"საქართველო "
# 13 (1801)
1 - 13 ივლისი 2003 წ

იუმორის კუთხე მე რომ პრეზიდენტის მრჩეველი ვიყო...

1. პირველ რიგში ვურჩევდი: რაც შეიძლება მალე გააპანღუროს ყველა დღევანდელი მრჩეველი, იმის გამო, რომ დღემდე არავინ ურჩია, ჯერ სახელმწიფო შექმნას და მერე რამდენიც უნდა ილაპარაკოს ტყუილები საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე.

2. ვურჩევდი: იმის გამო, რომ ქართველი ხალხი დღეს ცხვრის ფარის დონეზეა, სიტყვა პრეზიდენტი, ჯერჯერობით, მაინც გამოვიდეს ხმარებიდან და მის ნაცვლად დამკვიდრდეს სარქალი! "საქართველოს სარქალი" - შესანიშნავად ჟღერს და ამართლებს კიდეც შესატყვისს.

3. ვურჩევდი: აკრძალოს ყველაფერი, რასაც ფული სჭირდება: კვება (განსაკუთრებით ძვირადღირებული პროდუქტით), ჩაცმა-დახურვა, დაბანა, დარეცხვა, კბილის გახეხვა, ტრანსპორტით მოგზაურობა, განსაკუთრებით ტროლეიბუსით, რომელიც ისე ნელა მოძრაობს, რომ ჯიბგირები ერთი მოქალაქის გაქურდვას ორჯერ ასწრებენ. საერთოდ, გააუქმოს "პარიკმახერის ინსტიტუტი" და დააწესოს წელიწადში ერთხელ გაპარსვა-გაკრეჭა, ისე, როგორც შეეფერება ცხვარს! - ისიც ადგილობრივი ძალებით (ცოლი, შვილი, სიდედრი, ცოლისდა, რძალი და ა.შ.).

4. ვურჩევდი: ყველასთვის მოეხსნა ადამიანის უფლებების შეურაცხმყოფელი 14 ლარიანი პენსია და მიეცა მხოლოდ კუბოს ფული, პენსიონერის გარდაცვალების შემდეგ.

5. არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევდი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას იმიტომ, რომ ხალხი ძლივს გადაეჩვია ადამიანურ ცხოვრებას და იმის შეხსენებამ, რომ "ხალხო, თქვენ, პირუტყვები კი არა, ადამიანები ხართ"-ო, შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვიოს ხალხშიც და წესრიგის ვერდამცველებშიც. ბოლოს და ბოლოს, დაიღალნენ ხელკეტების ქნევით, საბრალო "მღებრიონელები" (ესეც შენი ახალი ტერმინი!).

6. არ ვურჩევდი პარლამენტის სხდომებზე დასწრებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ იქ ჯდომა წყლის ნაყვაა, მეორე იმიტომ, რომ ძალიან ბინძური ენით იგინებიან და შეიძლება გაირყვნას, მესამე იმიტომ, რომ შეცდომით ვინმემ არ გაულაწუნოს ამ დროულ კაცს (ფუი, ეშმაკს!).

7. აღარ ვურჩევდი "ტერაქტობანას" თამაშში მონაწილეობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთელი საქართველო ჭორაობს, ყველა ტერაქტი გათამაშებული იყოო, მეორე ის, რომ რაც მის მანქანას ესროლეს და წესიერად ვერ მოარტყეს, ხომ შეიძლება მართლა მოარტყან იმ ნაძირალებმა და დაგვტოვონ პრეზიდენტის გარეშე? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მას ალტერნატივა არა ჰყავს.

8. არ ვურჩევდი ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის დარგების აღდგენა-აღორძინებას. ძლივს დაისვენეს ქართველმა მუშებმა და გლეხებმა. რაც მთავარია, ამით ხომ ხელი შეეშლებათ ამდენ ვაიბიზნესმენებს. ქართული შემართებით რომ ჰყიდიან თურქულ შხამსა და სამსალას.

9. ვურჩევდი: პენსიაზე გასვლას და "მეგობრების მიერ ნაჩუქარი" მილიარდების ტკბილად, უდარდელად ხარჯვას.

10. პენსიაზე გასვლის შემთხვევაში, ვურჩევდი მოეთხოვა პენსია, არა 14, არამედ 34 ლარი, როგორც ღვაწლმოსილ ადამიანს შეეფერება.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com