|
"საქართველო "
"ისინიც მხარს უჭერენ ამერიკას"
კითხვას, "რას ურჩევთ ამერიკას?" მალაიზიელი თვალსაჩინო პოლიტიკოსი პასუხობს: "ვურჩევ მათ, დაგვიჭირონ მხარი. განავითარონ უფრო მჭიდრო მოკავშირეობა მალაიზიასთან". სინგაპურელი დიპლომატი ამბობს: "ჩვენ უყოყმანოდ პროამერიკულნი ვართ". "სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობისას მე გამაოცა იმან, - წერს ავტორი, - თუ რამდენად განსხვავდება აქაური რეაქცია ამერიკელების ძლიერების ზრდაზე ევროპელთა რეაქციისაგან. თვით ინდონეზიაშიც კი, ამ ტრადიციული ქსენოფობიური ნაციონალიზმის ქვეყანაში, განწყობილება სხვაა, ვიდრე რუსეთში ან საფრანგეთში". აზიის მეორეხარისხოვანი სახელმწიფოები შიშობენ, ამერიკელებს არ "შეეშალოთ" პოლიტიკაში და, ვთქვათ, ისლამთან გამოუსწორებელ დაპირისპირებაში არ მოექცნენ. იმ დროს, როცა დიდი ევროპელები, პირიქით, შიშობენ, ამერიკელების გაზრდილმა ძალამ ისინი მთლიანად არ გამოთიშოს "მსოფლიოს მოწყობის" ამოცანაში მონაწილეობიდან. ავტორი თვლის, რომ მომცრო ევროპელების დამოკიდებულება ამ თემისადმი დიდწილად იგივეა, რაც მომცრო აზიელებისა, და ამავე დროს ფრთხილად მიგვანიშნებს, რომ მომცრო აზიელები "თვალყურს ადევნებენ ჩინეთის აღზევებას", რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელთა ძალის ზრდა მათ ჩინეთისადმი საპირწონეს შექმნის თვალსაზრისითაც მოსწონთ. კითხვას, იზრდება თუ არა ისლამურ აღმოსავლეთ აზიაში ანტიამერიკანიზმი ამერიკელთა გაძლიერების გამო, იქაური პოლიტიკოსი პასუხობს, რომ იგი იზრდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმი ძლიერდება, არამედ იმიტომ, რომ თვით ფაქტი სხვისი ძალის ზრდისა ფსიქოლოგიურ შეშფოთებას ბადებს. ამ მხრივ, ავტორის აზრით, ამერიკული პოლიტიკის მგეგმავები ძალიან სათუთი და საპასუხისმგებლო არჩევანის წინაშე დგანან: ჰეგემონიის ფლობა ამერიკელების მიერ ფაქტია. ახლა კითხვა დგას, უკეთ როგორ გამოიყენონ ეს ჰეგემონია. ავტორის აზრით, ამერიკელების ჰეგემონიას მსოფლიო კიდევ კარგა ხანს არ გამოუჩნდება მეტოქე (ჩინეთის ფაქტორს, გარდა ზემოხსენებული ფრთხილი მინიშნებისა, იგი გვერდს უვლის). მისი აზრით, ამერიკელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იზრუნონ თავისი ძალის ლეგიტიმურ ხასიათზე, რადგან ჭეშმარიტი ძალის ნამდვილი წყარო სწორედ ეს უკანასკნელია.
აშშ კონგრესში უმრავლესობის მოპოვებით და გაეროში სასურველი რეზოლუციის გატანით, რომელმაც მნიშვნელოვანწილად გზა გაუხსნა ამერიკელებს ერაყში შეიარაღებული მოქმედების დასაწყებად, მნიშვნელოვნად გაზარდა რესპუბლიკური ადმინისტრაციის გავლენა ამერიკაში და ამერიკის გავლენა მსოფლიოში. ერაყში მოპოვებული შთამბეჭდავი სამხედრო წარმატების წყალობით ეს გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება. "საქართველოს" მკითხველმა იცის, რომ ეს პროცესი ყველას აღტაცებას არ იწვევს, კერძოდ, ევროპის არაერთი დიდი სახელმწიფო (ინგლისი მათ რიცხვში არაა) უკმაყოფილოა ამერიკელთა "ერთმხრივი" (ანუ მოკავშირეთა უგულებელმყოფელი) აქტიური პოლიტიკის გამო ღიად და თვით მისი განუხრელი გაძლიერების გამო - ფარულად. როგორია სხვა ქვეყნების პოზიცია ამ საკითხში? ისინი მხარს უჭერენ ამერიკულ პოლიტიკას ამ უკანასკნელის სწორედ იმ ნაწილითურთ, რომელიც დიდ ევროპელებს (ინგლისის გარდა) არ მოსწონთ, სახელდობრ, მისი "ერთმხრივობითურთ", და ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან მათ, ამ ევროპელთაგან განსხვავებით, ამერიკელთა გლობალურ გეოპოლიტიკურ წამოწყებებში მონაწილეობის პრეტენზია ვერ ექნებათ, და ამავე დროს ურჩევენ ამერიკელებს პოლიტიკა ისე წარმართონ, რომ სრულად გამოიყენონ მათი (ანუ ამ არაპირველხარისხოვანი ძალის მქონე სახელმწიფოების) ერთგულება და მხარდაჭერა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: ყველა ურჩევს ტრიუმფის გზით მავალ ახალ მსოფლიო ჰეგემონს, განსაკუთრებული ყურადღება მას მიაპყროს, რათა მისი პოტენციური ერთგულება გამოიყენოს და დაუფასოს. ქვემოთ მოვიყვანთ რამდენსამე დებულებას ახალგაზრდა ამერიკელი მუსლიმანის, წარმოშობით აზიელის წერილიდან ამ თემაზე, რომელიც ჟ. NEWS WEEK-ს აქვს გამოქვეყნებული სწორედ ერაყის ომის კვირაძალში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |