|
"საქართველო "
ჩვენი მეზობელი თურქეთი
ერთი წელიწადიც არ გასულა, რაც თურქებმა დიდი უმრავლესობით ხმა მისცეს "სამართლიანობისა და განვითარების პარტიას" ერდოგანის მეთაურობით და ერთპარტიული მთავრობა შექმნეს. კორუფციადარეული და არაშედეგიანი ხელისუფლება შესახედად ძლიერით შეიცვალა, რომელიც თურქეთის ძირითადი პრობლემების _ ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების, კვიპროსის პრობლემის მოგვარებისა და ევროკავშირში თურქეთის შეყვანის _ იმედს იძლეოდა. მას აქეთ ეს ნდობა თანდათან ცვდება. ეკონომიკა კვლავ არამყარია, კვიპროსზე გაეროს გეგმა არ გავიდა და გადაიდო, ხოლო ერაყის ომმა და მისგან გამოწვეულმა ამერიკულ-თურქულმა უთანხმოებამ მძიმე პერსპექტივა დასახა. თურქეთის კრიზისულ ეკონომიკას მძიმედ დაარტყა ტურიზმის შემცირებამ ომის შედეგად (მას წლიურად 13 მილიონი დოლარი შემოაქვს) და სამხრეთში, ღარიბ ქურთულ პროცინციებში ერაყის ნავთობის უკანონო ტრანზიტის შეწყვეტამ. თურქეთის პარლამენტის უარმა, ამერიკელებისათვის მიეცათ გზა ერაყზე დარტყმის მისაყენებლად, მას 24 მილიარდი დოლარის სესხები და გრანტები დააკარგვინა, ხოლო შემდგომმა თანხმობამ, რომ საჰაერო დერეფანი მიეცა ამავე მიზნისთვის, 8 მილიარდი აღუდგინა. ქურთებზე დარტყმა თურქებმა ვერ გაბედეს, რადგან ამერიკელებმა არ ურჩიეს, ამ რჩევის მიზეზი კი იყო ქურთებისგან მოსული გაფრთხილება, თურქებს ომით ვუპასუხებთო. ამერიკელებზეა დამოკიდებული სავალუტო ფონდის დახმარებაც, რომელიც თურქეთს ძალიან სჭირდება თავისი 93 მილიარდ დოლარიანი ვალის (აქედან 80 მილიარდი _ საშინაო მოკლევადიანი ვალი) გამო. ეკონომიკური ნდობა მთავრობისადმი მკვეთრად დაეცა იმის გამო, რომ, პოპულიზმით გატაცებულმა, მან ხელფასები მიუმატა სამოქალაქო სამსახურის მოხელეებს ისე, რომ არ იკითხა, ეს ფული საიდან მოვა. ასევე უფინანსებოდ რჩება 15 ათასი კმ. საავტომობილო გზების გაყვანის შეპირებული გეგმაც. მთავრობამ რომ განზრახვა გამოთქვა, ხარჯებს შევამცირებთ და გადასახადებს გავზრდითო, სავალუტო ფონდი დასთანხმდა 1,6 მილიარდი დოლარის სესხად მიცემას, მაგრამ მას აძლევს ნაწილ-ნაწილ, რათა თურქულმა მხარემ ეს პირობა ვერ დაარღვიოს. დემოკრატიული რეფორმების მხრივაც საქმე ადვილად არ მიდის. ერდოგანის მმართველობაში აიკრძალა (თუმცა პროცესი წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული) პროქურთული პარტია "ჰადეფი". მეორეს მხრივ, პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი აქტებისა, რომლითაც გაძნელდება პარტიების აკრძალვა და გაადვილდება პატიმართა წამებაში ეჭვმიტანილთა სამართლებრივი დევნა. გაუქმდა აგრეთვე კანონისმიერი აკრძალვა ლათინური ასო დუბლვეს (ჭ) ხმარებისა, რომელიც თურქულ ანბანში არაა, ქურთულში კი არის (ამ კანონის დარღვევისთვის არაერთი ქურთი გამომცემელი ციხეში იყო წასული). ელოდებიან აგრეთვე, რომ პარლამენტი გააუქმებს სასჯელთა საკანონმდებლო შემსუბუქებას ე. წ. "ღირსების დანაშაულობებისთვის", როგორიცაა, მაგალითად, მამაკაცთა მიერ გაუთხოვარი ნათესავი ქალების მოკვლა შეცოდებებისათვის, _ თვით ისეთი მცირედისთვისაც კი ზოგჯერ, როგორიცაა გარეშე მამაკაცთან კინოში წასვლა. განზრახულია აგრეთვე კანონმდებლობის შერბილება (და არა გაუქმება!), რომელიც ქურთულ ენაზე რადიოგადაცემას კრძალავს. მაგრამ ბევრად უფრო ძნელი იქნება - THE ECONOMIST-ის აზრით - პოლიტიკაზე გენერლების გავლენის შემცირება. ისინი თავის ნებას კარნახობენ თავდაცვის მინისტრს, ხოლო მაშინ, როცა საქმე კვიპროსს ეხება - პრემიერმინისტრსაც. სანამ პრემიერი გახდებოდა, ერდოგანმა სცადა კვიპროსელი თურქების ლიდერი რ. დენქთაში დაეყოლიებინა გაეროს გეგმის მიღებაზე, რომელიც ბერძნებთან შეთანხმებას შეეხებოდა, მაგრამ გენერლებმა მას უხეშად ხელი ააღებინეს ამ მცდელობაზე, რადგან იმ კვიპროსულ პლაცდარმთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვთ. გენერლებს მხარი დაუჭირა თურქეთის პრეზიდენტმა სეზერმაც, რომელიც გენერლებში ხედავს ქმედით საპირწონეს რელიგიური წრეების წინააღმდეგ, მით უფრო, რომ ერდოგანი ერთ დროს ისეთი ისლამური პარტიის წევრი იყო, რომელიც აკრძალეს საერო ხელისუფლების დამხობის განზრახვის ბრალდებით. ჯამში, ერდოგანის პოზიცია მერყევია ისლამისტურსა და საეროს შორს. მისი ძველი მოკავშირეები, ისლამისტები მას პრინციპებიდან გადაცდომას უსაყვედურებენ, თუმცა, მეორეს მხრივ, მისი ცოლიც და მისი ნახევარი კაბინეტის ცოლებიც ისლამური ტრადიციისამებრ თავდახურულნი დადიან.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |