"საქართველო "
# 13 (1801)
1 - 13 ივლისი 2003 წ

სიახლეები ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში

მკითხველმა იცის, რომ ბრიტანული პრესა ცდილობს ხოლმე, გადაკრული, თავაზიანი და ძალიან ფრთხილი შეგონებებით გავლენა მოახდინოს მეგობარი ამერიკის პოლიტიკის მიმოხრაზე ამა თუ იმ რთულ ვითარებაში. THE ECONOMIST-ის მსჯელობა ამერიკული პოლიტიკური ელიტის ზედაფენის შემადგენლობაზე და მისი პოლიტიკის ნუანსებზე ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს.

უმცროსი ბუშის გარშემო შემოკრებულია დაახლოებით 20 სულისგან შემდგარი ჯგუფი, რომელნიც თავს "ნეოკონსერვატორებს" უწოდებენ. ისინი ინტერესის ცენტრში მოექცნენ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, გავლენა განსაკუთრებით გაუძლიერდათ ერაყის დამარცხების შემდეგ. ახლა მსოფლიო სუნთქვაშეკრული შეჰყურებს, "რა აქვთ გუნებაში ამის შემდეგო?", მაგ. "სირიაზე დარტყმას ხომ არ აპირებენო?". ზოგი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამ ჯგუფს კისრით ჰყავს დაჭერილი, პრეზიდენტი კი მკლავამოტრიალებული უჭირავთო. არის აზრიც, რომ ამ (ძირითადად, ებრაულ) ჯგუფს აშშ საგარეო პოლიტიკა უკვე ხელთგდებული აქვს და საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებას უპირებს.

ჟურნალი კითხვას სვამს: "მაშ გამოდის, რომ შეთქმულთა ჯგუფი მართავს მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას? ერევიან სხვა ქვეყანათა შინაურ საქმეებში, ქმნიან იმპერიას, თელავენ საერთაშორისო სამართალს და ფეხებზე ჰკიდიათ შედეგები?". პასუხია: არც მთლად ასეა. ვრცელ წერილში ჟურნალი ამ პასუხს ასაბუთებს კიდეც და აკონკრეტებს კიდეც. სახელდობრ, გამოარჩევს იმას, რაც ამერიკულ პოლიტიკაში ძირითადია და რაზეც მცირე ჯგუფი გავლენას ვერ მოახდენს. გადმოვცემთ ამ მსჯელობის შინაარსს, ვინიდან მის გაუთვალისწინებლად ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს ამერიკელების პოლიტიკის და მსოფლიო განვითარების სწორ პროგნოზირებას უახლოესი წლებისათვის.

ნეო-კონთა (ასეთი გახლავთ ნეოკონსერვატორთა სახელის შემოკლება) პოზიცია ამერიკაში დღეს თითქმის საყოველთაოდ გაზიარებულია (გამონაკლისია, ჟურნალის სიტყვით, სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი). ეს პოზიციაა: ამერიკამ ინტენსიურად უნდა გამოიყენოს დღეს თავისი ძალა და მსოფლიო გარდაქმნას. მას ემხრობა პრეზიდენტის "ინსტინქტიც" და ფართოდ გავრცელებული სულისკვეთებაც. "ნეო-კონები" წარმოიშვნენ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, როგორც დემოკრატებისგან გამოყოფილი პატარა ფრაქცია, რომელიც ამ უკანასკნელებს სწორედ ამ ზემოდასახელებული მიზნის ვერდასახვისა და არდასახვისათვის გმობდა. როგორც ჩანს, ამ მიზნის აღიარება, წეღან რომ ვახსენეთ, ძალთა რეალური განვითარების და, შესაბამისად, ამერიკელთა სულისკვთების ამავე მიმართულებით განვითარების ნაყოფია და არაა დამოკიდებული იმაზე, "ნეო-კონთა" ეს ჯგუფი იდგომება ამერიკის საგარეო პოლიტიკის სათავეში თუ არ იდგომება.

ეს პატარა ჯგუფი თითქმის მთლიანად შედგება უნივერსიტეტის პროფესორებისაგან (ასეთთა რიცხვს ეკუთვნის თავდაცვის მდივნის რამსფელდის მოადგილე ვოლფოვიციც), ან იურისტებისაგან. მისი შედარებით ახალი წევრები არიან დიკ ჩეინი (ყოფილი თავდაცვის მდივანი ანუ მინისტრი, რომელმაც ერაყის პირველი ომის შემდეგ მხარი დაუჭირა სადამ ჰუსეინის დატოვებას ერაყის სათავეში) და კონდოლეცა რაისი.

ნეო-კონთა პოლიტიკური იდეოლოგია და სტრატეგია ემყარება ზემოხსენებულ მიზანს და მდგომარეობს შემდეგში:

ამერიკა დღეს იმ ამოცანის წინაშე დგას, რომ "ერთპოლუსიანი მსოფლიოს" საქმეს გაუძღვეს. მსოფლიო მთლიანად კეთილი და ბოროტი ელემენტებისაგან შედგება. ამერიკამ სამხედრო ძალა უნდა გამოიყენოს, რათა დათრგუნოს ქაოსის ძალები. საჭიროა ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიული გარდაქმნა (ამ უკანასკნელ აზრს ბუშის ადმინისტრაციის დიდი ნაწილი არ იზიარებს). ამ ჯგუფს, ჟურნალის სიტყვით, "ახასიათებს ენერგიული სტილი. მორალური სიცხადე მათ ურჩევნიათ დიპლომატიურ ნიუანსებს და დაპირისპირება - თანდათანობითი უპირატესობების მოპოვებას. ისინი სკეპტიკურად უყურებენ მრავალმხრივ ინსტიტუტებს, რომლებიც ზღუდავენ ამერიკელთა ძალას და ეფექტიანობას. მათ ურჩევნიათ ყურადღების კონცენტრაცია ახალ საშიშროებებსა და შესაძლებლობებზე, ვიდრე ძველ კავშირებზე" (შევნიშნოთ ფრჩხილებში: სწორედ ამიტომაა, მათ რომ დიდი სიმპათია არა აქვთ რომის კონვენციისადმი, რომელშიც საქართველოს წევრობის რატიფიკაცია პარლამენტის მიერ დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლო ამოცანაა). მათთვის - ისევე, როგორც ამერიკული კონსერვატიზმისათვის საერთოდ და რესპუბლიკური პარტიისათვის კერძოდ - დამახასიათებელია თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გადატანა (თანდათანობით) ევროპაში მდებარე და ევროპაზე ორიენტირებული ამოცანებიდან დასავლურისკენ, სახელდობრ, თავისი ურთიერთობებისკენ აზიასთან, ლათინურ ამერიკასთან და შუა აზიასთან, როგორც ეს სჩვეოდათ ბარი გოლდუოტერს და რონალდ რეიგანს. ტრადიციული რესპუბლიკელები, როგორნიც არიან რამსფელდი და ჩეინი, ჯერ კიდევ 12 წლის წინ მოითხოვდნენ სახელმწიფოს მიერ იმ პოზიციის დაკავებას, რომ მისაღებია "წინმსწრები დარტყმების" მიყენების კონცეფცია, და მიაჩნდათ, რომ თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს და გაიზარდოს მანამდე, სანამ ამერიკელთა სამხედრო ძალა არ იქნება იმგვარი, რომ არანაირი "გამოწვევა" მის მიმართ ძალაში აღარ იყოს. ორივე ეს იდეა დღესდღეობით შესულია შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სტრატეგიაში.

ნეო-კონთა უეცარი გაძლიერება მოჰყვა 11 სექტემბრის ტერაქტს. მიზეზი, ჟურნალის სიტყვით, შემდეგია: ეს ჯგუფი განსაკუთრებით უტრიალებდა ახლო აღმოსავლეთის პრობლემტიკას და "წინმსწრები დარტყმების" დაკანონების იდეას, რომელთაც კონსერვატორები, ზოგადად, საკმაოდ გულგრილად ეკიდებოდნენ. ამგვარად, ბუშს ახალშექმნილ ვითარებაზე ადექვატური რეაგირებისათვის სხვა რამ მომზადებული გეგმა და კონცეფცია, გარდა ნეო-კონების ხელთ არსებულისა, არ აღმოაჩნდა. იგივე იყო ტერორისტთა ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნის საშიშროების თემის ბედი: ნეო-კონებისათვის იგიც ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო და ბუშის იდეოლოგიურსა და სტრატეგიულ არსენალში მათ ეს წვლილიც შეიტანეს. გადაწყვეტილება სადამ ჰუსეინის დამხობის შესახებ (რომელიც მიღებულ იქნა სადღაც სექტემბერსა და მარტს შორის) საგარეო პოლიტიკის პრინციპთა ამ გადახალისების შედეგი იყო, ისევე როგორც ბუშის ფრთიანი გამოთქმა "ბოროტების ღერძი ქვეყნების" (ერაყი, ირანი, კორეა) თაობაზე, რომელიც, ჟურნალის სიტყვით, ადვილად შეიძლებოდა ყოფილიყო "ნეო-კონთა" რომელსამე საანბანო სახელმძღვანელოში.

ნეო-კონები - საერთო აზრის თამამი გამომთქმელები

ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ ცვლილებები ბუშის პოლიტიკაში გამოწვეულია ტერაქტით და მასთან დაკავშირებული გამოწვევით, და არა ნეო-კონთა გავლენით. ამ პოლიტიკას "მხარს უჭერს მთავრობის თითქმის ყველა დონე, კონგრესის ჩათვლით (გამონაკლისია მხოლოდ სახ. დეპარტამენტი და შეიარაღებულ ძალთა დღეს მომსახურე ოფიცრები). ეს ახალი პოლიტიკა განსაზღვრულია თვით პრეზიდენტის მიერ. ნეო-კონთა ჯგუფია დამოკიდებული ბუშზე, და არა პირიქით".

"ვინც არ უნდა აყალიბებდეს ამერიკულ პოლიტიკას, ეს უკანასკნელი, კრიტიკოსთა სიტყვით, მტრულია (ზოგი) ევროპელის ინტერესების მიმართ, საერთაშორისო სამართლის, მრავალმხრივი ინსტიტუტებისა და ტრადიციული კავშირების მიმართ. აგრდა ამისა, თუ ამ პოლიტიკას გეგმავს ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც "ნეო-კონები" მხოლოდ პირველნი არიან თანასწორთა შორის, მაშინ კითხვის ქვეშ დგება თვით (დასავლური) კოალიციის სტაბილობა და ის, ხომ არ გაჩნდება მალე ბზარები ნეო-კონებსა და დანარჩენებს (იგულისხმება: ამერიკის დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს) შორის".

"უთანხმოებები ამერიკის საგარეო პოლიტიკის თაობაზე უმთავრესად საშუალებებსა და ხარჯებს ეხება, და არა მიზნებს. მიზნები ერთია". ნეო-კონთა მიზნებს, - ერაყის განთავისუფლებას, ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის გავრცელებას და მასობრივი იარაღის გავრცელების რადიკალურ აღკვეთას - ამერიკაში ვერავინ შეეკამათება და არავინ ეკამათება. ძველი ხელშეკრულებებისათვის ამერიკელების მიერ ზურგის შექცევის ტალღა მანამდე დაიწყო, სანამ ნეო-კონთა გაძლიერება მოხდებოდა. ესენი, უბრალოდ, უფრო დაუნდობელნი არიან ამ მრავალმხრივ კავშირთა მიმართ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი პოზიცია პრაგმატულია და არა ევროპელთა მიმართ მტრული. მათი მთავარი რისხვა ეხება გაეროს და ეუთოს. ერთადერთი, რაშიც ნეო-კონები მართლა მტრულად შეიძლება იყონ დაპირისპირებულნი ევროპელებისადმი, არის იზრაელ-პალესტინელთა საკითხი. აქ ნეო-კონებს მკვეთრი პროიზრაელური პოზიცია უჭირავთ. ისინი წინააღმდეგნი არიან "გზათა რუკისა", როგორც შეთანხმების გეგმისა, რადგან შიშობენ, რომ ეს საშიშროებას შეუქმნის იზრაელის უშიშროებას. მაგრამ, მეორე მხრივ, თვით ის ფაქტი, რომ ამერიკელების ხელისუფლებისაგან ეს გეგმა მოდის, მათი გავლენისუნარიანობის შეზღუდულ ხასიათზე მეტყველებას. საპირისპირო მიმართულებით - ანუ არაბების სასარგებლო მიმართულებით და იზრაელის ინტერესთა ერთგვარი შეზღუდვის მიმართულებით - ბუშზე, ჟურნალის აზრით, ზემოქმედებენ სახელმწიფო დეპარტამენტი (კოლინ პაუელი), ეროვნული უშიშროების საბჭო და ტონი ბლეირი.

ნეო-კონთა გავლენის ბედი უახლოეს მომავალში

კარგია თუ ცუდია ბუშზე ამ ურთიერთგანსხვავებულ ზემოქმედებათა არსებობა ამერიკისათვის და მსოფლიოსთვის? ჟურნალის აზრით, კარგია, რადგან იგი ნეო-კონთა წარმოსახვის ფრენას აზომიერებს (ზომიერება კი, იგულისხმება, ყოველთის კარგია), ცუდია იმდენად, რამდენადაც მან შეიძლება პოლიტიკის არათანმიმდევრულობა გამოიწვიოს.

რა მომავალი აქვს ნეო-კონთა ესოდენ დიდ გავლენას? ჟურნალის აზრით, მათი ზოგი სურვილი ახდება, ზოგი - ვერა. სირიაში ომი მათ არ უნდათ, ზეწოლა კი უნდათ (იზრაელის ინტერესებში) და ეს სურვილი არ დაავიწყდებათ, როგორც დაავიწყდათ ავღანეთის თემა. მაგრამ შეიძლება ხელი შეეშალოთ სხვა კრიტიკულ წერტილთა გაჩენის და ყურადღების გადატანის გამო, კიდევ უფრო - იმ ხელმოჭერილობის გამო, რომლითაც კონგრესი შეიძლება შეჰხვდეს მათი პროგრამების დაფინანსების საკითხს. ანალოგიური დაბრკოლებები შეიძლება შეჰხვდეს მათს სურვილს, დიდხანს დატოვონ საზღვარგარეთ ამერიკული სამხედრო ნაწილები, რასაც ძალიან მძლავრად ეწინააღმდეგება დღეს სამსახურში მყოფი ოფიცრობა. თვით ბუშმა, რომლისთვისაც, ჟურნალის სიტყვით, "მთავარი საზრუნავია ხელმეორე არჩევა", შეიძლება ყურადღება სულ სხვაგან, კერძოდ, ეკონომიკურ თემებზე გადაიტანოს, რომლებიც არჩევნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com