|
"საქართველო "
ჭრელი პოლიტიკური ქსოვილი სამუსლიმანოში (ორი დიდი შეჯახება ივლისში)
ამერიკული ჟურნალი EIR, რომელიც არაა სიმპათიურად განწყობილი ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკისადმი, ბეჭდავს რამკიანუ მაიტრას წერილს ირან-პაკისტან-ავღანეთის რეგიონში შექმნილი საშიში მდგომარეობის შესახებ. 4 ივლისს პაკისტანში ქ. ქვეტაში პარასკევ დღეს, ლოცვის დროს მეჩეთში შეიჭრა სამი ტერორისტი, მათ შორის ერთი _ თავისმკვლელი. 2000 მლოცველთაგან 53 დაიღუპა, 57 დაშავდა. მლოცველები შიიტები იყვნენ ავღანელი ჰაზარას ტომიდან, რომლის ერთი ნაწილი რამდენიმე თაობით ადრე პაკისტანში შესახლდა, თავდამსხმელები _ ვაჰაბიტი სუნიტები პაკისტანშივე არსებული ექსტრემისტული სექტიდან, რომელიც უხვადაა გაჯერებული პაკისტანის ერთ-ერთი სპეცსამსახურის ("აი-ეს-აი". IშI), ალ-ყაიდასა და თალიბანის ხალხით. მანამდე ერთი თვით ადრე მოკლეს 13 იმავე ტომის შვილი შიიტი, პოლიციის კურსანტები. 4 დღის შემდეგ ამას მოჰყვა საპასუხო აქციები ქაბულში. ორი ათასმა ავღანელმა იერიში მიიტანა პაკისტანის საელჩოზე, ხოლო ათასმა სხვამ, ცენტრალური ბანკის გამგის მეთაურობით, დემონსტრაცია მოაწყო პროტესტის ნიშნად იმის გამო, რომ პაკისტანის შეიარაღებული ძალები 40 კმ-ით შეიჭრნენ ავღანეთის ტერიტორიაზე ალ-ყაიდელთა და თალიბთა საძებრად. საქმე ის გახლავთ, რომ ამერიკელები დიდი ხანია ცდილობენ პაკისტანელების ჩაბმას აქტიურ მოქმედებაში ამ ორი ორგანიზაციის წინააღმდეგ, პაკისტანის პრეზიდენტი კი ეთანხმება, მაგრამ ფეხს ითრევს. ამჯერად ასეთი ოპერაცია შედგა. საყურადღებოა, რომ ამ ძალიან დრამატულ დღეებში პაკისტანის პრეზიდენტი გენერალი მუშარაფი ადგილზე არ იმყოფებოდა _ იგი 18 დღით წასული იყო ევროპის ქვეყნებში. ჰაზარას ტომის პირთა წინააღმდეგ ჩატარებული ტერაქტი, ჟურნალის სიტყვით, მოულოდნელი არ იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ავღანეთში ხელისუფლებაში იყვნენ თალიბები _ ეს ძირითადად ვაჰაბიტი სუნიტები _ ისინი მტრობდნენ ჯაზარას შიიტ ტომს და ერთხელ ჟლეტაც მოუწყეს ჰერათის პროვინციაში. ამის შემდეგ ჰაზარელები ჩრდილო-ავღანურ ალიანსს (ჯგუფს, რომლის ხელითაც თალიბების დამხობა მოხდა) აწვდიდნენ სადაზვერვო ცნობებს თალიბებისა და ალ-ყაიდას რაზმების შესახებ და, საერთოდ, ისინი პროამერიკულად განწყობილნი არიან. მაგალითად, მათ არ სწყენიათ ამერიკელთა შესვლა ავღანეთში და ერაყში, მაგრამ ძალიან სწყინთ ამერიკელების პოზიცია მთავარი შიიტური ქვეყნის _ ირანის მიმართ. თუ დავუჯერებთ ინდოეთის დაზვერვის ცნობებს, სწორედ ქვეტელი ჰაზარელების დამსახურება იყო ის, რომ ამერიკელებმა შეძლეს ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერის, ხალიდ შეიხ მოჰამედის დაჭერა, ხოლო 4 ივლისის ტერაქტი იყო სამაგიეროს მიზღვა თალიბებისა და ალ-ყაიდას მიერ, რომელთაც (ასე ფიქრობენ ინდოელები) ჩუმად თანაუგრძნობდა პაკისტანის "აი-ეს-აი". ის, რაც ხდება, ჟურნალის სიტყვით, დიდად აფიქრებს ინდოეთს. ინდოეთი ვერ აღწევს იმას, რომ პაკისტანის სპეცსამსახურებმა შეწყვიტონ ინდოეთის შტატებში ჯამუსა და ქაშმირში ისლამისტური ძალების დახმარება, რომლებიც იქ მწარე ომს აწარმოებენ ინდოეთისაგან გამოყოფისა და პაკისტანთან შეერთებისათვის, მაგრამ მას იმედი ჰქონდა, რომ ამერიკელები შეძლებენ პაკისტანზე ზეგავლენას, რათა ამ პრაქტიკაზე ხელი ააღებინონ. ამიტომაც ინდოეთმა გადადგა ნაბიჯი პაკისტანთან ურთიერთობის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებისაკენ და მას უმაღლეს დონეზე მოლაპარაკება შესთავაზა. დღევანდელი გამწვავება, რომელიც, ჟურნალის აზრით, უფრო ღრმაა, ვიდრე ერთის შეხედვით ჩანს, ინდოეთს აეჭვებს თავისი ამ იმედის მართებულობის თაობაზე. მოლაპარაკება გადადებულია და შეიძლება აღარც შედგეს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |