|
"საქართველო "
საკვირველია... მაგრამ არც იმდენად: მონობა თანამედროვე მსოფლიოში
ადამიანის ადამიანურ უფლებათა დაცვის საერთაშორისო პრაქტიკა ცოტათი მაინც სწმენდს ნამუსს თანამედროვე კაცობრიობას, რომელიც აუარებელ მორალურ დანაშაულთა მოწმე და მონაწილეა. ზოგჯერ ეს პრაქტიკა შედარებით ნაკლებად კეთილდღიანი ქვეყნებისთვის გამაღიზიანებელია, როგორც უცხო ქვეყნების ჩარევა მათს შინაურ საქმეებში. მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ამ პრაქტიკას, ზოგ შემთხვევაში მაინც, პირწმინდად პედაგოგიური, აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს. აბა, როგორ გინდათ შეურიგდეთ მონობის არსებობას არაერთ ქვეყანაში ან როგორ გინდათ ააღებინოთ ხელი ამ ქვეყნების საზოგადოებას მონათმფლობელობაზე, თუ იძულების რაღაცა ხერხი არ იქნა გამოყენებული საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ? მკითხველს ვთავაზობთ (ძალიან მოკლედ) მასალას ამ თემაზე ჟ. NEWS WEEK-იდან. მავრიტანიაში მიღებულია, რომ დაცვეთის დღეს ბავშვი საჩუქრად ითხოვს რაღაცა საგანს, რომელიც განსაკუთრებით ენატრება: თოფს, აქლემს და ა. შ. მრავალნი ითხოვენ მონას. მავრიტანიაში მონათმფლობელობა ფორმალურად გაუქმდა 1981 წელს, მაგრამ ამ წესის დარღვევისათვის სასჯელი არ შემოღებულა. თეთრ მავრიტანიელებს ანუ არაბებს მონობაში ჰყავთ ათიათასობით შავი მავრიტანიელები. ამ უკანასკნელთ არა აქვთ კანონით დადგენილი უფლებები და არ ეხდებათ საფასური შრომაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფორმულირებით, მავრიტანიაში არსებობს "მონათმფლობელობის ნიშნები", ხოლო უფლებადაცვითი ორგანიზაცია "ინტერნეიშნელ ამნესტი" ამ მოვლენის მასობრივ ხასიათს ცნობს და შეძლებისდაგვარად ებრძვის. 1995 წლიდან ქვეყნის შიგნით მოქმედებს ორგანიზაცია "შOშ მონები", რომელიც ავრცელებს მამხილებელ ინფორმაციას, უწევს მონებს სამართლებრივ დახმარებას და ზოგჯერ ფიზიკურად აწყობს მათი გაქცევის ოპერაციებს. იგი სასტიკად იდევნება. მოძრაობაში მონაწილეობენ ენთუზიასტები - ისინი, ვისაც გონება, გული და სვინდისი ერჩის. მთავარი დაბრკოლება თვით მონათა ფსიქოლოგიაა. მათი დიდი ნაწილი ისეა შეჩვეული თავის ხვედრს, რომ მისი შეცვლა არც კი წარმოუდგენია. გაქცეული მონა კარგავს თავის ყველა კავშირებს და ყველა ნაცნობს. ყოფილი ამერიკელი ელჩის სიტყვით, ადამიანს "უზარმაზარი ენერგია, ახალი ცხოვრების დაწყების უზარმაზარი შინაგანი წადილი სჭირდება, რათა ადგეს და თავისი საცხოვრებელი ადგილი მიატოვოს". მონობა მჭიდროდაა დაკავშირებული ისლამთან, რომელიც ამ ქვეყანაში მოითხოვს, რომ მონა ბატონის მორჩილი დარჩეს, რადგან მისი წინააღმდეგობა ალაჰის წინააღმდეგობაა.იყო შემთხვევა, როცა ქალს ბატონი მოუკვდა და თავისუფალი დარჩა. რჩევისათვის, როგორ მოვიქცეო, მოლას მიაკითხა და პასუხი მიიღო: "შენმა ბატონმა შენი თავი მე აღმითქვა კურთხევის სანაცვლოდ. ამიტომ შენ და შენი 5 შვილი ჩემები ხართო". ქალმა მხოლოდ "შOშ-მონების" დახმარებით შეძლო მისგან თავის დაღწევა. ჟურნალი თვლის, რომ დასავლეთის დემოკრატიები არ უთმობენ სათანადო ყურადღებას ამ ფაქტს. ამერიკელებმა ერთხანს დააპირეს თავისი ეკონომიკური დახმარების დაკავშირება მონათმფლობელობის წინააღმდეგ ქმედითი ბრძოლის მოთხოვნასთან (1999 წ.), მაგრამ ხელი აიღეს განზრახვაზე მას შემდეგ, რაც მავრიტანიამ ურთიერთობა გაამწვავა ერაყთან.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |