|
"საქართველო "
საქართველოდან "მემშვიდობე" უცხო სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის აუცილებლობა
I. "მემშვიდობე" უცხო შეიარაღებული ძალების ფუნქციობის პრინციპული მხარე საქართველოში "მემშვიდობე" შეიარაღებული ძალები ორგან ფუნქციონირებენ: აფხაზეთში და ცხინვალის ზონაში. მათი ფუნქციები და მათი მანდატი ამ ორ ადგილას სხვადასხვაა, მაგრამ პრინციპი, რომელსაც მათი ეს სტატუსი ემყარება, ერთია: იგულისხმება, რომ ადგილზე არსებობს სისხლისღვრის რეალური საშიშროება, რომელსაც ადგილზე არსებული პოლიტიკური, ადმინისტრაციული, პოლიტიკური და სხვა სახის ძალები გარანტირებულად ვერ აკონტროლებენ, რის გამოც საჭირო ხდება - არა კაცობრიობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებში, არამედ თვით ადგილობრივ მაცხოვრებელთა და ადგილობრივ ძალთა ინტერესებში, - შეიარაღებული ჩარევა გარედან, რომელიც (ეს ჩარევა) ცეცხლის გახსნის უფლებას მოიცავს. ადგილობრივ ფაქტორთა, მათ შორის - ადგილობრივ შეიარაღებულ ძალთა უძლურება, რომ შესაძლოა სისხლისღვრა გარანტირებულად აღკვეთონ, გულისხმობს ა) ან იმას, რომ ორი ან რამდენიმე ადგილობრივი სუვერენული სახელმწიფო, რომელთაგანაც არც ერთს გადამწყვეტი უპირატესობა არა აქვს, ვერ თანხმდება კომპრომისზე, ბ) ან იმას, რომ ერთ სუვერენულ სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფს) მეორეზე გადამწყვეტი უპირატესობა აქვს და ამ უპირატესობას უსამართლოდ, მაშასადამე - ასაკრძალი წესით იყენებს, გ) ან იმას, რომ ის ერთი სუვერენული სახელმწიფო, რომლის შიგნითაც ფუნქციობენ "მემშვიდობე" ძალები, თავის ტერიტორიაზე სისხლისღვრის გარანტირებული აღკვეთის უნარმოკლებულია (რაც მისი სახელმწიფოებრიობის არასრულყოფილებაზე მეტყველებს), დ) ან იმას, რომ ის ერთი სუვერენული სახელმწიფო, რომლის შიგნითაც ფუნქციობენ "მემშვიდობე" ძალები, (დანარჩენი მსოფლიოსთვის ან მესამე სახელმწიფოთა ჯგუფისათვის) მიუღებელ (უსამართლო, არაჰუმანურ, უფლებადაცვითი ნორმებით აკრძალულ...) კურსს ატარებს შექმნილი სიტუაციის (ძალით) დარეგულირების საქმეში, რაც, ისევ და ისევ, ამ სახელმწიფოს არასრულფასოვნების აღიარების ტოლფასია. "ა)" შემთხვევაში "მემშვიდობე" ძალთა მოქმედება მათი განლაგების ზონის სახელმწიფოებისთვის არც ბრალის დამდები, არც შეურაცხმყოფლი არაა: მათი მოქმედების ფაქტი მხოლოდ მათ (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) ხელმოცარვის აღიარებაა პოლიტიკური შემოქმედებითი მცდელობის საქმეში, რომ კომპრომისი ნახონ. "ბ)" შემთხვევაში "მემშვიდობე" ძალების მოქმედება ბრალის დამდებია იმ სახელმწიფოსთვის, რომლის უსამართლო მოქმედების ბლოკირებაც მათს ამოცანას შეადგენს. "გ)" შემთხვევაში "მემშვიდობე" ძალთა მოქმედება შეურაცხმყოფელია იმ სუვერენული სახელმწიფოსათვის, სადაც ისინი მოქმედებენ. "დ)" შემთხვევაში "მემშვიდობე" ძალების მოქმედება ბრალის დამდებია იმ სუვერენული სახელმწიფოსათვის, სადაც ისინი მოქმედებენ, და ამავე დროს შეურაცხმყოფელია მისთვის, რამდენადაც მის შინაგან საქმეებში ჩარევას და (ნავარაუდევი) დანაშაულებრივი მოქმედებისაგან მის იძულებითს შეკავებას ნიშნავს. საქართველოში "უცხო "მემშვიდობეთა" მოქმედება არ ეკუთვნის არც "ა)", არც "ბ)" შემთხვევას, არამედ "გ)"-ს ან "დ)"-ს, ან ამ უკანასკნელთა კომბინაციას. ("საქართველო პრობლემას ვერ ერევა" და, ამავე დროს, "საქართველოს წარუმატებელი მცდელობა, რომ პრობლემა გადაჭრას, მიმართულია უსამართლო, არაჰუმანური, უფლებადაცვით ნორმებთან არათავსებადი გზით"). მაშასადამე, იგი ან შეურაცხმყოფელია, ან შეურაცხმყოფელი და ბრალის დამდებია ერთსა და იმავე დროს. თქმულიდან ცალსახად გამომდინარეობს: უცხო "მემშვიდობე" ძალების საქართველოში ჩაყენებაზე თანხმობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უფრო მეტიც - მათი საქართველოში ჩაყენების ინიციატივა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, პრინციპულად საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგოდ მიმართული აქტია.
II. "მემშვიდობე" უცხო ძალთა ფუნქციობის პოლიტიკური მხარე სამშვიდობო აქციის პოლიტიკურ რაობას განსაზღვრავს, ჯერ ერთი, ის, თუ ვისი და ვისი შეიარაღებული შეჯახების აღკვეთაა მათი ამოცანა, მეორეც, ის, თუ ვის ეკუთვნიან და, ამგვარად, ვისი სახელით ახორციელებენ თავის სამშვიდობო მანდატს. საქართველოში დღეს მყოფი "მემშვიდობე" ძალების მანდატი მდგომარეობს შეიარაღებული შეჯახების არდაშვებაში კანონიერ შეიარაღებულ ძალას (საქართველოს სახელმწიფოს ძალას) და უკანონო შეიარაღებულ ძალას (სეპარატისტულ შეიარაღებულ ძალას) შორის; ანუ, ერთის მხრივ, ეს მანდატი გულისხმობს შეიარაღებული ძალით იმ მდგომარეობის დასტაბილებას, როდესაც საქართველოში კანონსაწინააღმდეგო შეიარაღებული ძალა არსებობს, მეორე მხრივ იგი გულისხმობს ამ უკანონო შეიარაღებული ძალის უკან მდგომი პოლიტიკური ერთეულებისათვის - სეპარატისტული არააღიარებული "ხელისუფლებებისათვის" სტატუსის აღიარებას, რომელიც (ეს სტატუსი), როგორც მინიმუმი, საშეთანხმებო ურთიერთობებში მხარედ ყოფნის უფლებას და შესაძლებლობას გულისხმობს. ამ მეორე მომენტისათვის უკანონო პოლიტიკური ჯგუფებისათვის გარკვეული სტატუსის (იმპლიციტურად) აღიარების ფაქტისათვის მათზე "სამშვიდობო" აქციის გავრცელების შედეგად - მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მსოფლიოში არსებობს "სამშვიდობო" მისიათა შემთხვევები სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებასა და სეპარატისტულ ძალას შორის შეიარაღებული შეტაკების აღსაკვეთად, მაგრამ არ არსებობს შემთხვევა ასეთი მისიის გამოყენებისა ხელისუფლებასა და შეიარაღებულ არაპოლიტიკურ ბანდას შორის შეიარაღებული შეტაკების არდასაშვებად. რაც შეეხება სამშვიდობო მისიის განმახორციელებელ სუბიექტს, იგი ორსავე შემთხვევაში (აფხაზეთშიც და შიდა ქართლშიც) არის რუსეთის შეიარაღებული ძალა, ანუ იმ სახელმწიფოს ძალა, რომელმაც გამოუცხადებელი, მაგრამ დაუფარავი ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ ორსავე ამ ტერიტორიაზე და ამჟამადაც განაგრძობს აქტიურ მრავალმხრივ შეტევას საქართველოზე მასში ამა თუ იმ ფორმით გაბატონების მიზნით. ამგვარად, ორსავე შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებულია საქართველოს აქტიურად აგრესიული მტრის - რუსეთის - შეიარაღებული ძალების დგომა საქართველოში "სამშვიდობო" მანდატით. რაც საქართველოს ინტერესების პირდაპირ საწინააღმდეგო ნაბიჯს წარმოადგენს. ცხინვალის ზონაში (შიდა ქართლში) "მემშვიდობე" შეიარაღებულ ძალაში, რომელსაც აქ "სამმხრივი" (ქართულ-ჩრდილოოსურ-რუსული) სამშვიდობო ძალის სახელწოდება აქვს, მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის სუბიექტის - "ჩრდილო ოსეთის" - შეიარაღებული ძალა. ეს შეიარაღებული ძალა, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით, არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკური სუბიექტი - "ჩრდილო ოსეთი-ალანია" - ლეგიტიმურად არსებობს და, მაშასადამე, "მისი" შეიარაღებული ძალის მონაწილეობით სამშვიდობო ოპერაციაში შიდა ქართლის ტერიტორიაზე (იმპლიციტურად) აღიარებულია მისი უფლება, რომ ტერიტორიაზე თავისი ინტერესები ჰქონდეს (რამდენადაც "სამმხრივი სამშვიდობო ძალის" სტრუქტურა ასეთია: საქართველო ანუ დაინტერესებული მხარე, ჩრდილო ოსეთი-ალანია ანუ დაინტერესებული მხარე, რუსეთი ანუ ობიექტური არბიტრი). ამგვარად, შიდა ქართლი გვევლინება როგორც ერთგვარი სადავო ტერიტორია და კომპრომისის საძებარი ტერიტორია საქართველოსა და ჩრდილო ოსეთ-ალანიას, ანუ რუსეთის ერთ-ერთ ფედერაციულ სუბიექტს შორის. შეთანხმების (24.VI.1992) საქართველოსათვის წამგებიან ხასიათს აძლიერებს ის გარემოება, რომ "მემშვიდობე" სამმხრივ ძალთა მოქმედების არეალად განსაზღვრულია არა კონფლიქტის რეალური ადგილი (ცხინვალისა და ყოფ. ზნაურის რაიონები), არამედ ყოფილი და მაშინ უკვე გაუქმებული "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" მთლიანად, ანუ ახალგორისა და ჯავის რაიონების მითვლით, სადაც არანაირ შეიარაღებულ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, რაც ისევ და ისევ, იმპლაციტურად ამ პოლიტიკურ-ტერიტორიული ყოფილი ერთეულის ისევ არსებულად აღიარებას ნიშნავს. შეთანხმების მომენტიც - ხელმოწერა - ქართული ხელისუფლების (ე. შევარდნაძე) სახელმწიფო ღალატის ერთ-ერთი ელემენტია.
III. "მემშვიდობე" უცხო ძალის ფუნქციობის იურიდიული მხარე აფხაზეთში დგანან რუსეთის "მემშვიდობე" ძალები გაეროს მანდატით, რომელიც შესაბამის უფლებას ანიჭებს "ესენგეს", "ესენგე" კი - რუსეთს (რითიც ირღვევა პრინციპი, რომ "მემშვიდობედ" არ შეიძლება გამოიყენებოდეს მეზობელი ქვეყნის, მაშასადამე - მოცემულ ქვეყანაში საკუთარი ინტერესების მქონე ქვეყნის ძალა. ამ უფლებამოსილების მინიჭებაში უგულებელყოფილია რუსეთის მიერ საქართველოს (აფხაზეთის) ტერიტორიაზე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული შეტევითი ომის (1992-1993) და შემდგომი უწყვეტი აგრესიული მოქმედების ფაქტი. ამ ორი დიდი დარღვევის გარდა, რომლებიც შეიძლება დაკვალიფიცირებულ იქნან როგორც ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი პირდაპირი სახელმწიფო ღალატის ფაქტები, არსებობს მესამეც - "მემშვიდობეთა" ჩაყენება ენგურის მარცხენა სანაპიროზე (სადაც კონფლიქტი არ ყოფილა) და გალის რაიონში, სადაც მხოლოდ ქართველი მოსახლეობაა, ანუ არა კომბატანტ მხარეებს შორის, არამედ ერთ-ერთი მათგანის (ქართველის) განუყოფელი გაბატონებულობის ტერიტორიაზე მისი კონტროლის მიზნით. აფხაზეთში მოქმედი "მემშვიდობეების" მანდატი მკაცრადაა რეგლამენტირებული გაეროს დოკუმენტით: იგი წყდება მაშინათვე, როგორც კი ქართული ან აფხაზური მხარე მის გაგრძელებაზე უარს იტყვის. რუსეთის მხრიდან გასვლაზე შესაძლო უარის თქმა იქნება ამ შეთანხმების დარღვევა, და არა მოქმედება მის ფარგლებში. შიდა ქართლში შევარდნაძის მიერ დადებულ 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმებას ასეთი მკაფიო იურიდიული ფორმა არა აქვს. მას არა აქვს ვადა და არაა დაფიქსირებული მისი შეწყვეტის პირობები და პროცედურა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი შესაძლებლად თვლის ილაპარაკოს თავის "ინტერესებზე" შიდა ქართლშიB (რომელთაც ის, ნათელია, ვერ აკონკრეტებს), შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი შეეცდება არ დაეთანხმოს ამ შეთანხმების მოქმედობის შეწყვეტას, როცა საქართველო ამას მოითხოვს. ამ (24.VI.1992) შეთანხმების ხელმოწერა შევარდნაძის მიერ აგრეთვე სახელმწიფო ღალატის ერთ-ერთი მკვეთრი ეპიზოდია. 1992 წ. 24.VI. შეთანხმების ზემოხსენებული იურიდიული პროფილიდან გამომდინარე და რუსეთის ზემოხსენებული აგრესიული პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ამ ხელშეკრულების შედეგთა ლიკვიდაციის პროცესში აუცილებელი გახდეს იმ ფაქტის დამოწმება, რომ შეთანხმების ხელმოწერის დროს შევარდნაძე იყო არალეგიტიმური მმართველი ხროვის მეთაური - შეიარაღებული გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მისული უკანონო "სახელმწიფო საბჭოს" თავმჯდომარე.
IV. "მემშვიდობე" უცხო ძალთა ფუნქციობის ფაქტობრივი მხარე საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსული და რუსულ-ოსური "სამშვიდობო" შეიარაღებული ძალები არანაირი ზომით არ ასრულებენ ნეიტრალური ძალის ფუნქციას, არამედ მოქმედებენ მხოლოდ სეპარატისტული (აფხაზური და ოსური) რეჟიმების სასარგებლოდ და ქართველი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ. სახელდობრ, აფხაზეთში გაეროს მანდატით მოქმედი რუსული შეიარაღებული ძალები
ა) ახორციელებენ კოდორის ხეობაში თავისი საკონტროლო ტერიტორიის გაფართოების მუდმივ შეიარაღებულ მცდელობებს. ბ) იცავენ აფხაზური დამსჯელ-მრბეველი რაზმების გადაადგილებას და მოქმედებას გალის ზონაში. გ) საყრდენს წარმოადგენენ (და ამას დემონსტრაციულად ხაზს უსვამენ თავისი მოქმედებით) დამსჯელ-მრბეველი აფხაზური რაზმებისათვის, რომელთაც 1993 წლიდან დღემდე გალის რაიონში 2000-ზე მეტი ქართველი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. ცხინვალის რეგიონში "სამმხრივი" "სამშვიდობო" ძალების რუსული და ოსური ნაწილი ა) წარმოადგენენ შეიარაღებულ საყრდენს უკანონო (თვითმარქვია) ოსური სეპარატისტული რეჟიმისთვის; ბ) იცავენ მრბეველსა და მკვლელ ოსურ შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც დროდადრო ახორციელებენ ადგილობრივი ქართველების მკვლელობებს; გ) ფარავენ და ხელს უწყობენ საქართველოში რუსეთიდან ნარკოტიკების მასობრივ შემოსვლას; დ) ფარავენ და ხელს უწყობენ საქართველოში რუსეთიდან კონტრაბანდის შემოსვლას, რაც საქართველოს ეკონომიკას კატასტროფულ ზიანს აყენებს.
V. დასკვნა თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესი მოითხოვს
ა) აფხაზეთში სამოქმედოდ რუსეთის "მემშვიდობე" შეიარაღებული ძალების მანდატის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ბ) ცხინვალის ზონაში "სამმხრივი (ქართულ-რუსულ-ოსური) "მემშვიდობე" ძალების მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მათ ჩანაცვლებას პოლიციური ძალებით, რომელშიც, სასურველია, მონაწილეობდნენ მკაცრი ინდივიდუალური წესით შერჩეული ოსებიც ამ ზონიდან ან საქართველოს სხვა ადგილებიდან.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |