|
"საქართველო "
ამერიკელების პოზიცია ჩეჩნეთის საკითხზე უფრო მკვეთრი ხდება
აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პაიფერმა 19 სექტემბერს შემდეგი განცხადება გააკეთა: "სამწუხაროდ, ჩემი უკანასკნელი მოხსენების შემდეგ ჩეჩნეთის მშვიდობიან მაცხოვრებელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. უკვე ოთხი წელია, რაც გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი ამ რესპუბლიკაში. როგორც ჩეჩენთა, ისე რუს სამხედრო მოსამსახურეთა დანაკარგები იზრდება. ჩეჩენთა უმრავლესობის ცხოვრების პირობები როგორც ჩეჩნეთში, ისე მეზობელ რესპუბლიკებში ძველებურადვე შემზარავია. ჩეჩნეთში ჯერ კიდევ ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა დარღვევას. გახშირდა ტერორისტული აქტები ჩეჩენ ექსტრემისტთა მხრიდან, თუმცა რუსეთის მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას ახორციელებს პრობლემის პოლიტიკური გადაჭრის მოსაძებნად ჩეჩნეთის პრეზიდენტის არჩევის გზით, სრულებითაც არაა უეჭველი, რომ ამგვარ ნაბიჯებს შეუძლია რესპუბლიკაში მშვიდობის დამყარებამდე მიგვიყვანონ. "ჩეჩნეთში არსებული არასტაბილობა ართულებს როგორც გლობალურ ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ისე რუსეთ-ამერიკის ურთიერთობათა მოგვარებას. ქაოსმა და ხელისუფლების უყოლობამ, რომლებიც პირველმა ომმა შექმნა, რესპუბლიკაში მიიზიდა საერთაშორისო ტერორისტები. რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა დამოკიდებულებამ ადგილობრივი ხელისუფლებისადმი დღევანდელი ომის მანძილზე, თავის მხრივ, გამოიწვია ექსტრემიზმის ზრდა და ამით კიდევ უფრო გაამწვავა კონფლიქტი. რუსეთის ხელისუფალთა მიერ კონფლიქტის შავ-თეთრი ხედვა ძალიან რთულს ხდის ჩვენს თანამშრომლობას ჩვენს ანტიტერორისტულ მოქმედებაში, ვინაიდან იგი იწვევს მოსახლეობის სიმპათიას ექსტრემისტული ორგანიზაციებისადმი და ძირს უთხრის მსოფლიო საზოგადოებრიობის ნდობას რუსეთის ხელისუფალთა მოქმედებისადმი. ეს, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. "ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევა კვლავაც რჩება შეერთებული შტატებისათვის ყველაზე ამაღელვებელ პრობლემად. რუსთა მოქმედების შედეგად დაღუპულების ზუსტი რიცხვი უცნობია, ვინაიდან ხელისუფალნი გულმოდგინედ უზღუდავენ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს ზუსტ მონაცემებთან მისვლის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, სანდო საერთაშორისო ორგანიზაციები - ჩეჩნურიც, რუსულიც და დასავლურიც - ისევ და ისევ იტყობინებიან მოტაცებების, წამების და სასამართლოს გარეშე მკვლელობის შემთხვევებს, რასაც რუსი სმხედრო მოსამსახურეები სჩადიან. ომი და ადამიანის უფლებათა დარღვევა ჩეჩნეთში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი თანამშრომლობისათვის რუსეთთან. ჩვენი ადმინისტრაცია გამუდმებით ახსენებს რუსეთის მთავრობას იმის აუცილებლობას, რომ გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ამ პრობლემის გადასაჭრელად. კავკასიაში მიმდინარე უწყვეტი შეიარაღებული კონფლიქტების მოჯადოებული წრიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს - ესაა ადამიანის უფლებათა უპირობო დაცვა. გარდა ამისა, ჩვენ შევახსენებთ ჩვენს რუს პარტნერებს, რომ, ვცნობთ რა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ კვლავ და კვლავ ვითხოვთ კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |