"საქართველო "
# 13 (1801)
1 - 13 ივლისი 2003 წ

არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ და ჩეჩენ ხალხს დააპირისპირებს

ელგუჯა ჩხაიძე

მას შემდეგ, რაც კავკასიელმა ხალხმა თავისუფლებისათვის აქტიური ბრძოლა გააჩაღა და ხმამაღლა გამოხატა დამოუკიდებლობის სურვილი, რუსეთის იმპერიამ ბოლომდე აამოქმედა კავკასიაში თავისი ძალები - კდბ-ს აგენტურული ქსელი და მისი სამხედრო მანქანა. რუსული პოლიტიკის მიზანია, არ დაკარგოს გავლენა კავკასიაზე და არ შემოუშვას კავკასიაში დასავლური ძალები. ის ყველანაირად ცდილობს, მუდმივ პრობლემებში ჩააბას კავკასიელი ხალხი, რათა ვერ შეიქმნას კავკასიური დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ცდილობს, ერთმანეთს დაუპირისპიროს კავკასიის ხალხები და ეს მოახერხა კიდეც. სომხეთი და აზერბაიჯანი წაჰკიდა ერთმანეთს, ქართველებს დაგვიპირისპირა ოსები და აფხაზები და მაქსიმალურად ცდილობს, სამუდამოდ გადაგვკიდოს ჩეჩენ ხალხს. ჩეჩნეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ჩრდილოეთკავკასიელი ხალხის გაერთიანება, ხოლო საქართველოს - სამხრეთ კავკასიის გაერთიანება. ორივეს ერთად კი ძალუძს მთელი კავკასიის გაერთიანება. სწორედ ამიტომ არის რუსეთი ასე მონდომებული ქართველებისა და ჩეჩნების ერთმანეთთან დაპირისპირებით. სანამ საქართველოსა და ჩეჩნეთის პრეზიდენტები ერთმანეთთან მეგობრობენ და ქართველები და ჩეჩნები ერთად ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, რუსეთმა კავკასიაში ომის დაწყება ვერ გაბედა. მინდა გავიხსენო 1994 წელი, როდესაც ელცინს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა: რატომ დაიწყო რუსეთმა ომი ჩეჩნეთში ახლა, როცა ჩეჩნებმა დამოუკიდებლობა მანამდე რამდენიმე წლით ადრე გამოაცხადეს და აირჩიეს პრეზიდენტი? ელცინმა ასეთი პასუხი გასცა: მაშინ ქართველები და ჩეჩნები ერთად იყვნენო. ომის დაწყება რუსეთმა კავკასიაში მხოლოდ მას შემდეგ გაბედა, როცა საქართველოდან ზვიად გამსახურდია გააძევეს და საქართველოში შევარდნაძე ჩამოიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ომი ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი ჩეჩნეთში. აფხაზეთში გვებრძოდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რუსეთის მარიონეტი ქართული ხელისუფლება საქართველოში ეწეოდა ანტიჩეჩნურ კამპანიას და თუ ვინმე დაიღუპებოდა ომში, მას აფხაზი მოკლავდა თუ რუსი, ხმები ვრცელდებოდა, რომ ეს ჩეჩენმა გააკეთა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ეს დაკვეთა პირნათლად შეასრულა და ხალხში შექმნა ანტიჩეჩნური განწყობა, ბოლოს ქართველი ხალხი მიხვდა, რომ ეს რუსი დამპყრობლის პოლიტიკა იყო და ჩვენდა სასიკეთოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ხალხის აზრი შემობრუნდა. დღეს ჩვენი და ჩეჩენი ერის მეგობრობა უფრო მყარი და საიმედო ხდება.

რაც კავკასიაში ხდება, ეს ეხება ყველა კავკასიელ ხალხს და ამიტომ ბუნებრივი და აუცილებელია ამ ხალხების ერთობა, რაც უზრუნველყოფს კავკასიის მშვიდობასა და დამოუკიდებლობას.

ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ახალგაზრდა ლტოლვილ ჩეჩენს, რომელმაც გულახდილად გვითხრა, თუ რას ფიქრობს ჩეჩენი ხალხი ორი ერის ურთიერთობაზე.

აუცილებელი დოსიე

ზამბულატ იდიევი - მწერალი, დაიბადა 1964 წელს გროზნოში. დაამთავრა მოსკოვის ლიტერატურის გორკის სახელობის ინსტიტუტი, 1989-99 წლებში ცხოვრობდა გროზნოში. მუშაობდა 1993 წელს კვლევით ინსტიტუტში "ჰუმანიტარული მეცნიერება", აგრეთვე - გაზეთში "ვასტ" ......... კულტურის განყოფილების უფროსად. სხვადასხვა გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, სტატიები და პოლიტიკური წერილები. მუშაობდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში. სახელმწიფო ტელევიზიაში, 1998 წელს გახლდათ შემოქმედებითი გაერთიანება "ექო"-ს თავმჯდომარე, გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები ჩეჩნეთის ომზე და ჩეჩნეთის პრობლემების შესახებ. 1999 წლიდან საქართველოში ცხოვრობს ლტოლვილის სტატუსით. აქ დაწერა და გამოუშვა წიგნი "პოვესტი".

- ბატონო ზამბულატ, როგორ დაიწყო ეროვნული მოძრაობა ჩეჩნეთში და როგორ მივიდა ომამდე?

- ეროვნული მოძრაობა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო და ის ჯერაც არ შეწყვეტილა. 1997 წელს, როცა ელცინი შეხვდა მასხადოვს და ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაშინ ელცინმა აღიარა, რომ ეს ომი საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის. ამ ხნის მანძილზე იყო ჩეჩნეთში აჯანყებები და ჩეჩენი მეომრები გადიოდნენ ტყეში, იყო წინააღმდეგობები კოლექტივიზაციის დროს, 30-იან წლებში, შემდეგ დეპორტაცია 44 წელს ჩეჩენი და ინგუში ხალხისა, ფაქტობრივად, ეს ყველაფერი ხდებოდა წლების მანძილზე. 1990 წელს ნოემბერში ჩეჩენმა ხალხმა გამოაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ხოლო 1991 წელს 6 სექტემბერს ჩეჩენმა ხალხმა ოფიციალურად გამოაცხადა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა და ეს დღე არის ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის დღე. ხოლო 27 სექტემბერს ჩატარდა პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტად ავირჩიეთ ბატონი ჯოხარ დუდაევი. 1992 წელს მიღებული იქნა დამოუკიებელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, გერბი, ჰიმნი, დროშა და სხვა ატრიბუტები, რაც უცილებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის.

- როგორი იყო მოსკოვის რეაქცია ყოველივე ამაზე?

- რა თქმა უნდა, ნეგატიური. 1991 წელს გახსოვთ, ალბათ, მოსკოვის პუტჩის დროს ჩეჩნეთის მაშინდელმა ოფიციალურმა ხელისუფლებამ პუტჩს დაუჭირა მხარი, ხოლო ეროვნული მოძრაობის ლიდერები დუდაევი, იანდარბიევი და სხვები გამოვიდნენ პუტჩის წინააღმდეგ, ამიტომ ელცინმა და მისმა გარემოცვამ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს დაუჭირეს მხარი, მაგრამ ჩეჩნებმა, რა თქმა უნდა, გააგრძელეს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და მოსკოვის რეაქცია შეიცვალა.

ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის, ასევე ჩეჩენ ხალხსაც აქვს უფლება იბრძოლოს თავისუფლებისათვის და შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთს ამის აკრძალვის უფლება არა აქვს.

- ამას ხომ უთანასწორო ბრძოლა და ომი მოჰვებოდა. ამაზე წინასწარ არ გიფიქრიათ?

- ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება დაწყებულიყო ომი. ომი რომ დაუნდობელია, იცოდა ჩეჩენმა ხალხმა, თუმცა ასეთ სასტიკეს რუსების მხრიდან არავინ ელოდა. მაგრამ თავისუფლება ჩვენი ხალხისათვის არის წმინდა, ჩვენთან როცა ადამიანები ერთმანეთს ესალმებიან, ამბობენ "თავისუფლება". როცა ერთმანეთს ემშვიდობებიან, მაშინაც იგივე სიტყვა ითქმება და ეს თავისუფლება ჩვენს ხალხს ფესვებიდან მოჰყვება. ეს არის წმინდა სიტყვა და წმიდათა წმინდა საქმეა თავისუფლებისათვის ბრძოლა.

- როგორი იყო მხარდაჭერა მეზობელი ინგუშების, დაღესტანის და სხვა ჩრდილო კავკასიელი ხალხისა. თანაგიგრძნობდნენ, მხარს გიჭერდნენ, გეხმარებოდნენ?

- რა თქმა უნდა, ყველა მეზობელი ხალხი მხარს გვიჭერდა, ყველასაგან გამორჩეულად, ღირსეულად მოიქცა ინგუშეთის პრეზიდენტი აუშევი. მაგალითისთვის საკმარისია ისიც, რომ მან უარი განაცხადა და ხელი არ მოაწერა წერილზე, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ჩრდილოეთკავკასიის რესპუბლიკები მოითხოვდნენ რუსეთისაგან რეგიონში წესრიგის დამყარებას. რაც შეეხება ინგუშ ხალხს, ყველანაირად პროტესტს გამოთქვამდნენ და რუსეთის ჯარს ხელს უშლიდნენ, რასაც შეეწირა კიდეც ინგუშეთის იმდროინდელი ჯანდაცვის მინისტრი. ანალოგიური მდგომარეობა იყო 1994 წელს დაღესტანში და აქაც, რაც შეძლო, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა დაღესტნელმა ხალხმა, რათა ხელი შეეშალა რუსებისათვის.

საქართველოსთან იმდროისათვის დაძაბული ვითარება იყო, ძალიან უარყოფითად იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე აფხაზეთის ომმა. ომის დაწყებისას ჩეჩენი ლტოლვილები არ იყვნენ თავიდან საქართველოში.

- ქართულმა მხარემ ჩეჩენი პატიმრები რუსულ მხარეს გადასცა და მათი ექსტრადაცია მოახდინა. როგორ უყურებს ამას ჩეჩენი ხალხი, ხომ არ იმოქმედა ამ ფაქტმა უარყოფითად ჩვენს ურთიერთობებზე?

- ეს იყო რუსეთისა და საქართველოს პროკურატურებს შორის მოლაპარაკებების შედეგი, ბუნებრივია, ჩეჩნებს კარგად ესმით, რომ ეს არის რუსეთის მხარის ზეწოლის შედეგი და საქართველოს მხარე იძულებულია ზოგიერთ საკითხში დაუთმოს რუსეთს. ეს ფაქტია და ჩვენ ამ ფაქტს ვცნობთ. ვიცით, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგი იყო ჩეჩნების ექსტრადიციის, ჩეჩნებს ქართველი ადვოკატები იცავდნენ და მაქსიმალურად შეეცადნენ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, გაეკეთებინათ. ასე რომ, ეს ყველაფერი კარგად გვესმის და ჩვენს შორის ურთიერთობებს ეს ფაქტი ვერ შეცვლის.

- დუდაევსა და გამსახურდიას ჰქონდათ საერთო კავკასიური სახელმწიფოს კონფედერაციის შექმნის იდეა. როგორ ფიქრობთ, ეს იდეა კიდევ ცოცხლობს ხალხში?

- კავკასიელი ხალხის ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს საერთო ტრადიციები, ადათ-წესები, ერთი ფესვები და მენტალიტეტი. ქართველები ქრისტიანები არიან, ჩეჩნები - მუსულმანები, რელიგია არის ერთადერთი განსხვავება ჩვენ ორ ხალხს შორის, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს ეს ხელს არ შულის. ადრე თუ გვიან ერთად მოგვიწევს ერთიანი კავკასიური ერთობის შექმნა, ეს იქნება კონფედერაცია თუ სხვა რამ. კავკასიელმა ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით უნდათ ერთად ცხოვრება.

- საქართველოში გავრცელდა განცხადება იმის შესახებ, რომ გილაევი თავისი რაზმით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლას აპირებს. რამდენად სარწმუნოა ეს?

- ეს განცხადება, ვფიქრობ, პროვოკაციული უნდა იყოს, ნაკლებად სარწმუნოა, რომ გილაევი თავისი რაზმით გადმოვიდეს, ეს არ მოხდება.

- მაგრამ სხვა თუ გადმოვიდა გილაევის ნაცვლად?

- მაინც პროვოკაცია იქნება, რადგან რუსეთს სურს საქართველოში შემოსვლა. ის, რა თქმა უნდა, შეეცდება ყველანაირ პროვოკაციაზე წავიდეს.

- თქვენ ახლა უფრო ახლოს გაიცანით ქართველი ხალხი, დაიწყეთ ქართული ენის შესწავლა, გყავთ ქართველი მეგობრები. გიადვილდებათ ქართველებთან ურთიერთობა?

- ქართველებთან მიადვილდება ურთიერთობა, რა შეხედულებაც მქონდა საქართველოში ჩამოსვლამდე, ის შეხედულება დამრჩა, არ შემცვლია. ჩეჩნებსა და ქართველებს ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის და არსოდეს ურთიერთობაში პრობლემები არ გვქონია. მე რაც საქართველოში ვარ, დავიწყე ქართული ლიტერატურის უფრო ღრმად შესწავლა, თუმცა ჩეჩნეთში ყოფნისასაც მქონდა შეხება ქართულ ლიტერატურასთან. ვსწავლობ ქართულ ენას და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ ერთი ფესვები გვაქვს. დღეს ჩეჩენმა ხალხმა და ქართველებმა კარგად ვიცით, რომ ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდება, თუმცა რუსეთი ცდილობს ჩვენს დაპირისპირებას. მე ვიტყოდი, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც დააპირისპირებს ქართველ და ჩეჩენ ხალხს ერთმანეთთან.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com