"საქართველო "
# 12 (1800)
17 - 30 ივნისი 2003 წელი

ბრიტანული ჟურნალი "ანტიამერიკანიზმის" შესახებ

ბრიტანეთის ძალიან, ძალიან სერიოზულ პრესას თავისი ამერიკელი მეგობრების მიმართ ერთგვარი კეთილმსურველური და ფრთხილი პედაგოგიკის კილო აქვს არჩეული: მიდით, მიდით, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, იმოქმედეთ გაბედულად, მაგრამ არ შეგეშალოთო. ბუნებრივია, რომ ამერიკელთა სამხედრო და სხვა სტრატეგიულ წარმატებათა კვალდაკვალ იზრდება ევროპელთა ფრთხილი დამოკიდებულებაც მათდამი, ვაი თუ ჩვენი მეგობრები მეტისმეტად გათამამდნენ ამ წარმატებათა შედეგად და ჩვენი ანგარიშგაწევაც დაავიწყდეთ და სიფრთხილეცო. ერაყის ომის წინა კვირებში THEECONOMIST-მა ეს პრობლემა კიდევ ერთხელ (ალბათ, არა შემთხვევით) გაიხსენა და მას საგანგებო წერილიც მიუძღვნა ქვესათაურით "ამერიკელთა კრიტიკა გარდუვალია და ჯანსაღიც კია - მაგრამ იგი ხელიდან ვერ უნდა გაგვექცეს".

ამერიკელთა კრიტიკას მრავალმხრივი და, ბუნებრივია, ურთიერთწინააღმდეგობრივი მიმართულებები აქვს. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის დაჟღარუნება საბაბი ხდება სამხრეთ კორეელთა დემონსტრაციისათვის შეერთებული შტატების, როგორც ჩრდილოელი დიქტატორის საამისოდ მაპროვოცირებლის, წინააღმდეგ. მეორეს მხრივ, არაბები ამერიკელებს ბრალად სდებენ მეტისმეტად რბილ მოპყრობას კორეელი დიქტატორისადმი, რომელიც არა ჰგავს მათსავე სიმკაცრეს არაბი დიქტატორის - სადამ ჰუსეინის - მიმართ. ზოგნი ამერიკელებს "უპრინციპობას" და ნავთობის ზედმეტად პრაგმატულ სიყვარულს უსაყვედურებენ, ზოგნი, პირიქით, პოლიტიკის ზედმეტ "იდეოლოგიზაციას", ზოგნი სიონიზმს და ზოგნი - მაკიაველიზმს. მაგრამ ჟურნალი ფიქრობს, რომ თუმცა ანტიამერიკანიზმი დღევანდელ მსოფლიოში ფართოა და ფართოვდება, იგი ღრმა არაა და არ გახდება. მისი ძირითადი მკვებავია ბუნებრივი ადამიანური შური წარმატებული ლიდერისადმი, მისი შემაფერხებელი ფაქტორებია ის, რომ ამერიკელებისთვის დღეს ძალაში მყოფი ღირებულებები ძალაშია სხვებისთვისაც (ყოველ შემთხვევაში, დასავლეთისთვის მაინც), ამერიკელების დღევანდელი კულტურა (ამ სიტყვის უფართოესი აზრით, რომელიც მოიცავს მთელ ცხოვრების წესს, მეცნიერულ-ტექნიკური დონის ჩათვლით) დღეს მოსწონს მთელ მსოფლიოს, ამერიკელების ბრძოლას ტერორიზმთან მსოფლიო სწორად თვლის და მსოფლიოს უდიდეს ნაწილს უხარია, რომ მსოფლიოში ეს ერთი სუპერძალაა მხოლოდ და არ არის სხვა. ანტიამერიკულად განწყობილი მოქალაქეები ყველგან უმცირესობას შეადგენენ. პრაქტიკული შედეგებიც სახეზეა: მას, არსებითად, ენდობიან, მისი 17 სამხედრო ბაზის არსებობას თავის ტერიტორიაზე ქვეყნები სიხარულით ურიგდებიან და, ძირითადად, "უნდათ იგივე, რაც ამერიკას უნდა".

ბუნებრივია კითხვა: ხომ არ შეიცვლება ეს ვითარება ამერიკელებისადმი დამოკიდებულების გაფუჭების მიმართულებით? ხომ ფაქტია, რომ ცივი ომის დროს ამერიკელები ხშირად უხეშად მოქმედებდნენ, კომუნიზმის მოგერიების მიზნით, და ხშირად მხარს უჭერდნენ დიქტატორებს! ეს სიტუაცია, ჟურნალის აზრით, დღეს დიდად შეცვლილია იმასთან შედარებით, რაც იყო 20-40 წლის წინათ. დღეს ამერიკელთა კონცენტრირებულია სწორედ დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე. ამიტომ დასმულ კითხვას, თითქოს, უარყოფითი პასუხი ეკუთვნის. მაგრამ, ჟურნალის აზრით, სიტუაცია არც ისე მარტივია და ადვილი. სახელდობრ, ამერიკელებისადმი დამოკიდებულებაში უარყოფით როლს თამაშობს ორი არც ისე მარტივი და ადვილი. სახელდობრ, ამერიკელებისადმი დამოკიდებულებაში უარყოფით როლს თამაშობს ორი დამატებითი ფაქტორიც: კულტურული და პოლიტიკური. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპელთა აზროვნებამ ამ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ევოლუცია განიცადა სეკულარიზაციისაკენ (ანუ რელიგიის სფეროში თავისუფალმოაზრეობისაკენ), ამერიკელებისამ კი პირიქით, ევროპულმა სულისკვეთებამ ტრადიციებისაგან დაშორების მიმართულებით იმოძრავა, ამერიკელებისამ - ტრადიციონალიზმის მიმართულებით, რის გამოც ევროპელებს არ აკმაყოფილებს ამერიკელთა მეტისმეტად გამარტივებული განსაზღვრა ღირებულებათა სისტემებისა და მათზე დამყარებული მიზანთსახვა. პოლიტიკურ სფეროში კი ოკეანგაღმელთა და გამოღმელთა განსხვავება იმ მხრივ იზრდება, რომ ამერიკელები უფრო დიდ აქცენტს აკეთებენ აქ პლურალიზმზე, აზრთა განსხვავებულობაზე თვით მმართველი ჯგუფის შიგნითაც კი, რაც ევროპელებს (უთუოდ, მათი უფრო დიდი მიდრეკილების გამო ჩაღრმავებულ აზროვნებისკენ, რედ.) აგრეთვე აღიზიანებს. თქმულიდან გამომდინარეობს, ჟურნალის აზრით, ის, რომ ამერიკელებს მეტი ყურადღება ჰმართებთ თავის მოკავშირეთა სულისკვეთებისადმი (ანდაზისა არ იყოს - NOBBESSEOBLIGE, კეთილშობილება გავალდებულებთ), რათა შროდერის მაგალითს სხვებმაც მიჰბაძონ და ამერიკელებისადმი ზომიერი დაპირისპირების მოტივი თავისი საარჩევნო კამპანიის ბერკეტად არ გამოიყენონ.

...

ამ დამყვავებელი კილოს მიღმა ციფრები, სხვა ობიექტური მონაცემები და სიღრმისეული ანალიზები დგას. ჟურნალი არც მათ ტოვებს უყურადღებოდ. აი (ძალიან მოკლედ) ეს მონაცემებიც.

ჟურნალისთვის უეჭველია, რომ ამა თუ იმ ერის (ქვეყნის, საზოგადოების) მიერ აღიარებულ ღირებულებათა სისტემას გადამწყვეტი გავლენა აქვს მის ქცევაზე, პოლიტიკურის ჩათვლით. უეჭველია ისიც, რომ ამერიკელები და ევროპელები ერთსა და იმავე ღირებულებებს თვლიან ძირითად ღირებულებებად (მაგ. "თავისუფლებას", "ადამიანის ადამიანურ უფლებებს" და "დემოკრატიას") და კამათსაც მათზე მართავენ. მაგრამ, ჟურნალის აზრით, საეჭვოა, რომ შესაძლებელი იყოს ერთი და იმავე ძირითადი ღირებულებების მაღიარებელ ქვეყნებს ესოდენ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ სამყაროზე და, სხვათა შორის, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზეც, ანუ ურთიერთობებზე ამერიკასა და დას. ევროპას შორის. საკიხის გასარკვევად და შედეგის დასაზუსტებლად ჟურნალი იმოწმებს რამდენსამე ფუნდამენტურ საანკეტო გამოკვლევას ამ თემაზე.

გერმანელთა 61+-ს, ფრანგთა 63+-ს და ბრიტანელთა 75+-ს აშშ მოსწონთ. 42 შესწავლილი ქვეყნიდან 35-ში მოსახლეობის უმრავლესობა ამავე აზრისაა. პროამერიკული განწყობილება 2000 წლის აქეთ ცოტ-ცოტათი შემცირებულია დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში. მაგრამ ამერიკელებისადმი "კეთილგანწყობის რეზერვუარი" ყველგან დიდია, რის გამოც ევროპის "ანტიამერიკანიზმზე" ლაპარაკი, ჟურნალის აზრით, ძალიან დიდი გაზვიადებაა. კითხვისას "რამდენ ქულას დაუწერდით ამა და ამ ქვეყანას ასი შესაძლებლიდან?", ექვსი ევროპული ქვეყანა ამერიკელებს უწერს 64-ს, ამერიკელები კი ევროპელებს 55-დან (გერმანიისთვის) 75-მდე (ბრიტანეთისთვის). ჯამში, მაინც ოკეანის გაღმელსა და გამოღმელ ჩვეულებრივ ადამიანებს ერთმანეთი მოსწონთ, ევროპელთა დიდი პროცენტი ეთანხმება ამერიკელების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ და ერაყს დიდ საშიშროებად თვლის (შესწავლა ჩატარებულია ომამდე), ყველა ევროპელს მოსწონს ამერიკული ტექნიკა, მეცნიერება და პოპულარული კულტურა. გაღმელ-გამოღმელებს ორივეს მოსწონთ თავისი შეიარაღებული ძალები, თანახმანი არიან მათი გამოყენებისა საზღვარგარეთ და მხარს უჭერენ საერთაშორისო ინსტიტუტებს, როგორიც გაეროა. თითქმის ყველა შესწავლილ ქვეყანაში უმრავლესობა ფიქრობს, რომ კარგია, აშშ-ს რომ დღეს მეტოქე არ ჰყავს (რუსეთიც კი ასე ფიქრობს).

თითქოს მოულოდნელია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამერიკელთა 80+-ს უნდა, საერთაშორისო ლიდერობა ევროკავშირმა აიღოს თავის თავზე, ხოლო ევროპელთა 60+ უნდა, იგი ამერიკელებმა იკისრონ (ეს ე.წ. - პასუხისმგებლობისგან გაქცევის" მოვლენაა, რედ.). კითხვას "თქვენს ქვეყნებს რა ასხვავებს ამერიკისაგან - სხვადასხვა ღირებულებათა აღიარება თუ სხვადასხვა პოლიტიკური კურსი?" ევროპელთა, სამხრეთამერიკელთა და მუსლიმანთა დიდი ნაწილი პასუხობს, "პოლიტიკა" - და ამით, თითქოს, იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ამერიკელთა და ევროპელთა ღირებულებები ერთი და იგივეა. ამერიკელების ხელისუფლებისათვის ეს ძალიან ხელსაყრელია, რადგან მისი იდეოლოგია ისაა, რომ იგი თავის პოლიტიკაში უნივერსალური ღირებულებების რეალიზაციისკენ მიისწრაფის. მაგრამ, ჟურნალის სიტყვით, ყველას ასე როდი ჰგონია. ჯერ ერთი, ამერიკის ყველაზე მეგობარ მუსლიმან ქვეყნებშიც კი ამერიკა არ უყვართ. მაგალითად, ეგვიპტეში მისდამი კეთილგანწყობილია ადამიანთა 6+, პირიქით კი 69+, იორდანიაში ეს რიცხვებია 25+ და 75+. ევროპაშიც კი გარკვეული "კულტურათა შეჯახების" ნიშნები ჩანს. ასე რომ არ იყოს, ანუ სულისკვეთებათა განსხვავება პოლიტიკურ კურსს რომ ეხებოდეს მართლაც და არა ღირებულებებს, მაშინ ევროპელებს ამერიკელები უფრო ეყვარებოდათ, ვიდრე ამერიკა, მაგრამ ეს ასეა მხოლოდ 14 ქვეყანაში 43 შესწავლილიდან. იმ ევროპელებშიც, რომელთაც ამერიკა მოსწონთ, ნახევარი (ბრიტანეთში) და სამი მეოთხედი (საფრანგეთში) ფიქრობს, რომ ამერიკულ იდეათა და ზნე-ჩვეულებათა გავრცელება ცუდია, დაწუნებულ იდეათა შორის არის ამერიკული წარმოდგენაც დემოკრატიაზე.

ჟურნალი იმოწმებს ბოლო ათწლეულების სოციოფსიქოლოგიურ კვლევებს, საიდანაც ჩანს, რომ ამერიკის მოსახლეობის ცნობიერებაში ტრადიციონალისტურ ღირებულებას (რელიგია, ოჯახი, სამშობლო...) ემტერება და უტევს, ძირითადად, "ცხოვრების ხარისხის" ღირებულებები, რომლებიც მით უფრო მწვავეა, რაც უფრო უჭირს ადამიანს და მის სოციალურ ფენას. ამ "შეტევას", ზოგადად დღეს მცირე შედეგები აქვს. ევროპაში (პირველ ყოვლისა, დასავლეთში) ამავე ღირებულებებს უტევს (და უკვე დიდი წარმატებები აქვს მოპოვებული) ე.წ. "თვითგამოხატვის ღირებულებები", რომლებიც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს უნდა თავისი ინდივიდუალური თვისებების, თავისი სპეციფიკის გამოხატვა (სხვადასხვა სახის გადახრების, მათ შორის - სექსუალურის ჩათვლით). ამ მხრივ, ჟურნალის აზრით, ბზარი ევროპულ და ამერიკულ სულისკვეთებას შორის ფართოვდება და მოსალოდნელია, მან მომავალში დიდი პოლიტიკური შედეგები განაპირობოს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com