|
"საქართველო "
საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენის გატარების შესახებ - რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებათა გამო: საქართველოს სახალხო ფრონტის
1. საქართველოს სახალხო ფრონტს (სსფ) მიაჩნია, რომ ნებისმიერი ეკონომიკურად მომგებიანი ურთიერთობა ნებისმიერ მეზობელთან საქართველოსთვის სასურველია. ამავე დროს მიაჩნია, რომ ეკონომიურ ურთიერთობათა მსხვილი პროექტების შემუშავებისა და მათზე გადაწყვეტილებების მიღების დროს საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, საქართველოს დღევანდელი და ახლო მომავალში სავარაუდებელი მოკავშირეების ინტერესთა ჩათვლით. ამიტომ სსფ არ არის და ვერ იქნება იმის მომხრე, რომ რუსეთის "გაზპრომთან" მოხდეს შეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მაგისტრალური გაზსადენის რუსეთიდან თურქეთში გატარების შესახებ, რის შედეგადაც დაზარალდება "შაჰ-დენიზის" ევენტუალურ ინვესტორთა ინტერესები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თვით ამ გაზსადენის მშენებლობის პერსპექტივა. 2. სსფ თვლის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია რუსეთის კუთვნილი ან რუსეთისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნებისმიერი სახის ობიექტების შექმნა, რომლებითაც რუსეთს საბაბი ეძლევა ამ ობიექტთა დაცვის მოტივით სამხედრო აქცია მოახდინოს საქართველოში: რუსეთი დღეს საქართველოს მიმართ შეტევით პოზიციაში დგას და ღიად გამოთქვამს ჩვენი ქვეყნისათვის მიუღებელ იმ აზრს, რომ მას საქართველოში კანონიერი ინტერესები აქვს, რომლებიც მას, თითქოს, საქართველოს შინაგან საკითხთა გადაწყვეტაში ხმისა და მოქმედების უფლებას აძლევს. ეს გახლავთ მეორე გარემოება, რის გამოც სსფ დაუშვებლად თვლის გაზსადენის "რუსეთი-თურქეთი" გამოტარებას საქართველოზე. 3. სსფ თავის უფლებად და მოვალეობად რაცხს, შეახსენოს საქართველოსა და მსოფლიოს საზოგადოებრიობას, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ამა თუ იმ ლოკალურ წინააღმდეგობათა არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ამიერკავკასიაში გარე ძალთა ურთიერთბალანსი არსებობს, რომლითაც მეტ-ნაკლებად დაცულია ამიერკავკასიის სახელმწიფოთა უსაფრთხოება. არსებობს რუსეთისა და თურქეთის საქართველოზე ერთობლივი დარტყმის პრეცედენტი. სახელდობრ, 1921 წლის თებერვალში რუსეთმა და თურქეთმა ერთ დღეს დაიწყეს ერთობლივი შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით და მისი იძულებითი გასაბჭოებით დამთავრდა. საქართველოს ხელისუფლების მოვალეობაა გაითვალისწინოს ამ პრეცედენტის არსებობა და მისგან გამომდინარე სადღეისო და სამომავლო საშიშროებები და არ შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე ორივე ამ სახელმწიფოსათვის საინტერესო საწარმო ან სხვა რამ ობიექტი სხვაგვარად თუ არ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ან სხვა სუპერძალების მხრიდან ოფიციალური ვალდებულების არსებობის პირობებში იმის თაობაზე, რომ საქართველო სამხედრო ძალით დაცული იქნება მასზე დიდი მეზობელი ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში.
2.VI.2003 წ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |