|
"საქართველო "
იზრაელის "დამცველი კედელი". რაა იგი?
როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთის მთავარი კონფლიქტის მოწესრიგების ამერიკული გეგმა "გზათა რუკა" მიღებული იქნება პრაქტიკულად. მხარეთა პრინციპული თანხმობა უკვე არსებობს. ამიტომ საინტერესოა, დავაზუსტოთ, რას წარმოადგენს დამცველი კედელი, რომელზედაც იზრაელი ამყარებს თავის იმედს, რომ თავი დაიცვას თვითმკვლელი არაბი ტერორისტებისაგან, რომლებიც თავს იფეთქებენ იზრაელის ხალხმრავალ ადგილებში. ჟ. THE ECONOMIS გვაცნობს მთელ რიგ დეტალებს. ეს კედელი არის მიწის ფართო ზოლი (ზოგან 100 მეტრამდე), რომელიც მოიცავს კედლებს, საპატრულო გზებს, ელექტრონულ "ღობეებს" და მიწის სანგრებს. მშენებლობა დაწყებულია შარშან. ზოლი ძალიან მიხვეულ-მოხვეულია იმ მიზნით, რომ მოიყოლოს, ებრაული დასახლებები იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რომელთაც არაბ კამიკაძეთა დარტყმა ემუქრებათ. ერთი, შედარებით სწორი ნაწილი - ის, რომელიც დასავლეთ ნაპირს ყოფს იზრაელისაგან - უკვე აშენებულია. დანარჩენი შენების პროცესშია. ჟურნალი ვარაუდობს, რომ ეს სწორედ ის ხაზია, რომელზედაც, იზრაელის აზრით, უნდა გაიაროს ამ სახელმწიფოსა და პალესტინის წელსვე შესაქმნელი დროებითი სახელმწიფოს საზღვარმა. როგორც ფიქრობს ჟურნალი, ამ ხაზის გავლებას ნაკლები შანსი აქვს, არაბთა თანხმობა მოიპოვოს, რადგან იგი ბევრგან ლახავს არაბული სოფლების ინტერესებს ებრაული სოფლების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით: ხაზში მოქცეულია, არაბთა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, სოფლებს ეკეტებათ გასასვლელი გზა თავისი სავარგულებისკენ, რის გამოც "ხუთი წუთის სავალს ხუთი საათი უნდა მოანდომონ შემოვლითი გზით" და ა.შ. მოსახლეობათა როდენობა, რომელსაც ეხება ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიწისათვის, ათიათასობით განიზომება (და არა ათასობით ან მილიონობით). ასე, მაგალითად, 6 ებრაული დასახლება, რომლის დასაცავადაც მშენებარე კედელი შეჭრილია არაბული დასახლების სიღრმეში ერთერთი გამრუდების ადგილას, 18 ათას სულს მოიცავს, არაბული სოფლების მოსახლეობა, რომელთაც გზა გადაეჭრათ თავისი ბაღ-ბოსტნებისაკენ - 20 ათას სულს და ა.შ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |