|
"საქართველო "
"ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი"
ინგლისელების ინტერესი რუსეთის ნავთობისადმი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი რუსეთის პრეზიდენტის ამასწინანდელ პომპეზურ მიღებას გაერთიანებული სამეფოს სამეფო კარზე, ნათლად იკითხება THE ECONOMIST-ის ჯერ კიდევ მარტის დამლევის ნომერში. ჟურნალი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებებს, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულმა შეტყობინებებმა ყველა დიდი ნავთობკომპანიების - "ბრიტიშ პეტროლეუმისა" და "როიალ დაჩშელის" მიერ თავისი ჩრდილოეთის ზღვის საქმიანობაში მუშა-მოსამსახურეთა შეკვეცის შესახებ არავითარი კომენტარი არ გამოიწვია. ეს სიახლე მოსალოდნელი იყო. ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის მომხიბლაობა ნავთობკომპანიების თვალში დიდი ხანია კლებულობს და განსაკუთრებით მაშინ ჩამოქვეითდა, როცა ხელისუფლებამ დაბეგვრა გაზარდა. ჩრდილოეთი ზღვის ნავთობი, ჟურნალის სიტყვით, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია და მისი როლი არ ამოიწურება იმით, რომ იგი, როგორც ნავთობის ალტერნატიული წყარო, მძლავრი იარაღია "ოპეკის" (ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის) ჭირვეულობასთან საბრძოლველად, რომელიც გამუდმებით ცდილობს ამ ნედლეულის მსოფლიო ფასები გაზარდოს (იგივე როლი, სხვა როლებთან ერთად, აქვს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსაც. რედ): იქ დღესაც 55 კომპანია მუშაობს და მთავრობას წლეულს 4,5 მილიარდი ფუნტის ამოღების იმედი აქვს გადასახადთა სახით. ამ ნავთობის ექსპლოატაცია დაიწყო 1975 წელს და პიკს მიაღწია 1999 წელს. ის, რაც მარაგიდან ჯერ კიდევ რჩება, უფრო და უფრო ძნელი ამოსატუმბი ხდება ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად. ასე რომ მენავთობეთა ინტერესის გადაადგილება ხდება რუსეთისკენ, დასავლეთ აფრიკისკენ და მექსიკის უბის ღრმად საბურღავი საბადოებისკენ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |