"საქართველო "
# 14 (1802)
ოთხშაბათი, 10 სექტემბერი 2003 წელი

ყურადღება - ვისაც აფხაზეთის პრობლემა გაღელვებთ! - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

ეს თემა საქართველოში აქტუალური გახდა და გახმაურდა მაშინ, როცა პარლამენტმა ჯერ "მიაფუჩეჩა", ხოლო შემდეგ განიხილა ამ სასამართლოს ფუძემდებელ დოკუმენტთან _ ე. წ. რომის კონვენციასთან _ ჩვენი ქვეყნის მიერთების საკითხი და დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღო. მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ ამ აქტის შედეგად (რომელსაც კიდევ ორიოდე მომცრო იურიდიული ნაბიჯი სჭირდება), ჩნდება საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი დანაშაული _ აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა _ სრულმასშტაბიანი პროცესუალური გამოძიებისა და სასამართლო განხილვის საგანი გახდეს და მის ჩამდენთ სათანადო სასჯელი განესაზღვროთ. ვაქვეყნებთ THE ECONOMIST-ის წერილს ამ თემაზე, რომელიც საქართველოში ამ თემის გახმაურებამდე დიდი ხნით ადრეა დასტამბული და რომელშიც მკითხველი ჩვენი საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობ არაერთ ფაქტს და მოსაზრებას იპოვის.

"აშშ და სხვა სახელმწიფოები, რომელთაც სათავეში საფრანგეთი უდგა, რამდენიმე კვირის მანძილზე ფეხმოუცვლელად იყვნენ ერთმანეთს დაპირისპირებულნი გაეროს უშიშროების საბჭოში. ეს ხდებოდა შარშან ზაფხულში და კამათის საგანი იყო არა ერაყის ომის დაწყება-არდაწყება, არამედ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (INTERNATIONAL CRIMINAL CONIT - ჟჩჩ): ჰაერში ვეტოს საშიშროება ტრიალებდა. კონფლიქტი უფრო კარგად დამთავრდა, ვიდრე პირი უჩანს დღევანდელ კამათს ერაყის გამო (ეს მასალა ეკუთვნის 2003 წლის 15 მარტს. რედ.). ერთხმად მიღებულ იქნა კომპრომისული რეზოლუცია და ყველა მონაწილე კმაყოფილი წავიდა შინ.

"მიუხედავად ამერიკელთა გააფთრებული წინააღმდეგობისა, სასამართლო დაფუძნდა ჰააგაში ამ კვირას, სადაც მისი მომავალი ადგილსამყოფელი იქნება. დიდი ცერემონიით შედგა პირველი 18 მოსამართლის ფიცის მიღება. დანარჩენი თანამშრომლები ჯერ კიდევ ასაყვანნი არიან და სასამართლო, ალბათ, ვერ მიიღებს განსახილველად თავის პირველ საქმეს მომავალ წლამდე. ევროკავშირის ქვეყნებისა და მსოფლიოს ათეულობით სხვა ქვეყნების მიერ ზურგმიცემული, იგი დაარსებულია იმისთვის, რომ განიხილოს გენოციდისა და სამოქალაქოთა მიმართ ჩადენილი ყველაზე უარესი სამხედრო დანაშაულების საქმეები, რაც კი მსოფლიოში ხდება, იმ შემთხვევაში, როცა მათ ვერ იხილავენ ან არ იხილავენ ეროვნული სასამართლოები.

"გაეროს საერთაშორისო კრიმინალური ტრიბუნალისაგან განსხვავებით, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის საქმეებს იხილავს და რომელშიც ამჟამად სამართლდება მილოშევიჩი, ახალი სასამართლო ჩაფიქრებულია როგორც მუდმივი. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსაგან განსხვავებით, იგი განკუთვნილია ინდივიდთა მიერ ჩადენილი დანაშაულების განსახილველად და არა სახელმწიფოთა შორის დავების გასარჩევად. ასე, მაგალითად, რითაც არ უნდა დამთავრდეს დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში მიმდინარე დისკუსია, ახალი სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ერაყში შეჭრის კანონიერება-უკანონობის შესახებ.

"შეუძლია თუ არა ამ სასამართლომ წარმატებას მიაღწიოს, როცა მას ესოდენ მტრულად ეკიდება მსოფლიო სუპერძალა? შარშანდელი ივლისის კომპრომისს, რომლითაც დამთავრდა განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოში და რომლის თანახმადაც გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ამერიკელებს შეუვალობა მიეცათ ახალი სასამართლოს იურისდიქციის მიმართ, ვადა გაუდის ამ წლის ივლისში. შესაძლებელია ახალი შეჯახება უშიშროების საბჭოში. თუ ამერიკელებს უარი ეთქვათ არსებული გადაწყვეტილების განახლებაზე, შესაძლოა ამან გამოიწვიოს მათი მუქარა, რომ ვეტოს დაადებენ გაეროს ყველა სამშვიდობო მანდატებს.

"ამერიკამ იმიტომ გააჩაღა კამპანია ახალი სასამათლოს წინააღმდეგ, რომ იგი შიშობს, ამით შესაძლებელი არ გახდეს ამერიკელი ოფიციალური სამთავრობო პირების (მთავრობის მოხელეების) სამართლებრივი დევნა. ახალი სასამართლოს მომხრეები, პირიქით, აცხადებენ, რომ 1998 წლის ხელშეკრულებაში, რომელიც ამ ახალ სასამართლოს აფუძნებს, საკმარისადაა კონტროლისა და დაბალანსების მექანიზმები, რათა ამ სასამართლოს მხრიდან პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქმედება განაპირობოს. კლინტონის ადმინისტრაციის დროს ამერიკის მთავრობას აწუხებდა, ხომ არ იქნება, პოტენციაში, შესაძლებელი, რომ შეიზღუდოს ამერიკელთა მოქმედების თავისუფლება საზღვარგარეთ. ამიტომ მისმა ადმინისტრაციამ ისე ქნა, რომ ცენტრალური როლი მოიპოვა სასამართლოს შესახებ დასადები ხელშეკრულებისთვის მისთვის სასურველი სახის მიცემაში. საპრეზიდენტო ვადა რომ უთავდებოდა, კლინტონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რათა ამერიკა ამ საქმეში ჩართული ყოფილიყო. მაგრამ შემდეგ ბუშმა გამოიწვია (გააუქმა) ამერიკის ხელმოწერა მასზე, შემდეგ კი ენერგიულად ეცადა, რომ ამ სასამართლოსგან სრული სამართლებრივი შეუვალობა მოეპოვებინა ამერიკელებისათვის.

"აშშ მარტო არ იყო ამ დაპირისპირებაში. მსოფლიოს ყველაზე მკაცრი დიქტატურები მას, რა თქმა უნდა, არ მიემხრნენ. მაგრამ ორმა დემოკრატიამაც _ ისრაელმა და ინდოეთმა _ გაიზიარეს ამერიკელთა კრიტიკული დამოკიდებულება ამ დოკუმენტისადმი. ჩინეთმა და იაპონიამ ამ ხელშეკრულების სასარგებლოდ ილაპარაკეს, მაგრამ ხელი არ მოუწერიათ. რუსეთმა ხელი მოაწერა, მაგრამ რატიფიკაცია არ გაუკეთებია.

"და მაინც, ამერიკელთა კამპანიამ ნარევი შედეგები გამოიღო. მან ვერ შეანელა რატიფიკაციების ტემპი. შარშანდელი კამათის შემდეგ, რომელიც უშიშროების საბჭოში იყო გამართული, ხელშეკრულების რატიფიკაცია კიდევ 13-მა ქვეყანამ მოახდინა, რითაც ახალი სასამართლოს იურისდიქციის მცნობი ქვეყნების რიცხვი 89-მდე გაზარდა. ამ ქვეყნებს შორის ბევრნი ამერიკის ახლო მეგობრები არიან, ზოგნი _ კლიენტებიც კი, როგორიცაა ბოლივია, კოლუმბია და სამხრეთ კორეა. გასულ თვეში მას ხელი მოაწერა ავღანეთმაც კი.

"აშშ-მ 24 ქვეყანა დაითანხმა იმაზე, რომ ისინი მოთხოვნის შემთხვევაში უარს ეტყვიან ახალ სასამართლოს იმ ამერიკელთა გადაცემაზე, რომლებიც მათ ტერიტორიაზე იმყოფებიან, და იგივე შესთავაზა თავის მხრით ამ ქვეყნებს. იგი მრავალ ქეყანას უბიძგებს ამავე შეთანხმების ხელმოწერისკენ და იმედოვნებს, რომ ამგვარ ორმხრივ შეთანხმებათა ბადე, რომლებიც, მისი აზრით, სანქციონირებულია ხელშეკრულების 98-ე პუნქტით, ამერიკელებს მისცემს გლობალურ შეუვალობას ამ იურისდიქციის წინაშე. ევროკავშირმა სცადა, აეკრძალა ასეთი ორმხრივი შეთანხმებები თავის წევრებსა და ამერიკელებს, აგრეთვე ევროკავშირში შესვლის მსურველებსა და ამერიკელებს შორის, მაგრამ ამერიკელთა მძლავრი ზეწოლის ქვეშ ეს ფრონდა დაინგრა.

"მაგრამ არც ეს ამერიკული კამპანია წარმართულა უმტკივნეულოდ. ასეთ ორმხრივ ხელშეკრულებებზე ხელის მომწერი არაერთი სახელმწიფო დღემდე არ შეუერთდა იმ სასამართლოს და, ამგვარად, მას ვერ მოსთხოვენ ამ უკანასკნელისათვის ეჭვმიტანილ პირთა გადაცემას. ევროკავშირის არც ერთ წევრს არ მოუწერია ხელი ასეთ თანხმობაზე. ერთადერთია გაწევრიანების მომლოდინე რუმინეთი და იმასაც, ჯერჯერობით, პარლამენტისთვის შესაბამისი წინადადება არ წარუდგენია.

"შემდეგი დიდი ნაბიჯი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს შემქმნელი ქვეყნების მხრიდან უნდა იყოს პროკურორის შერჩევა _ ეს, ალბათ, ყველაზე დელიკატური იქნება მათ გადაწყვეტილებათა შორის თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ. სასამართლოს განსახილველი საქმეები, _ თვით განსაზღვრებითვე, _ იქნება რთული და პოლიტიკურად ფაქიზი. როცა დაინიშნებიან სასამართლოს ყველა საკვანძო ფუნქციათა შემსრულებელი პირები და როცა უკვე დაქირავებულნი იქნებიან გამომძიებელთა, ადმინისტრატორთა და იურისტთა გუნდები, მაშინ მოსალოდნელია, რომ ყოველი გადაწყვეტილება სამართლებრივი დევნის დაწყების თუ არდაწყების შესახებ იქნება სადავო-საჭოჭმანო. სასამართლოს უკვე მიღებული აქვს 200-იოდე წინადადება ამა თუ იმ პირთა მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. უპირველესი კანდიდატები, როგორც ფიქრობენ, არიან კონგოელი და სპილოსძვლისნაპირელი მეამბოხეების მეთაურები. ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციამ, რომელიც იურისტთა ჯგუფების ქოლგა-ორგანიზაციაა, მოითხოვა ზიმბაბვეს პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს სამართლებრივი დევნის დაწყება.

"მოხელეთა ის პატარა გუნდი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს სასამართლოს მუშაობის დაწყების საორგანიზაციოდ, მოწადინებულია, რომ გამოიყენოს იუგოსლავიასა და რუანდაში ტრიბუნალებში მუშაობისას მიღებული გაკვეთილები, რომლებიც მოიცავენ მკაცრ კრიტიკას პროცესის სიგრძისა და სიძვირის გამო. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალ სასამართლოში პროცედურა უფრო ეფექტიანი იქნება და კონცენტრირებული იქნება მსოფლიოში უდიდეს სისასტიკეთა ჩამდენებზე, და არა წვრილფეხობაზე.

"ყოველივე ეს ძალიან ამბიციური მიზნები გახლავთ. მაგრამ ახალი სასამართლო ბევრს ვერაფერს გახდება, თუ არ ექნება ეროვნულ მთავრობათა მხარდაჭერა, რომელთაგანაც სასამართლოს დასჭირდება ჩვენებების მიწოდების უზრუნველყოფა, გადაწყვეტილებათა ცხოვრებაში გატარება და, რაც ყველაზე უფრო კრიტიკული პუნქტია, ეჭვმიტანილთა მიყვანა სასამართლო დარბაზში. მრავალ ქვეყანას ნათქვამი აქვს, რომ მოწადინებულია ყოველივე ამის გაკეთებას. მაგრამ ეს განცხადებები გაკეთებულია მაშინ, როცა სასამართლო მხოლოდ იდეა იყო და როცა მის თვალსაწიერში არ იმყოფებოდა უზენაესი პოლიტიკური თუ სამხედრო ლიდერი. მაგრამ ახლოვდება დღე, როცა ახალი სასამართლოს მხარის მიმცემთ დასჭირდებათ იმის ნათელყოფა, რომ მათი მხარდაჭერა რეალურია."

რედაქციისაგან. ახალი სასამართლოს ფუძემდებელ დოკუმენტში - "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის დებულებაში", - ვკითხულობთ:

"მუხლი 98. თანამშრომლობა იმუნიტეტზე ხელის აღების და გადაცემაზე თანხმობის თაობაზე.

1. სასამართლოს არ შეუძლია ისეთი მიმართვა გადაცემის (პირის "წარდგენის". რედ.) ან დახმარების თაობაზე, რომელიც იმ სახელმწიფოსგან, რომელსაც იგი მიჰმართავს, მოითხოვს ქმედებას, არათავსებადს მის საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებთან მესამე სახელმწიფოს რომელიმე პირის ან ქონების სახელმწიფოებრივი ან დიპლომატიური იმუნიტეტის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იმ მესამე სახელმწიფოსაგან მანამდე მიიღო თანხმობა თანამშრომლობაზე ამ იმუნიტეტზე ხელის აღების საქმეში.

3. სასამართლოს არ შეუძლია ისეთი მიმართვა გადაცემის (პირის "წარდგენის". რედ.) თაობაზე, რომელიც იმ სახელმწიფოსაგან, რომელსაც მიჰმართავს, მოითხოვდა ქმედებას, არათავსებადს მის ვალდებულებებთან მისი საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, რომელთა ძალითაც გადამცემი ("გამგზავნი". რედ.) სახელმწიფოს თანხმობა აუცილებელია ამ სახელმწიფოს პირის გადასაცემად ("წარსადგენად". რედ.) სასამართლოსათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მანამდე იმ გადამცემი ("გამგზავნი". რედ.) სახელმწიფოსაგან მიიღო თანამშრომლობა გადაცემაზე ("წარდგენაზე". რედ.) თანხმობის თაობაზე".

მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის დ. გამყრელიძის გამოსვლაში პარლამენტის წინაშე, რომელშიც მან მოუწოდა პარლამენტს არ მიეღო რომის კონვენციასთან, ანუ "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს" თაობაზე საერთაშორისო შეთანხმებასთან საქართველოს შეერთების აქტი, მან წამოაყენა არგუმენტი, რომ ამით საქართველო დაკარგავდა აფხაზეთში ძალის გამოყენების უფლებას (რაც არ შეესაბამებოდა რეალობას), მაგრამ არ ახსენა ამ დოკუმენტის თაობაზე არსებული წინააღმდეგობები სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com