|
"საქართველო "
საქართველოს ეკონომიკური რესტავრაცია: საქართველოს ეკონომიკური განვითარების დღესდღეობით მოაზრებული მიზანი-მაქსიმუმი
როგორი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური სტრატეგია (დღევანდელი კრიზისის დაძლევის პროცესში და შემდგომში)
I. საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი კატასტროფის ობიექტური წინაპირობები საქართველოს სოციალიზმისდროინდელი ეკონომიკის სისუსტეები მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში მისი მომავალი ჩართვის შესაძლებლობის თვალსაზრისით მდგომარეობდა შემდეგში: 1. ეს ეკონომიკა არ იყო გათვლილი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისათვის საბრძოლველად, 2. ეს ეკონომიკა არ იყო გათვლილი საბჭოთა კავშირის შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის საბრძოლველად (საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ პოლიტიკაში ეს კონკურენტუნარიანობა, როგორც მიზანი, არც არსებობდა). 3. ამ ეკონომიკის სტრუქტურაში შეგნებულად ჩადებული იყო პოლიტიკური ანტიეკონომიკური მიზანი: წარმოების არადამოუკიდებლობა, ანუ წარმოების ერთსა და იმავე ციკლში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაწილების მონაწილეობის ხელოვნური საჭიროების შექმნა იმპერიის მდგრადობის შექმნის მიზნით. 4. ამავე იმპერიული მიზნით საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში მიზანმიმართულად დატოვებული იყო რიგი ცალკეული ცარიელი ადგილები წარმოების ისეთ სფეროთა (დარგთა) არ არსებობის ან მკვეთრად უკმარისი არსებობის სახით, რომლებიც საარსებო საჭიროებებს ემსახურება (მაგ. საქართველოს მოსახლეობა მთლიანად შემოტანილი მარცვლეულით იკვებებოდა, თითქმის მთლიანად შემოტანილ კარაქს ჭამდა და ა.შ., თვით საქართველოში კი ყვაოდა საექსპორტო მონოკულტურების წარმოება. 5. (ფსიქოლოგიური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური ფაქტორი) რამდენადაც საქართველოში ინდუსტრიის შექმნას და სოფლის მეურნეობაში ცალკეული დარგების დიდმასშტაბიან განვითარებას რუსეთის საზოგადოებრიობა თვლიდა საბჭოთა კავშირის (ანუ რუსეთის) დახმარების ნაყოფად, მას მიაჩნდა, რომ რუსეთისაგან საქართველოს გამოყოფის შემთხვევაში სამართლიანია და მიზანშეწონილია, მოხდეს მთელი ამ ეკონომიკური მიკროსტრუქტურის დემონტაჟი, საქართველო დარჩეს ისევე კავისა და ბარის ტექნოლოგიურ დონეზე, როგორც საბჭოთა პერიოდამდე იყო.
II. საქართველოს ეკონომიკის დანგრევის რეალური (მიზანდასახული და სტიქიური) მექანიზმები პროცესთა შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებაც კი ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკის ნგრევა 1992 წლიდან დღემდე (იგი დღესაც გრძელდება) არის ძირითადად არა არაკომპეტენტურობის ან კორუფციის შედეგი (ამ ორი ფაქტორის ძალიან დიდი ძალის მიუხედავად), არამედ მიზანმიმართული დივერსიის შედეგი: შევარდნაძე და მისი გუნდი, ასრულებენ რა უცხო ძალების (პირველ რიგში - რუსეთის დავალებას, განზრახ ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას, რათა ა) დაასუსტონ სახელმწიფო და მისი მდგომარეობა უახლოეს მომავალში "ვერშემდგარი სახელმწიფოს (FAILED STATE) სტატუსამდე მიიყვანონ. ბ) ეკონომიკური სიდუხჭირით აიძულონ მოსახლეობა, რომ რუსული იმპერია და კომუნისტური ბიუროკრატია (რაც, ჯამში, საბჭოთა წყობილებას შეადგენს) მოენატროს და საბჭოთა კავშირის აღდგენა ისურვოს გ) შეუქმნან პირობები არაქართველი მოსახლეობის კომპაქტური დასახლების რაიონებს, რომ გაერიდონ კატასტროფის მდგომარეობაში მყოფ საქართველოს ანუ შესაბამისი ტერიტორიის სხვა ქვეყნის შემადგენლობაში გადასვლა ითხოვონ ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებულ იქნა რამდენიმე სახით ქმედებები ხელისუფლების მხრიდან 1. უგულებელყოფილ (უარყოფილ) იქნა სახელმწიფოს ხელთ არსებული საწარმოო საშუალებების მართვის ვადიანი პრივატიზაცია (კონკურსის ან აუქციონის წესით), როგორც მათი მართვის ოპტიმიზაციის მეთოდი, და წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრების (დროებით) შენარჩუნების პარალელურად კერძო სექტორის ბუნებრივი განვითარებისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო პირობების შექმნის მეთოდი (იმ ანგარიშით, რომ კერძო სექტორი თანდათანობით ბუნებრივად ჩანთქამს სახელმწიფო სექტორის რაციონალურად დიდ ნაწილს). ნაცვლად ამისა, თვითმიზნად იქნა დასახული (და განხორციელებული) საწარმოთა თითქმის ტოტალური პრივატიზაცია სიმულირებული პრინციპით "ყველაფერი, რაც კერძოა, კარგად იმუშავებს", რომლის უკანაც რეალური დივერსიული გამჭოლი მიზანი იდგა (და დგას). მუქთი "მიპრივატების" მიზნით ფართოდ გაიშალა საწარმოთა წინასწარი ხელოვნური გაკოტრების პრაქტიკა (როგორც წესი - დირექტორთა მიერ). 2. პრივატიზაცია მოხდა (და ხდება) არარეალისტურ, "ჩალის" ფასად (რა თქმა უნდა, კორუფციის და სახელმწიფოსმიერი ზეწოლის თითქმის ტოტალური ან ტოტალური მონაწილეობით). 3. შეიქმნა მახინჯი საგადასახადო სისტემა, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის წარმოების (პირველ რიგში - მრეწველობის ფუნქციონირებას). 4. შეიქმნა და ტოტალურად გაბატონდა მაფიური მონოპოლიზმი სახელმწიფო ორგანოების და სახელმწიფო მოხელეების ფრთის ("სახურავების") ქვეშ. 5. ხელოვნურად ხელი შეეწყო სამრეწველო ჩარხებისა და დანადგარების ჯართად გაყიდვის პრაქტიკას, ხე-ტყის დაუბრკოლებლად გატანის პრაქტიკას, ფერადი ჯართის ტოტალურ გატანას ჩალის ფასად და ა.შ. შენიშვნა: რიტორიკულ კითხვას, რომელიც ხშირად ისმის საზოგადოებაში - "ქურდბაცაცა ხელისუფალი რომელი ეკონომიკიდან ამოიღებს მეტ ფულს - მომუშავედან თუ გაჩერებულიდან? რა თქმა უნდა, მომუშავედან. მაშ არის თუ არა ცხადი, რომ შევარდნაძის ხელისუფლება, რომელიც საწარმოების ჯართად გაყიდვას უწყობს ხელს, ფულზე კი არ ფიქრობს, არამედ პირველ რიგში ნგრევაზე? იგი ჯერ დივერსანტია და მხოლოდ ამის შემდეგ - ქურდი - შევარდნაძის მომხრეთა მხრიდან ასეთი პასუხი ეცემა ხოლმე: "იმათ, ვისაც ეს საწარმოები ხელში უვარდებათ, წარმოება არ იციან. მათ თავისი ახალი საკუთრებიდან ფულის ამოღება მხოლოდ მისი ჯართად გაყიდვით შეუძლიათ". როგორც ჩანს, ნამდვილი მდგომარეობა ასეთია: არიან ისეთი პოტენციური მყიდველნიც, რომელთაც წარმოების ამუშავება ძალუძთ, არიან ისეთებიც, ვისაც მხოლოდ მისი ჯართად გაყიდვა შეუძლიათ. ხელისუფლება ხელს უწყობს წარმოების შეძენას მეორეთა მიერ, მაგრამ არა პირველთა მიერ. 6. ფინანსური მაქინაციებით ოპტიმალური პირობები შეიქმნა ეროვნული ფულის ინფლაციაზე თამაშისათვის (დიდი სესხების აღებისათვის ამ ვალუტის მოცემული კურსის პირობებში და მათი "დაბრუნება" მნიშვნელოვნად დაცემული კურსის პირობებში), რაც, ერთის მხრივ, "შინაურთა" გამდიდრების საშუალებაა, მეორეს მხრივ - ფინანსური დივერსიის განხორციელებისა სახელმწიფოს წინააღმდეგ. 7. ხელისუფლებამ აიღო დიდი რაოდენობით საგარეო ვალები და ეს თანხები მიითვისა. ამ ვალების მომსახურება მძიმე ტვირთად ადევს სახელმწიფოს და დიდი ფაქტორია მისი ეკონომიკური კატასტროფის ხელშესაწყობად. 8. სახელმწიფოში გაბატონებულა ტოტალური (ყოვლის მომცველი) კორუფცია. მისი ძირითადი ფსიქოლოგიური წყაროა ის კორუფცია, რომელიც ყოფ. საბჭოთა კავშირში ყვაოდა სოციალიზმისდროინდელი "ჯოხის დისციპლინის" შესუსტების მომენტიდანვე (1953 და აქეთ), ხოლო მისი განმახორციელებელი ფენის ზედა ეშელონია კომუნისტურ-კომკავშირული პარტოკრატია და მისი წრე - ყოფილი საბჭოთა პარტიული და კომკავშირული ფუნქციონერები. 9. ეკონომიკურ დივერსიასთან ერთად ტარდება (განსაკუთრებით - ბოლო 2-3 წელიწადში, მზარდი ტემპით) საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტების რუსებისათვის გადაცემის ოპერაციები. ყველაზე მასშტაბური ამგვართა შორის არის ელექტროენერგიის წარმოებისა და დისტრიბუციის სისტემის გადაცემა რუსეთის კომპანიებისათვის, რაზეც, ხელოვნური "შუალედური საფეხურის" სახით, მონაწილეობდა ამერიკული ფირმა AES. საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა, გეოგრაფიული შესაძლებლობებისა, ადამიანური რესურსებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება იყოს შემდეგი: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობა უნდა ძირითადად აკმაყოფილებდეს საქართველოს მოსახლეობას საარსებოდ აუცილებელი საკვები პროდუქტებით (მარცვლეულით, ბოსტნეულით, ხორცით, რძის პროდუქტებით, ხილით). ამ პროდუქციის წარმოებაში საქართველო უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელი იმპორტისაგან (საწვავის, სასუქების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის....). მაქსიმალურად მცირე უნდა იყოს ამ მიზნებისათვის სახელმწიფოდან მყარი ვალუტის გადენა. მინიმალური უნდა იყოს დროებითი იზოლაციის შემთხვევაში შიმშილის და სასოფლო-სამეურნეო წარმოების პარალიზაციის საშიშროება. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის გამონაკლისი დარგები (მაღალხარისხოვანი ღვინოები, ეკოლოგიურად სუფთა მაღალხარისხოვანი ხილი და ბოსტნეული, მათი კონსერვი, სამკურნალო მცენარეები...) ორიენტირებულნი უნდა იყვნენ მსოფლიო ბაზარზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. 3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოხმარება მოსახლეობის მიერ, რაოდენობრივად და ხარისხობრივად, უნდა აღემატებოდეს მინიმალურ საარსებო დონეს (იხ. ზემოთ), როგორც საკუთარი წარმოების ხარჯზე, ისე იმპორტის ხარჯზე, მაგრამ იმგვარად, რომ არ ექმნებოდეს საშიშროება გარანტირებული საარსებო მინიმუმის არსებობას საკუთარი წარმოების ბაზაზე. 4. საქართველოს მრეწველობა უნდა შეძლებისდაგვარად აკმაყოფილებდეს საქართველოს შიდა ბაზარს როგორც ნაწარმის, ისე მომსახურების მხრივ, რათა მინიმალური იყოს მყარი ვალუტის გადინება სახელმწიფოს გარეთ. 5. საქართველოს მრეწველობის გამონაკლისი დარგები და გამონაკლისი საწარმოები უნდა ორიენტირებულნი იყონ მსოფლიო ბაზარზე და მის პერსპექტიულ განვითარებაზე. ეს ის დარგებია, რომლებშიც დიდია გონებრივი შრომის წილი (ე.წ. მეცნიერებატევადი და ინტელექტტევადი დარგები). მათში წარმატების ფაქტორები შეიძლება იყოს - ა) მაღალი ზოგადეროვნული ინტელექტუალური პოტენციალი და, აქედან გამომდინარე, შედარებით იაფი მაღალკვალიფიციური შრომა და - ბ) ამ ფაქტორით განპირობებული, აგრეთვე მიზანმიმართული ინვესტიცია. ამგვარი დარგების განვითარება ვერ იქნება დამყარებული პრინციპზე "მოვახდინოთ (ან: მოვიზიდოთ) ინვესტიცია და მოვახდინოთ წარმოების მოდერნიზაცია დღევანდელი ტექნოლოგიის დანერგვის სახით". ასეთი პრინციპი გამოიწვევს მხოლოდ დავალიანებას, მაგრამ არ მოხსნის ჩამორჩენას ტექნოლოგიური განვითარების ერთი საფეხურით მაინც (მიზეზი გასაგებია). იგი შეიძლება დამყარებული იყოს მხოლოდ პრინციპზე "ვეცადოთ, ვიყოთ მუდმივი პიონერი ტექნოლოგიის დარგში" ანუ "მუდამ ვეცადოთ არა უკანასკნელი სიტყვის ტექნოლოგიის ათვისებას, არამედ მასზე უკეთესის შექმნას და სხვებზე ადრე დანერგვას ჩვენს წარმოებაში", რაც დონეზე ყოფნის ერთადერთი საშუალებაა. ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ სახეზეა ფუნდამენტური ცოდნით შეიარაღებული ახალგაზრდების არმია, რომელიც იმთავითვე ფლობს იმ ინფორმაციულ კონტექსტს, რომელიც ახალი ტექნოლოგიური იდეის სწრაფ რეალიზაციას სჭირდება. თქმულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს მრეწველობის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის აუცილებელი პირობაა ფართო ფუნდამენტალური განათლების სისტემის შექმნა (იხ. ქვემოთ "განათლების" პროგრამა). საქართველოს მრეწველობის საექსპორტოდ ორიენტირებულ დარგებს შორის სხვა დარგებთან ერთად იგულისხმება საექსპორტო ჰიდროენერგეტიკა, სატრანზიტო ტრანსპორტი, მილსადენები და ა.შ. ეს მაღალგანვითარებული (და, მაშასადამე, იაფი) შიდა და სატრანზიტო ტრანსპორტი და ჰიდროენერგეტიკა მნიშვნელოვანი ბაზა იქნება ქართული სამრეწველო საქონლის კონკურენტუნარიანობისთვის შიდა და გარე ბაზარზეც. სატრანზიტო ტრანსპორტი და სხვა კომუნიკაციები საქართველოსთვის დიდი, მაგრამ დამატებითი სავალუტო შემოსავლის წყარო უნდა იყოს, ისევე, როგორც განსაკუთრებული ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. ძირითადი უნდა იყოს მეცნიერებატევადი და გონებატევადი სამრეწველო ნაწარმის ექსპორტი. არ არის გამორიცხული, რომ საქართველო, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, იყოს "ამწყობი საამქრო" დასავლური მანქანათმშენებლობისათვის, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, და პერსპექტივაში ჰქონდეს თავისი ამ როლის გაფართოება თვით წარმოებაში მონაწილეობის მიმართულებით. 6. მსოფლიო ბაზარზე გასატანი მომსახურებების სფეროში საქართველოსთვის ხელსაყრელია და სოციალურად მიზანშეწონილია (დამამცირებელ და დაბალკვალიფიციურ მომსახურებათაგან განსხვავებით) სამედიცინო დანიშნულების საკურორტო ინდუსტრიის და დარგობრივი ტურიზმის განვითარება, რისთვისაც საქართველოში სავსებით რეალური და ადვილად გამოსაყენებელი შესაძლებლობები არსებობს. პერსპექტივაში (მაგრამ არა ახლო მომავალში) შესაძლებელია საქართველოში საერთაშორისო საბანკო მომსახურების ცენტრის ჩამოყალიბებაც, რომელიც მოემსახურება კავკასია-თურქეთი-ირანი-შუა აზიის რეგიონს და მის კავშირებს დასავლეთთან. ამ ფუნქციის აღების საფუძველი საქართველოსთვის ისაა, რომ იგი ტიპოლოგიურად, დასავლური ქვეყანაა, დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრირებისაკენ მოსწრაფე, და ამავე დროს აღმოსავლეთში მდებარე ქვეყანაა, აღმოსავლეთთან ტრადიციული კავშირების მქონე. 7. საქართველოს მოსახლეობის საშუალო კლასი, რომელიც ყოველი ჯანსაღი ეკონომიკური სისტემის და ყოველი ჯანსაღი საზოგადოების საფუძველია, შემდგარი იქნება (შემდგარი უნდა იყოს) როგორც მესაკუთრეთაგან, ისე (სხვადასხვა კვალიფიკაციის) პროფესიონალთაგან, მიწათმოქმედთა ჩათვლით, რომელნიც თავისი პროფესიული შრომის გაქირავებით ცხოვრობენ, აგრეთვე იმათგან, ვინც სახელმწიფოსთან მოიჯარადრის ურთიერთობაში არიან. მათი ინტერესების იგივეობა სახელმწიფოს ინტერესებთან განპირობებულია, ერთის მხრივ, იმით, რომ სახელმწიფოს ორგანიზებულობა და დაცულობა მათთვის ცხოვრების დაცულ პირობებს ქმნის, მეორეს მხრივ იმით, რომ მათი კეთილდღეობა დამყარებულია სახელმწიფოს ზოგად ეკონომიკურ დონეზე. გარდა ამ ეკონომიკური ფაქტორებისა, მათ მიერ საკუთარი თავის იდენტიფიკაცია სახელმწიფოსთან განპირობებულია მტკიცე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ძირითად ფაქტორს ქვეყნის სამსახურისათვის იმათ მხრიდან, ვინც საზღვარგარეთ შრომობს. 8. სახელმწიფოს როლი საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესების მართვაში აქტიურია (უნდა იყოს), მაგრამ არა შემზღუდველი. თეზისი, რომ საზოგადოება მით უფრო დემოკრატიულია, რაც ნაკლებია სახელმწიფოს კონტროლი ამ პროცესებზე, უარსაყოფია ერთხელ და სამუდამოდ. დღევანდელ მსოფლიოში აქტიურ როლს ეკონომიკის რეგულირებაში განვითარებული დემოკრატიების ხელისუფლებანი თამაშობენ, რის შედეგადაც სიღატაკისა და სიმდიდრის კონტრასტი მცირდება (მოხმარების სფეროში) და ეკონომიკა იზრდება, ხოლო ჩამორჩენილ ქვეყნებში ხელისუფლება პასიურია, ეკონომიკა წინ ვერ მიდის (ან უკან მიდის) და სიმდიდრე-სიღარიბის კონტრასტი იზრდება (იხ. დიდძალი ლიტერატურა ამ თემაზე). სახელმწიფო აქტიურად უნდა უწყობდეს ხელს პრიორიტეტულ დარგებს და სასურველ პროცესებს საგადასახადო პოლიტიკით და სხვა კანონიერი, დემოკრატიისათვის მისაღები ბერკეტებით. პრინციპია "მაქსიმალურად აქტიური კონტროლი დემოკრატიული მექანიზმების ფარგლებში", და არა "მინიმალური კონტროლი". საქართველო არ ცდილობს, გაემიჯნოს ე.წ. გლობალიზაციის პროცესებს (რაც შეუძლებელიცაა), მაგრამ აქტიურად და დაგეგმილად მოქმედებს იმ მიმართულებით, რომ ამ პროცესში აღმოჩნდეს "მოგებულ სახელმწიფოთა" (WINNER STATES) და არა "წაგებულ სახელმწიფოთა" (LOOSER STATES) კლასში.
ეკონომიკური საშიშროებები და შესაძლო ეკონომიკური შეცდომები
ძირითადი ეკონომიკური საშიშროება, რომელიც საქართველოს დღეს ემუქრება, არის მიმდინარე პოლიტიკით განპირობებული მიზანმიმართული ნგრევისა და დატაცების პროცესი. მისი შეწყვეტა, ცხადია, აუცილებელია. მაგრამ მისი შეწყვეტის შემდეგაც რჩება მრავალი შეცდომის შესაძლებლობა, რომლებიც საქართველოს შეიძლება დამოუკიდებლობის დაკარგვად, ეკონომიკური რღვევა-სტაგნაციით გამუდმივებად და თვით ქვეყნის ისტორიის დამთავრებადაც კი დაუჯდეს. ამ შესაძლო შეცდომათა მნიშვნელოვანი ნაწილი მდგომარეობს სხვა ქვეყნების მაგალითზე აპრობირებული მეთოდებისა და პრინციპების მექანიკურ გადმოტანაში საქართველოს სინამდვილეზე ამ უკანასკნელის გეოგრაფიული, ისტორიული, პოლიტიკური, დემოკრატიული და ფსიქოლოგიური სიტუაციის გაუთვალისწინებლად. ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს თავისუფალი კონკურენციის მექანიზმთა განვითარებაზე - ეროვნული ეკონომიკის თვისებრივი და რაოდენობრივი წინსვლის მიზნით. მისი რეფორმირების უფლებრივი ფორმებია წარმოების სახელმწიფო მართვა, მართვის გაიჯარება, ობიექტის გაიჯარება, ობიექტის გაკერძოება (პრივატიზაცია), მიზნები - ეფექტიანობა, სახელმწიფოსა და მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესთა დაცვა (რის გამოც საჭიროა, მაგალითად, პროდუქტების იმპორტის მკაცრი ეკოლოგიური კონტროლი), სტრატეგიული რესურსების შენახვისა და განვითარების აუცილებლობა. საქართველო მადლიერებით უნდა იღებდეს უცხოელთა დახმარებასა და კეთილ რჩევას და ამავე დროს განუხრელად ატარებდეს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული ღერძის მშენებლობის ხაზს. ამ სახის შეცდომები მრავალია. მათი მაგალითებია:
1. საქართველოსთვის მიუღებელია მასში დასასაქმებლად უცხო ქვეყნის მუშახელის თავისუფლად შემოსვლა, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდება მასში მოქმედი ყველა წესის დაცვით. ევროპის ზეგანვითარებულ ქვეყნებში თუ უცხო მუშახელი შედის ისეთ სამუშაოთა შესასრულებლად, რომელზეც ადგილობრივნი უარს ამბობენ, საქართველოში უცხო მუშახელი შევა ყველა სამუშაოს შესასრულებლად (მაგ., თურქეთიდან) და უმოკლეს დროში წალეკავს საქართველოს ეკონომიკურადაც და დემოგრაფიულადაც. 2. საქართველოში დაუშვებელია მიწის (პირველ ყოვლისა - სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა უცხოელებზე. დღეს მიწის თავისუფალ ბაზარზე არ არსებობს, ან ძალიან სუსტი კონკურენტუნარიანობით არსებობს, ქართველი და საქართველოს მოქალაქე. საქართველოში მიწის ყიდვის მსურველნი არიან (სხვა პოტენციურ სუბიექტთა შორის) - რუსეთის სახელმწიფო, დღესდღეობით საქართველოსადმი აგრესიულ პოზიციაში მდგარი - ისლამური ფუნდამენტალისტური ფონდები, რომელთაც აგრეთვე აგრესიული მიმართულება აქვთ - სომხური ფონდები, ანალოგიური მიმართულებისა - პოლიტიკურად ნეიტრალური სხვა უცხოელნი მიწის გაყიდვას უცხოელზე მოყვება მისი დამუშავება უცხოელთა მიერ და, შედეგად, საქართველოს მოსახლეობის (განსაკუთრებით, - ეროვნებით ქართველების) ცენტრალური და სამარადისო დაუსაქმებლობა, ანუ რადიკალური (ძირფესვიანი) ეროვნული კატასტროფა. 3. ანალოგიურად, საქართველოსთვის მიუღებელია სასიცოცხლოდ საჭირო ობიექტების გასხვისება (ასეთი გასხვისების ერთი შედეგის მაგალითი უკვე ცნობილია "თელასის" გაყიდვის შემთხვევაში) და ეკონომიკური საკომანდო სიმაღლეთა უცხოელებისთვის დათმობა. 4. საქართველოსთვის მიუღებელია ზოგად მოტივაციაზე დამყარებული უცხოელთა რჩევების შესრულება, რომლებიც ეხება საქართველოს შინაგანი კონტროლის შესუსტებას ისეთ დესტრუქციულ ქმედებებზე, როგორიცაა ხე-ტყის განუკითხავი ჭრა საექსპორტოდ, ჯართად ფერადი მეტალების მიტაცება და გაყიდვა და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი კრიზისის დაძლევის დაუყოვნებლივი (ერთხელობრივი) ნაბიჯებია - ენერგეტიკული ბაზის (კერძოდ, ელექტროენერგეტიკული სისტემის) დაუყოვნებლივ დაბრუნება სახელმწიფოს ხელში (რაც იურიდიულად დაეფუძნება იმ ფაქტს, რომ ობიექტთა გასხვისება, როგორც წესი, მომხდარია უკანონოდ, უმეტეს შემთხვევაში - ქრთამის გადახდის გზით). ამ გზით ელექტროენერგიის იაფი ბაზრის შექმნა. - სახელმწიფო კომპანიის (კომპანიების), როგორც ეკონომიკური სუბიექტების, მონაწილეობა ენერგომატარებელთა იმპორტში და ამით ჯანსაღი კონკურენციული გარემოს შექმნა. - საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია წარმოების ყველა სახისათვის, განსაკუთრებით - მრეწველობისათვის. - ფიქსირებული გადასახადების ფართოდ გამოყენება (დროებით). - ზომიერი პროტექციონიზმის გამოყენება შინაურ ბაზარზე სამამულო წარმოების დაცვისათვის (დროებით).
საქართველოში ყოვლისმომცველი კორუფციის დათრგუნვა
ამოცანა მოითხოვს რეალისტურ მიდგომას, სახელდობრ, იმის გათვალისწინებას, რომ
ა) საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც კორუფციის ობიექტი, წინააღმდეგია კორუფციისა და იგი სძულს (მაგ., ჩვენ არ მოგვწონს, როცა მოსამართლე ანგარების მოტივით უსამართლოდ დაგვჩაგრავს სამოქალაქო დავაში). ბ) იგივე მოსახლეობა, როგორც კორუფციის პოტენციური სუბიექტი, მომხრეა (ფაქტობრივად) ამ მახინჯი მოვლენისა (მაგ., რიგით კაცს ურჩევნია ავტოინსპექტორს ხუთი ლარი მისცეს ქრთამად, ვიდრე მართვის მოწმობა ჩააბაროს ან ტალონი გაახვრეტინოს). გ) აღნიშნულ ფსიქოლოგიურ ფონზე სახელმწიფოში მწვავე რაოდენობრივი დეფიციტია ისეთი ადამიანებისა, რომლებიც გამოდგებიან "მაცდურ" ადგილებზე დასაყენებლად. კორუფციასთან საბრძოლველად განკუთვნილი "არმიისათვის" საკმარისი რეკრუტები საქართველოში არ არსებობს.
შენიშვნა. დემოკრატიულ ქვეყნებში კორუფციას ებრძვიან
- სამართალდამცავი ორგანოების საშუალებით (საქართველოში ეს ორგანოები თვით არიან კორუფციის ბუდე). - საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით - საინფორმაციო საშუალებათა ზეწოლით, რაც იმავე საზოგადოებრივ აზრს ეყრდნობა (საქართველოში, როგორც ვთქვით, საზოგადოებრივი აზრი კორუფციას ეგუება). თქმულიდან გამომდინარე, კორუფციის დასათრგუნავად აუცილებელია ორი მეთოდის შეთავსება.
ა) პატიოსანი, ადამიანების მაქსიმალური შესაძლო რაოდენობით ჩაბმა ამ საქმეში (ასეთი ადამიანები საქართველოს დემოკრატიულ ძალებში არიან, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, შევარდნაძის "კომკავშირულ-რაიკომული" წარმოშობის კადრში არ არიან. ბ) ისეთი იურიდიული "ავტომატიზმის" შექმნა, რომ პოტენციური დამნაშავე იძულებული იყოს კანონის საზღვრებში ჩაეტიოს არა მხოლოდ "სუფთა" ადამიანების შიშით, არამედ "უსუფთაოთა" შიშითაც. სახელდობრ: მაკროეკონომიური დანაშაულის გამო მოკვლევის, გამოძიების, საქმის აღძვრისა და ბრალის წაყენების უფლებამოსილება უნდა მიეცეს სათანადო სამართალდამცავ სტრუქტურებსა და პიროვნებებს არა მხოლოდ ტერიტორიული და უწყებრივად პრინციპის მიხედვით, როგორც დღესაა, არამედ ასეთი კუთვნილობისაგან დამოუკიდებლადაც. ანალოგიური უფლება უნდა მიეცეთ კერძო იურიდიულ ფირმებსაც და მოქალაქეებსაც (თუ გავითვალისწინებთ, რომ მაკროეკონომიკური დანაშაულის აღკვეთა ყოველი მოქალაქისათვის საკუთარი თავის დაცვაა). მექანიზმს შეგვიძლია ვუწოდოთ საზოგადოებისათვის კორუფციისაგან თავის დაცვის საშუალების მიცემა. მის ამოქმედებას პრაქტიკულად შესაძლებელს გახდის ის გარემოება, რომ კანონი ავალდებულებს ორგანიზაციებს ოფიციალურად გასცენ მომთხოვნზე ის ამოსავალი ინფორმაცია, რომელიც მათი კორუმპირებულობისა თუ არაკორუმპირებულობის შესახებ მსჯელობის საშუალებას იძლევა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |