|
"საქართველო "
იუგოსლავია თუ ყოფილი იუგოსლავია?
რამდენიმე ათწლედის წინ ქართველ დისიდენტობაში გაოცებას იწვევდა დასავლეთში მოარული პროგნოზი: "მესამე მსოფლიო ომი თუ დაიწყება (მიაქციეთ ყურადღება "თუ"-ს!), იგი დაიწყება ან ბალკანეთში, ან კავკასიაში". დღეს ამ უკვე თითქმის ამხდარი წინასწარმეტყველების აზრი უკვე გასაგებია: პირველი ამოცანა იყო რუსეთის გავლენის მოცილება ბალკანეთიდან. ეს ამოცანაც წყდება. რუსეთი, როგორც ჩანს, ნამდვილ წინააღმდეგობას ვერც ამჯერად წევს და III მსოფლიო ომიც სხვა რეგიონისათვის და სხვა დროისათვის გადავადდება. მაგრამ ვაი ბალკანეთს და მის ყველაზე დიდ სახელმწიფოს იუგოსლავიას! საქართველოს, ცხადია, მაქსიმალური სიბრძნე და ძალისხმევა ჰმართებს, რათა მისი ხვედრი აიცილოს. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტებს ბალკანეთის სიტუაციის მიმოხილვიდან THEECONOMIST-ში, სადაც მკითხველს არაერთი მოვლენა ეცნობა. სერბიას და მონტენეგროს ("ჩერნოგორიას") - ამ ორადორ რესპუბლიკას, რომელიც იუგოსლავიაში დარჩა - გაუჭირდათ პრეზიდენტების არჩევა. ხალხი პასიურია, ვინაიდან მოვლენათა დღევანდელ მსვლელობაში აზრს ვერ ხედავს (I ანალოგია). სერბიასა და მონტენეგროში (სხვაგანაც) ბობოქრობს კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული (II ანალოგია). სერბია და მისი გამდგარი პროვინცია - კოსოვო როგორღაც "აგვარებენ", დასავლელ მზრუნველთა გულის გასახარად, თავის ურთიერთობებს, თუმცა იქ მაცხოვრებელი 1,8 მილიონი ალბანელი (თითქმის ყველა - II მსოფლიო ომის შემდეგ დასახლებული) დამოუკიდებლობას მოითხოვს, 100 ათასი იქ დარჩენილი სერბი თავის სიცოცხლეს დაჰკანკალებს და 250 ათასი სერბი ლტოლვილი შინ ვერ მისულა დახოცვის შიშით, თუმცა იქ რამდენიმე ქვეყნის "მემშვიდობეები" დგანან (III ანალოგია). მკვლელობა "სულ" თითებზე ჩამოსათვლელია. ორი ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა - კოშტუნიცა და ჯინჯიჩი - მხოლოდ მილოშევიჩის გადაგდების სურვილმა გააერთიანა. შემდეგ ერთმანეთის მოსისხლენი გახდნენ (დღეს ერთი მათგანი აღარაა). მათი ენერგიის დიდი ნაწილი ურთიერთბრძოლას მოუნდა (IV ანალოგია). სერბია და მონტენეგრო, კარგად თუ ავად, თანაარსებობენ, დასავლელთა გულმხურვალე მზრუნველობით, და რაღაცა გაურკვეველი და არაქმედითი ერთობლივი სახელმწიფოს გაფორმებაზე ფიქრობენ (რა თქმა უნდა, დროის ჭიმვით), ამ დროს კი გადამწყვეტი ნახტომისთვის ემზადებიან. ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით - სერბები ნამდვილად მყარი სახელმწიფოს შექმნისკენ, მონტენეგროელები - არსებული სუსტის დაშლისკენ (V ანალოგია). დასავლეთი კმაყოფილია (რა თქმა უნდა, მხოლოდ შედარებით, მაგრამ მაინც კმაყოფილია) მდგომარეობისა იმიტომ, რომ "სტაბილობამ" იმატა, სისხლი ნაკლებია, "რეფორმების" რაღაც ნიშან-წყალი ჩანს და ახალგაჩენილ ახალ სახელმწიფოთა თუ კუდმოკვეცილი ძველი სახელმწიფოს ლიდერები არ არიან წინააღმდეგნი, დროდადრო ერთობლივი (ირონიულად: "ოჯახური") ფოტოები გადაიღონ და, - თითქოს არაფერი მომხდარა - ნატოში მიღების ზრდილობიანი შეპირებებიც მოისმინონ (VI ანალოგია).
რედაქციისგან: მეშვიდე ანალოგიისგან - იმისგან, რომ ძველი იუგოსლავიის ადგილზე დღეს რამდენიმე ცალ-ცალკე სახელმწიფო არსებობს - ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ იგი დაგვიფარავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნარიანი, პატიოსანი, განათლებული და, - რაც მთავარია, - ერთგული ხელისუფლება ეყოლება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |