|
"საქართველო "
ფრთხილი ეჭვი - დღეს თითქმის რეალობა
ფრთხილმა, როგორც ყოველთვის, და ბრძენმა, როგორც ყოველთვის, THE ECONOMIST-მა გროზნოს 27 დეკემბერის ტერაქტისთანავე გამოაქვეყნა ძალიან მოკლე წერილი სათაურით "არაფერი ნორმალური" (რუბრიკაში "რუსეთი და ჩეჩნეთი"), სადაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში ბრძოლის ახალი, თვისობრივად განსხვავებული ეტაპი იწყება და ამავე დროს ფრთხილად (ძალიან ფრთხილად!) მიანიშნა, რომ შესაძლებელია ყველა ფაქტორი, მოქმედ პირთა ჩათვლით, ისე არ იყოს განლაგებული, როგორც ამას რუსული ოფიციალური ინფორმაციის მესვეურები ვარაუდობენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ის ჟურნალია, რომელმაც არაერთი პუბლიკაცია დაუთმო რუსეთის დიდ ტერაქტებში ჩეჩნების მონაწილეობის საკითხს (ყურადღება მივაქციოთ: საკითხს, და არა თემას!) და უკანასკნელად იმ პოზიციას დაადგა, რომ არავის შეუძლია დამტკიცება, მოსკოვისა და ვოლგოდონსკის უხვსისხლიანი აფეთქებები "ფე-ეს-ბეს" (რუსეთის უშიშროების სამსახურის) მოწყობილი არისო, და არავის შეუძლია დაამტკიცოს, მისი მოწყობილი არ არისო. დღეს ეს თემა, შეიძლება ითქვას, აქტუალიზებულია. ცისფერი ეკრანის მაცქერალნი, ზედიზედ ვხედავთ, რომ ჩეჩნეთის აფეთქებებმა სამხედრო ავტოკოლონების გზებიდან, თითქოს, ჩეჩნურსავე ადმინისტრაციულ შენობებთან გადაინაცვლა და მსხვერპლთა დიდი ნაწილი ჩეჩნური ეროვნებისავე ადამიანებმა (მათ შორის - ბავშვებმა) შეადგინეს. ხომ არ დევს ამ ცვლილებაში იმის გეგმა, რომ მავანსა და მავანს უჩვენონ, ხედავთ, ფარული ბომბებით ბრძოლის თქვენეული ტაქტიკა თქვენ ხალხს უფრო აზარალებს, ვიდრე ჩვენიო? მკითხველს ვაცნობთ ამ დღესდღეობით უკვე ისტორიის ნაწილად ქცეულ წერილს.
* * *
რუსეთი და ჩეჩნეთი: არაფერი ნორმალური - (რუსეთის დაჟინებული განცხადებები, ჩეჩნეთის დაწყნარება შემიძლიაო, უფრო ფუჭად ჟღერს, ვიდრე ოდესმე)
ჩეჩნეთის ერთადერთი ადგილი, სადაც რუსები თავს მშვიდად გრძნობდნენ, დღეს ნანგრევიღაა. იმ სამმა კაცმა, დინამიტით გატენილი ორი ავტომანქანა რომ გროზნოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში შეიყვანა 27 დეკემბერს, თავისი საქმე კეთილსინდისიერად შეასრულა. მოკლულთა რიცხვი ასს აღწევს. ისევე როგორც ოქტომბრის მძევალთა კრიზისი მოსკოვში, როცა 40-ზე მეტმა მძიმედ შეიარაღებულმა მეამბოხემ თავისი მანქანებით დედაქალაქი გაიარა მანამდე, სანამ თეატრს დაიკავებდა, ეს უკანასკნელი თავდასხმაც გვიჩვენებს, რომ რუსეთის ყველაზე ძლიერი ზომები უსაფრთხოების განსახორციელებლად ხშირად ფარსია. ჩეჩნეთის ერთ-ერთი მოხელის სიტყვით, თავდამსხმელნი საკონტროლო პუნქტებზე უჩვენებდნენ სამხედრო დოკუმენტებს ან კარგ ფალსიფიკაციებს, როცა რესპუბლიკის დედაქალაქისკენ მიდიოდნენ. ვერ იმუშავა რუსეთის უშიშროების ყველაზე ძირითადმა ზომამაც - გაწაფულმა თვალმა, რომელიც ადამიანს მის ეროვნებას (RACE) ატყობს: როგორც იტყობინებიან, ორს იმ სამთაგანს ღია ფერის თმა და სლავური ნაკვთები ჰქონდა. რომელმა სხვადასხვა მეამბოხე ჯგუფთაგანმა მოიმოქმედა ეს, ნათელი არ არის. მაგრამ ეს თავდასხმა მეტყველებს ცვლილებაზე ტაქტიკაში. მოსკოვის კრიზისამდე სეპარატისტები, არსებითად, პარტიზანულ ომს ეწეოდნენ. მოსკოვში მძევალთა ამყვანებმა განაცხადეს, მოწამეობისათვის მზად ვართო, მაგრამ ან დრო, ან გამბედაობა (CANRAGE) არ ეყოთ, რომ მძევლები და თავი აეფეთქებინათ მანამდე, სანამ სპეცრაზმი შენობას იერიშით აიღებდა და მათ დახოცავდა. გროზნოს აფეთქება იყო პირველი მკაციო და წარმატებული თვითმკვლელური აქტი 1994 წელს კონფლიქტის დაწყების დღიდან. ამან მთავრობას საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ, ხმამაღალი განცხადებები გაეკეთებინა იმის თაობაზე, რომ პარალელი არსებობს ჩეჩნეთის კამპანიასა და ამერიკელების ანტიტერორისტულ ომს შორის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა "ტერორისტებმა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ გვიჩვენეს, რომ ისინი მსოფლიოს ტერორისტული ინტერნაციონალის ერთ-ერთი დანაყოფი არიანო". უდავოა, რომ მუსლიმანურმა რადიკალიზმმა და ზოგმა მისმა მეთოდმა მართლაც შეაღწია მეამბოხე ჩეჩნებში. ალჟირში დაბადებულ მებრძოლებს, რომლებიც ერთი კვირის წინ დააკავეს საფრანგეთში, ბრალად დაედოთ რუსული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება საფრანგეთში ჩეჩნებისათვის მხარის დაჭერის მიზნით. მაგრამ არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ჩეჩნეთის სისხლიანი კონფლიქტი გასცდა ძალაუფლებისათვის ადგილობრივი ბრძოლის ფარგლებს ან რომ მისი კონტროლი გარეშეებმა აიღეს ხელთ. ყველა შემთხვევაში, ეს თავდასხმა დიდი დარტყმაა მოსკოვის იმედისათვის, რომ ჩეჩნეთში ნორმალურ მდგომარეობას შექმნის. წლეულს მთავრობა გეგმავს რეფერენდუმს ახალ (არასეპარატისტულ) კონსტიტუციაზე და რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს. იგი ხურავს ლტოლვილთა ბანაკებს ინგშუთში და აიძულებს მაცხოვრებლებს ჩეჩნეთში დაბრუნდნენ. გერმანიის ის შენობა ხელისუფლების საჯდომიც იყო და ჩეჩნეთის რეკონსტრუქციის სიმბოლოც. ყველანაირი ნორმალობა აქ ისეთივე არამკვიდრი (FLIMSY) იქნება, როგორც ახალი შტაბბინა, რომელიც ახლა ამ დაწესებულებისთვის კეთდება.
4.I.2003 წ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |