"საქართველო "
# 14 (1802)
ოთხშაბათი, 10 სექტემბერი 2003 წელი

რაში ტყუვდება და რაში არ ტყუვდება დასავლეთი

იყო დრო, როცა დასავლეთი საბჭოთა სივრცის ძალიან დიდ ტყუილებს იჯერებდა, რადგან არ იცნობდა ან კარგად არ იცნობდა ჯერ იმ ტყუილთა შექმნის ტექნოლოგიებს. შემდეგ დადგა დრო, როცა ნაკლებად ტყუვდებოდა, მაგრამ ხშირად "ზრდილობის" გამო თავს ისე აჩვენებდა რუსულ მხარეს, თითქოს სჯერა. დღეს ნდობის თუ "ნდობის" ეს ლიმიტი ბევრად ნაკლებია. საკმარისია ითქვას, რომ ვერსია, თითქოს მოსკოვსა თუ ვოლგოდონსში მომხდარი სისხლიანი ტერაქტები ჩეჩნების ნახელავია და არა "ფეესბესი", დასავლეთის პრესის მიერ მიღებული არაა, იგი, უფრო, აგნოსტიკურ პოზიციას _ "ვერც ერთი მტკიცდება, ვერც მეორეო", _ არჩევს. დღეს დასავლეთს ძალიან აინტერესებს, როგორ წავა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. მოტყუვდება იგი საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში ამ თემაზე? ალბათ, არა. საილუსტრაციოდ მოგვყავს THE ECONOMIST-ის მასალა ჩეჩნეთში ა. წ. მარტში ჩატარებული "რეფერენდუმის" შესახებ. სათაურია "მკვდარი სულების ხმის მიცემა".

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხმა მისცა 470 ათასმა კაცმა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 88%-ს შეადგენს. ხმის მიმცემნი "10-15 წუთის მანძილზე რიგებში იდგნენო". მაგრამ ნამდვილად რუსების მიერ ყველაზე მჭიდროდ კონტროლირებულ კვარტლებშიც კი ქუჩაში თითო-ოროლა ადამიანი თუ ჩანდა, მით უფრო _ საარჩევნო უბნებზე. ასე რომ, იმ მაღალ ციფრს ვერ ვენდობით სხვაგვარად, თუ არ იმის დაშვებით, რომ ხმის მიცემაში მონაწილეობა მიუღიათ მკვდრებსაც.

1994 წლიდან ჩეჩნეთში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა და ბევრად უფრო მეტი წავიდა. 2002 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა აღწერამ 1 100 ათასი სული უჩვენა, სინამდვილეში დანიის ლტოლვილთა საბჭომ (რომელსაც ჩეჩნეთში ყველაზე მჭიდრო კონტაქტები აქვს დასავლელთაგან) 785 ათასს ანგარიშობს. ხმის მიცემა, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის _ სამთავრობო პარტიის მიერ კონტროლდებოდა (და რომელზეც აუარებელი დარღვევები დაფიქსირდა მცირერიცხოვან დასავლელ დამკვირვებელთა მიერ), "იყო ვარჯიში არა დემოკრატიაში, არამედ პოლიტიკურ კონტროლში".

1999 წლის მეორე ჩეჩნური ომის დაწყების აქეთ კონტროლის ხარისხი განსხვავებულია: ჩრდილოეთს რუსები და მათ მიერ დაყენებული კადიროვი აკონტროლებენ, სამხრეთს ანუ მთიან ნაწილს _ აჯანყებულები. პრეზიდენტმა მასხადოვმა პოპულარობის დიდი ნაწილი დაკარგა იმის გამო, რომ ახალგაზრდა მეომართა დიდი ნაწილი ისლამური ფუნდამენტალიზმით გამსჭვალულ უფრო რადიკალურ მეთაურებს მიჰყვება. ამ ბოლო თვეეებში რუსებმა კადიროვისა და რუსი მოხელეების კომბინირებულ ხელისუფლებაში გადაადგილებები მოახდინეს, რასაც ჩახედული პირები იმით ხსნიან, რომ რუსებმა თვით კადიროვისთვისაც კი "ფრთების შეჭრა" გადაწყვიტეს.

რეფერენდუმის აზრი, ჟურნალის სიტყვით, მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილად ცნეს და ჩეჩნებს დამოუკიდებლობის იმედი გადაუწურეს, არამედ ისიც, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის კანონები დაუდგინეს. ამ უკანასკნელთა დანიშნულება გარეგნულად არის "ჩეჩნეთის ჩეჩენიზაცია", რამდენადაც მას "არჩეული" მთავრობა ეყოლება, ნამდვილად კი ისაა, რომ ყოველივე ის, რაც ხდება და მოხდება, ამ მარიონეტებს გადააბრალოს, თვითონ კი პასუხიმგებლობა აიცილოს, თანაც, თითქოს, თავისი "პირობა" შეასრულოს და ჩეჩნეთის "ავტონომიურობა" დაიცვას. შესაძლოა, მიზანი ისიც იყოს, რომ ჩეჩნეთის კონტროლი სამხედროთა ხელიდან სამოქალაქო მოხელეებს გადასცენ, რადგან პუტინი, შესაძლოა, სამხედროებს ძალიან არ ენდობა. მის მიერ კონფლიქტის ვერდამთავრება, შესაძლოა, იმითაცაა განპირობებული, რომ იგი ვერ აიძულებს არმიას ჩეჩნეთიდან გავიდეს, სადაც მისი მესვეურები დიდ ფულს შოულობენ სახელმწიფო ფულის მითვისებით, იარაღის ვაჭრობით, ადამიანთა გატაცებითა და რეკეტით. რაკი ახალი კონსტიტუცია უფლებას აძლევს რუსეთის პრეზიდენტს გადააყენოს ჩეჩნეთის პრეზიდენტი მოტივის დაუსახელებლად, გამქრალია დამოუკიდებლობის საფრთხე, მით უმეტეს, რომ რუსეთი ამგვარი არჩევნებით, ახლა რომ რეფერენდუმი ჩატარდა, ჩეჩნეთს თავისთვის სასურველ კაცს "აარჩევინებს".

მეორე მხრივ, ჩეჩნეთის პრეზიდენტს თავისი ხალხის მიერ ასე თუ ისე აღიარებაც სჭირდება. არ არის გამორიცხული, რომ ომით გაბეზრებული ჩეჩნებისათვის კადიროვი სხვებზე ნაკლებ არასასურველი პრეზიდენტიც იყოს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com