"საქართველო "
# 13 (1801)
1 - 13 ივლისი 2003 წ

აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო

წერილი 4. აშშ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება

ისტორიულად აშშ შეიარაღებული ძალები მშვიდობიანობის დროს ყოველთვის მცირერიცხოვანი იყო და მას აკომპლექტებდნენ მოხალისეებით. მაგრამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის (1861-1865 წლები), აგრეთვე პირველი და მეორე მსოფლიო ომების მსვლელობისას დღის წესრიგში დგებოდა მრავალრიცხოვანი ჯარების ჩამოყალიბებისა და, შესაბამისად, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი მამაკაცების სავალდებულო გაწვევის პრინციპი.

კორეის ომის (1951-1953) დასრულების შემდეგ აშშ კონგრესმა დაუთმო პრეზიდენტ ტრუმენის ადმინისტრაციის მოთხოვნას, უარი თქვა ამერიკის ტრადიციულ იზოლაციონალისტურ პოლიტიკაზე და გადაწყვიტა აქტიურად ჩარეულიყო მსოფლიოს საქმეებში. შესაბამისად ქვეყანას დასჭირდა უკვე მშვიდობიანობის დროს მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების შენახვა, რისთვისაც აუცილებელი იყო საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის ამოქმედება. მაგალითად, სახმელეთო ჯარებში ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა ორ წელიწადს და ამის შემდეგ, კიდევ ხუთი წლის განმავლობაში დემობილიზებული ახალგაზრდა ირიცხებოდა პირველი რიგის რეზერვში. ასეთი სისტემის წყალობით საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა შეძლებდა მცირე ვადებში 6-8 მლნ ადამიანის მობილიზებას.

საყოველთაო სამხედრო ვალდებულების გარდა ქვეყანაში კვლავინდებურად მოქმედებდა მოხალისეობის პრინციპი, მაგრამ მხოლოდ ამ უკანასკნელთა რიცხვი სრულებით არ იყო საკმარისი შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. პოტენციურად, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის გარდა ამერიკულ ჯარებს უწევდათ მონაწილეობა ძირითადად "მესამე მსოფლიოს" ქვეყნებში გაჩაღებულ ლოკალურ ომებსა და კონფლიქტებში, რომელთაგან ყველაზე უფრო გაჭიანურებული და მსხვერპლის მომტანი ომი ვიეტნამში (1962-1973) ამერიკულ საზოგადოებაში სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა. ჯარებში დაეცა სამხედრო დისციპლინა, გაძლიერდა სხვადასხვა უარყოფითი მოვლენები. ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა საშუალებით თავს არიდებდა სამხედრო სამსახურს. 1971 წელს, მაგალითად, აშშ სახმელეთო ჯარების რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობა მოხალისეებით დაკომპლექტებული იყო სულ 15+-ით, ხოლო 85+-ს შეადგენდნენ სამხედრო სამსახურში გაწვეულები. ცნობილმა მოკრივემ მუჰამედ ალიმ უარი თქვა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და ციხეში ჩაჯდომა ამჯობინა, კინომსახიობი და მომღერალი ჯეინ ფონდა ჩრდილოეთ ვიეტნამში ჩადიოდა და იქ ამერიკის წინააღმდეგ მებრძოლებს კონცერტებს უმართავდა. თავად ამერიკაშიც ძლიერი იყო ანტისაომარი მოძრაობა, განსაკუთრებით სტუდენტებში, რაც ხშირად პოლიციასთან და ჯარებთან შეტაკებებით მთავრდებოდა.

ასეთ პირობებში აშშ ადმინისტრაციამ პენტაგონის სპეციალისტებს დაავალა შეესწავლათ დიდი ბრიტანეთისა და კანადის გამოცდილება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოხალისეთაგან დაკომპლექტების უზრუნველსაყოფად. 1973 წლის 1 ივლისიდან აშშ შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება დაიწყეს უპირატესად მოხალისეებით, თუმცა არც საყოველთაო სამხედრო ვალდებულება გაუუქმებიათ, არამედ იგი მშვიდობიანობის დროს მხოლოდ დააკონსერვეს და შემცირებული სახით დატოვეს შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები ომიანობის შემთხვევაში საყოველთაო სამხედრო ვალდებულების ფართო მასშტაბებით ასამოქმედებლად. ამავე მიზნით, მაგალითად, აშშ სახმელეთო ჯარებში რეგულარული არმიისა და ეროვნული გვარდიის საბრძოლო დივიზიების და ცალკეული ბრიგადების გარდა არმიის რეზერვში შედის 12 სასწავლო დივიზია, სწორედ ომიანობის დროს გაწვეული სამხედროვალდებულების მოსამზადებლად.

თავდაპირველად აშშ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ახალ სისტემაზე გადასვლა საკმაოდ მტკივნეულად მიდიოდა და ჩამოყალიბებული სახე მან მხოლოდ ათი-თორმეტი წლის შემდეგ მიიღო - 1980-იანი წლების შუახანებში. პირველ წლებში ამერიკის თეთრკანიანი ახალგაზრდობა და განსაკუთრებით მისი განათლებული ნაწილი თავს არიდებდა სამხედრო სამსახურს. ამის საპირისპიროდ, გაიზარდა ჯარებში ფერადკანიანი მოხალისეების ნაკადი, ვინაიდან პენტაგონი მათ ჰპირდებოდა თეთრკანიანებთან თანაბარ შესაძლებლობებს. მაგრამ ამ კონტინგენტში შედარებით დაბალი იყო განათლებისა და გონებრივი განვითარების დონე. ამის გამო ფერადკანიან მოხალისეებს უშვებდნენ ძირითადად ქვეით ჯარებში, სადაც შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის დაუფლებას განათლების მაღალი დონე არ სჭირდებოდა, ან სხვა ნაკლებკვალიფიციურ სამსახურებში. მაგრამ ვინაიდან ქვეითი ჯარი ტრადიციულად ომებში ყველაზე მეტ ზარალს განიცდის, ამიტომ პენტაგონის ასეთმა პოლიტიკამ დიდი პროტესტი გამოიწვია აშშ შავკანიან მოსახლეობაში, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათ შვილებსა და ძმებს შეგნებულად უშვებდნენ არმიაში საზარბაზნე ხორცად. მართლაც, თუ კი აშშ მოსახლეობაში ზანგები და მულატები შეადგენენ 12+-ს, 1970-იან წლებში ქვეითი ჯარების რიგით და სერჟანტთა შემადგენლობაში მათი ხვედრითი წილი 35-40+-ს უტოლდებოდა.

იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისედ მისული რიგითები და სერჟანტები კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ტოვებდნენ სამხედრო სამსახურს. მოხალისეთა ნაკლებობისა და დაბალ ხარისხობრივ დონეს კადრების დენადობის პრობლემაც ემატებოდა. მაგრამ 1980-იანი წლების დასაწყისიდან პენტაგონის ხელმძღვანელობამ დაიწყო ქმედითი ღონისძიებების გატარება აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. მათგან პირველ რიგში აღსანიშნავია მაღალი ფულადი ანაზღაურება, რომლის მონაცემებიც (თვიური ხელფასები) 1989 წლის მდგომარეობით მოყვანილია 1-ლ ცხრილში. (ცხრილი 1)

სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორიები

როგორც ვხედავთ, ფულადი ანაზღაურება იზრდება ნამსახურების წლებისა და წოდების მიხედვით, თანაც მოცემულ წოდებაში გარკვეული ვადით ნამსახურების შემდეგ ხელფასის მატება წყდება, თუკი რიგითი ან სერჟანტი თავად არ მოისურვებს კვალიფიკაციის ამაღლებას და უფრო მაღალი წოდების (კატეგორიის) მიღებას. რიგით შემადგენლობას აქვს უფასო კვება და ფორმის ტანსაცმელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფასოდ მოგზაურობის შესაძლებლობა, თუკი ისინი აირჩევენ სამსახურს ამერიკულ ბაზებში ქვეყნის გარეთ. უმუშევრობა მათ არ ემუქრებათ, თანაც სამხედრო სამსახურში იძენენ ისეთ პროფესიებსაც, რომლებიც შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებაშიც შესაძლოა გამოადგეთ. სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნის გამო რიგით სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი თითქმის მთლიანად ენახებათ და სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მათ უგროვდებათ გარკვეული თანხა საკუთარი საქმის დასაწყებად ან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ. თუკი რეგულარული შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა გადაწყვეტს უნივერსიტეტში ან კოლეჯში სწავლას, მაშინ პენტაგონი უნაზღაურებს მას ორი-სამი წლით სწავლის გადასახადს. სამხედრო სამსახურის გაგრძელების მსურველებს უდებენ ახალ კონტრაქტებს განსაზღვრული ვადით.

გარდა ამისა, აშშ თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს რეკლამაზე სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების მისაზიდად, რიგით და სერჟანტთა შემადგენლობის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარებაზე და ა. შ. ყოველივე ამის შედეგად 1986 ფინანსურ წელში ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის შენახვაზე საშუალოდ დაიხარჯა 140 ათასი დოლარი, მაშინ, როდესაც საფრანგეთში იხარჯებოდა 80 ათასი, გფრ-ში - 60 ათასი და დიდ ბრიტანეთში - 50 ათასი ამერიკული დოლარი.

აღნიშნული ღონისძიებებისა და ფინანსური ასიგნებების შედეგად 1985 წლისთვის აშშ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპელექტებამ მიიღო ჩამოყალიბებული და სტაბილური სახე. თავიდან შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროები და თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავენ მიმდინარე წელს შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს პირადი შემადგენლობით შევსებაში და ადგენენ გეგმებს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს შეიარაღებულ ძალებში მოხალისეთა დაქირავების პუნქტები, რომლებშიც კანდიდატების მიღებას გამოცდილი სერჟანტები აწარმოებენ მთელი წლის განმავლობაში. ახალბედა მოხალისეებს ღებულობენ 17-35 წლის ასაკის ფარგლებში. მათ უტარებენ სამედიცინო შემოწმებას და საკვალიფიკაციო გამოცდებს. პირველით ამოწმებენ მოხალისეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეორით - გონებრივი განვითარების დონეს.

სამედიცინო შემოწმების შედეგად კანდიდატებს ყოფენ სამ კატეგორიად: A - ვარგისია შეზღუდვების გარეშე, B - ვარგისია უმნიშვნელო შეზღუდვებით და ჩ - შეზღუდულად ვარგისია. მშვიდობიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში მიჰყავთ მხოლოდ A და B კატეგორიის მოხალისეები. გონებრივი განვითარების დონეს ამოწმებენ 100-ბალიანი სისტემით და კანდიდატებს ყოფენ ხუთ კატეგორიად, რომელთაგან თითოეულს ქულების გარკვეული რაოდენობა შეესაბამება. უკანასკნელი მეხუთე კატეგორიის (9-0 ქულა) მოხალისეებიც ასევე არ მიჰყავთ სამხედრო სამსახურში.

ყოველ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას შეესაბამება ფიზიკური და გონებრივი განვითარების აუცილებელი მინიმუმი. თუკი მოხალისეები არჩეული სპეციალობით მინიმუმ ქულებს ვერ დააგროვებენ, მათ შესაძლოა შესთავაზონ სამსახური სხვა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით ან ერთი წლის ვადით გადაუწიონ არჩეული სპეციალობით ჩარიცხვა.

კონტრაქტს ჩვეულებრივ დებენ ექვსი წლის ვადით, რომელთაგან მოხალისემ ნაწილი შეიძლება იმსახუროს რეგულარულ ძალებში და ნაწილიც რეზერვში. 1980-იან წლებში, მაგალითად, აშშ რეგულარულ სახმელეთო ჯარებში მოქმედებდა კონტრაქტის 12 ვარიანტი, რეზერვში - რვა. ამის შედეგად 1980-იანი წლების მიწურულისთვის რიგით და სერჟანტთა შემადგენლობის მოხალისეთაგან დაკომპლექტების მაჩვენებელი გაიზარდა 84,2+-მდე, რეგულარულ არმიაში სამსახურის საშუალო ვადა - 6,2 წლამდე, საშუალო განათლების მქონე ახალწვეულების ხვედრითი წილი ამაღლდა 93+-მდე, ხოლო გონებრივი განვითარების პირველი სამი კატეგორიისა (100-31 ქულა) 66+-მდე.

ამ და სხვა ღონისძიებების შედეგად აამაღლეს აშშ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა. მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირეს მსხვილმასშტაბიანი ომის საწყის ეტაპზე გასაწვევი კონტინგენტის რიცხვი. ამის საშუალება ამერიკულ სარდლობას მისცა ქვეყნის გეოგრაფიულმა იზოლირებულობამ ევროპისა და აზიის კონტინენტებისგან, რითაც პრაქტიკულად გამორიცხულია მის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების მოულოდნელად შეჭრა. თავად პენტაგონის სპეციალისტებმა ჯარების დაკომპლექტების ამ სისტემის ჩამოყალიბებისას ნიმუშად აიღეს კანადის და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება, ანუ სწორედ ისეთი ქვეყნებისა, რომლებიც გეოგრაფიული იზოლირებულობის ან ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალობით ასევე დაცული არიან მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების მოულოდნელი თავდასხმისგან.

აღსანიშნავია, რომ მათ არ დაუწყიათ კონტინენტური სახელმწიფოების - თუნდაც აშშ მოკავშირე საფრანგეთისა და ფედერაციული გერმანიის სამხედრო მშენებლობის გამოცდილების შესწავლა საკუთარ ნიადაგზე გადასატანად, ვინაიდან კონტინენტური სახელმწიფოებისადმი არსებული სამხედრო მუქარები განპირობებულია მათი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობითა და მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებით მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობებით. ასეთი სახელმწიფოები ცივი ომის პერიოდში თავისი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას ახორციელებდნენ შერეული პრინციპის საფუძველზე, როდესაც მშვიდობიანობის დროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში მყოფთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ 1,5-2 წლის ვადით გაწვეულები, ხოლო უფრო გრძელი ვადით კონტრაქტით მომსახურე მოხალისეებით აკომპლექტებდნენ უმცროს მეთაურთა შემადგენლობასა (სერჟანტები ან უნთერ-ოფიცრები) და ისეთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებს, რომლებშიც მომსახურე პირად შემადგენლობას უხდებოდა რთული სამხედრო ტექნიკის ან რადიოექტრონული და სხვა აპარატურების მომსახურება, რომლის კვალიფიციურად ათვისებისთვისაც 1,5-2 წლის არასაკმარისი იქნებოდა.

1991 წელს, მაგალითად, ნატოს ბლოკის წევრი ბელგიისა და დანიის რეგულარული შეიარაღებული ძალები გაწვეულთაგან დაკომპლექტებული იყო 35-40+-ით, გფრ და ნიდერლანდების - 42-45+-ით, საფრანგეთის, იტალიისა და პორტუგალიის - 50-60+-ით, ესპანეთისა და ნორვეგიის - 61-70+-ით, საბერძნეთის - 79+ და თურქეთის 86+-ით.

ასეთ პირობებში, ამერიკული სამხედრო მშენებლობის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას თავისი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებისას, უპრიანი იყო ეხელმძღვანელა არა საკუთრივ ამერიკული, არამედ ისრაელის, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების (ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია) ან ნატოს ბლოკის მონაწილე და ამასთანავე საქართველოს მსგავსად დაძაბულ, ე. წ. "ცხელ რაიონში" მდებარე ნორვეგიისა და საბერძნეთის პრაქტიკით. ყველა ეს სახელმწიფო კი აქცენტს აკეთებს მშვიდობიანობის დროს თავისი შესაძლებელი ძალების შერეული ან მთლიანად გაწვევის საფუძველზე დაკომპლექტების მექანიზმზე, რომელიც საშუალებას აძლევს რეზერვისტების მნიშვნელოვანი რიცხვის მომზადებისა და, შესაბამისად, ომიანობის დროს ან კრიზისულ პერიოდში, თავისი მასშტაბებისთვის მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების მობილიზებისა. ცივი ომის პერიოდში ეს მაჩვენებელი საბერძნეთში უტოლდებოდა ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 6+-ს, ნორვეგიაში, შვდეთსა და შვეიცარიაში - 9-10%, ფინეთსა და ისრაელში - 14%-ს. დღესდღეობით ამ სახელმწიფოთა ომიანობის დროის სავარაუდო შეიარაღებული ძალების რიცხოვნება რამდენადმე შემცირებულია (ქვეყნის მთელი მოსახლეობის 4,2-10+-ის ფარგლებში), მაგრამ პირადი შემადგენლობის შერეული წესით დაკომპლექტების პრინციპი კვლავინდებურად არის შენარჩუნებული.

ამასთანავე, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1990-იანი წლების დასაწყისში 250-მილიონიან აშშ-ს, სრულმასშტაბიანი ომის საწყის ეტაპზე შეეძლო გამოეყვანა რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და რეზერვის 4 მლნ-მდე ადამიანი, ხოლო იმავე დროს საბჭოთა კავშირი გეგმავდა ასევე რეგულარული ჯარებისა და პირველი რიგის რეზერვის (ვინც მანამდე ხუთი წლით ადრე გათავისუფლდა ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან) 8,6+ მლნ ადამიანის მობილიზებას. თავისთავად ცხადია, რომ თუკი აშშ გეოგრაფიულად სსრკ-ის მეზობელი სახელმწიფო იქნებოდა, ვთქვათ, ევროპის ან ჩინეთის ტერიტორიაზე, მისი შეიარაღებული ძალების ასეთი მცირერიცხოვნებისა და ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სამხედრო სამსახურის გაუვლელობის გამო, ვერც შესაძლოა ომის პირველ ეტაპზე და ვერც მის მომდევნო პერიოდებში აშშ ვერ შეძლებდა წარმატების მოპოვებას - პროფესიული შეიარაღებული ძალების მშენებლობის გამო აშშ-ის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სამხედრო საქმეში უმეცარი იყო და მათ მომზადებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა, სსრკ-ის მეორე და მესამე რიგის რეზერვისტებს 26-დან 50 წლამდე სამხედროვალდებულ მამაკაცებს კი თავის დროზე გავლილი ექნებოდათ სავალდებულო სამხედრო სამსახური და მათ მომზადება-გადამზადებას, აგრეთვე მათგან ბრძოლისუნარიანი ნაწილებისა და შენაერთების ჩამოყალიბებას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებოდა.

გაგრძელება იქნება



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com