"საქართველო "
# 11 (1799)
3-16 ივნისი 2003 წ.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო: საქართველოს ზეიმი

დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებაში, თუმცა ამ საკითხის დადებითი გადაწყვეტა აქამდე, ბევრის აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ახლა უკვე წარსულ დროში საუბრობენ იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რაც ამ პროექტის განხორციელებას ახლდა თან, და დღევანდელ მოვლენებს ახდენილ ოცნებებს უწოდებენ.

საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად 23 მაისს თეთრიწყაროს რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რითაც სახალხოდ დადასტურდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი განხორციელების გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. თეთრიწყაროს საზეიმო ცერემონია არანაკლებ შთამებჭდავი იყო, ვიდრე 18 სექტემბერს აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიება, მაგრამ ერთი განსხვავებით: ამჯერად კითხვის ნიშანი პრაქტიკულად აღარ არსებობდა.

ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის თავმჯდომარე ნატიგ ალიევი, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გია ჭანტურია, "ბი-პი აზერბაიჯანის" პრეზიდენტი დევიდ ვუდვორდი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მაიქლ თაუნშენდი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ზეიმი ჩატარდა მშვენიერი ბუნების წიაღში და, შესაძლოა, ამ გარემოებასაც თავისი წილი ედო საზეიმო და იმედიანი განწყობილების შექმნაში. დამსწრე იყო რამდენიმე ათასი კაცი. ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების კოლონას ბოლო არ უჩანდა. იყვნენ ოფიციალური პირები, ჟურნალისტები, კომპანიის თანამშრომლები, სიხარულის მოზიარეები ყველა პროფესიისა და ყველა ასაკისა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მან სიტყვა წარმოთქვა და დალოცა წამოწყებული საშვილიშვილო საქმეც და დამსწრენიც. ამინდიც ზეიმის შესაფერისი იყო: ზომიერად გრილი და უწვიმო.

ოფიციალურმა პირებმა სიმბოლურად ჩაყარეს მიწა თხრილში, რომელშიც პირველი მილი იყო ჩადებული.

დამსწრეთა ყურადღება მიიქცია ახლად-ახალმა სრულყოფილმა სამშენებლო ტექნიკამ, რომელიც უკვე მუშაობს ნავთობსადენის ტრასის მომზადებაზეც და მშენებლობისათვის დროებითი საცხოვრებელი დაბების მომზადებაზეც.

ძალიან შთამბეჭდავი იყო მუსიკალური თანხლება, რომელიც მილის ტრანშეაში ჩადებას ახლდა.

თეთრიწყაროში, საქაჩი სადგური-2-ის (PSG-2) მახლობლად, მილსადენის განსხვისების დერეფანში მიწაში განთავსდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პირველი მილი და "დროის კაფსულა", რომელიც მომავალი თაობებისათვის დაწერილ სამახსოვროს შეიცავს. ასეთი "კაფსულები" სხვაც არსებობს, მათ შორის - კოსმოსში გაგზავნილიც. ახალი მილსადენი კაცობრიობის ღირსშესანიშნაობათა რიგში დგება.

საზეიმო ცერემონიალით საქართველოში ნავთობსადენის მშენებლობის დაწყება ოფიციალურად სწორედ ამ დღეს აღინიშნა, თუმცა მშენებლობა ახლახანს უკვე დაიწყო წალკის რაიონში, 128-ე კოლიმეტრ-ნიშნულთან.

- ამ ცერემონიალით აღვნიშნავთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დადგომას, რომელიც საქართველოს მიერ პროექტის რეალიზაციის მიმართულებით გადადგმულ უდიდეს ნაბიჯებს ცხადყოფს. გვსურს, განსაკუთრებით აღვნიშნოთ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის და უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის უზომო ძალისხმევა. სწორედ მათი დაუღალავი შრომისა და თავდადების წყალობით შევძელით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დღემდე მოყვანა ვადების დაცვით" - განაცხადა "ბი-პი აზერბაიჯანის" პრეზიდენტმა დევიდ ვუდვორდმა.

მშენებლობის დასრულების შემდგომ მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანის კასპიის ზღვის საბადოებიდან მოპოვებული ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი განხორციელდება. ნავთობსადენის მარშრუტის სიგრძე 1760 კმ-ს შეადგენს (248 კმ საქართველოში, 442 კმ-ს აზერბაიჯანში და 1070 კმ თურქეთში) და იგი სათავეს აიღებს ბაქოსთან ახლომდებარე სანგაჩალის სახმელეთო ტერმინალიდან, შემდეგ გაივლის საქართველოს და საბოლოო პუნქტს მიაღწევს თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ახალ საექსპორტო ტერმინალზე, ჯეიჰანზე, საიდანაც ნავთობს გემები საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანენ.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეშვეობით დღეში ერთი მილიონი ბარელი, ანუ წელიწადში 50 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდება და მისი მშენებლობა 2005 წელს დასრულდება, რაც აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG) გიგანტურ ნავთობსაბადოს 1-ლი ფაზის ათვისებას დაემთხვევა. დღეისათვის ACG-დან დღეში დაახლოებით 140,000 ბარელი ნავთობის მოპოვება წარმოებს, ეს მოცულობა ეტაპობრივად გაიზრდება და 2008 წლისათვის დღიურ პიკს, 1 მლნ ბარელს მიაღწევს.

აზერბაიჯანში და თურქეთის უმეტეს ნაწილში, მილსადენის დიამეტრი 100,8 სმ-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს მონაკვეთზე და თურქეთის ტრასის დასაწყისში იგი 110,4 სმ-მდე გაიზრდება.

ნავთობსადენი საქართველოს 7 რაიონს კვეთს. ესენია: გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ახალციხე და ადიგენი. მილსადენის მშენებელი კონტრაქტორი, "სპი კაპაგ პეტროფაკი" უკვე შეუდგა სამშენებლო სამუშაოებს რუსთავში, მარნეულში, თეთრიწყაროში, წალკაში და ახალციხეში მდებარე საქაჩ სადგურებზე, მილსაწყობებსა და სამშენებლო ბანაკების ტერიტორიებზე.

მილსადენის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2 წელს გასტანს და ყველაზე დატვირთულ პერიოდებში 2000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დასაქმდება. დღევანდელი დაუსაქმებლობის პირობებში ეს საქართველოსთვის ძალიან მაღალი რიცხვი გახლავთ.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი აზიასა და ევროპას შორის ენერგოდერეფნის განვითარებას დაუდებს სათავეს. იგი რეგიონის გარეთ კასპიის ზღვის ნედლი ნავთობის უსაფრთხო, შედარებით ეკონომიურ და ეკოლოგიურად ნაკლებად სარისკო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

მთავარი აქცენტებიც, რომელიც მილსადენის პროექტთან დაკავშირებით ამ საზეიმო ცერემონიალზე გაკეთდა, სწორედ ეკოლოგიურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. უცხოელი პარტნიორები ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფა გამორიცხულია. გამოყენებულია დაცვის უპრეცენდენტო ზომები.

- ამ პროექტის მნიშვნელობაზე ბევრს საუბრობდნენ. მე მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მომგებიანი იქნება საქართველოსთვის, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველო 600 მლნ დოლარ შემოსავალს მიიღებს. გაიზრდება ინვესტიციებიც. დასაქმდება მოსახლეობა. რაც შეეხება განცხადებებს, რომ ეს არ არის გრანდიოზული პროექტი, რომ იგი მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობისაა და საბოლოო ჯამში "არ გაამართლებს", ეს მხოლოდ იმისთვის კეთდებოდა, რომ ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეშლოდა, - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის თავმჯდომარემ ბატონმა ნატიგ ალიევმა.

- დღეს მშენებლობაზე უკვე 900 კაცია დასაქმებული. 6 რაიონში ერთობლივად იდება ნავთობისა და გაზის მილები. ამ პროექტის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ბევრს უჭირს ამის გაცნობიერება. ეს ნავთობსადენი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პერსპექტივაა. მე ყველა ოპონენტს მინდა ვურჩიო, რეალურად შეაფასოს არა მხოლოდ ის, თუ რა ციფრებზე და ინვესტიციებზეა საუბარი საქართველოში, არამედ რეალურად შეხედოს იმ გეოპოლიტიკურ დინამიკას, რომელიც დღეს მსოფლიოში ვითარდება, შეხედოს იმ ფაქტორებს, იმ ურთიერთობებს, რომელსაც ეს პროექტი აყალიბებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასოს ამ პროექტის მნიშვნელობა. მაშინ სასაცილო იქნება არგუმენტი, თითქოს ეს ნავთობსადენი არაფერს ნიშნავს ქვეყნისათვის. ეს პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა. საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომელსაც დააჩოქებენ, დასჯიან, დაბომბავენ, გადაუკეტავენ გაზს, გაყინავენ, ჩაუქრობენ შუქს და ა. შ. ამაზე ჩვენი წინა თაობები ოცნებობდნენ - ასე აფასებს ნავთობსადენის მნიშვნელობას საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ბატონი გია ჭანტურია.

სამივე ქვეყანაში - აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში - ნავთობსადენი მართლაც ხანგრძლივ მატერიალურ სარგებელს გვპირდება, რაც ვლინდება კაპიტალდაბანდებებში, დასაქმების შესაძლებლობების ზრდაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, მთავრობისთვის ახალი მძლავრი შემოსავლის წყაროს ფორმირებაში, ადგილობრივი სამეწარმეო შესაძლებლობების ზრდასა და ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ პროგრამებში, რომლებიც მილსადენის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისათვის მდგრადი სარგებლის შექმნისკენ არის მიმართული.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი მისი თავდაპირველი ბიუჯეტის - კერძოდ კი 2,95 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებში გრძელდება და გრაფიკის დაცვით ხორციელდება, რაც საშუალებას იძლევა, დაიწყოს ნავთობის პირველი პარტიის ტრანსპორტირება აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან

2005 წლის დასაწყისში.

* * *

ძალიან სასიხარულოა, რომ თავის ვრცელ გამოსვლაში ბატონი გ. ჭანტურია არ შემოიფარგლა არც ტექნიკური თემით და არც ეკონომიკური თემით. მან აქცენტი გაუკეთა მშენებლობის ზოგად-პოლიტიკურ მხარეს, უფრო მეტიც - მან მშენებლობის მნიშვნელობა შეაფასა იმ უზარმაზარი როლის მიხედვით, რომელიც მას კავკასიისა და მისი ქვეყნების - პირველ ყოვლისა, საქართველოს - წარსულსა და მომავალ ისტორიაში ეკუთვნის. "საქართველოს" რედაქციას ჰსურს, თავისი მკითხველების საყურადღებოდ ამ თემასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილოს ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ცენტრალური აზიის მომცველი მომავალი პროექტები, რომლებშიც საქართველო იქნება ჩართული, მართლაც ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელია. დასავლური დემოკრატიის წინსვლა ცენტრალური აზიისაკენ სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის. თუ ევრაზიის ამ ცენტრალურ სტრატეგიულ ზონაში სხვა, არადემოკრატიული და ანტიდასავლური ძალები მოიპოვებენ გაბატონებულ პოზიციას, იქ ძალის ისეთი "წნევა" შეიქმნება, რომელიც რამდენიმე ათეულ წელიწადში ამიერკავკასიას და საქართველოს წალეკავს. ამიტომ საქართველო "ბაქო-ჯეიჰანის" ნავთობსადენზე მუშაობით არც მხოლოდ თავის ბიუჯეტს ემსახურება, არც მხოლოდ თავის დასავლელ მეგობრებს. იგი ემსახურება თავის მომავალს, თავის შთამომავლობას და მათს სიცოცხლეს. ვინც ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობს, ის საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

გვერდი მოამზადა მანანა ლობჯანიძემ



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com