს მდგომი და განსხვავებული ისეთი ხე-მცენარეები, როგორიცაა: წიფელი, იფანი და ჭადარი, რომელთაც ასევე მშვენივრად ანსხვავებენ ქართული ენები.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის იმ რეგიონში, სადაც ხდებოდა აფსუების მიგრაცია საქართველოში, არც ბუნებრივად და არც ხელოვნურად, ჭადარი არ იყო გავრცელებული, რაც მშვენივრადაა ასახული აფსუურში.

დღევანდელ აფსუურში ჭადარს ეძახიან აჭანდარს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ნასესხებია ქართულიდან მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ, რადგან ი. მედვედევის შრომის ბოლო გამოცემა განხორციელდა 1919 წელს.

საოცარია, მაგრამ დღევანდელ აფსუურში იგივე სახელწოდებით - აშვ, აღინიშნება ყველიც(!).

7. აფსუური ენა ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს და თითქმის ერთნაირად მოიხსენიებს ასევე განსხვავებულ მერქნიანებს - წაბლს და პანტას - წაბლი - ახე, პანტა - ახა. აღსანიშნავია, რომ წაბლი არაა გავრცელებული იმ რეგიონებში, საიდანაც ხდებოდა აფსუების მიგრაცია.

წაბლისა და პანტის აღსანიშნავად ქართველურ ენებს მრავალფეროვანი განსხვავებული სახელები მოეპოვება და აფსუები რომ აფხაზეთის აბორიგენები ყოფილიყვნენ, რომელიმეს მაინც ისესხებდნენ.

8. ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცემებით, აფსუური ენა ასევე ვერ ანსხვავებს ერთმანეთისაგან ბოტანიკურად სხვადასხვა ოჯახში მყოფ ისეთ სახეობებს, როგორიცაა ჩვეულებრივი თელა და კავკასიური რცხილა და აღნიშნავს ერთი და იგივე სახელით - ახეც.

9. აფსუურ ენაში წიწვიანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეების (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, წიფელი, იფანი, ჭადარი, წაბლი, პანტა, თელა, რცხილა) და ვაზის სახელწოდებათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აფსუების ტომი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ეს მცენარეები არ იყვნენ გავრცელებული; ამიტომაა, რომ აფსუური ენა შინაარსობრივად ვერ ანსხვავებს აღნიშნულ სახეობებს.

ყოველივე ეს სრულიად შეესაბამება და ადასტურებს ცნობილი რომაელი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის პლინიუს უფროსის ცნობას იმის შესახებ, რომ აფსუები ახ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდნენ კასპიისპირეთში, ვოლგის შესართავის მახლობლად - დღევანდელი ყალმუხეთის ტერიტორიაზე, რომელიც ნახევრად უდაბნოს წარმოადგენს და სადაც არც ერთი ზემოთ აღნიშნული სახეობების მცენარე არაა გავრცელებული.

10. სხვა უამრავ ფაქტებთან ერთად, ყოველივე ზემოაღნიშნული გვიჩვენებს, რომ აფსუების აბორიგენობა საქართველოში (აფხაზეთი) კატეგორიულად გამორიცხულია, სრული სიცრუეა, აბსურდია და ისტორიულ სიმართლეს არ შეესაბამება; არამედ აფსუების ინფილტრაცია ხდება ჩრდილოეთ კავკასიიდან მე-16-მე-17 საუკუნეებში, რასაც ადასტურებენ ამ პერიოდში ევროპელთა მიერ შედგენილი რუკებიც, რომელთა თანახმადაც აფსუები ჯერ კიდევ მომთაბარეობენ აზოვის ზღვისპირეთსა და ყუბანისპირეთში.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com