|
"საქართველო "
კვება და ჯანმრთელობა
ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტები და "სამი სიკეთის" მეთოდი
"როგორ ვიკვებოთ, რა პროდუქტები უნდა მივიღოთ, რომ კვება ჩაითვალოს სრულფასოვნად და ორგანიზმმა საკმაო რაოდენობით მიიღოს ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები?" ამ კითხვაზე მოკლე პასუხის გაცემა შეუძლებელია, რამდენადაც ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფიზიკური აღნაგობით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასაკით. ყოველ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მაგრამ არსებობს კვების ზოგადი, საერთო პრინციპები, რომელთა დაცვა ერთნაირ სარგებლობას მოიტანს ადამიანთა ყველა ჯგუფისათვის და მკურნალობის ნატუროპათიულ მეთოდებთან კომბინაციაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მკვეთრ გაუმჯობესებას. ეს პრინციპებია: 1) საკვები პროდუქტების სწორი შერწყმის, კომბინაციის ცოდნა (იხ. "საქართველო", #13 2003 წ.) 2) ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტების ცოდნა და "სამი სიკეთის" მეთოდის გამოყენება. 3) ორგანიზმის გამატუტიანებელი პროდუქტებით უპირატესად კვება. 4) საკვები პროდუქტების სწორად მომზადების წესების ცოდნა. 5) ძველი ქართული, ჩინური და ტიბეტური მედიცინის საფუძველზე კვების პროდუქტების შერჩევა ადამიანის კონსტიტუციური ტიპების მიხედვით. ახლა გადმოგცემთ, თუ რა წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტებს და რაში მდგომარეობს "სამი სიკეთის" მეთოდის არსი. საკვები პროდუქტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მარტო შედგენილობით, არამედ იმის მიხედვითაც, თუ რა ზიანის ან სიკეთის მოტანა შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობისათვის. იმ პროდუქტებს შორის, რომელთა მიღება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა, გ. შელტონის, ოზოვას, ა. ბრეგის, ი. ლიტვინას, გ. მალახოვის და სხვა ცნობილი ნატუროპათების შრომებზე დაყრდნობით, ჩვენ შევადგინეთ განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტების სია, რომელთაც აქ გთავაზობთ:
განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტები:
ასფურცელა ასკილი ბაბუაწვერას ფესვი გოგრა (ნედლი) გოგრის თესლი ვაშლის ძმარი ზღვის კომბოსტო თხილი კუნელი (სასმელი) კაკალი ლეღვი ლიმონი მარწყვი მზესუმზირის თესლი მოცვი ნებისმიერი ბალახის ჩაი ნიახური ნარევი: ლიმონი და ფორთოხალი (კანიანად), თაფლი, ნედლი ბაბუაწვერას, ჭინჭრის, ცაცხვის ფოთლების და მარიამსხალის წვენი. ნიორი პირშუშხა ჟოლოს მშრალი ფოთლების ფხვნილი სიმინდის ზეთი სოია, სოიას ფქვილი ფინიკი ყვავილის მტვერი ყველა ახალი ბოსტნეული და ხილის წვენი შავი მოცხარი შავი ქლიავი შირბახტი შტოში ჩაი (მწვანე) "ცხარე" და სხვა ბოსტნეულის თესლი ძახველი წითელი მოცვი ჭერამი ხორბალი (გაღვივებული) ხახვი.
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა ადამიანმა, როგორც ჯანმრთელმა, ასევე ავადმყოფმა, აგრეთვე ყველა იმან, ვინც ორგანიზმის გაწმენდის სრული კურსი ჩაიტარა და სურს მის ორგანიზმს არ მოაკლდეს აუცილებელი ვიტამინები, მიკროელემენტები, ნახშირწყლები, ცილები და ა.შ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ძნელია ზემოთჩამოთვლილი ყველა პროდუქტის ყოველდღიურად მიღება, აქ კი გამოგვადგება "სამი სიკეთის" წესი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: თუ დღის განმავლობაში მივიღებთ სიაში ნაჩვენები განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტებიდან თუნდაც სამ პროდუქტს, მაშინ ჩვენი კვება შეიძლება სრულფასოვნად ჩავთვალოთ. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ არჩეულ სამ პროდუქტს უნდა დავჯერდეთ. ეს პროდუქტები წარმოადგენენ მხოლოდ დამატებას ძირითად კვებაზე, მაგრამ ამ დამატების გარეშე ვერანაირი კვება სრულფასოვანი ვერ იქნება. სიაში მოცემული პროდუქტების სვადასხვა კომბინაციები თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეადგინოთ და ყოველდღიურად მიირთვათ, მხოლოდ გახსოვდეთ: პროდუქტები სიიდან არ უნდა იყოს სამზე ნაკლები (მეტი შეიძლება და უკეთესიცაა). გთავაზობთ ერთ-ერთ ვარიანტს: 300-300 გ კაკალი, ჭერამი, ქიშმიში, 2 ლიმონი (კანიანად) გავატაროთ ხორცსაკეპში. დავუმატოთ 300 გ თაფლი. მიღება: 1-2 ჩაის კოვზი დღეში. ინახება მაცივარში. განსაკუთრებით სასარგებლოა სტაციონარში მწოლიარე ყველანაირი ავადმყოფისათვის.
* * *
ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სასარგებლო ზოგიერთი პროდუქტის სამკურნალო თვისებები
ბაბუაწვერას ფესვის ყავა
სამკურნალო ეფექტი: შესანიშნავი საშუალებაა გულის და ნერვული სისტემის დაავადებების, ართრიტის, რევმატიზმის დროს. მომზადების წესი: ბაბუაწვერას კარგად გარეცხილი და გამომშრალი, მცირე ნაჭრებად დაჭრილი ფესვები კარგად მოვხალოთ ტაფაზე, დავფქვათ ყავის საფქვავით. მოვხარშოთ ისე, როგორც ყავა (ავიღოთ 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე, გავაჩეროთ ათი წუთი და გავწუროთ). დავლიოთ თაფლთან და ლიმონთან ერთად.
კუნელის სასმელი
სამკურნალო ეფექტი: ხსნის გულის არეში ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნებას, ამაგრებს გულის კუნთს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. სტენოკარდიის, გულის მუშაობის მკვეთრი დარღვევის დროს საიმედო დამხმარე საშუალებაა. ახდენს ანტისკლეროზულ და წნევისდამწევ მოქმედებას. მომზადების წესი: კუნელის 25-30 ნაყოფს საღამოს ჩავყრით თერმოსში, დავასხამთ 1 ლ მდუღარე წყალს და გავაჩერებთ დილამდე. დილით ნაყენი მზადაა. მიღება: კუნელის ნაყენის მიღება შეიძლება დოზირების გარეშე, როგორც ჩაი. თერმოსში ნაყენის ჩამთავრების კვალობაზე თერმოსში ხელახლა უნდა ჩავამატოთ მდუღარე წყალი _ ასე შეიძლება 4-6 დღის განმავლობაში (ნაყენი ყოველ დღე ხდება სულ უფრო კონცენტრირებული და გემრიელი).
ლიმონის, ფორთოხლის და თაფლის ნარევი
სამკურნალო ეფექტი: წმენდს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ორგანიზმს არტერიული წნევის შენარჩუნებაში, აქედან გამომდინარე: სტენოკარდიის, ინფარქტების, თავის ტვინში სისხლჩაქცევების _ ინსულტის განვითარების შესაძლებლობას სპობს. მომზადების წესი: 2 ცალი საშუალო ზომის ლიმონი და 2 ცალი ფორთოხალი თავის კანიანად დავჭრათ ნაწილებად, მოვაცილოთ თესლები და გავატაროთ ხორცსაკეპში. გატარებულ მასას შევურიოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. ნარევი გავაჩეროთ მინის ქილაში 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი მოვათავსოთ მაცივარში. მიღება: 2-3 ჩაის კოვზი დღეში ჩაისთან ერთად ან ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სოიო
დახასიათება: სოიოს მარცვალი შეიცავს 40%-მდე ადვილადასათვისებელ ცილებს, 22%-მდე ცხიმებს, ბევრ ვიტამინებს და მინერალურ მარილებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის შეიცავს ლეციტინს _ ფოსფორით მდიდარ ნივთიერებას. პოლ ბრეგი წერს: "ლეციტინი _ ეს ერთ-ერთი ძირითადი საჩუქარია ღმერთისა ადამიანისადმი". ღვიძლი ქოლეცესტერინის გარდა გამოიმუშავებს ლეციტინსაც. ლეციტინი ნაღვლის ბუშტში შეერევა ნაღველს და ხვდება წვრილ ნაწლავში, წარმოადგენს რა მძლავრ, ცხიმების დამშლელ აგენტს. სამკურნალო ეფექტი: ის ადამიანები, რომლებიც სოიოს იყენებენ საკვებად, იშვიათად ავადდებიან "სისხლძარღვოვანი" პათოლოგიებით. მაგალითად, ჩინელთა კვებაში სოიოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თრომბოზები, სისხლძარღვთა დეგენერაციული დაავადებები მათში არ გვხვდება, სისხლში ქოლეცესტერინის დონე უმრავლეს შემთხვევებში ნორმის ფარგლებშია. მომზადების წესი: სოიოს მარცვლები მოხარშვამდე უნდა დავალბოთ ღამის განმავლობაში (სასურველია ანადუღარ წყალში), შემდეგ მოვხარშოთ 5-6 საათის განმავლობაში ჩვეულებრივ ჭურჭელში. სოიოს "რძე" _ ნახევარი ჩაის კოვზი სოიოს ფქვილი გავხსნათ ნახევარ ჭიქა წყალში. თუ მის მოსამზადებლად გამოვიყენებთ სოიოს მარცვლებს, მაშინ 1 ჩაის ჭიქა სოიოს ვყრით 5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში.
სიმინდის ზეთი
სამკურნალო ეფექტი: სიმინდის ზეთი მზადდება მწიფე სიმინდის მარცვლების ჩანასახისაგან (მარცვლის ყველაზე "ცოცხალი" ნაწილი). ეს არის ორგანიზმისათვის ადვილადასათვისებელი და აუცილებელი უჯერი მჟავების წყარო. (სუფრის კოვზის მიღება დღეში 2-ჯერ (საუზმის და სამხრის წინ) 1 თვის განმავლობაში ორგანიზმს იცავს მრავალი დაავადებისაგან (ასთმა, შაკიკი, კანის დაავადებები და ა.შ.). თუ მას მივიღებთ დღეში 75 გრამამდე, მაშინ დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს და წარმოადგენს ერთ-ერთ მცირერიცხოვან ეფექტურ საშუალებას ათეროსკლეროზის წინააღმდეგ. კ. საბახტარიშვილი. სამკურნალო წიგნი. ტ. 4. თბილისი. 1997.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |