|
"საქართველო "
რაც არ გერგება, არ შეგერგება! (ცხელ კვალზე)
მიმდინარე წლის 32 დეკემბერს, საქართველოს ჩამოუკიდებელი, საბაზრო სახელმწიფოს საკუთარ თავდაცვის 9 თვის ხელფასაუღებელმა თანამშრომლებმა კაზბეკა შარიკაძემ და შარიკა ქოფაკიშვილმა, დანაშაულის ადგილზე დააკავეს ასევე 9 თვის ხელფასაუღებელი, დროებით უმუშევარი (5 წელია უხელფასო შვებულებაშია) ღარიბა ღატაკიშვილი. ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ხარფუხში, ყოფილ საქულას დუქანში და ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასევე ყოფილი აკადემიკოსის ბადრი ჯანაშვილის სახინკლეში, მომხმარებელ ღუტუნია მაძღარაშვილს თვალსა და ხელს შუა ააღლიტა ოცი ცალი პილპილმოყრილი, ცხელ-ცხელი ხინკალი და ელვის სისწრაფით, დაუღეჭავად გადაყლაპა 16 ცალი (მეტი ვერ მოასწრო). ის-ის იყო ცივი ლუდის მიყოლებას და მიმალვას აპირებდა, რომ სამართალდამწვარი ორგანოს თანამშრომლებმა, ზემოთ მოხსენებულმა შარიკაძემ და ქოფაკიშვილმა ჩააშხამეს. შიშისაგან აკანკალებულმა ეჭვმიტანილმა ისიც აღიარა, რომ სამი დღეა ლუკმა არ უჭამია არც მას და არც მის ოჯახის წევრებს: ცოლი-ნიბლია, შვილები: მაკარონა, სპაგეტი და ვერმიშელა, (სახელებზე ეტყობათ როგორი დასუქებული ცოლ-შვილი ჰყოლია ღარიბას!). ეჭვმიტანილს გაჩხრეკისას ჯიბეში აღმოუჩინეს: საკეცი დანა, რომელზეც დამონტაჟებული ჰქონდა ჩანგალი და კოვზი. უბეში გადამალულ პოლიეთილენის პარკში ეწყო: პილპილი, მარილი და მდოგვი, რაც მიუთითებს ბოროტმოქმედის პროფესიონალიზმზე და იმაზე, რომ ეს შემთხვევა მისთვის არც პირველი იყო და არც ბოლო.
შენიშვნისათვის. 20 ხინკლიდან გადარჩენილი 4 ცალი და ერთი კათხა ლუდი სამართალდამწვარებმა გაინაწილეს, რომელიც ეჭვმიტანილს დააწერეს. ბოროტმოქმედი მალე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე და სავარაუდოდ დაისჯება სისხლის სამართლის I და II მუხლის, ცარიელი კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის ქვეპუნქტების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას მკაცრი რეჟიმის საპატიმროში (იმაზე გაცილებით მკაცრი რეჟიმის, ვიდრე "სვაბოდაზეა", ანუ მშიერ-მწყურვალი, დატილიანებულ-გაპედარასტებული, ტუბერკულოზით და მუნით დაავადებულ პატიმართა შორის). განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ ბოროტმოქმედმა უხეშად დაარღვია კანონი საქართველოს მოქალაქის უფლებათა შესახებ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |