"საქართველო "
# 11 (1799)
3-16 ივნისი 2003 წ.

მსოფლიოსთვის არასაინტერესო ომი

არასაინტერესო იგი იმიტომ არის, რომ არც ერთი მოწინავე სახელმწიფოს ინტერესებს პირდაპირ არ ეხება. მაგრამ ეს არ უშლის მას ხელს, რომ უკიდურესად სისხლიანი იყოს. საუბარია კონგოში მიმდინარე ომზე. ბელგიის ეს ყოფილი კოლონია განთავისუფლდა 1950-იანი წლების დამლევს. 1998 წელს მას რეჟიმის დამხობის მიზნით შეუტიეს მეზობელმა რუანდამ და უგანდამ, ხოლო რეჟიმის დაცვის მიზნით ჯარები შეიყვანეს ზიმბაბვემ, ანგოლამ და ნამიბიამ. მსხვერპლი ამ არაგლობალურსა და არა მსოფლიო მნიშვნელობის კონფლიქტში 3,5 მილიონ ადამიანად იანგარიშება, თუმცა დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ამბობს. ომის მონაწილენი უზომოდ ძარცვავენ ქვეყანას და ხოცავენ მოსახლეობას. გარკვეული წინსვლა დაზავების მიმართულებით არის, მაგრამ ჯერ მას პრაქტიკული შედეგისთვის ვერ მიუღწევია. ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერად აქტიურობს სამხრეთ აფრიკის დიპლომატია. გაეროს სამშვიდობო კონტინგენტი, რომლის წლიური ბიუჯეტი 600 მილიონ დოლარს შეადგენს, ვერაფერს აღწევს. მისი მებრძოლები სროლის ხმის გაგონებაზე უკან იხევენ. მოწინავე სახელმწიფოებს არ ეხალისებათ ჯუნგლებში სასიკვდილოდ თავისი ჯარისკაცების გაგზავნა. არის აზრი, რომ სამშვიდობო მისია დაეკისროს რეგიონულ სუპერძალას - ანგოლას, რომელსაც შედარებით ორგანიზებული და ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს, მაგრამ ეს პროექტი გარკვეულ პოლიტიკურ შიშებს იწვევს კონფლიქტის სხვა მონაწილეებში და მეზობლებში. კონგო, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად დანაწევრებულია. ხოცვა-ჟლეტას, განსაკუთრებით - მშვიდობიანი მოსახლეობის - უკიდურესად უწყალო, ბარბაროსული ფორმები აქვს. მკვლელობის მოტივებია ყაჩაღური სიხარბე, პოლიტიკური თუ სტრატეგიული ინტერესი, ტომობრივი სიძულვილი.

კონგოს მაგალითი ნათლად მეტყველებს იმ ბნელ პერსპექტივაზე, რომელიც ცუდად მართულ ქვეყნის მოსახლეობას აქვს თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოშიც კი.

(მასალა აღებულია THE ECONOMIST-იდან)



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com