|
"საქართველო "
სამხრეთ კორეელთა ოცნებები
სამხრეთ კორეელთა განწყობილებას მნიშვნელობა აქვს ამერიკულ-ჩრდილოკეორეულ ურთიერთობათა განვითარებისათვის, ამ უკანასკნელს _ ამერიკულ-ირანულისათვის და ამერიკულ-ირანულისას _ საქართველოსთვის. "THE ECONOMIST"-ის მასალიდან მკითხველი დაინახავს იმასაც, რა მონდომებითაა ჩართული სამხრეთ კორეა თავის ეკონომიკურ გეგმებში (რის გამოც თავის ნახევარკუნძულზე მშვიდობა, უთუოდ, ომს ურჩევნია), და იმასაც, რა შეუძლია ქვეყანას, თუ ეკონომიკური ჩავარდნის შემდეგ მის სათავეში კარგი ხელისუფლება დგას. სამხრეთ კორეას ძალიან უნდა გახდეს ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიის ფინანსური ცენტრი და ამ ფუნქციით თავისი დედაქალაქი სეული ტოკიოს და შანხაის შეუტოქოს. 5 წლის წინ, როცა კორეას მწვავე ეკონომიკური კრიზისი ჰქონდა, ეს შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ დღეს კორეას 6+ წლიური ზრდა აქვს ეკონომიკაში (ჩინეთს კრიზისი არ ჰქონია, მაგრამ 8+ ზრდა აქვს) და ეს გეგმა ფანტასტიკური აღარ ჩანს. რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწის ამ რეგიონის ფინანსურ ოპერაციათა ცენტრად ყოფნას, იქიდან ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე მსოფლიოს საერთო შინაგანი პროდუქტის (GDP) ერთი მეხუთედი მოდის. კორეის დღევანდელი პრეზიდენტი აქტიურად მხარს უჭერს ამ პროექტს და მის განხორციელებას თავისი პოლიტიკის 12 პრიორიტეტს შორის ასახელებს. სეულის უპირატესობები კონკურენტულ ბრძოლაში ისაა, რომ კორეა მოზრდილი ეკონომიკური ერთეულია (თუმცა მისი მრეწველობის პოზიციები დიდად შეავიწროვა ჩინეთმა), საინფორმაციო-ტექნოლოგიური კარგი ბაზა გააჩნია და საბანკო-საფინანსო საქმეში კარგა განათლებული მუშახელი ჰყავს. გარდა ამისა, 1997-98 წლების კრიზისის დროს მისი საფინანსო სექტორის დიდი გადასტრუქტურირება მოხდა. რაც შეეხება მთავარ კონკურენტ ქალაქს _ შანხაის _ მას ამ ბრძოლაში რეგიონის ფინანსურ ოპერაციათა ცენტრობისათვის ძალიან უშლის კომუნიზმი. მხოლოდ ის რად ღირს, რომ კომუნიზმი პრესის თავისუფლებას ზღუდავს, ფინანსურ ოპერაციებში ჩართულ ადამიანებს კი, პირველ ყოვლისა, სანდო და სწრაფი ინფორმაცია სჭირდებათ! ტოკიოც დიდი მეტოქეა, მაგრამ იქაური საფინანსო ორგანიზაციები ძირითადად საკუთარი, იაპონური საქმეებით არიან დაკავებულნი. ჟურნალი შენიშნავს, რომ სეული არაა პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელსაც თავისთავზე ესოდენ დიდი და შემოსავლიანი ფუნქციის აღება მოუნდომებია, როგორიცაა ფინანსური ოპერაციების რეგიონალურ ცენტრად ყოფნა. ერთხანს ფრანკფურტმა მოიწადინა ამ ფუნქციაში შესცილებოდა ლონდონს, მაგრამ მარცხი განიცადა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |