|
"საქართველო "
საქართველოს სახალხო ფრონტის განცხადება
ამ სამი დღის წინ ზუგდიდის მახლობლად ჩადენილ მორიგ მკვლელობას (ზარანდია, ზარანდია, გვაზავა), რომელიც ერთ-ერთია საქართველოში სისტემატურად მიმდინარე არაყოფით მკვლელობათა სერიაში, საქართველოს სახალხო ფრონტი შემდეგ ინტერპრეტაციას აძლევს:
1. ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტი, რომლის უშუალო ამოცანებია: ა) მოახდინოს პოტენციურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ლიკვიდაცია უშუალოდ წინადღით ჩატარებული ოპოზიციური ორგანიზაციის წარმატებული და ხალხმრავალი კონფერენციის შემდეგ. ბ) მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ხელისუფლება უკან არ იხევს და მზადაა მასობრივი ტერორისათვის ეროვნული ძალების წინააღმდეგ თავისი ძალაუფლების რაგინდარა უკანონოდ შენარჩუნების მიზნით. გ) ამ გზით ხელსაყრელი პირობები შექმნას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩაშლისათვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გზით ან, როგორც მინიმუმი, არჩევნების ტოტალური გაყალბებისათვის.
2. ამ ტერორისტული აქტის უკან მდგომი ფართო (ზოგადი) მიზნებია: ა) კონფლიქტის ორგანიზება და გაღვივება ადგილობრივად არსებული მებრძოლი ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ბ) ფართო მასის პროვოცირება შეიარაღებული გამოსვლისათვის ტერორისტული ხელისუფლების წინააღმდეგ, სისხლისღვრის ორგანიზება და მისთვის "პოლიტიკური", სახელდობრ, "ცენტრისა და რეგიონის კონფლიქტის" იერის მიცემა.
3. დესტაბილიზაციის ამ გეგმის მიღმა დგას ორი ზოგადპოლიტიკური განზრახვა: ა) ზუგდიდის ზონაში დესტაბილიზაციის საშუალებით აფხაზეთის გზის გადაკეტვა აფხაზეთში კიდევ ერთი შეიარაღებული კონფლიქტის მოლოდინში, რათა საქართველოს სახელმწიფო ინტერესთა დამცველი მხარის პარალიზაცია მოხდეს. ბ) საქართველოში ხანგრძლივი და ფართო შეიარაღებული კონფლიქტის საშუალებით დასავლეთის დემოკრატიის შუა აზიისკენ მსვლელობის შეფერხება შეძლებისდაგვარად დიდი ხნით, რაზეც ცხადად მეტყველებს დასავლეთ საქართველოში მომუშავე რუსული აგენტურის პროპაგანდის თემატიკა ბოლო დროისა.
საქართველოს სახალხო ფრონტს მიაჩნია, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლების (ე. შევარდნაძე და მისი პოლიტიკური გუნდი) ზემოხსენებული მოქმედება არის მისი მხრიდან სახელმწიფოს კიდევ ერთი მიზანმიმართული ღალატი, რომელიც ცალსახად გვიჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ უცხო ქვეყნის (რუსეთის) მითითებით. ამ მოქმედებაში სსფ ხედავს ე.წ. "კუთხეში მომწყვდეული ვირთხის" და "ცოფიანი ძაღლის" სინდრომს, რომელიც უკიდურესად სახიფათოა და რომლის გამოც დაუშვებელია ამ ხელისუფლების დარჩენა სახელმწიფოს სათავეში. საქართველოს სახალხო ფრონტი კიდევ ერთხელ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებსა და ფართო საზოგადოებას იმის გათვალისწინებას, რომ რუსეთის შეტევითი პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ დღეს აღარაა მიმართული საკუთარი გადამწყვეტი გავლენის სფეროში საქართველოს და ამიერკავკასიის კიდევ ერთხელ ჩათრევისაკენ (ამის იმედი რუსეთს აღარ აქვს), არამედ მხოლოდ საქართველოში ფაქტობრივად გაუვალი სივრცის შექმნისაკენ, ყველა სახის "ბუნებრივ", ხელოვნურ, ეპიდემიურ და პოლიტიკურ უბედურებათა მოწყობისაკენ თავისი ზემოხსენებული გეოსტრატეგიული გეგმის შესრულების მიზნით.
საქართველოს სახალხო ფრონტის ეროვნული კომიტეტი 23.VI.2003 წელი
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |