|
"საქართველო "
ხელისუფლება ჯიუტი ბავშვივით ტალახში გორავს: სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ვიღაცას საკუთარი ჯიბისთვის უნდა... - ინტერვიუ რომან გოცირიძესთან მანანა ლობჯანიძე
- ბატონო რომან, როგორც ამბობენ, სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური ზრდის პროგრამა მოიწონა. წლების მანძილზე ამ მიმართულებით თითქმის არაფერი გაკეთებულა. უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა საიმედოს ვერაფერს ხედავს... - დღემდე ჩვენს მთავრობას არ გააჩნდა არავითარი პროგრამა, რომლითაც ეკონომიკას გაუძღვებოდა. ძირითადად ხელმძღვანელობდნენ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით, რომელიც არაა პროგრამული ხასიათის, არამედ ცალკეულ თემებს ეხება. ახლა ეს რეკომენდაციებიც ხან სრულდება და ხან არა. ქვეყანა პრაქტიკულად იალქნიანი ნავივით უმართავად იყო ზღვაში მიშვებული. ამის გამო მუდამ პრობლემები გვქონდა. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პროგრამა, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. საქმე იმაში არ გახლავთ, ეს დოკუმენტი კარგია თუ ცუდი. ბევრი რამ კარგია, არის ხარვეზებიც. მთავარია, შესრულდება თუ არა იგი. ადამიანისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნა მხოლოდ პროგრამაში ჩადებულ რიცხვებზე არ არის დამოკიდებული. გავა 6-7 თვე და უცებ დავინახავთ, რომ პროგრამის არც ერთი მუხლი არ იქნება არათუ შესრულებული, არამედ დაწყებულიც კი. როცა სავალუტო ფონდი ეუბნება, მილიონებს მოგცემთ და ორიოდე ნაბიჯი წინ გადადგითო და არ დგამს, ასეთ პირობებში რამ უნდა აიძულოს საქართველოს მთავრობა, განახორციელოს ის, რაც პროგრამაში დევს. ეს პროგრამა ფარატინა ქაღალდია მხოლოდ, რომელიც სჭირდებათ სავალუტო ფონდისთვის თავის მოსაწონებლად, რათა რაღაც დახმარებები გამოსტყუონ. - სავალუტო ფონდს ბოლო პერიოდში შვიდ ბრუნვაში აბრუნებენ ჩვენი ხელისუფალნი. პრეზიდენტი იმუქრება, გაეროს მოვახსენებ, თუ ისე არ მოიქცევიან, როგორც ჩვენ გვინდაო. შეიძლება, სავალუტო ფონდი ისე მოიქცეს, როგორც ჩვენ გვინდა? - ჩვენ თუ მოვიქცევით ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება, სავალუტო ფონდიც ასე მოიქცევა. სავალუტო ფონდი რასაც ჩვენ გვთხოვს, ნორმალური საზოგადოებისათვის შეიძლება დამამცირებელი იყოს. ამას მთავრობა ისედაც უნდა აკეთებდეს. დაახლოებით ისეთ მითითებებს გვაძლევენ, ბავშვს მეზობელმა რომ უთხრას: დილით უნდა დაიბანო პირი, ჭამის წინ - ხელებიო, ეს ბავშვი კი ჯიუტად ტალახში გორვას აგრძელებდეს. სავალუტო ფონდი ითხოვს, ბიუჯეტი იყოს დაბალანსებული, საქართველოს მთავრობამ შეძლოს შემოსავლების მობილიზება, დროულად იქნეს გაწეული ხარჯები და არ დააგროვოს მთავრობამ დამატებითი ვალები პენსიების სახით. სავალუტო ფონდი აგრეთვე ითხოვს, დაიწყეთ შემოწმება, რამდენად ობიექტურად ხდება სახელმწიფო საწარმოებიდან თანხების ბიუჯეტში შემოტანაო. იგი გვეუბნება, რომ რეგიონებიდან ბიუჯეტში ფული უნდა შემოვიდესო. რა არის აქ ისეთი, რისი შესრულებაც შეუძლებელია თუ ხელისუფლება მოინდომებს? რაც შეეხება გაეროს, პრეზიდენტს ეტყობა, წარმოდგენა არა აქვს, რა არის სავალუტო ფონდი. ამ უკანასკნელს არავითარი კავშირი არა აქვს გაეროსთან. სავალუტო ფონდი არის საფინანსო საერთაშორისო ორგანიზაცია, ხოლო გაერო პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაცია. გაეროს სავალუტო ფონდზე არანაირი ზეწოლის მოხდენა არ შეუძლია. კომიკურად ჟღერდა პრეზიდენტის ეს გამონათქვამი. რაც არაკომპეტენტურობის შედეგი იყო და რაც არაერთგზის მომხდარა აქამდეც. - სავალუტო ფონდი საქართველოსთვის დამღუპველ რეკომენდაციებს იძლევაო, არაერთხელ გაჟღერებულა ზედა ეშელონებში. მაინც ახლა რას ითხოვს სავალუტო ფონდი ისეთს, რომ ხელისუფლებაში ახლაღა შენიშნეს მისი "თავიდან მოცილების" აუცილებლობა"?! - სავალუტო ფონდზე მსგავს განცხადებებს აკეთებენ ისინი, ვინც ისევე არაკომპეტენტურია, როგორც პრეზიდენტი და უფრო მეტიც, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ. სავალუტო ფონდის რეკომენდაციები არის სასარგებლო ხალხისთვის, ხოლო ვისაც ეს არ მოსწონს, ეს რეკომენდაციები უნდათ საკუთარი ჯიბისთვის და პირადი ბიზნესისთვის. - მაინც რას ითხოვს ასეთს სავალუტო ფონდი, რამაც ხელისუფლება მის დათხოვნაზე აალაპარაკა? - შავი ფულის გათეთრების შესახებ კანონი მიიღეთო, გვითხრეს. როგორც იქნა, მიიღო პარლამენტმა, დანარჩენი კი არაფერი შეასრულეს... ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა არ მომხდარა. სავალუტო ფონდი რომ გვეუბნება, საბიუჯეტო ვალები არ უნდა დაგროვდეს, ანუ დროულად დაარიგეთ პენსია და ხელფასებიო, რა არის ამ რეკომენდაციაში ცუდი ან მიუღებელი? ხშირ შემთხვევაში მთავრობა ასრულებს მათ მოთხოვნებს, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებით, ვინაიდან ეშინიათ დახმარებების შეწყვეტის. საქართველოს მთავრობას, ეს იქნება თუ შეიცვლება, ამ რეკომენდაციების შესრულება მაინც მოუწევს, რადგან ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. რატომ ვაგვიანებთ იმის გაკეთებას, რაც დღესაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს? - რას მოგვიტანს სავალუტო ფონდის დათხოვნა საქართველოდან და წავა თუ არა ხელისუფლება ამ რისკზე? - სავალუტო ფონდის დათხოვნა გამოიწვევს საქართველოს სრულ იზოლაციას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მაგრამ მე არა მგონია, რომ ეს მოხდება. ამგვარი რამ არ მომხდარა არსად ბოლო წლებში, გარდა ბელორუსიისა. - ჩვენს ხელისუფლებას ვალები მაშინ ახსენდება, როცა მის გადახდის კონკრეტული თარიღი ახლოვდება და ბეწვის ხიდზე იწყებს გავლას. პარიზის კლუბის ვალების ირგვლივ ჯერ არ ხმაურობენ... - იმიტომ, რომ ელოდებიან, რა რეკომენდაციებს დატოვებს სავალუტო ფონდის მისია. მალე გამოჩნდება, სავალუტო ფონდი გაგვიწევს დახმარებას პარიზის კლუბში თუ არა. მთავრობას იმედი აქვს, რომ პროგრამა არ აღდგება, მაგრამ პარიზის კლუბში მაინც არ დაგვტოვებენ ობლად. თუმცა სავალუტო ფონდის მხრიდან პროგრამის აღდგენის გარეშე ძნელია ასეთი დახმარების მიღება. ჩვენ თუ ვალები არ გადაგვივადდა და არ დაგვეხმარა სავალუტო ფონდი, მომავალ წელს ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან ბიუჯეტიდან მთელი თანხები წავა ვალებში. ამას ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობას ბიუჯეტი ვერ უძლებს და ძალიან მიკვირს, ხალხი როგორ უძლებს ამ მთავრობას. - სავალუტო ფონდი დენის ტარიფის გაზრდასაც ითხოვს. მოსახლეობას ამაზე დიდი ტარიფის გადახდის შესაძლებლობა რომ არა აქვს, დღესავით ნათელია. ამ შემთხვევაში ხალხზე ვინ ზრუნავს? - მომატებული ტარიფი როცა იყო, სხვაობა მომატებულსა და ძველ ტარიფს შორის უნდა დაეფარა მთავრობას, საკუთარი განცხადების თანახმად. შემდეგ რაღაც მაქინაციებით საკონსტიტუციო სასამართლოში მათ ხელი შეუწყვეს ლეიბორისტებს და ტარიფი "შემცირდა". მოსახლეობა დღეს იმდენს იხდის, რაც ადრევე უნდა გადაეხადა. სინამდვილეში მთავრობის გადასახდელი თანხები შემცირდა იმ სხვაობის სახით, რაც ძველსა და ახალ ტარიფს შორის არსებობდა. ამ ეშმაკობას მიუხვდათ სავალუტო ფონდი და მოითხოვა ტარიფის აღდგენა. თუკი ეს არ მოხდება, მაშინ ენგურჰესის რემონტისათვის თანხებს ვერ მივიღებთ. თუ ენგურჰესი არ გარემონტდება, შუქი არ გვექნება. რომელი ჯობია, ტარიფის აღდგენა თუ შუქის არქონა? - გამოდის ხელისუფლება ლეიბორისტებს გაურიგდა და... - ვერ გეტყვით, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებამ ელემენტარული რამ ვერ გათვალა. მათ ტარიფის აღდგენა მაინც მოუწევთ და თანაც უარეს ვითარებაში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |