"საქართველო "
# 12 (1800)
17 - 30 ივნისი 2003 წელი

რას ინახავს საიდუმლოდ ქუთაისის მერი?

მანანა ლობჯანიძე, ნანა ძველაია

წინასაარჩევნო ამპლიტუდამ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად თანდათან მოიმატა. ოპოზიცია, ვითომოპოზიცია და პოზიცია ერთნაირად იბრძვის გამარჯვების მოსაპოვებლად, თუმცა ბრძოლის ხერხები აშკარად სხვადასხვაა, ზოგი კანონიერი, წესიერი, ზოგიც ვითომ კანონიერი და... აკრძალული ილეთებით ბრძოლა კი, ალბათ, არჩევნების წინ, გადამწყვეტ ფაზაში, იწყება ხოლმე, როგორც წესი, როცა ხელისუფლება ზემოქმედების ყველა ბერკეტის გამოყენებას ერთიანად იწყებს. ყველა რეგიონი მეტ-ნაკლები ინტენსიურობით განიცდის ამ ზეწოლას. გამარჯვება ვის მხარეს იქნება, ამას ნოემბერი გვიჩვენებს, მანამდე კი მკითხველს ქუთაისის მერთან - ნუგზარ ფალიანთან ინტერვიუს შევთავაზებთ საარჩევნო და არასაარჩევნო საკითხებზე.

- ბატონო ნუგზარ, ქუთაისი ამ ცოტა ხნი წინ "ჩასაბნელებელი" ქალაქების შავ სიაში მოხვდა. თქვენ პრობლემის მოსაგვარებლად დაუყოვნებლივ ეწვიეთ თბილისს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიზანს ვერ მიაღწიეთ, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. დღეს როგორი ვითარებაა?

- დიახ, უკმაყოფილო ვარ, რადგან ყველა ენერგოკომპანია გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში გაერთიანდა, რომელიც თბილისში მდებარეობს. ახლა ამერიკელები შემოვიდნენ, მაგრამ სანუგეშოდ არაფერი შეცვლილა. გენერალურ დირექტორს ვესაუბრე. ჩამობრძანდა ქუთაისში. აქ გვქონდა დისკუსია. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ აუცილებელია, გამრიცხველიანება დაიწყოს, თანდათან კი ქალაქის ხელისუფლების თანადგომაც იქნება-მეთქი. საპასუხოდ მხოლოდ ის გვითხრეს, ქალაქი უნდა გამოირთოსო. საერთოდ, ქუთაისში არსებულმა ცენტრალური სადისტრიბუციო კომპანიის ფილიალმა უნდა უზრუნველყოს თანხის ამოღება, ქალაქის ხელმძღვანელობას ან მოსახლეობას რას ემართლებიან, გაუგებარია. ქალაქი გაუმრიცხველიანებელია და როცა აღრიცხვა არ არის, ძნელია თქმა, რა ხდება. ხალხს გული გატეხილი აქვს. მოსახლეობა გარკვეულ თანხას იხდის, მაგრამ ფული, ალბათ, არ მიდის იქ, სადაც საჭიროა.

- თქვენ, როგორც ქუთაისის მერი, რას აკეთებთ?

- აბსოლუტურად არაფერს. ზემოქმედებისათვის ბერკეტები არ გამაჩნია. ჩემი შესაძლებლობები, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. აღშფოთებული მოსახლეობა კი ისევ ჩვენგან ითხოვს პასუხს.

- სოციალური ფონი ქუთაისში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ალბათ, სხვა ქალაქებისგან და რაიონებისგან არ განსხვავდება. მარტო ელექტროენერგიის უქონლობაა ქუთაისლებისთვის პრობლემა?

- ელექტროენერგიის უქონლობა წყლის პრობლემას ქმნის. უკვე მესამე თვეა, მოსახლეობას 14 ლარიანი პენსიაც უგვიანდება, აღარ ვსაუბრობ გაყინულ პენსიებზე. რამე განსაკუთრებული კი აქ ნამდვილად არ ხდება.

- ქუთაისში არჩევნებისთვს მზადება, როგორც ჩანს, დიდი ხანია, დაწყებულია. თქვენ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტს შეხვდით და აღუთქვით, რომ ამ არჩევნებში მის გვერდით იდგებოდით. გამორიცხული არ არის, რომ ეს ნაბიჯი ზეწოლის გამო გადადგით, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგექმნებოდათ.

- ზეწოლა პრეზიდენტის მხრიდან არ ყოფილა. მერად ჩემი დანიშვნის საკითხზე ხელი არავის მოუწერია, არც პრეზიდენტს. ხალხმა ამირჩია და ერთადერთმა - ისევ ხალხმა შეიძლება გადამირჩიოს. რაც შეეხება ზეწოლას, ამისა ცოტა სხვებს ეშინოდეთ.

- მაინც ვის გულისხმობთ?

- ვინც დანიშნულნი არიან ამ თანამდებობაზე. მე კი პრობლემა არა მაქვს. ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე გადავდგი ეს ნაბიჯი და მინდა, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო.

- ალბათ, ამ მაქსიმალურ შედეგში ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის შექმნაც იგულისხმება, არა?! თუმცა იმას, რაც ჩვენ დამფუძნებელ სხდომაზე ვნახეთ, ვინც ნახავდა, უთუოდ იმედგაცრუება შეიპყრობდა. დაზუთხული ტექსტებით მოლაპარაკე სტუდენტები პატაკის ჩაბარების მომენტში მყოფ კომკავშირლებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე თავისუფალ ჟურნალისტებს. თავისთავად ნათელია, რომ ეს ყველაფერი არჩევნებისთვის გააკეთეთ და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო.

- ეს გინდაც არჩევნებისათვის შექმნილიყო, თავისთავად ცუდი არ არის. ერთადერთი მინუსი ის გახლავთ, რომ არჩევნები დამთავრდება და დაიშლებიან.

- ანუ აღიარებთ, რომ წინასწარ იცით მათი ბედი. არჩევნების შემდეგ დაშლით! არადა ასოციაციის პრეზენტაციაზე სხვაგვარად საუბრობდით. ახალგაზრდა ჟურნალისტებს ხანგრძლივი მოღვაწეობა უსურვეთ...

- არ დავშლით... არ უნდა დაიშალონ!

- პრეზენტაციაზე ახალგაზრდები ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდიდნენ. "ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს" - ანუ დღესავით ცხადია, რომ ეს ახალგაზრდები ადვილად მართვადნი იქნებიან!

- მერიისგან ფინანსური დახმარება არ ექნებათ. ჟურნალის გამოცემა უნდათ და შეიძლება მიზერული თანხით დავაფინანსოთ. მერე კი თვითონ გაიტანენ თავს. ისე, ახალგაზრდებისთვის დახმარება, მგონი, საპატიოა.

- თუ ეს უანგაროა და მათი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება არ ხდება, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ პირადად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყოველივე ეს პრეზიდენტისთვის მიცემული აღთქმის ერთი პატარა დეტალია მხოლოდ.

- არავითარი აღთქმა არ მიმიცია პრეზიდენტისათვის. მე რომ დროშა ავაფრიალო და ოპოზიციაში დავდგე, მოგეწონებათ? მეწარმე კაცის სახელით მოვედი აქ... კრიტიკა მოდაშია, საქმის კეთებაა რთული.

- თქვენ გგონიათ, რომ ოპოზიცია მხოლოდ მოდაა და მეტი არაფერი? ვინც დროშას აფრიალებს, მხოლოდ მოდის გამო აკეთებს ამას?

- არა, მოდის გამო არა. მე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვამბობ, როგორც ქალაქის მერი. მაგაზე დროს ვერ დავკარგავ.

- ე. ი. დარწმუნებული ხართ, ყველაფერი წყლისნაყვაა და მეტი არაფერი, ხელისუფლება მაინც ისე გააკეთებს ყველაფერს, როგორც უნდა და დროის დაკარგვა ტყუილად არ ღირს?

- არა... ქვეყანაში ოპოზიციაც უნდა იყოს და პოზიციაც. ყველამ თავისი გზა უნდა აირჩიოს.

- არჩევნების წინ რატომღაც ძალიან მოუხშირეთ თბილისურ ვოიაჟებს. არჩევნების ბედი კანცელარიაში წყდებაო, ამბობენ და...

- ჩემი ხშირი სტუმრობის მიზეზი არჩევნები სულაც არ არის. ქუთაისს არჩევნების გარდა სხვა პრობლემებიც აწუხებს, რომელიც თბილისში წყდება. რაც მთელს საქართველოს აწუხებს, იგივე აწუხებს ქუთაისსაც. მეც იგივე მდგომარეობაში ვარ, როგორც დანარჩენი მერები. მთელი ზემოქმედების ბერკეტები ცენტრშია წაღებული და მე მოსახლეობისთვის უბრალოდ მოპასუხე ვარ.

- აკი გეამაყებოდათ, არჩეული მერი ვარო?! მაინც რით განსხვავდება არჩეული მერი დანიშნულისაგან?

- არაფრით. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ცენტრიდან ვერ გაგათავისუფლებენ. შეგიძლია თავისუფლად იმოქმედო.

- არჩევნების წინ კიდევ ერთი სიახლე - მერების ასოციაციის შექმნა მოიფიქრეთ. ესეც ამომრჩევლის გულის მოსაგებად?

- ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ. ჩემი არჩევის შემდეგ გაჩნდა ეს იდეა. სხვათა შორის, მე მერების მსოფლიო ასოციაციის საბჭოს წევრი ვარ. ამ ასოციაციაში 2600 ქალაქის მერია გაერთიანებული. სამწუხაროდ, მათ შეკრებებზე ვერასდროს მოვახერხე წასვლა.

- იქ გაწევრიანება როგორღა მოახერხეთ?

- ჩემს აქ მოსვლამდე ესენი უკვე იყვნენ ასოციაციის წევრები. ეს უბრალოდ მიძინებული საკითხი იყო და მე წამოვწიე წინ. საბჭოს წევრობა კი ჩემს დროს მოხერხდა.

ამ ახალი ასოციაციის შექმნის იდეა კი ბატონი მერაბ ტყეშელაშვილისგან და ჩემგან მოდის. მალე შევიკრიბებით აქ გაწევრიანებული ქალაქის მერები და სამოქმედო პროგრამას შევიმუშავებთ.

- ბატონო ნუგზარ, მაინც რით მოგწონთ სახელისუფლებო ბლოკი?

- მე არა ვარ სახელისუფლებო ბლოკში.

- არა ხართ, მაგრამ საკუთარი ნებით (როგორც თქვენ ამბობთ) მხარს უჭერთ პრეზიდენტს, რომელიც ამ ბლოკს ლობირებს. თუ ერთი მოგწონთ, გამოდის მეორესაც უთანაგრძნობთ.

- მოდით, ეს საკითხი ღიად დავტოვოთ. ბლოკში არა ვარ.

- გავიგე, რომ ბლოკში არა ხართ, მაგრამ "ყოფნა-არყოფნა" საკითხავიც სწორედ ეგ არის. თუ ყველაფერს მათი ინტერესის მიხედვით გააკეთებთ, მგონი დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, სიაში სად იქნებით?!

- ახლა პოლიტისთვის არ მცალია, მოდით, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. მე უბრალოდ ჩემი პოზიცია გავაცხადე.

- ხელისუფლებაში ყოფნა პოლიტიკაში ყოფნას არ ნიშნავს, თქვენი აზრით?

- კი, ბატონო, მაგრამ არჩევნებში ჩაბმული არა ვარ. ხვალ რა იქნება, რომელ პარტიაში აღმოვჩნდები, წინასწარ ვერ გეტყვით.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com