|
"საქართველო "
აშშ-ს შეიარაღებული ძალები და საქართველო: წერილი 3. აშშ შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია
აშშ შეიარაღებული ძალები ადმინისტრაციული ორგანიზაციის მიხედვით შედგება სამი სახეობისგან - სახმელეთო ჯარების (არმია), საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალებისგან. საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედის საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსიც, რომელსაც, მისი რიცხოვნებისა და აშშ-თვის დიდი მნიშვნელობის გამო, ხშირად ცალკე სახეობადაც გამოყოფენ ხოლმე. შეიარაღებული ძალების სახეობები შედგება ჯართა გვარეობებისა და სამსახურებისაგან. ჯართა გვარეობებს ეკისრებათ საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტა. სახმელეთო ჯარებში, მაგალითად, საბრძოლო ამოცანებს ასრულებენ ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, ქვეითი, სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი), საჰაერო-საიერიშო, საჰაერო-სადესანტო ჯარები, საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს - საარტილერიო, სადაზვერვო, რადიოელექტრონული ბრძოლის, კავშირგაბმულობის, ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო-მესანგრეთა, საზენიტო, რადიოსალოკაციო, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის და სხვა ჯარები. საარმიო ავიაცია შესაძლოა წყვეტდეს როგორც საბრძოლო (მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლა), ისე საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს (დესანტების გადასხმა, მებრძოლი მიწისზედა ჯარებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა, რადიოელექტრონული ბრძოლა, საჰაერო დაზვერვის წარმოება, საძიებო-სამაშველო მოქმედებების წარმოება და ა.შ.). ყველა ესენი მიეკუთვნებიან ჯართა გვარეობებს. სამსახურებში შედიან - სამედიცინო, მომარაგების, მომსახურების, სარემონტო, საფინანსო და სხვა. მიზნობრივი დანიშნულებისა და გადასაწყვეტი ამოცანების ხასიათის მიხედვით, აშშ შეიარაღებული ძალები იყოფა სტრატეგიულ (შეტევით და თავდაცვით) ძალებად, ზოგადი დანიშნულების ძალებად და ჯარებისა და რეზერვების სტრატეგიული გადასროლების ძალებად და საშუალებებად. სტრატეგიულ შეტევით ძალებში შედის საჰაერო ძალების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და სტრატეგიული ბომბდამშენი, სადაზვერვო და ჰაერში საწვავით გამწყობი ავიაციის ესკადრილიები და ავიაფრთები. აგრეთვე საზღვაო ძალების სტრატეგიული წყალქვეშა ნავები მათში განლაგებული ბალისტიკური რაკეტებით. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წლის შუახანებში აშშ შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 550 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ("მინითმენ-3" და MX "ფასქიფერი"), 208 მოქმედი სტრატეგიული ბომბადმშენი (B-1B, B-52H და B-2A), 83 სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი (U-2, SR-71, RC-135, E8 და E-9), 65 მართვის თვითმფრინავი (E-3, E-4 და Eჩ-135) და 615-მდე ჰაერში საწვავით გამწყობი თვითმფრინავი (Kჩ-135, Kჩ-10), აგრეთვე "ოჰაიოს" ტიპის 18 სტრატეგიული წყალქვეშა ნავი მათში განლაგებული 430-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტით ("თრაიდენთ D-5" და "თრაიდენთ ჩ-4"), პლიუს ერთი ყოფილი სტრატეგიული წყალქვეშა ნავი 32 ბალისტიკური რაკეტით "პოსეიდონ ჩ-3". ზოგადი დანიშნულების ძალებში შედის მთლიანად სახმელეთო ჯარები, აგრეთვე ტაქტიკური საჰაერო ძალები და საზღვაო ძალების უდიდესი ნაწილი. 2000 წლის შუახანებში სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა 20 საბრძოლო და 12 სასწავლო დივიზია, 17 ცალკეული საბრძოლო ბრიგადა, ოთხი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საარმიო ავიაციის ხუთი ცალკეული ბრიგადა, 32 ცალკეული საარტილერიო ბრიგადა (42 ლულიანი არტილერიისა და 11 ზერეაქციული სარაკეტო არტილერიის დივიზიონი), შორი მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსების "პეტრიოტების" ათი დივიზიონი, ახლო მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსების "ავენჯერი" ათი დივიზიონი, საარმიო ავიაციის 19 ცალკეული ბატალიონი, 37 ცალკეული საინჟირო ბატალიონი და სხვა ძალები. ტაქტიკური საჰაერო ძალების შემადგენლობაში იმავე 2000 წელს ნაჩვენები იყო დაახლოებით 30-მდე გამანადგურებელი, 70-მდე გამანადგურებელ-ბომბდამშენი, 15-ზე მეტი მოიერიშე, სამი სადაზვერვო, ორი რადიოელექტრონული ბრძოლის, შვიდი შორეული რადიოსალოკაციო აღმოჩენის, 50 სატრანსპორტო, 60-მდე გამწყობი ესკადრილია და სხვა ერთეულები. ისინი შეყვანილია საავიაციო ფრთებში, დივიზიებსა და საჰაერო არმიებში. ზოგადი დანიშნულების საზღვაო ძალებში შედის მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავები, ავიამზიდები, კრეისერები, საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები, ზღვაში სანაღო ომის წარმოებისა და სადესანტო-ამფიბიური ხომალდები, კატარღები, დამხმარე გემები, 11 საავიამზიდო საგემბანო ავიაფრთა (12 გამანადგურებელი, 24 გამანადგურებელი-ბომბდამშენი, 14 რადიოელექტრონული ბრძოლის, 12 საზღვაო სადაზვერვო, ათი ნავსაწინააღმდეგო ბრძოლის და სხვა ესკადრილიები), საზღვაო ქვეითი ჯარის ოთხი საექსპედიციო დივიზია, 23 გამანადგურებელი-მოიერიშე, შვიდი გამანადგურებელი, ოთხი რადიოელექტრონული ბრძოლის, შვიდი გამწყობი ესკადრილიები, დამრტყმელი, ზოგადი დანიშნულებისა და სატრანსპორტო ვერტმფრენების ერთეულები და ა.შ. მათ შეიარაღებაში 2000 წლის მონაცემებით, შედიოდა 8300-ზე მეტი საბრძოლო ტანკი M-1A1/A2 "აბრაამსი", 7110 ქვეითთა საბრძოლო მანქანა M-2/3, LAV, AAV-7A1, 7000-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 2430-მდე ბუქსირებადი და 2510-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა, 1075 ზალპური ცეცხლის რეაქციული სისტემა MLღშ, 900-ზე მეტი 120-მმ ნაღმსატყორცნი), პლიუს 930-ზე მეტი 81-მმ ნაღმსატყორცნი (ყველა 1075 MLRS დანადგარს შეუძლია ATAMSMCS ტიპის ოპერაციულ-ტაქტიკური რაკეტების გაშვებაც), 10 ათასამდე მძიმე და 21 ათასზე მეტი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 6785 ვერტმფრენი (მათგან 2045 შეიარაღებული AH-1S/T, AH-64A/D, AH-6/MH-6, OH-58D), 4990-მდე ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი, 1600-ზე მეტი მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ("პეტრიოტი", "ავენჯერი", "ლაინბეიქერი") და დიდი რაოდენობით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "ასთინგერი", 55 მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავი, 135 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (13 ავიამზიდი, 27 კრეისერი, 52 საესკადრო ნაღმსატყორცნი, 43 ფრეგატი), 42 ნაღმებზე მონადირე და ტრაილერი, 45 საზღვაო-სადესანტო ხომალდი, 220-ზე მეტი საპატრული და სადესანტო კატარღა და ა.შ. სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის მიხედვით აშშ შეიარაღებული ძალები იყოფა რეგულარულ ძალებად და მზადმყოფ (ორგანიზებულ) რეზერვად. ამ უკანასკნელში შედის ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებულ ძალთა სახეობების შენაერთები და ნაწილები. ეროვნული გვარდია გააჩნიათ მხოლოდ სახმელეთო ჯარებს და საჰაერო ძალებს, რეზერვი კი, ამათზე დამატებით, საზღვაო ძალებსაც (საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჩათვლით). 2000 წელს აშშ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში შედიოდა პირადი შემადგენლობის 1365800 ადამიანი, მზადმყოფ რეზერვში - 1181700, მათგან ეროვნულ გვარდიაში - 456600 და რეზერვში - 725100 ადამიანი. მათი განაწილება შეიარაღებულ ძალთა სახეობების მიხედვით ნაჩვენებია ცხრილში. თავად სახელიდანაც ჩანს, რომ რეგულარული შეიარაღებული ძალები ხასიათდება უფრო მაღალი მზადყოფნითა და ბრძოლისუნარიანობით მზადმყოფ რეზერვთან შედარებით. ამიტომ რეგულარულ ძალებში თავმოყრილია სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ის შენაერთები და ნაწილები, რომელთა გამოყენებასაც ამერიკული სარდლობა ვარაუდობს დაუყოვნებლივ კრიზისულ სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, ან რომელთა პირადი შემადგენლობის თავის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობაში დაოსტატებისა და რთული სამხედრო ტექნიკის ათვისებისთვის საჭიროა უფრო ინტენსიური მომზადება და ვარჯიშები. შესაბამისად, დღესდღეობით მზადმყოფი რეზერვის ყველაზე მეტი ხვედრითი წილი მოდის სახმელეთო ჯარებზე, სადაც იგი რიცხობრივად აღემატება რეგულარული არმიის პირად შემადგენლობას. ეს აიხსნება იმით, რომ ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპაში მსხვილმასშტაბიანი ომის საშიშროება მკვეთრად შემცირდა, ამიტომ უწინდელი რეგულარული დივიზიების ნაწილი ან გააუქმეს, ან კიდევ არმიის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში გადაიყვანეს. საჰაერო ძალებს და სამხედრო-საზღვაო ფლოტში რთული ტექნიკის მომსახურების პირობებიდან გამომდინარე, რეგულარული ძალები რიცხოვნებით დაახლოებით 2-ჯერ აღემატება მზადმყოფ რეზერვს. საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი აშშ ხელმძღვანელობისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიან ომში, არამედ ე.წ. "მესამე მსოფლიოს" ქვეყნების შინაურ საქმეებში ჩარევის მნიშვნელოვან იარაღს, ამიტომ ცივი ომის დასრულების შემდეგ მას თითქმის არ შეეხო შემცირების პროცესი - კვლავინდებურად ოთხი საექსპედიციო დივიზია, ხოლო რეგულარულ ძალებსა და მზადმყოფ რეზერვში პირადი შემადგენლობის 264800 ადამიანი ცივი ომის მიწურულის დროინდელი 282200-ის ნაცვლად. თავისთავად ცხადია, რომ საზღვაო ქვეითთა კორპუსშიც რეგულარული ძალები რიცხოვნებით თითქმის 2-ჯერ აღემატება მზადმყოფ რეზერვს. რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადება წარმოებს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათს ნახევარი დღე ეთმობა სპორტულ ღონისძიებებს ან შეიარაღებისა და ტექნიკის მომსახურებას, ხოლო შემდეგი დღენახევარი სამხედრო მოსამსახურეებს თავისუფალი დრო აქვთ. ეროვნული სამხედრო მოსამსახურეები კვირის განმავლობაში ცხოვრობენ თავიანთ სახლებში, მუშაობენ ან სწავლობენ სამოქალაქო დაწესებულებებში და მხოლოდ ერთ დღეს, უპირატესად შაბათს, გადიან ოთხსაათიან სამხედრო მომზადებას. გარდა ამისა, ზაფხულობით ისინი გადიან ორკვირიან საბანკო შეკრებებს. საბრძოლო მომზადების ასეთი სისტემის გამო ეროვნული გვარდიის შენაერთები, მაგალითად დივიზიები, რომელიმე თითო პუნქტში კი არაა დისლოცირებული, არამედ წვრილი ქვედანაყოფების - ასეულების, ოცეულების სახით გაშლილია ერთი ან ორი შტატის ტერიტორიაზე. ამიტომ ეროვნული გვარდიის ბატალიონებში, ბრიგადებსა და დივიზიებში ინდივიდუალურ ან მცირე ქვედანაყოფებში მოქმედებებთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს ქვედანაყოფების საბრძოლო შეთანხმება. ამ მაჩვენებლით და, შესაბამისად საბრძოლო მზადყოფნითა და ბრძოლისუნარიანობით ეროვნული გვარდიის დივიზიები და ცალკეული ბრიგადები მკვეთრად ჩამოუვარდებიან რეგულარული ჯარების შენაერთებსა და ნაწილებს. ცივი ომის პირველ ნახევარში "მეწინავე ბაზირების" სტრატეგიული კონცეფციიდან გამომდინარე, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში განლაგებული ამერიკული ჯარები შეადგენდნენ საბჭოთა კავშირის "შეკავების" პირველ სტრატეგიულ ეშელონს, აშშ კონტინენტურ ნაწილში დისლოცირებული რეგულარული შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები - გაძლიერების ჯარების პირველ ეშელონს, ხოლო ეროვნული გვარდიისა და რეზერვის ჯარები - გაძლიერების მეორე სტრატეგიულ ეშელონს. 1973 წლის შემდეგ აშშ შეიარაღებული ძალები გადავიდა ნებაყოფლობით კონტრაქტის საფუძველზე მოხალისეთაგან დაკომპლექტების პრინციპზე. ამის პარალელურად მზადმყოფი რეზერვის შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის მიხედვით რეგულარულ ჯარებთან დაახლოების მიზნით შემოიღეს "ერთიანი ძალების" კონცეფცია. მის თანახმად, კერძოდ, არმიის ეროვნულ გვარდიაში პროგრამა "ქეთსთოუნის" ფარგლებში დაიწყეს "რაუნდ-აუთ" და "ჩაუნდ-აფ" ცალკეული საბრძოლო ბრიგადების ჩამოყალიბება. ვთქვათ, რეგულარული სახმელეთო ჯარების დივიზიაში მშვიდობიანობის დროს სამის ნაცვლად შედიოდა ორი ბრიგადა. კრიზისულ სიტუაციებში მას სასწრაფოდ დააკომპლექტებდნენ სრულად ეროვნული გვარდიის "რაუნდ-აუთ" ტიპის ბრიგადით და გადაისროდნენ ოპერაციული დანიშნულების ადგილას. აშშ სახმელეთო ჯარებში 1991 წელს შედიოდა 26 დივიზია (ხუთი ჯავშანსატანკო, რვა მექანიზებული ქვეითი, ექვსი ქვეითი, ხუთი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერო-საიერიშო და საჰაერო-სადესანტო), 29 ცალკეული ბრიგადა (შვიდი ჯავშანსატანკო, ცხრა მექანიზებული ქვიეითი, ერთი მოტორიზებული ქვეითი, რვა ქვეითი, ოთხი მსუბუქი ქვეითი), საარმიო ავიაციის ცხრა ცალკეული ბრიგადა, 27 ცალკეული საარტილერიო ბრიგადა, ოპერაციულ-ტაქტიკური რაკეტა "ლანსების" შვიდი ცალკეული დივიზიონი, 34 ცალკეული საზენიტო სარაკეტო და საარტილერიო დივიზიონი, 14 ცალკეული საარტილერიო და 120-მდე ცალკეული საინჟინრო ბატალიონი. ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი დივიზიები მიეკუთვნება ე.წ. "მძიმე" დივიზიებს და წარმოადგენს ბრძოლის ველზე ძირითად დამრტყმელ ძალას. 13 მძიმე დივიზიიდან ცხრა 1990-იანი წლების დასაწყისში შედიოდა რეგულარული სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში, ოთხი - ეროვნული გვარდიისა, ხუთი მსუბუქი ქვეითი დივიზიიდან ოთხი ასევე შედიოდა რეგულარული ჯარების შემადგენლობაში, ასევე საჰაერო-საიერიშო და საჰაერო-სადესანტო დივიზიები. სამაგიეროდ ეროვნულ გვარდიაში იყო ქვეითი დივიზიების დიდი რაოდენობა - ექვსიდან ხუთი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეით ჯარებში პროფესიონალიზმის საჭირო დონის დაუფლებას არ სჭირდება ისეთი ინტენსიური სწავლებები და იმდენი დრო, რამდენიც სხვა ტიპის დივიზიებში. ამერიკული გამოცდილების საპირისპიროდ, როდესაც საქართველოში უპირატესად ქვეითი ჯარების მშენებლობაზე ლაპარაკობენ, აქვე საჭიროდ მიიჩნევენ, კონტრაქტით მომსახურე მოხალისე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ნაწილების შექმნას, როდესაც აშშ არმიის მზადმყოფ რეზერვში ამისთვის ცივი ომის პერიოდში კვირაში ოთხსაათიან სამხედრო მომზადებას ჯერდებოდნენ. ესეც საკმარისი არ იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ 1,5 წლით სავალდებულო სამსახურში გაწვევა და ამის ხარჯზე ჯარების რიცხოვნების გაზრდა ჩვენთვის უფრო ეფექტური იქნებოდა. მზადმყოფი რეზერვის 23 ცალკეული საბრძოლო ბრიგადიდან ექვსი იყო "რაუნდ-აუთ" დანიშნულების (ერთი ჯავშანსატანკო, სამი მექანიზებული ქვეითი და ორიც მსუბუქი ქვეითი). საჰაერო ძალების მთელი სტრატეგიული კომპონენტი ცივი ომის პერიოდში შედიოდა რეგულარულად შეიარაღებულ ძალებში. ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის 24 ფრთა (94 ავიაესკადრილია) შედიოდა რეგულარულ ძალებში, 23 ფრთა (92 ავიაესკადრილია) შედიოდა საჰაერო ძალების ეროვნულ გვარდიაში და 21 ფრთა (57 ესკადრილია) - საჰაერო ძალების რეზერვში. საერთო ჯამში, აშშ ტაქტიკურ საჰაერო ძალებში მოითვლებოდა 13 გამანადგურებელი, 66 გამანადგურებელ-ბომბდამშენი, 34 მოიერიშე, რვა სადაზვერვო ავიაესკადრილია და სხვა ძალები. რეგულარული საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიოდა 34 სტრატეგიული და 86 ტაქტიკური ატომური წყალქვეშა ნავი, 207 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი, 28 ტრილური, 65 მსხვილი სადესანტო ხომალდი, 13 საგემბანო საავიაციო ფრთა, ფლოტის რეხერვში კი - 18 წყალზედა საბრძოლო ხომელდი, 16 ტრაილერი, სამი სადესანტო ხომალდი, ხუთი საავიაციო ფრთა (ორი მოიერიშე, ორი საზღვაო სადაზვერვო და ერთიც სავერტმფრენო). საზღვაო ქვეითთა კორპუსში შედიოდა რეგულარული ჯარების სამი დივიზია და რეზერვის ერთი დივიზია, აგრეთვე სხვა ძალები. ცივი ომის დასრულების შემდეგ ჯარებისა და შეიარაღებათა შემცირების პარალელურად დაიწყეს მზადმყოფ რეზერვში რეგულარული ძალების ნაწილის გადაყვანა. 2000 წლის მონაცემებით, სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციის 14 ესკადრილიიდან სამი შედის მზადმყოფ რეზერვში, სახმელეთო ჯარებში ეროვნულ გვარდიაში გაზარდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიების ხვედრითი წილი (ხუთი "მძიმე" დივიზია 11-დან), საზღვაო ძალებში ერთი ავიამზიდი გადაიყვანეს რეზერვში ტაქტიკური ესკადრილია, საჰაერო ძალებში რეგულარულ კომპონენტში ნაჩვენები იყო 57 საბრძოლო ავიაესკადრილია, მზადმყოფ რეზერვში კი - 58. ცვლილებები არ შეხებია საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსს, რომელსაც აშშ სარდლობა აქტიურად იყენებს "მესამე მსოფლიოს" ქვეყნების შინაგან საქმეებში ჩასარევად და იქ კვლავინდებურად დატოვეს ოთხი საექსპედიციო დივიზია.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |