"საქართველო "
# 11 (1799)
3-16 ივნისი 2003 წ.

ჩინეთის 9%

პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნაწილად განსაზღვრავს მსოფლიოს უახლოესი მომავლის, საქართველოს მომავლის ჩათვლით, კონკრეტულ სახეს. ეს ტემპი უკვე რამდენიმე წელია უაღრესად მაღალ ნიშნულზე - წლიური მატების 8+-ზე დგას. 2003 წლის პირველ კვარტალში მან წლიური 9+-ის შესაბამისი ციფრი გვიჩვენა. FINANSIAL TIMES ამ ახალი წარმატების ძირითად მიზეზად იმას ასახელებს, რომ "ჩინეთმა დაიწყო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) თავისი შესვლის ნაყოფის მომკა". ჩინეთში, ამ გაზეთის სიტყვით, მომხდარია გადანაცვლება "ცენტრალური სახელმწიფო დაფინანსებიდან", როგორც ეკონომიკის ზრდის ფაქტორიდან, "მომხმარებლის" ფაქტორზე.

ჩინეთის ეს ვითარება ფრიად განსხვავებულია, გაზეთის სიტყვით, აშშ-ს მდგომარეობისაგან, რომლის სამრეწველო პროდუქცია ამავე მარტის მანძილზე უფრო ჩქარა დაქვეითდა, ვიდრე ამა წლის რომელსამე სხვა თვეში დღემდე, და გერმანიის მდგომარეობისგანაც, სადაც წლის პირველი ექვსი თვისთვის ნავარაუდევია მხოლოდ წლიური 0,5+-ის შესაბამისი ზრდა. შემდგომი ზრდა, რომლის ყველაზე თავშეკავებული პროგნოზია 7% წელიწადში, ჩინეთის ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს როგორც 2020 წლისათვის მთლიანი ეროვნული პროდუქტის (GDP) გაოთხმაგება და 4 ტრილიონი დოლარის დონის მიღწევა. გაზეთის სიტყვით, ჩინეთისთვის ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ "გაუმჯობესდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ხარისხი". სახელდობრ, თუ ადრე, შინაური დეფლაციის პირობებში, ზრდის მამოძრავებელი იყო სახელმწიფოსმიერი ხარჯები (რომლებიც ბიუჯეტში დეფიციტებს აჩენდა), ამჟამად შინაური მოთხოვნილება გაიზარდა, და უფრო თვითკმარად გამოიყურება".

საცალო ვაჭრობის ზრდა თუ 2002 წელს 8,8+-ს შეადგენდა, ახლა იგი 10,1+-ზე ავიდა. ამ ცვლილების მთავარი შემადგენელი ნაწილია ავტომანქანების მოთხოვნილების გაზრდა. ა. წ. პირველ კვარტალში ჩინეთის საწარმოებიდან 440 ათასი მანქანა გამოუშვეს. მკვეთრად გაიზარდა ფოლადის მოთხოვნილებაც - ძირითადად, უთუოდ, ავტომრეწველობის მომარაგების ამოცანის წყალობით. მანქანების გასაღების გაზრდა გამოიწვია ფასების დაკლებამ, ეს დაკლება კი - საიმპორტო ბაჟის შემცირებამ და ამით კონკურენციის გაძლიერებამ, რაც მოჰყვა WTO-ში შესვლას. ამავე მიზეზმა გამოიწვია უცხოური ინვესტიციების ზრდა, რომლებმაც შარშან უკვე 52,7 მილიარდი დოლარი შეადგინეს. წლეულს კი 57+-ით გაზრდა ელით საინვესტიციო პირობათა გაუმჯობესების წყალობით.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com