"საქართველო "
# 13 (1801)
1 - 13 ივლისი 2003 წ

საფრთხე, რომელსაც ვერ ვაცნობიერებთ

საქართველოში ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო ყოველდღიური ლუკმა-პურის შოვნას გამოდევნებული ქართველი მოქალაქე, რომელიც ამავე დროს პრესისა და მასმედიის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ვერ აცნობიერებს იმ პროცესებს, რომელიც მიმართულია ერის უსისხლო გენოციდის აღსასრულებლად, მით უმეტეს, რომ ამ პროცესების წარმმართველნი ინიღბებიან პატრიოტიზმის, პიროვნების თავისუფლების, საყოველთაო მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულის ნიღბით, რითაც ხშირად მომაკვდინებელ ხაფანგში აბამენ პატიოსან და მიმნდობ მოსახლეობას.

სექსუალური განათლების მესვეურნი გვპირდებიან, რომ ახალგაზრდობას დაიცავენ სექსუალური ძალადობისაგან, აბორტებისაგან, სექსუალური ურთიერთობების გზით გადამდები დაავადებებისაგან და, ამასთანავე, უზრუნველყოფენ მათ პირადი ბედნიერებით. ამ ერთობ მიმზიდველი და სასურველი მოწოდების გავლენით მრავალი თანახმაა, ხელი შეუწყოს ბავშვთა სექსუალურ აღზრდას, ისე, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რას სთავაზობენ სინამდვილეში.

დღეს ჩვენს წინაშეა წიგნი "მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ", რომლითაც სურთ მომავალში გაანათლონ სკოლის მოსწავლეები, ასევე ბროშურები, რომლებიც უკვე დარიგდა სკოლებში, ფილმები, რომლის დემონსტრირებაც უკვე მოასწრეს რამდენიმე სკოლაში, წიგნი, რომელსაც აწერია "აუცილებელი წიგნი ყველა მოზარდისათვის" და რომლის წაკითხვა არა თუ მოზარდისათვის, არამედ ნებისმიერი წესიერი და ჯანმრთელი ადამიანისათვის ყოვლად მიუღებელია, და აღარ გვჭირდება ზედმეტი გამოძიება იმის დასამტკიცებლად, რომ დაგეგმილია მომავალი თაობის საბოლოო გახრწნა და ფსიქიური განაგურება, რასაც შედეგად მოყვება დანგრეული და არშემდგარი ოჯახები, შობადობის კატასტროფულად შემცირება, დანაშაულობათა ზრდა, საბოლოო ჯამში - ერის გადაშენება.

მცირე ზომის ბროშურები, რომლებიც სხვა პრაქტიკულად მოსახმარ ნივთებთან ერთად უკვე დაურიგდათ მოსწავლეებს, შეიცავდნენ სხვადასხვა რჩევებს, მათ შორის გაუკუღმართებული ურთიერთობების დაწვრილებით აღწერას. გაფორმებული იყო უხამსი და ქართველი ერის ღირსების შემლახავი მდარე სურათებით, მაგ. პრეზერვატივი ჩოხით და ა.შ. და, რაც მთავარია, "ბავშვის ჩასახვა" მოხსნიებული იყო როგორც უარყოფითი მოვლენა და განიხილებოდა უარყოფით კონტექსტში, ვენერიული დაავადებებისა და შიდსის დონეზე. საერთოდ უნდა აღინიშნოს: ამ ტიპის ყველა "სახელმძღვანელოს" წითელ ხაზად გასდევს ტერმინი "არასასურველი ორსულობა" და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ ავტორებს დაავადებათა გავრცელებაზე მეტად სწორედ სიცოცხლის ჩასახვისა ეშინიათ. ეს ტერმინი ყოველთვის წინ უსწრებს ვენერიული დაავადებების დასახელებას, მაგ: "მთლიანი თავშეკავება ასპროცენტიანი გარანტიაა, რომ არ გექნება არასასურველი ფეხმძიმობა და სქესობრივად გადამდები დაავადებები"; "იხმარე პრეზერვატივები სხვა მეთოდებთან ერთად, რომ ნამდვილად დაიცვა თავი ორსულობისა და სქესობრივად გადამდები დაავადებებისაგან" და ა.შ. "მორალი", რაც მსგავსი "სახელმძღვანელოებიდან" იქადაგება, მდგომარეობს შემდეგში: "იმრუშე, როგორც გინდა, როცა გინდა, სადაც გინდა და ვისთანაც გინდა, ოღონდ მთავარია თავი დაიცვა ორსულობისა და დაავადებებისაგან".

საქართველოში სექსუალური განათლების დამკვიდრების პროცესის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა გამომცემლობა "დიოგენე", რომლის დირექტორია ქალბატონი თამარ ლებანიძე. გამომცემლობა ფინანსდება სოროსის მიერ გაცემული თანხებით. ამავე გამომცემლობას ეკუთვნის წიგნი "მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ", რომლებიც გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში განათლების სამინისტრომ სასკოლო წიგნების გამოფენაზე წარმოადგინა და "დამხმარე სასწავლო მასალებისა და თვალსაჩინოებების კატალოგში" შეიტანა, რითაც გაცხადდა, რომ განათლების სამინისტრო მხარს უჭერს მოსწავლეებში თავისუფალი სექსუალური ცხოვრების წესის დამკვიდრებას. წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა და გამომცემელმა ქალბატონმა თამარ ლებანიძემ გაზეთ "24 საათის" ფურცლებზე (#145; 25 ოქტომბერი, 2002 წ.) სიამაყით განაცხადა, რომ დაბეჭდილი 2000 ეგემპლარიდან დიდი ნაწილი უკვე საჩუქრად დაურიგდათ ბავშვებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი დიდხანს ედოთ დახლზე და არავინ ყიდულობდა, მისთვის სახელმძღვანელოს სტატუსის მინიჭებით კი იოლად გასაღდება.

ზემოთხსენებულ წიგნს პარლამენტარმა გურამ შარაძემ პრესკონფერენციაზე უარყოფითი შეფასება მისცა დამსწრე საზოგადოების (რომელსაც ძირითადად პედაგოგები წარმოადგენენ) ერთსულოვანი თანხმობით. პრესკონფერენციას ესწრებოდა წიგნის თანაავტორი და გამომცემელი, გამომცემლობა "დიოგენეს" დირექტორი თამარ ლებანიძეც, რომელმაც თავად მოისმინა მისი ნამუშევრის მიმართ ერთხმად გამოთქმული უარყოფითი შეფასება, მაგრამ მიუხედავად ამისა მიმდინარე წლის 15 მაისს ცენტრალური ტელევიზიის ეკრანიდან საზოგადოებას სიამაყით ამცნო, რომ წიგნმა გამოცდას გაუძლო და მისი მეორე გამოცემაც გამოვიდა.

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა 2003 წლის 11 ივნისს განიხილა ზემოთხსენებული წიგნი და მიიღო დადგენილება: "არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების" მე-6 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე წიგნს "მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ჯანსაღი წესის შესახებ" მიენიჭა "არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი კატეგორია". "მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე აიკრძალოს არასრულწლოვანთათვის აღნიშნული წიგნის მიყიდვა, ხოლო სრულწლოვანი მოქალაქეებისათვის მისი მიყიდვა დასაშვებია მხოლოდ შეფუთული სახით და გარეკანზე წარწერით: "აკრძალულია 18 წლამდე".

არადა 2000 ეგზემპლარი უკვე დაურიგდათ ბავშვებს! ხოლო განათლების სამინისტრომ ყოველგვარი წინასწარი განხილვის გარეშე პორნოგრაფიული ლიტერატურა შეიტანა მოსწავლეთა დამატებით საკითხავ წიგნთა ნუსხაში.

თამარ ლებანიძის მოღვაწეობით ქართველი ახალგაზრდობა "დასაჩუქრდა" კიდევ ერთი ამაზრზენი წიგნით "ცვლილებები სხეულში, ცვლილებები ცხოვრებაში", რომლის ავტორია ამერიკელი რუთ ბელი. წიგნმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იგი განკუთვნილია 13 წლიდან 18 წლამდე მოზარდთათვის. არ შევჩერდებით იმ გახრწნილებათა ჩამოთვლაზე, რომლებსაც დაწვრილებით გაეცნობა მოზარდი და არამარტო მოზარდი მისი წაკითხვის შემდეგ, არამედ ყურადღებას გავამახვილებთ ერთ მთავარ მომენტზე, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ წიგნი მიმართულია ქართველი ერის უსისხლო გენოციდისაკენ. წიგნის დასასრულს ავტორი ამგვარ რჩევებს აძლევს ნორჩ მკითხველს: "შესაძლოა ფიქრობდე, რომ ფეხმძიმობა და აბორტი შეცდომა იყო, მაგრამ დაიმახსოვრე, შეცდომას ყველა უშვებს. ფეხმძიმობის გაგრძელება და ბავშვის გაჩენა შესაძლოა უფრო დიდი შეცდომა ყოფილიყო როგორც შენთვის, ისე შენი შვილისათვის. თუკი აბორტის გაკეთებას განიცდი, საკუთარ თავს პირობა მიეცი, რომ მომავალში თავს ასეთ მდგომარეობაში აღარასოდეს ჩაიგდებ და სქესობრივი ურთიერთობის ყოველ ჯერზე (წიგნი განკუთვნილია 13-დან 18 წლის მოზარდთათვის! ხ. ჩვ.) გამოიყენებ შობადობის საკონტროლო საშუალებებს. შესაძლოა ზოგიერთი სახის დეპრესია ფეხმძიმობის დასრულების შემდეგ შენს სხეულში ჰორმონების შემცირებით იყოს გამოწვეული, მაგრამ აბორტის შემდგომ დეპრესიათა მიზეზი ემოციებია... ნუ იქნები ძალიან მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. შენ ის გააკეთე, რაც ყველაზე მართებულად მიგაჩნდა". ამგვარად უსისინებს წიგნის ავტორი ჩვენს ქართველ მოზარდს. მაგრამ საკუთარ საშოში გამომწყვდეული საკუთარი შვილის მკვლელობა რომ ბარბაროსობათა შორის ყველაზე საშინელია, ამის შესახებ არც ერთი სიტყვა! თურმე საკუთარი შვილის მკვლელობა, რომელიც დედის სულს აფორიაქებს, მხოლოდ და მხოლოდ ჰორმონების სიმცირე და ემოციებია, მეტი არაფერი. ამის შემდეგ ავტორი კვლავ ამხნევებს აბორტის გასაკეთებლად გამზადებულ გოგონას: "თუ რაიმე სერიოზული გართულება არ გქონია, აბორტი დაფეხმძიმებას ხელს არ უშლის" და "ბევრ გოგონას დაუგეგმავ ფეხმძიმობასთან გამკვლავების შემდეგ საკუთარი თავის რწმენა ემატება... რადგან რთულ სიტუაციაში საუკეთესო (! ხ. ჩვ.) გადაწყვეტილება მიიღო და პრობლემა მოაგვარა", ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს და შვილის გაჩენაზე ფიქრობს, მათთვის "საუკეთესო" რჩევები აქვს გამზადებული. "თუკი მუდმივად მეგობრებთან გინდა ყოფნა, ნუ დაფეხმძიმდები და ნუ გააჩენ შვილს... ნუ დაფეხმძიმდები იმისათვის, რომ მეგობარი ბიჭი შეინარჩუნო. ეს ერთმანეთს უფრო დაგაშორებთ... ჯობია ბავშვის მაგიერ ლეკვი იყოლიო..." და ა.შ.

ბოლოს კი წერს: "მოზარდი მშობლები თავისი შვილების ცხოვრების უმეტეს დროს სხვადასხვა პარტნიორთან ატარებენ... ბოლოს და ბოლოს ყველა ბავშვი დაინტერესდება, ვინ არის მამამისი და თუ მის ცხოვრებაში იქნები, ბავშვს ეცოდინები და ეყვარები". ეს უკვე რჩევებია ახალგაზრდა მამებისათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ესაა "აუცილებელი წიგნი ყველა მოზარდისათვის", როგორც ყდაზე გაკეთებული წარწერა გვამცნობს, ადვილი მისახვედრია, თუ როგორ მომავალს უმზადებენ საქართველოს მისი ქართულ ენაზე გამომცემლები.

წიგნის თაობაზე პირად საუბარში ერთ-ერთმა რედაქტორმა, ქალბატონმა ანა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ ამ წიგნში ვერაფერს ხედავს ცუდს და რომ მისი გამოცემა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართულ ენაზე მსგავსი რამის დაწერა ვერცერთმა ქართველმა ვერ შეძლო. თუმცა ქალბატონებმა ამერიკიდან მხოლოდ უმსგავსობის მოწოდება შეძლეს ჩვენი მოსახლეობისათვის. მათ ვერ "მიაგნეს" ზნეობრიობის დამცავ კანონებს და გამონათქვამებს, რომლებიც სწორედ ამერიკელ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეებს ეკუთვნით. თვალსაჩინოებისათვის შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს:

"აბორტმა აღიარება პოვა როგორც საშინელმა დანაშაულმა, სამედიცინო უბედურებამ და ადამიანური ტრაგედიის გამოხატულობამ" - ჯონ ტ. ნუნანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

"მაშინ, როცა დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლე ნადგურდება, ისინი განიცდიან ტკივილს, რომელიც ხანგრძლივმოქმედი და აუტანელია" - რონალდ რეიგანი, აშშ-ს პრეზიდენტი.

"ყველა პიროვნებას გააჩნია თავისი სიცოცხლის დაფასების უფლება. აღნიშნული უფლება დაცულია კანონით, და ზოგადად, ჩასახვის მომენტიდან..." - ადამიანის უფლებათა ამერიკის კონვენცია, რომელიც ამოქმედდა 1978 წლის 18 ივლისს, მე-4 მუხლი - "სიცოცხლის უფლება".

როგორც რეჰოფი აღნიშნავს, "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტთა შორის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებათა ამერიკის კონვენცია გვევლინება ჩასახვის მომენტიდან სიცოცხლის უფლების უდავო დამცველად".

რა თქმა უნდა, გამომცემლობა "დიოგენეს" მესვეურებს მსგავსი საკითხები არ აინტერესებთ. ისინი ჯიუტად იმეორებენ: "ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სწორია იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გზით საქართველოში უკეთესი ცხოვრება დამკვიდრდება". ნაცნობი ფრაზა და ნაცნობი შეუვალობაა. ამგვარი "უკეთესი ცხოვრების" მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობდა 70 წელი, წინა თაობასთან ერთად ჩვენც გავიზიარეთ და დღემდე გვახსოვს მისი შედეგები.

ზემოთხსენებული წიგნის თაობაზე მივმართეთ გლდანი-ნაძალადევის ახალგაზრდობის საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსს ბატონ ზვიად ჭილაიას. მან თავის მხრივ წიგნი გადასცა საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემის კვლევის ცენტრს, სადაც მას გაეცნენ და შესაბამისი შეფასება გაუკეთეს პედაგოგებმა, სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა. 2003 წლის 14 მაისს სხდომაზე ზემოთ დასახელებული წიგნი განიხილეს, რის შედეგადაც კომისიამ დაადგინა: "რუთ ბელის წიგნს "ცვლილებები სხეულში, ცვლილებები ცხოვრებაში" "არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების" მე-6 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე მიენიჭოს "არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი კატეგორია".

ახალგაზრდული დეპარტამენტის დადგენილება გავაცანით გამომცემლობა "დიოგენეს" დირექტორს და თანამშრომლებს და ვთხოვეთ არ გაეტანათ იგი ამა წლის 11-14 ივნისს გამართულ თბილისის წიგნის ფესტივალზე. უნდა აღინიშნოს, რომ მათ დაუფარავად განგვიცხადეს, რომ არ აინტერესებთ სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება, უფრო მეტიც: ქალბატონმა თამარმა ამგვარად მიმართა ჩვენი ეკლესიის მოძღვარს მამა დავითს: "თქვენ ბნელი კი არა ბნელზე უარესი ხართ" და საუბარში მოიხსენიებდა მას "ბატონ დავითად", რადგანაც როგორც თავად აღნიშნა "საბედნიეროდ მართლმადიდებელი არ არის".

11 ივნისს, წიგნის ფესტივალის გახსნისას ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მიერ მიღებული დადგენილება გავაცანით ფესტივალის ხელმძღვანელს, ბატონ მერაბ ქათამაძეს და ვთხოვეთ ეზრუნა, რათა ახალგაზრდობა დაეცვა მავნე პროდუქციის ზეგავლენისაგან. მისი პასუხი იყო მოკლე: "მე არ მაქვს ამის უფლება".

საქმის კურსში ჩავაყანეთ ფესტივალის დამფინანსებლებიც, მაგრამ უშედეგოდ. ფაქტია, რომ "ამერიკული დემოკრატიით" ისე შეაშინეს ქართველი საზოგადოება, რომ პოლიტიკურ მოღვაწეებსაც კი ავიწყდებათ, რომ კანონი არსებობს, რომლის წინაშეც ყველა მოქალაქე აგებს პასუხს, რომ უზნეობა ამერიკაშიც დასჯადია.

თეა პაიჭაძე

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სახელით



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com