"საქართველო "
# 11 (1799)
3-16 ივნისი 2003 წ.

ირანი, ამერიკა და ევროპელი შუამავლები

პირველსა და უკანასკნელებს შორის საერთო ენის გამონახვის მცდელობა არ წყდება. უფრო მეტიც, ამერიკელები საყვედურობენ ევროკავშირს, რომ უპატიური რეჟიმის ლეგიტიმაციას უწყობს ხელს. პრეზიდენტი ხატამი აცხადებდა თავის დროზე თავის ამბიციურ განზრახვას, რომ ისლამური და დემოკრატიული ღირებულებების შერიგებას შეძლებს. ირანთან თანამშრომლობის მაძიებელი ევროპელები თავის პოლიტიკას იმით ამართლებენ, რომ საერთო ენის ამ ძებნით ისინი აძლიერებენ რეფორმისტების პოზიციებს თვით ირანში. მაგრამ ამ მიმართულებით ევროპელთა წინსვლა ჯერჯერობით მცირეა. ასე, მაგალითად, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისრის ქრის პატენის ამასწინანდელმა სამდღიანმა სტუმრობამ ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეს მხოლოდ ის შესძინა, რომ უმაღლესმა მოსამართლემ მას აღუთქვა მორატორიუმის გამოცხადება მოღალატე ცოლების ჩაქოლვაზე (და არა თვით სათანადო კანონის გაუქმება). რაც შეეხება უფრო დიდი მასშტაბის პრობლემებს, აქ ევროპელმა დიპლომატმა, THE ECONOMIST-ის ცნობით, ვერ მიაღწია ენაწყლიანი და ზომიერად განწყობილი პრეზიდენტის თანხმობას, რომ მეტ-ნაკლებად მკაცრ მონიტორინგს დაუქვემდებაროს ირანის ფრიად წინააღმდეგობრივი ბირთვულ-ენერგეტიკული პროგრამა.

საყურადღებოა, რომ დასავლელებთან, მათ შორის - ამერიკელებთან დაახლოებას კონსერვატორებიც ისევე გაფაციცებით ეძებენ, როგორც რეფორმისტები. "ხიბლის შეტევა" ამერიკელებზე დაწყებულია. ერაყის ომის წინ ამერიკელებისაგან უნდოდათ პირობა, რომ ერაყის ტერიტორიას არ გამოიყენებენ პლაცდარმად ირანის წინააღმდეგ. ამერიკელებისადმი ირანის პოზიციის შერბილებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათთან ხიდის გადებას ცდილობს კონსერვატორი, თუმცა დიდი პრაგმატისტი, ყოფილა პრეზიდენტი რაფსანჯანი, რომელმაც ცუდად დაახსომა თავი რეფორმისტებს, და მას ამაში ხელს არ უშლის ირანის სასულიერო უმაღლესი ლიდერი ხამანეი. ირანელ კონსერვატორთა გულის ამ მოლბობის საიდუმლოს THE ECONOMIST ხედავს, ერთის მხრივ, ამ კონსერვატორთა ხელისუფლების დასუსტებაში, მეორეს მხრივ კი ბუშის აშკარად გამოხატულ ანტიპათიაში მისდამი, რაც ამერიკის პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოთქვა თავის მიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი. როცა თქვა, რომ ირანს რეპრესიის ქვეშ ჰყავს თავისი ხალხი, რომ იგი მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას ესწრაფის და ხელს უწყობს ტერორს. კონსერვატორები თავის კეთილგანწყობილ ჟესტებს იმით ამართლებენ, რომ ბუშის გულისწყრომის დაშოშმინება ხელს შეუწყობს მათთვის მომგებიანი შინაგანი ვითარების გაგრძელებას. თუმცა პრაგმატისტთა ამ ზრდილობიანი პოლიტიკის წარმატებას ჩახედული ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ - ამერიკელების გულის მოლბობას ირანელთა მხრიდან ძალიან ბევრი რამის დათმობა დასჭირდებაო, - ბეჯითი ევროპელები ცდილობენ დააზუსტონ იმ მოთხოვნათა მინიმალური ჩამონათვალი, რაც ჩატეხილი ხიდების აღდგენას სჭირდება.

საკითხავია: როგორ თავსდება ზემოაღწერილ სქემაში ირანის ის აშკარად რუსეთიდან მომდინარე ინიციატივა, რომ შეიქმნას თავდაცვის ერთიანი რეგიონალური სისტემა, რომელშიც რუსეთიც იქნება ჩაბმული და, სხვებთან ერთად, საქართველოც? და კიდევ: რას ნიშნავს და რამდენად სერიოზულია ირანის მუქარა, რომ, თუ საქართველოს ტერიტორიას ამერიკული მხარე გამოიყენებს ირანის წინააღმდეგ სამოქმედოდ, ამას მოჰყვება ირანელთა საპასუხო დარტყმა საქართველოზე (უფრო ზუსტად: ირანის პოზიციის ის ინტერპრეტაცია, რომელსაც რუსული მასმედია და რუსული პოლიტიკური საზოგადოებრიობა იძლევა)? ამ კითხვებს, ერთის მხრივ, მარტივი პასუხი აქვს. პირველი ინიციატივა გამოთქმულია მხოლოდ რუსეთის ხათრით, რომლისგანაც ირანი მრავალმხრივად არის დამოკიდებული, მეორე პოზიცია კი ერთ-ერთი ელემენტია რუსეთის მიერ ომის პირდაპირი და არაპირდაპირი სიმულაციისა, რომ იგი მზადაა დასავლეთის გამოწვევა მიიღოს და სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩაებას (თავისი მოკავშირეებითურთ) კავკასიასა და მის მიმდებარე რეგიონებში თავისი გავლენის შესანარჩუნებლად ან აღსადგენად. მაგრამ გასათვალისწინებელია უფრო რთული ახსნის შესაძლებლობაც. ხომ არ მუშაობს დეზინფორმაციის რეალური მექანიზმი იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, თითქოს საქართველო მართლაც ნაბიჯებს დგამს მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში ჩასაბმელად ისე, რომ არც ერთ ძალასთან იურიდიულად გაფორმებული და სანდო სამოკავშირეო ხელშეკრულება არა აქვს (რადგან ასეთი ნაბიჯის არგადადგმის გარანტიას ქვეყანას მხოლოდ ბრძენი და პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი ხელისუფლების ყოლა აძლევს)?



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com