|
"საქართველო "
სამხედრო დახმარება კერძო კომპანიის ინტერესებში
საქართველოში "გაზპრომის" კუთვნილი გაზსადენის რუსეთიდან თურქეთში გატარების გეგმამ აქტუალური გახადა მუდამ დისკუსიის პროცესში მყოფი და ვერასოდეს საბოლოოდ ვერგადაწყვეტილი საკითხი იმის თაობაზე, თუ რა უფლება არსებობს და რა ალბათობა არსებობს იმისა, რომ დიდმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალით დახმარება აღმოუჩინოს თავის კერძო ფირმათა და კორპორაციათა საქმიანობას სხვა ქვეყნებში, სადაც მისი ეკონომიკური კომუნიკაციები გადის ან სხვა რამ კანონიერი ეკონომიკური ინტერესები დევს. მკითხველს გავაცნობთ (შემოკლებით) უკვე ძველ მასალას ამერიკელების ერთ-ერთ უკანასკნელ ამგვარ ოპერაციაზე (2002 წ) რომელიც გამოქვეყნებულია ჟ. NEWS WEEK-ში. შევახსენებთ მკითხველს, რომ რუსეთს ტრადიციად აქვს თავის აგრესიულ პოლიტიკაში გაათკეცებული ძალით გამოყენება ძალისმიერი ქვეყნების მიმართ. ასე, მაგალითად, ინგლისისა და საფრანგეთის სამხედრო აქციამ სუეცის არხის ზონაში 1956 წლის შემოდგომაზე რუსეთს საშუალება მისცა მასირებული სამხედრო დარტყმა მიეყენებინა საბჭოთა კავშირის ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი უნგრეთისათვის. "ეროვნული განთავისუფლების არმია" (EKN) კოლუმბიელი პარტიზანების სიდიდით მეორე დაჯგუფბაა და ამერიკული "ოქციდენტალ პეტროლეუმის" #1 მტრად ითვლება. იგი აცხადებს, რომ იბრძვის ღარიბი მუშებისა და გლეხების სახელით და მიზნად ისახავს ამ ამერიკულ კომპანიას დააბრუნებინოს იმ სიმდიდრის ნაწილი, რომელიც მან მიითვისა კოლუმბიური ნავთობის სახით. კომპანიის თავის მართლება სოციალური დაბანდების დიდი პროგრამა გვაქვსო, პარტიზანებს არ სჯერათ. მათი მოქმედების ტაქტიკაა შეტევა ნავთობსადენზე, რომელზედაც მათ უკვე 75 აფეთქება მოაწყეს (ზოგი წარმატებული და ზოგი წარუმატებელი). მათი მოქმედების შედეგად კომპანიამ იზარალა 75 მლნ. დოლარი ვერმიღებული მოგებების სახით. გარდა ამისა კოლუმბიის სახელმწიფო დაზარალდა 3 მლრდ. ბარელი ნავთობის დაქცევის შედეგად გარემოს გაფუჭებით და 430 მილიონი დოლარის მოსაკრებლების ვერმოკრებით. ამერიკელებმა ჩაიყვანეს კოლუმბიაში 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე კოლუმბიელთა შეიარაღებული ძალების ინსტრუქტირებისა და მომზადებისათვის, რათა ამ უკანასკნელებმა ნავთობსადენის დაცვა შეძლონ. ამერიკელების დაინტერესება სამხრეთ ამერიკის ნავთობით უზარმაზარია, ვინაიდან მათი იმპორტი არაბული ქვეყნებიდან სამხედრო გართულებების გამო მუდამ რისკის ქვეშ დგას. ეს ამოცანა რიგით მესამე სტრატეგიული ამოცანაა მათთვის, ტერორიზმთან ბრძოლისა და ნარკობიზნესთან ბრძოლის ამოცანების შემდეგ. არსებობს (რა თქმა უნდა!) ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად უფლებამოსილია აშშ ხელისუფლება და რამდენად მიზანშეწონილია, რომ მან გამოიყენოს გადასახადების გადამხდელთა სახსრები და ქვეყნის სამხედრო ძალა იმისთვის, რომ, "ოქციდენტად პეტროლეუმის" სახით, კერძო კომპანია დაიცვას. მაგრამ კომპანიის პასუხი ასეთია: "რაც კარგია ამ კომპანიისათვის, ის კარგია შეერთებული შტატებისთვისაც და კოლუმბიისთვისაც". "არაფერია ახალი იმაში, რომ ამერიკელი ჯარისკაცები თავს ხიფათში იგდებენ ამერიკული კომპანიის დასაცავად, რომელიც ალყაში იმყოფება უცხო ქვეყანაში. გასული საუკუნის დამდეგს საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდალი გენ. ბატლერი გაგზავნილი იყო კარიბის აუზისა და ცენტრალური ამერიკის რამდენსამე ქვეყანაში ამერიკული ფირმების დასახმარებლად. იგი შემდეგ თავისთავს ახასიათებდა, როგორც "მაღალი კლასის ძლიერ კაცს, რომელიც იცავს დიდ ბიზნესს, უოლ-სტრიტს და ბანკირებს". იგივე დინამიკა მუშაობს დღეს კოლუმბიაში. ლიბერალური აქტივისტები მას "კორპორაციული კეთილდღეობის" პოლიტიკას უწოდებენ, ხოლო ფირმის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ეს კოლუმბიის ხელისუფლების გადარჩენის ოპერაციააო. ასეა თუ ისეა, აშშ-ს შეიარაღებული ძალები ჩაბმულნი არიან ამ საქმეში".
რედაქციისაგან: ადვილი მისახვედრია, რა გამოყენებას მოუნახავენ ამ ეპიზოდს რუსეთის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები, რომლებიც საქართველოდან სულ რამდენიმე ათეული კმ-ის მანძილზე არიან განლაგებულნი და რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნებისმიერი სადენის ტრასაზე დივერსიის მოწყობა დღეს, სამწუხაროდ, თავისუფლად შეუძლიათ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |