|
"საქართველო "
მიგრაცია მსოფლიოში (და მისი კავშირი საქართველოს პრობლემებთან)
ერთ-ერთი საშიშროება, რომელიც საქართველოს მომავალ არსებობას ემუქრება, მოიცავს მიგრაციის ფაქტორს, როგორც თავის ერთ-ერთ შემადგენელ მექანიზმს, საქართველოს ხელოვნური გაღატაკების მრავალწლიანი პოლიტიკა (რომელიც დღეს, შეიძლება ითქვას, არავისთვის საიდუმლო აღარ არის) იწვევს მასობრივ ემიგრაციას, ძირითადად - მოსახლეობის ყველაზე დინამიური, შრომისუნარიანი, ნიჭიერი და ზრდისუნარიანი ახალგაზრდობის სახით. (მონაცემები ემიგრანტთა რაოდენობის შესახებ მერყეობს 800 ათასსა და 1500 ათსს შორის). ამ პროცესის პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკის ე.წ. საკომანდო სიმაღლეების უცხოელებისთვის მიყიდვის პროცესი, რომელიც - თუ არსებული კურსი გაგრძელდა - დღიდან დღეზე ჩაითრევს ძირითად ეროვნულ სიმდიდრესაც - სასოფლო-სამეურნეო მიწას. ეს პროცესიც ქართველი საზოგადოების მეტ-ნაკლებად განათლებული ნაწილისათვის ცნობილია. მაგრამ თითქმის უცნობია მდგომარეობისა და პერსპექტივის მესამე შემადგენელი ნაწილი; საქმე ის გახლავთ, რომ ევროკავშირის დებულებით (საქართველო კი ევროკავშირში შესვლას, მრავალი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, აქტიურად ესწრაფვის და უნდა ესწრაფოდეს კიდეც) მუშახელის მოძრაობა კავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალია. მაშასადამე, თუ მოვლენებმა თავისი დღევანდელი კალაპოტით იდინა, მოხდება შემდეგი: უცხოელი მესაკუთრე თავის კუთვნილ საწარმოში მიიყვანს უცხოელ მუშა-ხელს (ზოგს - კვალიფიკაციის ეშხით, ზოგს - სიიაფის ეშხით, ზოგს - ენის ცოდნის ეშხით და ზოგს - იმ მარტივი მიზნით, რომ საკუთარ ქვეყანას უმუშევრობის პრობლემა შეუმსუბუქოს) და საქართველოში არსებული წარმოების მომუშავე ნაწილი (ხვნა-თესვისა და ძროხის წველის ჩათვლით) მთლიანად უცხოელთა ხელში იქნება. (ეკონომიკის ზეეროვნული წყობის ამგვარი მექანიზმები ცნობილია და მათზე აქ სიტყვას არ გავაგრძელებთ). იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ვერ მოხდეს, საქართველო ზემოხსენებულ ფაქტორთა მოქმედებას მომზადებული უნდა შეჰხვდეს. სხვა ფაქტორთა შორის მან უნდა იცოდეს მიგრაციის პროცესის მექანიზმებიც და ისიც, თუ როგორ ახერხებენ ან გეგმავენ თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფალნი ამ მექანიზმთა საშიში მხარეების განეიტრალებას, ერთის მხრივ, და მათი პოზიტიური მხარეების გამოყენებას, მეორეს მხრივ. მკითხველს ვთავაზობთ (შემჭიდროვებული სახით) ამ თემის მიმოხილვას ჟ. THE ECONOMIST-ის მიხედვით. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ბრიტანული ჟურნალი ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური, ობიექტური და ღრმად ანალიტიკური ჟურნალია მსოფლიოში, რომელიც პრობლემებს ყურადღების ზუსტად იმ დოზას უთმობს, რომელიც ეკუთვნის ამ უკანასკნელთა მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებაში. შევახსენებთ მკითხველს ვითარების ერთ მხარესაც, რომელსაც ჟურნალი არ ახსენებს, რადგან იგი დასავლელი მკითხველისთვის იმთავითვე ცნობილია, ქართველი მკითხველის წინაშე კი შესაძლოა, კომენტარს საჭიროებს. სახელდობრ, კითხვას "რატომ არის განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების მიერ ესოდენ ფართოდ დაშვებული, რომ მათ სახელმწიფოში მრავალმილიონიანი ემიგრაცია ხდებოდეს?", ნათელი პასუხი აქვს. ეს პასუხია: იმიტომ, რომ განვითარებულ ქვეყნებს დანარჩენი ქვეყნები ისევე სჭირდება, როგორც დანარჩენებს - ეს განვითარებული ქვეყნები. განვითარებად ქვეყნებს ვერ შეუშლით თანამედროვე მეცნიერებთან, ტექნიკასთან, პოლიტიკურ აზრთან მისვლას. ხოლო თუ მათ ახალ პოტენციალს გზა გადაუკეტეთ თქვენი ქვეყნისკენ, ეს შექმნის აფეთქების ისეთ მუხტს, რომელსაც მსოფლიო წესრიგი გადაჰყვება".
I. რა უყონ განვითარებულმა ქვეყნებმა იმიგრანტებს და იმიგრაციის მსურველებს?
ყველაზე საყურადღებო იდეა, რომელსაც ჟურნალი გვთავაზობს, ის გახლავთ, რომ იმიგრანტებთან დამოკიდებულების თემა ფართო საზოგადოებას არ უნდა მიეწოდებოდეს, მხოლოდ როგორც ამ უკანასკნელებზე მზრუნველობის თემა, რასაც, ბუნებრივია, დემოკრატიულ საზოგადოებაში გავრცელებული ჰუმანისტური ნორმები მოითხოვს. იგი უნდა მიეწოდებოდეს, ამასთანავე, როგორც თვით მასპინძელ ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე მზრუნველობის თემა, ანუ როგორც იმის განხილვა, თუ საკითხისადმი, რომელ მიდგომას რა "პლუსები" და "მინუსები" აქვს მასპინძელი ქვეყნისთვის და რატომ. ევროპის, შეერთებული შტატების, კანადისა და ავსტრალიის, აგრეთვე ზოგი სხვა ქვეყნების რეალობა ამ მხრივ შემდეგ სურათს გვიჩვენებს. მსოფლიოს ზოგი ქვეყნის პასპორტი - სახელდობრ, ბედნიერი და მდიდარი ქვეყნებისა - გაძლევთ იმის უფლებას, რომ გადაკვეთოთ სხვა მდიდარი და ბედნიერი ქვეყნების საზღვარი, ზოგისა კი - სახელდობრ, ღარიბი და ნაკლებ ბედნიერი ქვეყნებისა - გაიძულებთ, რომ ამ მიზნით თქვენი სიცოცხლე სასწორზე დადოთ და ჩუმად შეპარვა ცადოთ. შრომის ფასში განვითარებულსა და განვითარებად ქვეყნებს შორის უფრო დიდი განსხვავებაა, ვიდრე საქონლის ფასებში ამავე ქვეყნებს შორის (ეს განსხვავება კი, როგორც ცნობილია, ძალიან დიდია). ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მიგრაციის ლიბერალიზაცია (ანუ თავისუფალი გადაადგილების შემოღება უფრო დიდი სტიმული იქნებოდა დღეს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის, ვიდრე ვაჭრობის განთავისუფლება. ასეთია ერთი თვალსაზრისი და ეს გახლავთ პირველი მიზეზი, რომლის გამოც ევროპელებს ჰმართებთ, გადასინჯონ თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არაევროპელი იმიგრანტებისადმი, როცა ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ გამოსვლა ყველაზე მძლავრ და უტყუარ იარაღად ქცეულა ყველა ჯურის პოპულისტის ხელში. მეორე ის გახლავთ, რომ იმიგრაციის არსებობაც და მისი დიდი მასშტაბებიც გარდუვალია და მთავრობათა რაგინდარა ძალისხმევა, რომ იგი შეაჩერონ სასაზღვრო კონტროლით, იმთავითვე განწირულია დასამარცხებლად. კომპანიებს სჭირდებათ უცხო მუშები და სჭირდებათ თავისი პერსონალის გადაყვანა-გადმოყვანა ყველგან, სადაც საწარმოები აქვთ. მდიდარ ქვეყნებში იქმნება აუარებელი სამუშაო ადგილები, რომელსაც ადგილობრივები უკადრისობენ, როგორიცაა, მაგალითად, თევზის ფაცვრა და კაფეში მაგიდების გადაწმენდა. მიგრაციას ხელს უწყობს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის გაადვილება. ყოველივე ამის შედეგად ზოგი ევროპული ხელისუფლება იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ უმჯობესია ამ პროცესის რეგულირება სცადოთ და საზოგადოებას მისი ამ რეგულირების საჭიროება აუხსნათ მისივე ინტერესებიდან გამომდინარე. მესამე მიზეზი ის გახლავთ, რომ ემიგრანტები არც ისე მიუღებელნი არიან ყოფითი ყოველდღიურობის თვალსაზრისით, როგორც ამას მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის მასა განიცდის, განსაკუთრებით - ევროპელებისა (ამერიკელები, კანადელები, ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები, როგორც ემიგრანტი მოსახლეობის შთამომავალნი, ამ მხრივ უფრო შემწყნარებელნი არიან). მართალია, იმიგრანტებს თან მოაქვთ ახალი ზნე-ჩვეულებები, კერძები, შეხედულებები, ქცევა, უცხო ენა და ყოველივე ეს შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს. მაგრამ სამაგიეროდ ხომ აცოცხლებენ ისინი ფეხბურთის გუნდებს და მუსიკას, რაც მთავარია - ხომ უწყობს ხელს მათი გვერდით ყოფნა ადგილობრივთა თვითშემეცნებას, კონსოლიდაციას, თვითმობილიზაციას! ამერიკის 1,5 მილიონი მუსლიმანი საშუალოდ უფრო მდიდარი და უფრო განათლებულია ამერიკელზე (ისინი, ძირითადად, პოლიტიკური მოტივებით ემიგრირებული ელიტები არიან). მათი ერთგულება მათი რელიგიისადმი არ აიძულებს ადგილობრივებს, მათ ამაში მიჰბაძონ ან გაეჯიბრონ! განა ევროპის "სკლეროზირებად" მოსახლეობას არ სჭირდება გაახალგაზრდავება იმიგრანტთა შემოსვლით და განა იმიგრანტი ქალები არ ასწორებენ ადგილობრივთა იმ ნაკლოვანებას, რომ მდიდარი წრის ქალები ხშირად უკადრისობენ დედობას! გავითვალისწინოთ ისიც, რომ "ძალიან დახელოვნებულთა" ანუ ნიჭიერთა შემოყვანა სასარგებლოდ არის აღიარებული ყველა ქვეყნისთვის, ხოლო სრულებით დაუხელოვნებელთა შემოყვანა - მდიდარი ქვეყნებისათვის (მიზეზი ზემოთ უკვე აღვნიშნეთ). თუ ყოველივე ამას ვუხსნით ფართო მოსახლეობას, იგი მიემხრობა იმიგრაციის რეგულირების პოლიტიკას, მისი შიშველი შეზღუდვის ნაცვლად. ამ მოტივს ზედ ემატება უფრო "ტექნიკური" მოტივებიც: როცა იმიგრაცია ძალიან გაძნელებულია, ერთხელ შემოსული იმიგრანტი სამუდამოდ რჩება, ხოლო თუ იმიგრაცია გაადვილდება, ბევრი სამშობლოში დაბრუნდებიან ხოლმე.
II. რას აძლევენ ემიგრანტები თავის მიტოვებულ სამშობლოს?
ეს ურთიერთობა ორმაგია: ემიგრაციას მოგებაც მოაქვს და ზარალიც. მოგების ყველაზე მარტივი და ადვილად დასანახავი სახეა ფულადი გზავნილობები. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის გაცოცხლებაში მათი როლი ზოგჯერ ძალიან დიდია. უფრო რთული ფორმაა ის, რომ მაღალი კვალიფიკაციის პირთა გასვლა ათავისუფლებს მათ ადგილებს და სტიმულს აძლევს სხვებს, რომ სათანადო კვალიფიკაციებს დაეუფლონ. დიდი დანაკლისია ქვეყნისათვის კვალიფიციურ სპეციალისტთა გადინება - ე.წ. "ტვინის გაწოვა" - იმ შემთხვევაში, როცა ეს პროცესი გამოწვეულია არა კვალიფიცირებულ სპეციალისტთა სიჭარბით ამ ქვეყანაში, არამედ მხოლოდ უკეთეს პირობათა შემოთავაზებით. უმრავლეს შემთხვევაში ეს მართლაც ასე ხდება, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ პირიქითაცაა: მაგალითად, 2001 წელს აშშ-ში მილიონი ინდოელი ცხოვრებდა, რომელთაგანაც სამ მეოთხედს ჰქონდა ბაკალავრის საუნივერსიტეტო ხარისხი და ზევით. ყველაზე სასარგებლოა ქვეყნისათვის სპეციალისტთა გასვლა არა ემიგრაციის, არამედ წასვლა-მობრუნების წესით: მიდიან და კვალიფიკაციაამაღლებულნი ბრუნდებიან ან მუდმივ მონაწილეობენ თავისი, ქვეყნის პროფესიულ ცხოვრებაში საზღვარგარეთ მუშაობის პარალელურად. ურთიერთობის ასეთი ფორმა "ტვინის გაწოვა" კი აღარაა, არამედ "ტვინის ცირკულაცია". ჟურნალის მსჯელობას ამ თემაზე წითელ ხაზად გასდევს იმის კონსტატაცია, რომ ჩამოთვლილ "პლუსებს" სამშობლო ქვეყნის მთავრობის ზრუნვა სჭირდება. ჯერ ერთი, ქვეყანაში კორუფციას არ უნდა ჰქონდეს ისეთი ზომა, რომ გზავნილები იკარგებოდეს. მეორეც, მთავარობა უნდა ცდილობდეს საჭირო სპეციალისტების სტიმულირებას არწასასვლელად, შემდეგ - მოსაბრუნებლად ან სათანამშრომლოდ.
III. საით წავა იმიგრაციული პოლიტიკა მომავალში?
ბუნებრივია, რომ იმიგრაციული პოლიტიკა დაგეგმილი იქნება და ეს დაგეგმვა მოხდება იმ მეცნიერული ანალიზების მიხედვით, რომელთა ძირითად ხაზებსაც გვაცნობს ჟურნალი, პირველ ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ის დიდი ეკონომიკური ზრდა მუშახელის თავისუფალი გადაადგილების დაშვების შემთხვევაში (დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი წლიურად), რომელზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი, ეხება მსოფლიოს ეკონომიკას მის მთლიანობაში და არა ყოველ ცალკეულ ქვეყანას, პირველ ყოვლისა - მასპინძელ მდიდარ ქვეყანას. ამ უკანასკნელის შესახებ არსებობს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომისტის ფრიდმანის აზრი, რომ "საუბედუროდ, არ შეიძლება ერთდროულად გქონდეთ შეუზღუდავი იმიგრაცია და კეთილდღეობითი სახელმწიფო". დღეს, მართალია, იმიგრანტს, რომლის პროფესიულ მომზადებაშიც მასპინძელ სახელმწიფოს ხარჯი არ გაუღია, 10+-ით მეტს უხდის მას, ვიდრე მისგან იღებს სხვადასხვა ხარჯების სახით. მაგრამ შემდეგ ამგვარი უთანასწორობა გასწორდება იმ ხარჯების გამო, რომელსაც სახელმწიფო გაიღებს მისი ოჯახისათვის და მისი უზრუნველყოფისათვის სიბერეში, ასე რომ მისგან მიღებული ეკონომიკური მოგება ამ სახელმწიფოსათვის მცირე იქნება. გაუმართლებელია, ჟურნალის დასკვნით, ის იმედიც, რომ მოსახლეობის გაახალგაზრდავება, რომელიც იმიგრაციას მოსდევს, დიდი ხნით დაიცავს ევროპის ქვეყნების მოსახლეობას (რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში, კლებადია) ასაკობრივი სტრუქტურის ცვლისაგან, სახელდობრ, დაბერებისაგან, რომლის გამოც პენსიონერები სულ უფრო და უფრო მძიმე ტვირთად აწვებიან მომუშავეებს. მიგრაციის შედეგად პენსიების ეს ტვირთი, პროპორციულად, შემსუბუქდება, მაგრამ ცოტათი (ყველა ეს გათვლები აღწევს 2050 წლამდე). ამ მოგებას კიდევ უფრო ამცირებს ის, რომ დაუხელოვნებელი მუშახელის შემოყვანა დიდი რაოდენობით ამცირებს ეკონომიკურ სტიმულს შრომის მექანიზაციისა და ტექნოლოგიის ხარისხის ამაღლებისათვის. ვინაიდან განსხვავება ერთი და იმავე შრომის ანაზღაურებაში ღარიბ ქვეყნებსა და მდიდარ ქვეყნებს შორის უზარმაზარია, ემიგრაციის მსურველთა მოწოლაც უზარმაზარია. ვინაიდან მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობას იმიგრანტები აშკარად არ უნდა კულტურული ფონის (რელიგია, ენა, ზნე-ჩვეულებები და ა.შ.) განსხვავებულობის გამო. ეს ფაქტორიც უზარმაზარია, თუმცა ამ ქვეყანათა მოსახლეობას, ჟურნალის სიტყვით, მაინც მოუხდება ამ იმიგრაციის "გადაყლაპვა", როგორც ფაქტისა, ისევე როგორც მოუხდება გლობალიზაციის არაერთი სხვა არაპოპულარული მხარის "გადაყლაპვა". რა დასკვნები გამომდინარეობს ყოველივე თქმულიდან სამომავლოდ? ჟურნალის რეკომენდაციები - და, საფიქრებელია, მომავალი პოლიტიკის პერსპექტივაც - შემდეგია. 1. უნდა მოხდეს შრომის ბაზრის რეგულირება (ეკონომიკური ბერკეტებით) და არა იმიგრაციის შემცირება. ამით იმიგრაცია უნდა გახდეს ძირითადად ლეგალური. იმიგრანტს უნდა გადაჰხდეს გირაოდ თანხა, ცოტა უფრო დიდი იმაზე, რასაც მას არალეგალურად შემომყვანი დალალი ართმევს. მისი გადახდა უნდა მოხდეს წლების მანძილზე, და არა უცბად, და იგი უნდა დაუბრუნდეს მიგრანტს, როცა ქვეყნიდან წავა. 2. უნდა ხდებოდეს მიგრანტთა შორის შერჩევა როგორც დახელოვნების, ისე "კულტურული ფონის" მიხედვით (უპირატესობა უნდა მიეცეს ქრისტიანებს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან). 3. იმიგრაცია უნდა ხდებოდეს ორმხრივ ან მრავალმხრივ საფუძველზე მიღწეული შეთანხმებით მიგრანტთა სამშობლო ქვეყნებთან. უნდა შეიქმნას "თამაშის წესების დამდგენი" რაღაცა ცენტრალური ინსტრუქცია. როგორიცაა, მაგალითად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO). შეთანხმება უნდა ხდებოდეს მიგრაციის ქვოტებზე. იმიგრაციის პირობები, ამ წესების მიხედვით, ერთნაირი უნდა იყოს ყველა ქვეყნისათვის. 4. შეზღუდვები არ უნდა ეხებოდეს, ფაქტობრივად, ერთ სულ მოსახლეზე ერთნაირი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის მიგრაციას და უნდა ძლიერდებოდეს მათ შორის განსხვავების ხარისხის პროპორციულად. 5. მიგრაციას უნდა ჰქონდეს, ძირითადად, დროებითი ხასიათი: მიგრანტი ბოლოს თავის ქვეყანას უნდა უბრუნდებოდეს. ჟურნალი ფიქრობს, რომ XXI საუკუნე მიგრაციის მუხრუჭების ამშვები საუკუნე იქნება, - ისევე როგორც XX საუკუნე იყო ვაჭრობის მუხრუჭთა ამშვები. "იმიგრაცია ყოველთვის აზარტული თამაშია. მაგრამ როცა იგი სწორად მიდის, მისით ყველა იგებს". რედაქციისაგან. მკითხველებისთვის მიგვინდვია იმის წარმოდგენა, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს დღევანდელი მოსახლეობა 20 წლის შემდეგ და როგორი იქნება საქართველოს მაშინდელი მოსახლეობა, თუ პროცესები ისე გაგრძელდა, როგორც დღეს მიდის.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |