"საქართველო "
# 14 (1802)
ოთხშაბათი, 10 სექტემბერი 2003 წელი

აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო

ირაკლი ხართიშვილი

დასასრული. დასაწყისი "საქართველო" #13

პენტაგონისა და ნატოს ხელმძღვანელობამ იცოდა აშშ შეიარაღებული ძალების ეს სუსტი მხარე და მის კომპენსირებას ახდენდნენ ნატოს ბლოკის დასავლეთევროპული კონტინენტური სახელმწიფოების ხარჯზე, სადაც რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში გაწვეულთა შედარებით მაღალი პროცენტის გამო მომზადებული რეზერვისტების უფრო მეტი რიცხვი გააჩნდათ. მე-2 ცხრილში იმავე ლონდონური წყაროს 1991 წლის მონაცემებით მოყვანილია აშშ-სა და ნატოს ბლოკის სხვა სახელმწიფოების, აგრეთვე სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთევროპული ქვეყნების მოსახლეობისა და ომის საწყის ეტაპზე გამოსაყვანი შეიარაღებული ძალების რიცხობრივი და პროცენტული მაჩვენებლები.

დღესდღეობით, რუსეთის ფინანსურ-ეკონომიკურად მკვეთრად დასუსტებისა და მისი სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითების, აგრეთვე ნატოს ბლოკის გაძლირებისა და გაფართოების პირობებში პროფესიული შეიარაღებული ძალების შექმნისა და ცივი ომის დროინდელი კანადა-დიდი ბრიტანეთის რიცხობრიობის შეიარაღებული ძალების მშენებლობის გზას დაადგნენ ნატოს ბლოკის წევრი მცირე ევროპული სახელმწიფოებიც _ ნიდერლანდები, ბელგია, დანია და პორტუგალია, ანუ ისინი, ვინც თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობით დიდად არიან დაშორებული რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის "ცხელ რაიონებს". მათ საპირისპიროდ ნორვეგიას, საბერძნეთისა და თურქეთის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ასეთი "ცხელი რაიონების" მეზობლად მდებარეობენ, კვლავინდებურად მაღალი პროცენტით (შესაბამისად დაახლოებით 57, 62 და 87%) აკომპლექტებენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე გაწვეული პირადი შემადგენლობით და მათ ომიანობის დროს ან კრიზისულ პერიოდში გამოსაყვანად დაგეგმილი რეზერვისტების მნიშვნელოვანი რიცხვიც გააჩნიათ.

რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას, მისთვის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ამერიკულ-კანადურ-ბრიტანული მოდელი, რომელმაც 2000-იან წლებში ნატოს ბლოკის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც გადმოინაცვლა, პრინციპულად მიუღებელია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და მახლობელ რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური პირობები მკვეთრად განსხვავდება ჩრდილო ამერიკის ან ჩრდილო-დასავლეთ ევროპის შესაბამისი პირობებისგან. როდესაც 1996 წელს ჩვენში პირველად შემოსული ნატოელი და ამერიკელი ექსპერტები გვირჩევდნენ საქართველოს სამხედრო მშენებლობაში კურსი აგვეღო ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, აგრეთვე ისრაელისა და სინგაპურის გამოცდილების შესწავლისა და გაზიარებისკენ, მაშინ ისინი გულწრფელნი იყვნენ და პატიოსნად იმეორებდნენ თავად ამერიკის პრაქტიკას _ დაყრდნობას არსებული პირობების გათვალსწინებისა და მსგავს პირობებში მყოფი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარებაზე.

მაგრამ თუნდაც ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის სამხედრო მშენებლობის გამოცდილების საქართველოში გამოყენებას წინ ეღობებოდა შემდეგი გარემოება _ ამ ქვეყნების სარდლობები გეგმავენ ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის დაახლოებით 10%-ის მობილიზებას (სახელდობრ, 5-მილიონიან ქვეყანაში 500-550 ათასისა), ხოლო მათგან თანამედროვე სამხედრო საქმის მოთხოვნებით დაბალანსებული და სათანადო საშტატო შეიარაღებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების ჩამოყალიბებისთვის რეგულარულ ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში გააჩნიათ იმაზე გაცილებით მეტი ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე საარტილერიო შეიარაღება, ვიდრე ეს საქართველოსთვის ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებით არის ნებადართული. ეს შედარებითი მონაცემები მოყვანილია მე-3 ცხრილში.

ფინეთის, შვეიცარიისა და შვედეთის სამხედრო მშენებლობისთვის მიბაძვისკენ მომწოდებელი ამერიკელი სპეციალისტები და ექსპერტები გაგებით უნდა მოკიდებოდნენ ჩვენს მიერ 1999 წლის შუახანებიდან ჩვენს მიერ არაერთხელ დაყენებულ საკითხს (მათ შორის პენტაგონისა და ნატოს წარმომადგენელთა თანდასწრებით გამართულ ღონისძიებებზე, აგრეთვე ქართულ პრესაში) საქართველოსთვის 1992 წელს ტაშკენტში დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ.

სიტყვით ისინი ამას ვერ უარყოფდნენ, საქმით კი დაიწყეს აქტიურად ნიადაგის მზადება და მოქმედება საქართველოში მცირერიცხოვანი პროფესიული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისკენ, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება თავად ამერიკაში 1973 წელს გატარებული რეფორმის პრინციპს _ უპირატესად ამ გამოცდილების შესწავლასა და მიყოლას, რომელიც გააჩნიათ არა ნებისმიერ, არამედ შენივე მსგავს გეოგრაფიულ და სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს. ჩვენივე დაბნევისა და დეზორიენტაციის რისკით ისინი აშშ, კანადის, აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პრაქტიკას წარმოგვიდგენენ "ნატოს სტანდარტად" და ამავე დროს ამას ამბობენ ნორვეგიის, საბერძნეთისა და თურქეთის მაგალითზე _ რაც დიამეტრულად განსხვავდება აღნიშნული "სტანდარტისგან".

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც. 1996 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში ჩატარებულ ნატოს ბლოკის საერთაშორისო კონფერენციაზე "მცირე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება", აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩევლის თანაშემწემ დოქტორმა ვოლფგანგ მანიგმა აღნიშნა:

"თუ შევადარებთ ნატოს და ყოფილი ვარშავის პაქტის გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფო თავად ავითარებს საკუთარ კონცეფციას და შემდგომ ეძებს ბალანსს პარტნიორებთან. ვარშავის ბლოკში კი ყველა ქვეყანა საერთო დიქტატს ემორჩილებოდა. საბოლოო ჯამში ქართველებმა თავად უნდა იპოვონ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების განვითარების გზა. [დასავლელი] ექსპერტები ამას ვერ იზამენ მათ მაგივრად".

როგორც ვხედავთ, ქართველი სპეციალისტების გარკვეულ წრეში არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრება ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირეულ საკითხებში, რომელიც ეთანხმება ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩვენთვის 1996 წელს კონფერენციაზე მიცემულ რჩევებს, მაგრამ მკვეთრად განსხვავდება იმავე ამერიკელთა მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული "დახმარების" პოლიტიკისგან. ასევე ადვილი შესამჩნევია, რომ ამერიკა-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობები სამხედრო სფეროში მკვეთრად ეწინააღმდეგება დოქტორ მანიგის მიერ ჩამოყალიბებულ ნატოში არსებულ პრაქტიკას და გადადის ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში დამკვიდრებული "უფროსი ძმის" დიქტატის სფეროში, ხოლო იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას ავითარებდნენ თავად ქართველი სპეციალისტები, მის ძირითად დებულებებს "რჩევების" ფორმით გვაძლევენ თავად ამერიკელი და სხვა ნატოელი ექსპერტები, ხოლო მისთვის "ქართული შეფერილობის" მისაცემად იყენებენ სამუშაო ადგილის, ხელფასისა და ნატოს ქვეყნებში "გულაობის" მოსურნე ქართველ ჩინოვნიკებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანამშრომლებს. ეს ადამიანები, ამერიკელი და სხვა ნატოელი "მრჩევლების" კვალდაკვალ იმეორებენ ისეთ შეხედულებებს, რომლებიც ძირშივე ეწინააღმდეგება თავად აშშ სამხედრო მშენებლობისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობის გამოცდილებას.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com