|
"საქართველო "
რა ემუქრება განათლებას საქართველოში
2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს 43 სხვადასხვა პარტია. თითქმის არც ერთ მათგანს აზრად არ მოჰსვლია ამომრჩევლისთვის თავისი პროგრამის წარდგენა, ხოლო ვინც წარადგინა ("მემარჯვენეებმა"), მაშინათვე გამანადგურებელი ირონიული კრიტიკა მოიმკო. მასალა, რომელსაც მკითხველს ვუდგენთ (და მომავალ ნომრებშიც წარვუდგენთ) დამთავრებული ანუ საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ "ბეჭედდასმული" პროგრამა არ არის. ეს გახლავთ იმის ილუსტრაცია (ძირითად ხაზებში), თუ რას ეწოდება პარტიული პროგრამა და როგორი უნდა იყოს იგი. დღეს ტელეეკრანზე მყოფ სამთავრობო და "ოპოზიციურ" პარტიებს რომ პროგრამები ანუ კვალიფიციურად მოაზრებული და პატიოსნად წარდგენილი სამოქმედო გეგმა ჰქონოდათ, არ გვექნებოდა ის სამარცხვინო მდგომარეობა, რომ ამომრჩეველთა... მხოლოდ 9% ინტერესდება პარტიის პროგრამით.
საქართველოს დარჩენაში "ვერშემდგარ სახელმწიფოდ" დაინტერესებულია არა მხოლოდ რუსეთი, არამედ არაერთი სხვა დღეს მსოფლიოში მოქმედი ძალა, რომელთაც შევარდნაძე, თავისი მდგომარეობის შენარჩუნების ან სხვა რამ მიზნით, ემორჩილება ან ანგარიშს უწევს. ამ მიზნის მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელსაც მისი დამსახველი ვერ გაექცევა, არის საქართველოში განათლების სისტემის პარალიზაცია, საბოლოდ - ჩაკვლა და ქართველი ხალხის ცნობიერების გადაორიენტირება იმგვარად, რომ მისი დღეს არსებული ძლიერი მიდრეკილება სწავლა-განათლებისაკენ შესუსტდეს და, საბოლოოდ, ნულზე დავიდეს. მიზანმიმართულ ნგრევასთან ერთად განათლების სისტემას საქართველოში დღეს არღვევს ბუნებრივი პროცესიც: სახელმწიფო ყურადღებას და, პირველ რიგში, დაფინანსების მოკლებას ვერ უძლებს ეს სპეციფიკური სისტემა, რომელიც თავისი ბუნებითვე ზოგადეროვნულ ძალისხმევას მოითხოვს არსებობის გასაგრძელებლად და განსავითარებლად. დღეს საქართველოში განათლების სტაგნაციისა და დეგრადაციისკენ მიმართული ბუნებრივი და ხელოვნური ფაქტორები ძირითადად შემდეგია:
I. კომუნისტური ეპოქის მემკვიდრეობა თუმცა საქართველოში პირველი უნივერსიტეტი გაიხსნა 1918 წელს, საერთო-ეროვნულმა ძლიერმა მისწრაფებამ მისი, აგრეთვე მისი გამონაყოფი დარგობრივი სასწავლო ინსტიტუტების, განვითარებისა და გაძლიერებისაკენ დასავლეთში განათლებამიღებულ პროფესორთა ბრწყინვალე პლეადის თავდადებულმა შრომამ და მანამდე არსებული ქართველი ინტელიგენციის ზოგადმა მაღალმა ინტელექტუალურმა დონემ, მიუხედავად მძიმე პოლიტიკური პირობებისა და რეპრესიებისა პროფესორთა შორის, განაპირობა ამ უნივერსიტეტის მაღალი მეცნიერული დონე და სწავლების მაღალი ხარისხი. თბილისის უნივერსიტეტი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი იყო, რომელიც ზოგ დარგში - პირველ ყოვლისა, ზოგ ჰუმანიტარულ დარგში - წინ იყო რუსეთის და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ანალოგიურ დაწესებულებებთან შედარებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და მის სისტემაში თანდათან ახალ-ახალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შექმნით საქართველოში მრავალკეცად გაიზარდა საზოგადოების მეცნიერული და მეცნიერულ-პედაგოგიური დასაქმების პროცენტი და კვლევითი მუშაობის ფრონტი. უაღრესად ფართო გახდა - შეიძლება ითქვას, მასობრივი სახე მიიღო მოსახლეობაში აღმავალმა სოციალურმა მობილობამ სქემით: "მშობლები - უსწავლელი, შვილები - უმაღლესდამთავრებულები". პარალელურად მოქმედებდა რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც საქმე მეცნიერებისა და განათლების ხარისხობრივი დადაბლებისკენ და თვით სსრკ-ს დახურულ სივრცეში ქართული მეცნიერებისა და განათლების ჩამორჩენისკენ მიჰყავდა. სახელდობრ, ა) შეიქმნა განათლების საყოველთაო სახელმწიფო სისტემა, რომელმაც მოიცვა საშუალო განათლება (ზოგადი და პროფესიული) და უმაღლესი განათლების ფართო სეგმენტი (დადებითი ფაქტორი) ბ) განათლების ხარისხი (განსაკუთრებით, უმაღლესისა) თანდათან დაქვეითდა იმის შედეგად, რომ მასში გაბატონდა პოლიტიკური ნიშნით დაწინაურებული "წითელი პროფესურა", განვითარდა იდეოლოგიური პრესი, რეპრესიებით დაითრგუნა აკადემიური ინტელიგენცია (უარყოფითი ფაქტორი) გ) განათლების სისტემის ფუნქციონირება და განვითარება იზოლაციაში მოექცა მსოფლიოს ანალოგიური პროცესებისაგან (უარყოფითი ფაქტორი) დ) II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მოხდა მეცნ. მუშაკთა და ლექტორთა ხელფასების მკვეთრი მომატება, რამაც მეცნიერებისკენ და აკადემიური კარიერისკენ მიიზიდა არაპროპორციულად ბევრი ადამიანი, ამ დარგში დასაქმებულთა ხარისხი დააქვეითა და ხელი შეუწყო მასში ბიუროკრატიულ-კარიერისტული სულისკვეთების განვითარებას (დადებითი და უარყოფითი მომენტების მომცველი ფაქტორი) ე) სტალინის სიკვდილის შემდეგ (1953) უმაღლესი განათლების სისტემაში და საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში გაბატონდა მექრთამეობა მისაღებ გამოცდებზე, რის შედეგადაც მოხდა საშუალო განათლების სისტემაში ცოდნის დისკრედიტაცია, უმაღლეს სასწავლებელთა დისკრედიტაცია, სტუდენტთა კონტინგენტის ხარისხის დაცემა, სწავლისა და სწავლების ხარისხის დაცემა (მკვეთრად უარყოფითი ფაქტორი) ვ) სტალინის სიკვდილისა და დემოკრატიული დასავლეთისკენ გზის (ნაწილობრივი) გახსნის შემდეგ ამუშავდა დასავლეთის სამეცნიერო და აკადემიურ სისტემებთან საბჭოთა სპეციალისტების კონტაქტების მექანიზმი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა სახელმწიფოს მიერ. ეს კონტაქტები თითქმის მთლიანად შემოიფარგლა რუსეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებით (რესპუბლიკებს იგი შეუდარებლად უფრო მცირე მასშტაბით შეეხო), რამაც თანდათანობით გამოიწვია რესპუბლიკების (მათ შორის - საქართველოს) ჩამორჩენა რუსეთისაგან მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების ძირითად დარგებში: რუსეთის სასწავლო ცენტრებს, რომელთაც მანამდე მხოლოდ ადმინისტრაციული და პოლიტიკური უპირატესობა ჰქონდათ საქართველოს ანალოგიური ცენტრების წინაშე, რეალური პროფესიული უპირატესობა შეექმნათ. ზ) "ვ)" ფაქტორის და "ე" ფაქტორის წყალობით თანდათან მკვეთრად დაქვეითდა განათლების დემოკრატიზაციის მექანიზმი (ანუ აკადემიური და პროფესიული კონკურენციის სფეროში მთელი მოსახლეობის მონაწილეობის მექანიზმი), რაც XX საუკუნის კოლოსალური მეცნიერული წინსვლის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია: უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების გზა მეტ-ნაკლებად პრივილეგირებულთა მონოპოლიურ მფლობელობაში მოექცა (უარყოფითი ფაქტორი) ი) საქართველოს მეცნიერების (და, შესაბამისად, განათლების) ხარისხის ჩამორჩენის გაღრმავების მიმართულებით უფრო და უფრო მზარდი მასშტაბით მუშაობდა მატერიალური უთანაბრობის ფაქტორი: საბჭოთა მეცნიერებას და განათლებას აფერხებდა ჩამორჩენა ტექნიკურ აღჭურვილობაში, ხოლო საქართველოს ჩამორჩენას რუსეთისაგან დამატებით აფერხებდა უთანაბრობა რუსეთის ცენტრების აღჭურვისთვის გაღებულ თანხებსა და საქართველოს ცენტრებისთვის გაღებულ თანხებს შორის. ამ უთანაბრობის შემცირება (ძალიან მცირე მასშტაბით) შეიძლებოდა მხოლოდ სხვადასხვა არაოფიციალური მეთოდებით - პირადი კონტაქტებით და ა.შ.
II. შევარდნაძის ეპოქის პოლიტიკა განათლების სფეროში შევარდნაძის მმართველობის პირობებში ხელისუფლების პოლიტიკა ამ სფეროში შეიძლება დახასიათდეს ერთი ფორმულირებით: ყოველივე იმის განადგურება, რაც კარგი იყო სოციალისტურ სისტემაში, ყოველივე იმის ხელშეწყობა და აყვავება, რაც ცუდი იყო სოციალისტურ სისტემაში და რაც ცუდია თავისუფალი ეკონომიკის სისტემაში, არაფერი კარგის არმიღება და არ გახარება, რაც კარგია თავისუფალი ეკონომიკის სისტემაში. სახელდობრ: ა) მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად - "იდეოლოგიური" დონის ჩართვით - ხელი იქნა აღებული საყოველთაო საშუალო განათლებისა და უმაღლესი განათლების მაქსიმალიზაციისათვის სახელმწიფოს ზრუნვის პრინციპზე. დღეს საქართველოში მოზარდი თაობისათვის საშუალო განათლების მიცემა თვით მოზარდის ამოცანად არის წარმოდგენილი და არა სახელმწიფოს ამოცანადაც. ამ პრინციპის რეალიზაციაა უფასო განათლებაზე შეტევა, მოწაფეთა მასობრივი გარეთ გამოყრა, სახელმძღვანელოთა არარეალისტური (სპეკულანტური) გაძვირება მათი მაფიის ხელში ჩაგდების გზით, მასწავლებელთა სოციალური (ეკონომიკური) დათრგუნვა, სკოლის შენობების "გაპრივატება" და დარჩენილთა ურემონტობა და ა.შ. ბ) მისაღებ გამოცდებზე უმაღლეს და საშ. სპეციალურ სასწავლებლებში მექრთამეობისათვის ყოვლისმომცველი, სისტემური და დაუსჯელი ხასიათის მიცემა. გ) განათლების დემოკრატულობაზე სრული ხელის აღება - როგორც "სოციალისტურზე" (ანუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულზე), ისე "თავისუფალზე" (ანუ საქველმოქმედო ფონდებით დაფინანსებულზე), განათლების შესაძლებლობათა ფაქტობრივი მოქცევა ოლიგარქების და სხვა პრივილეგირებულების ხელში. სრული უგულებელყოფა სახელმწიფოს მოვალეობისა, რომ იქონიოს ნიჭიერ ახალგაზრდათა შერჩევის და საზღვარგარეთ სახელმწიფო ხარჯხე სწავლების სისტემა, როგორიც ყველა თავისუფალ სახელმწიფოს აქვს. დ) უხარისხო და უკონტროლო კერძო "უმაღლესი სასწავლებლების" ფართო ქსელის შექმნა, სადაც განათლება ფაქტიურია, და ამით უსწავლელთათვის ფართო გზის გახსნა სახელმწიფო ადმინისტრაციული თანამდებობებისაკენ, განათლებული, მაგრამ "უპატრონო" ახალგაზრდების ხარჯზე. ე) სასწავლო პროგრამების "ლიბერალიზაცია" ანუ სახელმწიფო მოთხოვნის შერბილება (ფაქტობრივად - მოხსნა) ცოდნის იმ მინიმუმის მიმართ, რომელიც სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ მისი ატესტატის ან დიპლომის აღიარებისათვის. ვ) სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ განათლების სისტემაში და კერძო სისტემაში პროგრამების "რეფორმირება" ანუ შეცვლა ფუნდამენტური ცოდნის შეზღუდვის მიმართულებით, რასაც საფუძვლად უდევს (ხან გამოთქმული და ხან მდუმარედ ნაგულისხმევი) პრინციპი "გასწავლი იმას, რაც დღეს და ხვალ გჭირდება, მაგრამ არა ამაზე მეტს". ამ პრინციპით მიდგომა იწვევს მოსწავლის მიბმას იმ საზოგადოებრივ მოთხოვნილებაზე და იმ "ტექნოლოგიურ" (ამ სიტყვის ფართო აზრით) დონეზე, რომელიც არსებობს დღეს, მაგრამ გარდუვალად შეიცვლება ხვალ ან ზეგ, და ამით ართმევს მას შანსს, რომ მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ ან სხვა პროფესიულ საქმიანობაში ხუთი, ათი და თხუთმეტი წლის შემდეგ. ზ) სასწავლო პროგრამების რეფორმირების (რაც უდავოდ საჭიროა) საბაბით დამყარდა ანარქია და განუკითხაობა საშუალო განათლების შინაარსის სფეროში. მასწავლებლის მიერ თავისი გემოვნებით ასარჩევი სახელმძღვანელოების გარდა (რაც, უდავოდ, კარგია) არ არის არც ცოდნის სავალდებულო მინიმუმი ყველა საგანში. არ არის (და, რაც უარესია, არც იგეგმება, რომ შეიქმნას) სკოლაში გასავლელ კურსთა უფრო ფართო რეკომნდირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც გამოყენებული იქნება (არასავალდებულო წესით) განსაკუთრებით მონდომებული მოწაფეების მიერ, წრეების მიერ და თვით მასწავლებელთა მიერ. თ) ექლექტურად, ყოველგვარი გააზრებისა და ინფორმაციის წინასწარი შეგროვების გარეშე სკოლაში ხდება იმგვარი საგნების, ლიტერატურისა და თვალსაზრისების შეტანა, რომელიც რეკლამირებულია და გამოყენებულია სკოლაში მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ არა პედაგოგიური მიზნით, არამედ სხვა რამ (სახელდობრ, საპროპაგანდო) მიზნით ისეთი პრობლემის დასარეგულირებლად, რომელიც საქართველოს წინაშე არ დგას (ან სულ სხვაგვარად დგას, ვიდრე ზემოხსენებულ უცხო ქვეყანაში). მკვეთრი მაგალითია "სქესობრივი აღზრდის" სახელმძღვანელოს დანერგვის მცდელობა, რასაც დასავლეთში მხოლოდ არარეგულირებული გამრავლების შეჩერების მიზანი აქვს, ანუ ისეთი მიზანი, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე მდგომ ამოცანებთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. აღნიშნული მდგომარეობის მიზეზი ისაა, რომ განათლების სისტემა მიზნად არ ისახავს პიროვნების, როგორც მოვალეობათა მატარებლის, ფორმირებას, რაც სახელმწიფოებრივად რეგულირებული ყველა განათლებული სისტემის ძირთადი მიზანია. ამ მიზნით მართული სისტემის გვერდზე შესაძლებელია (და ბუნებრივია) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებათა არსებობაც, რომლებიც მოწაფეში მხოლოდ მისი პირადი წარმატებისათვის საჭირო თვისებებს ავითარებენ და მას სათანადო ცოდნით ამარაგაბენ. მაგრამ მეორეთა არსებობა ვერ აუქმებს პირველის არსებობის საჭიროებას. თ) ფუნდამენტური ცოდნის მიცემა საშუალო სკოლაში და, მით უმეტეს, უმაღლეს სკოლაში დღევანდელ პირობებში შეუძლებელია მეცნიერების განვითარების მიყოლის ანუ მეცნიერული პროგრესის კურსში ყოფნის გარეშე, ანუ შეუძლებელია საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში ადექვატური ცოდნის მიცემა ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ფუნდამენტური მეცნიერება არ არსებობს. დღეს საქართველოში ფუნდამენტური მეცნიერების ჩაკვლის მიზანმიმართული პოლიტიკა ტარდება, სახელდობრ, მისი "დახრჩობისა" დაუფინანსებლობის საშუალებით. სახელმწიფოს პოლიტიკაში რომ ეს ცნობიერი მიზანიც დევს, ჩანს შემდეგი მაგალითიდან: საქ. მეცნიერებათა აკადემიის განუხრელი შემცირების პროცესში, რომელიც სახსრების უქონლობითაა მოტივირებული, მოქმედებს ასეთი ინსტრუქცია: ინსტიტუტებს ევალებათ არა მხოლოდ ის, რომ თავისი ბიუჯეტი შეკვეცონ, არამედ ისიც, რომ თანამშრომელთა რაოდენობა შეკვეცონ, ანუ მათ ეკრძალებათ ხელფასი შეუმცირონ, პროპორციულად, ყველა იმ თანამშრომლებს, რომლებიც მეცნიერულ გუნდს ქმნიან, და ამით მათ საშუალება მისცენ, თავი დროებით სხვა საქმით შეინახონ (თუნდ ფიზიკური შრომით ან რეპეტიტორობით), მაგრამ მეცნიერული კოლექტივი, როგორც ასეთი, არ დაშალონ.
III. მდგომარეობის გამოსწორების გზა ალბათ, არავისთვის სადავო არ არის, რომ განათლება საზოგადოებრივი ცხოვრების ერთი იმ (არც თუ მრავალრიცხოვან) დარგთაგანია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დაფინანსება (გარკვეული მიზნით) სახელმწიფოს მიერ. ამიტომ სახელმწიფო ეკონომიკის ზოგადი გაჯანსაღების და სახელმწიფოში ზოგადი საფინანსო დისციპლინის რაღაც დონის მიღწევის გარეშე განათლების საქმის გადარჩენა შეუძლებელია. მაგრამ დაფინანსების ამ მინიმუმის არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი გამოყენების სხვადასხვა გზათა არჩევა - ზოგი მართებულისა და ზოგიც უმართებულოსი. განათლების სწორი პოლიტიკა ჩვენ ასე გვესახება: 1. საყოველთაო საშუალო განათლება სახელმწიფოს ხარჯზე, რომელიც იძლევა ფუნდამენტურ ცოდნას და პიროვნების მორალური და საზოგადოებრივი მოვალეობის ნათელ ცნობიერებას. ეს მინიმალური მოთხოვნა ვერ შემცირდება, რადგან არც ტექნოლოგიური ევოლუციის პროცესში წარმატებით ჩართვა, არც სოციალურისაში არც ინდივიდს, არც სახელმწიფოს არ ძალუძს, თუ მან მხოლოდ განვითარების მიყოლის, მიღწევების გზა (ანუ არსებული ტექნოლოგიების ათვისების გზა აირჩია, და არა ახალ ტექნოლოგიათა ქმნადობაში თანამონაწილეობის გზა, რაც შეუძლებელია ფუნდამენტური ცოდნის გარეშე (იხ. ზემოთ, პარაგრაფში "ეკონომიკა"). სახელმწიფო სისტემის პარალელურად დასაშვებია და მისასალმებელია (სტიმულირებას იმსახურებს) კერძო სასწავლებელთა სისტემის განვითარებაც, მაგრამ მისაღები ცოდნის მინიმუმის მკაცრი სახელმწიფოსმიერი სერტიფიკაციის პირობით. 2. სახელმძღვანელოთა მთელი კომპლექტის შექმნა და პუბლიკაცია (ყველა დონის დამხმარე სახელმძღვანელოების ჩათვლით, მათ შორის - აკადემიური კურსებისა) უნდა ხდებოდეს - აუცილებელი მინიმუმის ფარგლებში მაინც - სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასებად). 3. სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს (მინიმალურად მაინც) ფუნდამენტურ მეცნიერებას, რომლის არარსებობის პირობებშიც ფუნდამენტური განათლება შეუძლებელია. მისი დაფინანსების მინიმალური მოთხოვნებია ა) ლიტერატურის მისაწვდომობის მიღწევა ბ) მეცნიერული ინტენსიური კონტაქტების მისაწვდომობის მიღწევა (კონგრესებში და სიმპოზიუმებში მონაწილეობა, მივლინებები და ა.შ.) გ) (ბუნებისმეცნიერებებში) ძირითადი ექსპერიმენტების ლობირების შესაძლებლობის მიღწევა (რაც მუდმივი "სასტარტო ბაზაა" მეცნიერული "გარღვევებისათვის" სათანადო ნიჭიერი პიროვნების ან კოლექტივის გამოჩენის შემთხვევაში). 4. სახელმწიფოს ზოგად პრიორიტეტულ ამოცანად უნდა ჰქონდეს აღიარებული განათლების არა მხოლოდ აქცენტირებული განვითარება, არამედ მწვერვალების მიღწევაც. საზოგადოების ძირითად ინტერესთა კლასიკურ ტრიადას - თავისუფლება (რასაც შეიარაღებული ძალები იცავს), პური (ანუ ეკონომიკური კეთილდღეობა) და სამართალი (რასაც პოლიცია და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები უძღვებიან) - საქართველოს შემთხვევაში უნდა ემატებოდეს განათლებაც. იმ თითებზე ჩამოსათვლელ სტრუქტურათა შორის, რომლებიც სახელმწიფოს ტერიტორიას მსჭვალავენ და მის ღერძს შეადგენენ (სათავდაცვო, საპოლიციო, ჯანდაცვისა და სხვ.) უნდა იყოს განათლების სისტემაც, რომელიც მოიცავს ყველა ბავშვისათვის მისაწვდომ სრულფასოვან სკოლას და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილს ინტერნატში. ამ სპეციფიკურ საჭიროებას საქართველოს პირობებში თავისი ობიექტური საფუძველი აქვს: საქართველო დღეს ის ლეგიტიმურად საკუთარი და ისტორიულად ნაანდერძევი ტერიტორია, რომელზედაც ქართველი ერი თავისი სახელმწიფოებრივი თვითრეალიზაციის განხორციელებას (თავის სამარადისო დამკვიდრებას) ესწრაფის ისეთ პირობებში, როცა მისი რეალური ძალა მსოფლიოში არსებულ სხვა ძალებთან შედარებით უფრო მცირეა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიის ღირებულებაა კაცობრიობის ხელთ არსებულ საცხოვრებლად ვარგის მთელ ტერიტორიასთან შედარებით. ამ ტერიტორიაზე თავისი უფლების დაცვა ქართველ ერს შეუძლია მხოლოდ თავის შესაძლებლობათა სრულყოფილი გამოყენებით ორივე მიმართულებით - სამართლებრივითაც და ფაქტობრივი ძალისეულითაც. ამ რთული და ხანგრძლივი ბრძოლის მოგების აუცილებელი პირობაა ქართველი მონაწილეების (ასეთი კი მთელი ქართველი ერია) ხარისხი, რის ერთ-ერთ არსებით კომპონენტსაც მისი განათლების დონე შეადგენს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |