"საქართველო "
# 13 (1801)
1 - 13 ივლისი 2003 წ

საჭოჭმანო სიახლეები ევროკავშირში (კონსტიტუციის პროექტი ევროკავშირში, რომლის წევრობასაც არაერთი ქვეყანა უმიზნებს, საქართველოს ჩათვლით)

მკითხველმა იცის, რომ მიმდინარეობს მუშაობა "ევროკავშირის კონსტიტუციის" შექმნაზე, რაც დავალებული აქვს "კრებას ევროპის მომავლის საკითხზე" საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟისკარ დ,ესტენის თავმჯდომარეობით. ქართველმა მკითხველმა და საქართველოს საზოგადოებამ ცოტა იცის ევროკავშირის სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ, მით უფრო - მომავალი "კონსტიტუციის" შესახებ, რომელიც ამ კავშირს უფრო მჭიდროსა და ქმედითს გახდის. ვთავაზობთ მოსალოდნელი განვითარების ანალიზს ჟ. THE ECONOMIST-იდან.

ჟისკარ დ,ესტენმა ამ ორი თვის წინ უკვე გამოიტანა თავისი ძირითადი იდეები სააშკარაოზე და უკვე მწვავე წინააღმდეგობასაც შეჰხვდა. სადღეისოდ ევროკავშირის მართვას ახორციელებს ინსტიტუტთა სამკუთხედი, რომელიც შედგება ევროპის პარლამენტისაგან, ევროპის კომისიისაგან და მინისტრთა საბჭოსაგან, რომელსაც მორიგეობით, ექვს-ექვსი თვით თავმჯდომარეობენ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, განურჩევლად ამ ქვეყნების ზომა-წონისა.

ჟისკარ დ,ესტენის იდეის თანახმად, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, რომელშიც წარმოდგენილნი არიან მონაწილე ქვეყნების ეროვნული მთავრობები, უნდა ჰყავდეს მომავალში საკუთარი ძლიერი თავმჯდომარე, რომელიც გაუძღვება მინი-კაბინეტს და ეს უკანასკნელი აღიჭურვება ევროკავშირის მუშაობის მართვის ძირითადი ფუნქციებით. ევროპის კომისიამ, ჟურნალის სიტყვით, "სამართლიანად" იგრძნო შეშფოთება იმის გამო, რომ ამ სიახლით შეიზღუდება მისი შესაძლებლობები, და განაცხადა, რომ ახალი წინადადება შეიცავს საშიშროებას, ერთის მხრივ, იმისა, რომ "აღრევა და გაორმაგებული ბიუროკრატიის" გაჩენა მოხდება (ანუ ევრობიუროკრატია ეროვნული ბიუროკრატიების დუბლირებას მოახდენს), მეორე მხრივ, იმისა, რომ შეიზღუდება მცირე ქვეყნების გავლენა. მართლაც, საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ხუთი წლით ირჩევა და რომელსაც, ამასთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს (ამას სთავაზობს ეროვპელებს ჟისკარ დ,ესტენი) ბევრად უფრო ძლიერი იქნება ექვსი თვით დაყენებულზე, ისიც - როტაციის წესით, ხოლო დღევანდელი ოცკაციანი ევროკომისიის შეცვლა ხუთმეტკაციანით, რომელიც ამ თხუთმეტი სრულძალოვანი წევრის გარდა კიდევ ამდენსვე დაიმატებს მხოლოდ სათათბირო ხმის მქონეს, იმას ნიშნავს, რომ ის "მოთათბირეები", უმრავლეს შემთხვევაში, მცირე ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან, სრულძალოვანნი კი - დიდების. გარდა ამისა, მცირე ქვეყნებს აწუხებს ის ახალი წინადადებაც, რომ ევროპარლამენტის ადგილები წევრ ქვეყნებს შორის განაწილებული იყოს მათი მოსახლეობის სიდიდის პროპორციულად, რაც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მცირე ქვეყნების გავლენისუნარიანობას ასუსტებს. ამავე თვალსაზრისით შემაშფოთებელია მცირე ქვეყნებისათვის ის ახალი წინადადებაც, რომ შეიქმნას ახალი ორგანო - ევროკონგრესი, რომლის 2/3-საც ეროვნულ პარლამენტთა წევრები შეადგენენ და რომლის ხელშიც იქნება არა მხოლოდ ყველა მომავალი ცვლილება ევროკავშირის კონსტიტუციიაში, არამედ ახალი თავმჯდომარისაგან წამოსული ძირითადი პოლიტიკური ინიციატივების განხილვაც.

მცირე ქვეყნების შეშფოთებას ახალ წინადადებათა გამო სრულებით არ ჰგავს, ჟურნალის სიტყვით, ამავე წინადადებებისადმი ლონდონის, პარიზისა და მადრიდის დამოკიდებულება. მათ ეს წინადადებები მოსწონთ სწორედ იმის გამო, რის გამოც მცირე ქვეყნებს არ მოსწონთ, ხოლო გერმანიის პოზიცია ორჭოფულია, ვინაიდან იგი, ტრადიციულად, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის გაძლიერების მომხრეა, რაც აწონასწორებს მის ინტერესს, როგორც ევროპის დიდი სახელმწიფოსას.

"საქართველოს" რედაქციისაგან. მკითხველი ადვილად დაინახავს წარმოდგენილ ანალიზში იმ კითხვის პასუხს, თუ რით არის სრულებით უსაფუძვლო ის დემაგოგიური მსჯელობა ევროკავშირისა და "ესენგეს" შორის თითქოსდა არსებული მსგავსების თაობაზე, რომელსაც რუსეთის პოლიტიკური და პოლიტოლოგიური წრეები მიჰმართავენ: ევროკავშირის ზემოაღწერილ ურთიერთწინააღმდეგობებს განაპირობებს ის, რომ წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთმანეთთან საკუთარი თავის გაიგივების, ერთობის გრძნობის ის ხარისხი, რომელიც საჭიროა, რათა ერთის კეთილდღეობა და გაჭირვება ყველას ჭირად თუ ლხინად, ანუ საერთო კეთილდღეობად და გაჭირვებად მიიჩნიონ. ეს დაბრკოლება მათს ერთიანობას პრობლემებს უქმნის იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საერთო თვისებაც აქვთ: ისინი ევროპელები არიან და ამით ამაყობენ. საბჭოთა კავშირის ყოფილ ხალხებს კი საერთო თითქმის არაფერი აქვთ იმის გარდა, რომ თითქმის ერთი საუკუნე (თუ ძველ იმპერიასაც არ მივათვლით) ერთი და იმავე ზესახელმწიფოს კოლონიის მდგომარეობაში გაატარეს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com