|
"საქართველო "
რა არის ეს "გზათა რუკა"?
The Economist ფიქრობს, რომ იზრაელისა და პალესტინელების მზაობა მეტნაკლებად კონსტრუქციული შეთანხმებისათვის, რომელიც ჩადებულია ამერიკელთა მიერ მიღებულ ე.წ. "გზათა რუკის" გეგმაში, დამაჯერებელი არ არის. ორივე მხარისთვის ეს მეტ-ნაკლებად ტაქტიკური ნაბიჯია, რომლის შემდეგაც ორივენი კვლავ ბრძოლის გაგრძელებას მოელიან. ასეთი პროგნოზი ჟურნალს გაკეთებული აქვს ჯერ კიდევ სამი თვის წინ და ამ წინასწარმეტყველების თანდათან ახდომის მოწმენი დღეს უკვე ვართ. გეგმის სახელია "გზათა რუკა პრობლემის ორსახელმწიფოიანი (იზრაელი და პალესტინა) გადაჭრისათვის". პირველი ნაბიჯი გადადგმულია პალესტინელთა მიერ, რომლებმაც შემოიღეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად ახალი თანამდებობა პრემიერ-მინისტრისა, რომელზედაც გადავა მეტისმეტად უდრეკი არაფატის უფლებამოსილებათა მნიშვნელოვანი ნაწილი. ხოლო იზრაელის მხარემ "გააჟონინა" ინფორმაციას, რომ იგი ამ გეგმისათვის რამდენიმე მკაცრი "შესწორების" წარმოდგენას აპირებს. გეგმა ითხოვს წლის ბოლოსათვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომელსაც ექნება დროებითი საზღვრები და სუვერენიტეტის ატრიბუტები. ებრაული მხარე ითხოვს სიტყვის "დამოუკიდებელი" ამოღებას და სიტყვის "ატრიბუტები" წინ სიტყვის "გარკვეულ" ჩართვას. იგი მოითხოვს აგრეთვე სიტყვების "მაქსიმალური ტერიტორიული უწყვეტობა" ამოღებას და სიტყვების "სადაც ეს შესაძლებელია" ჩართვას. ყველაზე მძიმე პირობა პალესტინისათვის არის იზრაელის წინააღმდეგ მოქმედ ჯგუფთა რადიკალური და დაუყოვნებელი დათრგუნვა, იზრაელისათვის _ დასახლებათა შექმნის პოლიტიკაზე ასევე დაუყოვნებელი ხელის აღება, თვით "ბუნებრივი ზრდით" გათვალისწინებულის ჩათვლით.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |