|
"საქართველო "
რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის აუცილებლობა
რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობის შესახებ დღევანდელ ვითარებაში, ანუ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამი ძირითადი თვალსაზრისი არსებობს (ძალიან სქემატური კლასიფიკაციით). პირველი. "რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა სასურველია: რუსეთი ჩვენი მეგობარია, იგი გვიცავს მესამე სახელმწიფოების (პირველ რიგში - თურქეთის) შესაძლო აგრესიისაგან. მათი აქ ყოფნა ხელს უწყობს რუსეთის კეთილგანწყობას საქართველოსადმი და ამ გზით ზრდის იმის ალბათობას, რომ რუსეთი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შეგვიშვებს. მეორე. "რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობა დაუშვებელია. რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია და მისი ბაზები ძლიერი იარაღია ჩვენს ტერიტორიაზე მისი მავნე საქმიანობის განსახორციელებლად". მესამე. "რუსეთის ბაზების საქართველოში ყოფნას ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს (ან: მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებლობა). მაგრამ ეს ზიანი, პრაქტიკულად, ნულისკენ მიისწრაფის: საქართველოს გადაორიენტირება დასავლეთისკენ შეუფერხებლად მიმდინარეობს ამ ბაზების არსებობის მიუხედავად". ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნას არ მოაქვს საქართველოსთვის არანაირი სარგებლობა და მოაქვს მრავალმხრივი ზიანი. შევეცდებით ამ თეზისის დასაბუთებას არსებული მდგომარეობის რამდენსამე პარამეტრთან მიმართებაში.
I. რუსეთის ბაზები, როგორც საქართველოს დამცველი ძალა. რუსეთის სამხედრო დგომა საქართველოში თავისი დასაწყისიდან (1801 წ.) პირველი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ასრულებდა (სხვა ფუნქციების პარალელურად) ირანისგან და თურქეთისგან საქართველოს დაცვის ფუნქციას. (ლერმონტოვის სიტყვით რომ ვთქვათ, საქართველო ცხოვრობდა. ირანისგან საქართველოს დაცვის ფუნქცია თანდათან დაიჩრდილა (ირანის განუხრელი დასუსტების გამო), თურქეთისაგან დაცვისა - ძალაში დარჩა. ამ ფუნქციის ძალაში დარჩენას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ რუსეთის ხელქვეით არ ხდებოდა საქართველოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარება (პირიქით: საქართველო, სახელმწიფოებრიობის უქონლობის გამო, სტაბილურად იყო ნულოვანი თავდაცვისუნარიანობის მდგომარეობაში), ხოლო ამ ფუნქციის ქრობას ხელს უწყობდა და ახლაც უწყობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა, რომლის წყალობითაც სპარსეთის და თურქეთის უმოტივაციო აგრესია საქართველოს მიმართ ნაკლებ შესაძლებელი ხდება. რუგიონში დასავლეთის ფაქტორის გამოჩენა და გაძლიერება აუქმებს ირანისაგან და თურქეთისაგან რუსეთის მიერ საქართველოს დაცვის ფუნქციას, (რომელიც, თავისი რეალური მოტივაციით, იმთავითვე არა საქართველოს, არამედ საქართველოში რუსეთის პოზიციების დაცვის ფუნქციაა). პირიქით: საქართველოსთან მიმართებაში (ისევე როგორც მსოფლიო პოლიტიკის მრავალ სხვა კვანძთან მიმართებაში) რუსეთი, თანდათანობით, იქცევა ამ ორი დიდი ისლამური ქვეყნის (პირველ ეტაპზე - თურქეთის) მოკავშირედ საქართველოს, როგორც დასავლეთის პოტენციური (მომავალი) საყრდენის წინააღმდეგ. ამ მოკავშირეობის პირველი შემთხვევა ისტორიაში არის რუსეთისა და თურქეთის ერთდროული და (ფაქტობრივად) ერთობლივი შეტევა საქართველოზე 1921 წლის თებერვალში. საქართველოს გზით კავკასიაში დასავლეთის შემოსვლის აღკვეთა ამ ორი ქვეყნის ერთობლივი ინტერესი იყო (და არის). ამ ინტერესს გაზრდისა და გამძაფრების ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველოში არსებული რუსული ბაზები (მათი შემცირების გამო) დღეს აღარ წარმოადგენს საქართველოს მიმდგომ ტერიტორიებზე განლაგებული თურქული არმიებისათვის გადაულახავ დაბრკოლებას. მდგომარეობა დაბალანსებულია (მაგრამ, ძველებურივით, არ არის რუსეთის სასარგებლოდ გადახრილი) ჩრდილო კავკასიაში და მის ჩრდილოეთით მდგომი რუსული არმიებით, რომლებიც ამიერკავკასიისკენ შეტევისთვის საჭირო გეგმით არიან დისლოცირებულნი. რუსეთის მხარეზეა აგრეთვე განუზომელი უპირატესობა ავიაციაში. მაგრამ რუსული ძალის გამანეიტრალებელია რეგიონში (თურქეთის ჩათვლით) ამერიკული ძალების არსებობის ფაქტორი.
II. რუსეთის ბაზები, როგორც პყრობის (ოკუპაციის) საყრდენი ეს მეორე ფუნქცია ამ ბაზებისათვის ძირითადია. მათი გზით ხორციელდება საქართველოს პყრობა, ისინი არიან რუსეთის ჯერ ძალაუფლების, ამჟამად კი - გავლენის განხორციელების ძირითადი იარაღი საქართველოში. ამ ფუნქციას ისინი ახორციელებენ, როგორც ა) მუქარა რუსეთისაგან საქართველოს განთავისუფლების მსურველთათვის. ბ) მუქარა საქართველოში რუსეთისათვის არასასურველი ხელისუფლების შექმნის მსურველთათვის. გ) "სახურავი" საიდუმლო სამსახურებისათვის, რომელთათვის ანონიმურობის წყალობით - საქართველოში ყველა სახისა და მასშტაბის დესტაბილიზაციის, სოციალური და ეთნიკური ომის, პოლიტიკური ამბოხების, სამოქალაქო ომის, სეპარატისტული ან "სეპარატისტული" მოძრაობების ორგანიზების მუდმივი უნარი აქვთ. რაიმე საკმარისი საპირწონე, საქართველოს ან სხვა უცხო ქვეყნის (ქვეყნების) ქმედუნარიან სპეცსამსახურთა სახით, რუსეთის ამ სპეცსამსახურებს დღეს არ აქვთ.
III. რუსეთის ბაზები, როგორც შეტევითი ომის საყრდენი ეს ფუნქცია რუსეთის სამხედრო დგომისათვის საქართველოში (ამიერკავკასიაში) თავის არსებობას, 1801 წლიდან დღემდე, მხოლოდ ერთხელ წყვეტს - სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებიდან დღემდე, ისიც არასრულად (არასრულად იმდენად, რამდენადაც რუსეთის ბაზები გამოიყენება ტერორისტების სამზადებლად მესამე ქვეყნებში მუშაობისათვის) და "დროებით" (ანუ, რუსეთის მესვეურთა წარმოდგენაში, მხოლოდ მანამდე, სანამ რეგიონში ძალთა განლაგება რუსეთის სასარგებლოდ არ არის). ამ ფუნქციაში შედის როგორც ტერიტორიის გაფართოების მცდელობა სამხრეთისაკენ, ისე ამ რეგიონის ქვეყნების (ნავთობიანი არაბული ქვეყნების ჩათვლით) ყოლა პოტენციური დარტყმის მუქარის ქვეშ. სადღეისოდ ამ ფუნქციის ზემოხსენებულ ნაწილობრივ შენარჩუნებას წარმოადგენს ამ ბაზების გამოყენებაც ომისათვის ჩეჩნეთის წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ჩეჩნეთში პირველი ომის დროს (ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რამდენადაც ვიცით, ეს არ მომხდარა). საქართველოში არსებული რუსული ბაზები შეიძლებოდა გამოყენებულიყო (და დღესაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას) დარტყმისთვის შორეულ სტრატეგიულ მიზნებზეც. დღესდღეობით ეს ბაზები საყრდენია რუსეთის შესაძლო პირდაპირი ღია სამხედრო მოქმედებისათვის და მუდმივი ფარული მოქმედებისათვის შუა აზიისკენ დასავლური ძალების მოძრაობის გადასაკეტად (ანუ დასავლეთ-აღმოსავლეთის ამიერკავკასიური დერეფნის ფუნქციების ჩასაშლელად). ამ უკანასკნელი მიზნის განხორციელებისთვის ყველაზე მიზანშეწონილი ფორმაა საქართველოს ტერიტორიის გადაქცევა გაუვალ და ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ მიზნად - რადიაციულ უდაბნოდ, ქიმიურ უდაბნოდ, ჩაუქრობელი ეპიდემიების ზონად და ა.შ. ამ უკანასკნელ ტაქტიკას (ან, შესაძლოა, სტრატეგიას) მით უფრო მიეცემა აზრი რუსეთის გლობალურ ინტერესთა თვალსაზრისით, რაც უფრო გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება საქართველოში (ამიერკავკასიაში) რუსეთის დიდმასშტაბიანი სამხედრო ძალის ყოლა, რომელიც თავის აქ ყოფნითვე შეუძლებელს გახდის ამიერკავკასიის გამოყენებას შუა აზიასთან კავშირისათვის.
IV. რუსეთის ბაზები, როგორც პოლიტიკური ფაქტორი რუსეთის ბაზების საქართველოში არსებობის ფაქტს ორი ძირითადი პოლიტიკური შედეგი აქვს. პირველი. მათი არსებობა დემონსტრაციულად ადასტურებს იმას, რომ საქართველო დღეს რუსეთის სამხედრო სისტემის ერთ-ერთი ელემენტია და რომ, მიუხედავად საქართველოს დასავლური კავშირების განვითარებისა, იგი, პოტენციაში, რუსეთის მოკავშირეა. საქართველოს ეს მდგომარეობა დასავლურ დემოკრატიებს უბიძგებს იქითკენ, რომ არ შეუწყონ ხელი საქართველოს მკვეთრ ეკონომიკურ აღმავლობას, მასში მეტ-ნაკლებად ავტონომიური სამხედრო მანქანის შექმნას, მის მიერ სტრატეგიულად აუცილებელი სასურსათო, სამრეწველო, ენერგეტიკული ბაზის შექმნას, მისი იურისდიქციის მყარსა და უპრობლემო გავრცელებას მის მთელ ტერიტორიაზე, მასში ფართო და მაღალხარისხოვანი განათლების ორგანიზებას, მასში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებას, ზოგადად - მის ჩამოყალიბებას შედარებით ძლიერ, მოკავშირეობისუნარიან და თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ. ამის საპირისპირო პოლიტიკა - პოლიტიკა ყველა ამ სფეროში ხელის შეწყობისა - განკუთვნილია მხოლოდ მოკავშირეებისათვის, მაგრამ არა ყოფილი "ბოროტების იმპერიის" სატელიტებისათვის. რუსეთის ბაზების ანულირებამდე (ისევე, როგორც "ესენგედან" საქართველოს გამოსვლამდე) საქართველოს მიმართ დასავლეთის ამ პოლიტიკის უკეთესობისკენ შეცვლას, პრაქტიკულად, ნულოვანი ალბათობა აქვს. მეორე. საქართველოში რუსეთის ბაზების არსებობა საქართველოს ართმევს იმის შესაძლებლობას, რომ უარი უთხრას სხვა, მეტ-ნაკლებად მეგობარსა და კეთილმეზობელ ქვეყნებს, რომელთაც ძლიერი ტენდენცია აქვთ, რომ საქართველოში თავისთვის, ამა თუ იმ ფორმით, სამხედრო დასაყრდენი მოიპოვონ (ჩაატარონ აეროდრომის მოდერნიზაცია მისი ერთობლივი გამოყენების პირობით, ასევე გააფართოონ პორტი, შექმნან რადიოდაზვერვის ბაზა საკუთარი დაცვით, ითხოვონ საკუთარი დაცვა მილსადენებისათვის და ა.შ.). რუსეთის ბაზების გაყვანამდე საქართველოს ვერ ექნება საშუალება თავის ტერიტორიაზე განახორციელოს საკუთარ სამხედრო შესაძლებლობათა ერთპიროვნული საკუთარი კონტროლის რეჟიმი.
V. რუსეთის ბაზები, როგორც მასობრივ უბედურებათა პოტენციური წყარო საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ითვალისწინებდეს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური, ქიმიური, ეკოლოგიური და სხვა სახის დივერსიების ორგანიზაციისათვის, აგრეთვე გარედან ორგანიზებულ დივერსიათა (მაგ. სეისმურის) შედეგების საქართველოს ტერიტორიაზე დაკვირვებისათვის გარეთ წარმოებულ სათანადო მოქმედებათა კორექტირების მიზნით. აღნიშნული (თეორიული) შესაძლებლობა გამომდინარეობს რუსეთის ობიექტური სტრეტაგიული დაინტერესებიდან იმით, რომ ვერ იფუნქციონიროს დასავლეთ-აღმოსავლეთის ზემოხსენებულმა "დერეფანმა" საქართველოს ტერიტორიაზე (იხ. ზემოთ).
VI. რუსეთის ბაზები, როგორც საქართველოს პასუხისგებათა წყარო რუსეთის ბაზები შესაძლებელია წყარო გახდეს საქართველოს სადღეისო და სამომავლო პასუხისმგებლობებისა რამდენიმე სხვადასხვა სახით. პირველი. საქართველოს ტერიტორიიდან, რუსული ბაზიდან მიყენებული დარტყმა (მაგ., სარაკეტო დარტყმა) იწვევს საპასუხო დარტყმას მესამე ქვეყნიდან. მეორე. საქართველოს ტერიტორიიდან მიყენებული დარტყმა რუსეთის ხელთ მყოფი კოლონიური ქვეყნისათვის (მაგ., ჩეჩნეთისათვის) იწვევს საქართველოს ისტორიულ პასუხისმგებლობას იმ ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მესამე. რუსეთის ბაზაზე, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების მომზადება მესამე ქვეყნის წინაშე.
VII. რუსეთის ბაზების არსებობის ფსიქოლოგიური ეფექტი საქართველოში რუსეთის ბაზების დგომა იწვევს მოსახლეობაში და, აქედან გამომდინარე, არჩევით სახელისუფლებო კრებულებში (პარლამენტის ჩათვლით) ფსიქოლოგიურ მზაობას იმისთვის, რომ ნორმალურად ჩათვალონ და, შესაბამისად, სისტემატურად და სტაბილურად დაუშვან ხოლმე ის ვითარება, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები იმყოფება და მოქმედების ავტონომიურობით სარგებლობს. ასეთი ფსიქოლოგიური მზაობა სახიფათოა წინა პუნქტში ("VI") დასახელებულ გარემოებათა გამო. როგორც ზემოჩამოთვლილი გარემოებებიდან ჩანს, საქართველოში რუსეთის ბაზების დგომას საქართველოს ინტერესთა თვალსაზრისით არანაირი დადებითი ფუნქცია არა აქვს და მრავალი უარყოფითი ფუნქცია აქვს. ამიტომ მათი გაყვანა საქართველოდან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. არსებობს საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 1 ივნისის დადგენილება, რომლის თანახმადაც ამ ბაზების მთლიანი გაყვანა საქართველოდან უნდა დამთავრებულიყო 1995 წლის 31 დეკემბრამდე, მაგრამ პარლამენტის ეს დადენილება დღემდე უგულებელყოფილია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის ჩათვლით.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |