"საქართველო "
# 13 (1801)
1 - 13 ივლისი 2003 წ

სპეცსამსახური მკვლელობებს სჩადის... დიდ ბრიტანეთშიც!

დიახ, დიდ ბრიტანეთში, თანამედროვე დემოკრატიის მშობელი ინგლისის "ჭუჭყიან ომში", რომელსაც ეს სახელოვანი სახელმწიფო იძულებით აწარმოებს ბელფასტში ირლანდიური ტერორისტული ორგანიზაციის "ირა"-ს წინააღმდეგ. ჟ. THE ECONOMIST იხსენებს 1989 წლის 12 თებერვლის ამბავს, როცა ორი უცნობი ოჯახთან ვახშმობისას შეეჭრა ბინაში "ირა"-ს ადვოკატს პატრიკ ფინუკეინს და ცოლშვილის თვალწინ მოკლა. ლონდონის დედაქალაქის პოლიციის უფროსმა სერ ჯონ სტივენსმა რამდენიმე თვის შემდეგ განაცხადა, რომ ორი იმათგანი, ვისაც ამ მკვლელობის ორგანიზება და შესრულება ევალა, სახელმწიფო სამხედრო და საპოლიციო ორგანიზაციების აგენტები იყვნენ. ამ ამბავში ფიგურირებს ისეთი ეპიზოდებიც, როგორიცაა დამნაშავის წინასწარ გაფრთხილება მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ და ცეცხლის წაკიდება ოფისისათვის, რათა მოისპოს მამხილებელი დოკუმენტები. სერ ჯონი, ჟურნალის სიტყვით, ადასტურებს იმას, რისაც უკვე რამდენიმე წელია ეჭვი არსებობს: რომ ჩრდ. ირლანდიაში მოქმედი ტერორისტების წინააღმდეგ სახელმწიფო "სიკვდილის ესკადრონების" გამოყენებით იბრძვის. იმალება ინფორმაცია, ხელოვნურად ფერხდება ანგარიშგება, ხელი ეშლება გამჭვირვალეობას, რითაც ირღვევა კანონი და შესაძლებელი ხდება როგორც დანაშაულის პროფილაქტიკის შესუსტება, ისე დამნაშავეთა დაუსჯელობა.

ეს იურიდიულად და მორალურად "დელიკატური" თემა, ბუნებრივია, საზოგადოებაში სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას იწვევს. ერთი ასეთია: "ირლანდიელი ტერორისტები უარესს სჩადიან, აბა რა ქნან სამთავრობო სამსახურებმა"! დამთავრდება კონფლიქტი და ყოველივე ეს დავიწყებას მიეცემა". პასუხია: "დემოკრატიულმა მთავრობამ უფრო მაღალი სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელოს, ვიდრე ტერორისტულმა ორგანიზაციებმა. რადგან ეს განსხვავება მათი ლეგიტიმურობის ერთ-ერთი საფუძველია".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com